საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომა

გასულ კვირას ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების უფროსი რანგის წარმომადგენლებმა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში შედიოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას კი თავმჯდომარეობდა ევროკავშირი, რომელსაც ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარმოადგენდა.

რასაკვირველია, შეხვედრა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით წარიმართა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ პრიორიტეტებს მოიცავდა.
უწყების ცნობით, სხდომაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე ის რეფორმები მიმოიხილეს, რომელიც დემოკრატიის კონსოლიდაციის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერებისკენაა მიმართული. ევროკავშირი საქართველოს პროგრესს მიესალმა და აღნიშნა, რომ ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახლავთ!
დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და, ამავდროულად, ხაზი გაესვა რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობას. ცნობილია, რომ ევროკავშირმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაუყოვნებლივ მიღებული ზომები შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობაც. ევროკავშირმა ქვეყანაში რეფორმების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გაგრძელების მზაობა გამოთქვა, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარგი მმართველობა და უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება, რეგიონული განვითარება, ენერგოეფექტიანობისა და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა; პროფესიული განათლება და ახალგაზრდების მობილობა.
დარგობრივი თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზე განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, ხაზი გაესვა ევროკავშირის პროგრამების რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას. მხარეები ერასმუს+-ის ფარგლებში ქართველი ახალგაზრდებისთვის გახსნილ დამატებით შესაძლებლობას მიესალმნენ „სპეციალური ფონდის“ ფარგლებში, ასევე „ჰორიზონტი 2020-სა“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში თანამშრომლობას.
აქვე ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა თბილისშიც გაიხსნება, მისი გახსნის ცერემონიაში კი მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის ფარგლებში ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. აქ კიდევ ერთხელ, ცალსახად დაფიქსირდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარების შემდგომ გაუარესებასთან დაკავშირებით შეშფოთებაც გამოითქვა. სხდომაზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის ტენდენცია და ხაზი გაესვა დამნაშავეების კანონის შესაბამისად დასჯის აუცილებლობას.
ამავე შეხვედრაზე ქართული მხარე ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ ესაუბრა და სთხოვა, შესაბამისი ზომების მიღება განეხილა სიაში მითითებულ პირთა მიმართ. ამ კონტექსტში ქართული მხარე ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ _ რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ, რომელიც კონკრეტულ ქმედებებს ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიკაციის მიმართულებით, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში.
ხაზი გაესვა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის სარგებლის საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობისა და, ამავდროულად, დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები, მათ შორის, „20 შედეგი 2020 წლისთვის“ განხორციელების მიმდინარეობა.
ჩვენი მკითხველისთვის შესაძლოა, ცოტა რთული იყოს საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიის კონსოლიდაციის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების ან ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეებზე მთავრობის დადგენილების გახსენება, თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ყოველი მსგავსი შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია ევროპისკენ.
საინტერესოა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისი არსით აღნიშნული შეხვედრა და რა ასახვას ჰპოვებს იგი საქართველოზე?

„ქრონიკა+“-ისთვის მნიშვნელოვან განსახილველ დეტალებს აჯამებს დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე:

„დადებითია ფაქტი, რომ კონფერენციის ფარგლებში განიხილეს საკითხები, თუ როგორ შეიძლება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის კიდევ უფრო განვითარება.
ვიცით, რომ ევროკავშირი ხდება საქართველოს მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და სხვადასხვა მონაცემებით, მასზე მოდის საქართველოს საგარეო ვაჭრობის 28%. მარტივადაა შესაძლებელი, რომ საქართველოდან ყოველწლიურად 400 მლნ ევროს პროდუქცია გავრცელდეს ევროკავშირის ბაზარზე.
ამიტომ ბუნებრივია, თითოეული კავშირი ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან, ევროპულ საბჭოსთან თუ ევროკომიტეტთან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამავდროულად, გრიფით მტკივნეული საკითხებია, მათ შორის ის, რომელიც მიგრაციას უკავშირდება. საქართველოს, დაახლოებით, 250 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით მისი ამოქმედების შემდეგ. თუმცა, დაახლოებით, მისმა 10%-მა დაარღვია იგი, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა ევროპარლამენტის ფარგლებში განიხილეს რუსეთთან სანქციების გამკაცრების საკითხი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამ სანქციებს რაც შეეხება, პირადად მგონია, რომ ის არასაკმარისია იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ რეზოლუციაში დაგმონ რუსეთის ქმედება უკრაინაში (სამწუხაროდ, ამ კონტექსტით საქართველოს ნაკლებად ახსენებენ). აუცილებელია კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გატარება, რაშიც ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ვგულისხმობ რუსეთზე.
მაშინ, როცა ევროკავშირი სანქციებს იღებს რუსეთის წინააღმდეგ, გერმანია რუსეთთან ხელს აწერს ახალ კონტრაქტზე _ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც კიდევ ერთი გაზსადენის მშენებლობას გულისხმობს ბალტიის ზღვის ფსკერზე. როცა სანქციების პარალელურად ასეთი რამ ხდება, ცხადია, სანქციას დიდი ეფექტი არ ექნება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირმა იმუშაოს!
საქართველოს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ხელი შეეწყოს, რადგან სწორედ იგი შეუწყობს ხელს ევროპული ლიბერალური ღირებულების დანერგვას ქართულ საზოგადოებაში.
შეხვედრაზე განიხილეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებიც და ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის სტრუქრტურის დღის წესრიგშია ამ საკითხების განხილვა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს იმ 30-კაციან სიაზე მიეწოდოს ინფორმაცია, რომელიც რუსებმა გაიტაცეს (მათ გარდა კიდევ სამი გარდაცვლილია). ამ საკითხთან მიმართებით შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელმე მათგანი (გატაცებულთაგანი) მოხვდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ისინი საქართველოს უნდა გადაეცეს, თორემ, რეალურად, საქართველო აქ კონკრეტულ ქმედებებს აღნიშნული პირების მიმართ ვერ მიიღებს. ისინი ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, ან _ რუსეთში. თუ მათ გაცვლიან (საეჭვოა, მაგრამ თუ ისინი შენგენის ზონაში აღმოჩნდნენ), აუცილებელია, რომ ქართულ მხარეს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოს და ეს ადამიანები დააკავონ.
პლუს, კარგია, რომ ევროკავშირს ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა მოხდა ოთხოზორიას შემთხვევაში, რომ იგი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. რაც შეეხება ტატუნაშვილს, ვიცით, რომ 20 დღის მანძილზე რუსული მხარე (და არა ოსური!) არ გადასცემდა მას ქართულ მხარეს. აქაც ადამიანის მკვლელობა მოხდა წამებით _ ყველა ამ ინფორმაციას ევროკავშირი უნდა ფლობლეს.
როდესაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ მომავალში იგივე არ განმეორდეს, ჩემი პირადი პოზიციაა (კონფერენციაზე ეს არ განხილულა), რომ შეიცვალოს ევროკავშირის მონიტორინგის ფორმატი საქართველოში. ვიცით, რომ ევროკავშირის 300-მდე მონიტორი სამშვიდობო მისიას ახორციელებს, მათი შტაბები განთავსებულია თბილისში, გორში, მცხეთაში, ზუგდიდში და მაშინ, როცა რომელიმე ქართველს იტაცებენ, ადგილზე ჩადიან, ვითარებას სწავლობენ… მათი მუშაობის ფორმატის შეცვლაში ვგულისხმობ, რომ ამ მონიტორების განთავსება აუცილებელია საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, რათა საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივი ხელყოფა აღმოიფხვრას ოკუპანტების მხრიდან და შესაბამისად, ევროკავშირის ამ მისიის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ჩვენება უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, ამ დამატებითი მისიის განსახორციელებლად დამატებითი კონტიგენტებია საჭირო და მეორე, ხარისხობრივი _ ძალთა დაშორიშორების ადგილზე იქნებიან განლაგებული, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ოკუპირეული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები მოაქალაქეების უფლებათა ხელყოფის საკითხს.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ქვეყნების შორის ყველაზე წარმატებულად დაასახელა, აქ შემდეგი ვითარებაა გასააზრებელი:
ფაქტია, რომ იმ 6 ქვეყნიდან, რომელიც 2009 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას შეუერთდა, მხოლოდ და მხოლოდ სამმა მოაწერა ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას: საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ. ამ ორ ქვეყანასთან შედარებით საქართველოს უპირატესობები კი შემდეგია: მოლდოვასთან შედარებით საქართველოს უპირატესობა ისაა, რომ ჩვენთან მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით, 70% (ამას NDA-ისა და IRI-ის კვლევებიც ადასტურებს) მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, როცა მოლდოვაში ეს მაჩვენებელი 50-50-ზეა. იქ საზოგადოება ზუსტად პრორუსულ და პროდასავლურად განწყობილ ორ ნაწილად იყოფა. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ იქ პრორუსი პრეზიდენტი აირჩიეს. საქართველოს ხელისუფლების განწყობა კი უფრო პროევროპულია, ვიდრე მოლდოვის ან ვიდრე უკრაინის. უკრაინაში აღმოსავლეთ რეგიონში კიდევ არიან პრორუსულად განწყობილები და უკრაინასთან შედარებით საქრთველოში კორუფციის დონე გაცილებით ნაკლებია. სხვათა შორის, ტრამპმაც კი აღნიშნა უკრაინაზე ის, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს მკვეთრი უპირატესობა აქვს უკრაინასთან შედარებით.
შემაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ეკონომიკურ-პოლიტიკურ-სამართლებრივი მიმართულებით კონკრეტული პირობები დაისახება, თუ კონკრეტული სტრატეგია დაიწერება, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს მეტი ინტეგრირება მოხდეს, აუცილებელია თვითონ ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს და ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს… საქართველო, ჯერ კიდევ, ნაწილობრივ განვითარებულ ქვეყნად მიიჩნევა, Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიის მოთხოვნებს და ამას უნდა დაემატოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საგარეო ვაჭრობის 26-28% ევროკავშირზე მოდის. ასევე აუცილებლია დიალოგის წარმართვა, რომ ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა არსებობდეს“.

შეგახსენებთ: ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით. ნიშანდობლივია, რომ სხდომა 2016 წლის პირველ ივლისს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისა და მისი სრულმასშტაბიანი ამოქმედების შემდეგ ჩატარდა.
საბოლოოდ, რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მივიღოთ ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომიდან, რთული სათქმელია, თუმცა ცალსახაა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი განვითარების ეტაპზეა და კომუნიკაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ნინო ტაბაღუა