საქართველო და შაბლონები

ქართველ ხალხს უყვარს შაბლონები _ ძირითადად, უადგილო და უსარგებლო. სხვადასხვა დროს ადამიანები მასობრივად იმეორებენ სხვადასხვა ფრაზას, რომელიც შეიძლება იმ ეპოქის სიმბოლოდ ჩაითვალოს.
დღეს ამას უწოდებენ „ნარატივებს“, თუმცა თავად ეს მოვლენა ჩვენში ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე თვითონ ეს ტერმინი.

ჯერ ცოცხალი იყო საბჭოთა კავშირი, ჯერ დამოუკიდებლობა იყო ხალხის დიდი უმრავლესობისთვის მხოლოდ ახირება, ემოციური და გაუცნობიერებელი, და იმ დროის პირველი „ნარატივიც“ იყო ასეთივე: „გავყიდით ბორჯომს და გავმდიდრდებით“.
დღეს დაუჯერებელია, რომ ადამიანები ამას ამბობდნენ არა ანეკდოტის და ხუმრობის ფორმით, არამედ სრული სერიოზულობით და სწორედ ეს უკიდურესად ბავშვური წარმოდგენა მინერალური წყლის ეკონომიკურ პოტენციალზე იყო მიტინგებზე გამომსვლელების ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი.
ქვეყანას სულ რამდენიმე წელი დასჭირდა იმისთვის, რომ გაეგო _ „ბორჯომს“ შეუძლია გაამდიდროს რამდენიმე ათეული ბიზნესმენი და ტოპმენეჯერი, გახდეს საშუალოზე დაბალი შემოსავლის წყარო რამდენიმე ასეული ადამიანისთვის _ სულ ესაა.
ამ ნარატივთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული არანაკლებად აბსურდული შაბლონური გამონათქვამი: „დამოუკიდებლები რომ გავხდებით, ვიცხოვრებთ როგორც შვეიცარია“.
სულ მაინტერესებდა, რატომ, მაინცდამაინც, შვეიცარია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებული და მოწესრიგებული ქვეყანა? რატომ არ შეიძლებოდა მიბაძვის ობიექტად სხვა, უფრო მოკრძალებული სახელმწიფოს არჩევა, მაგალითად, იმ დროს ძალიან პოპულარული იუგოსლავიის?
თუმცა როდის იყო ქართული შაბლონები და ნარატივები რაციონალური და რეალობასთან ახლო?
პოსტსაბჭოთა ეპოქის პირველ წლებში გამოჩნდა კიდევ ერთი, სიგიჟესთან მიახლოებული გამონათქვამი, რომლის მოსმენა შეიძლებოდა თითქმის ყოველდღე: „ეს ფაშისტებსაც კი არ გაუკეთებიათ“.
ანუ პოლიციამ ვიღაცას, სავარაუდოდ, ჰეროინი ჩაუდო ან დაკავებისას ზედმეტი სისასტიკე გამოიჩინა და პირველი შეფასება ახლობლებისგან იყო სწორედ: „ეს ფაშისტებსაც კი არ გაუკეთებიათ“.
ნეტავი, რა იმისთანა საშინელება ჩაიდინეს პრიმიტიულმა ქართველმა მილიციელებმა ისეთი, რაც სისასტიკით და არაადამიანურობით აღემატება მე-2 მსოფლიო ომის 60 მლნ. მსხვერპლს, საკონცენტრაციო ბანაკებს, დანგრეულ ქვეყნებსა და კონტინენტებს? რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? მარიხუანა ჩაუდეს? ეს ნამდვილად არ გაუკეთებიათ ფაშისტებს _ ისინი ამ დონეზე არ დაწვრილმანდებოდნენ…
კიდევ ერთი შესანიშნავი ქართული ნარატივი, რომელმაც ახსნა ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირის მიზეზები: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცდილობს ადგილობრივი მრეწველობის განადგურებას იმისთვის, რომ აქ გასაღდეს ევროპული საქონელი“.
ანუ საქართველოში იყო მძლავრი, კონკურენტუნარიანი, მაღალტექნოლოგიური წარმოება, რომელიც ძალით მოკლა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა _ ამით გაიხსნა უზარმაზარი ქართული ბაზარი ევროპული და ამერიკული საქონლის გასაღებისთვის. თუმცა, რეალურად, იმპორტი ჩაიგდეს ხელში თურქებმა და ჩინელებმა _ ე. ი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაანადგურა მაღალეფექტიანი ქართული ეკონომიკა ჩინელებისა და თურქების ხათრით.
კიდევ ერთი, უბრწყინვალესი ქართული ნარატივი, რომელმაც იცოცხლა სხვებზე დიდხანს _ 2000-იანი წლების ბოლომდე: „საქართველოში იმდენი წყალია, რომ ის უნდა იყოს უფასო“…
რა თქმა უნდა, საქართველოში წყალი ძალიან ბევრია და ის უფასოა _ თუ თქვენ ყოველი დილა ჩაირბენთ მდინარესთან და აავსებთ ვედროს… მაგრამ თუ თქვენ არ გაგიმართლათ და ცხოვრობთ ქალაქში, მაშინ წყლის მიყვანას თქვენს სახლამდე სჭირდება უზარმაზარი ინფრასტრუქტურა _ სწორედ მისი მომსახურება ღირს ფული, და არა წყალი, თავისთავად.
თითქოს მარტივი და გასაგებია, თუმცა ამ უმარტივესი ჭეშმარიტების გასაცნობიერებლად ქართველ ხალხს დასჭირდა არათუ წლები _ ათწლეულები.
იყო კიდევ ერთი შედევრი, რომელიც ენერგოკრიზისთან ერთად, 90-ანების დასაწყისში დაიბადა და წარსულს ჩაბარდა 2004-ში, ასევე ენერგოკრიზისთან ერთად, თუმცა ბევრი სასიამოვნო მოგონება დატოვა: „საქართველოში შუქს აქრობს მაფია იმისთვის, რომ კარგად გაიყიდოს ნავთი“… სად, რომელ ქვეყანაში გაიგონებთ ასეთ სიბრძნეს?
სააკაშვილის პერიოდიც ძალიან მდიდარი იყო მსგავსი ნარატივებით. დღეს უკვე თითქმის მიღებულია საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლების ბედი გადაწყვიტა მასობრივმა უკმაყოფილებამ, რომელიც გამოიწვია ცოცხების სკანდალმა. ნაწილობრივ ასეც არის, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ.
სიმართლის მეორე ნაწილი კი ისაა, რომ ზიზღი სააკაშვილის მიმართ გაჩნდა ბევრად უფრო ადრე და ამ განწყობის ერთ-ერთი მიზეზი იყო მასობრივი წმენდა ბიუროკრატიულ აპარატში. ამ დროიდან შემორჩა ჩინებული ნარატივი, რომელიც დღეს უკვე არავის ახსოვს.
„რატომ უნდა ვისწავლოთ კომპიუტერი და ინგლისური? ამერიკაში ხომ არ ვართ, რატომ უნდა ვიცოდეთ ინგლისური, ქართული არ გვეყოფა?“… ეს იყო საყვარელი ნარატივი შევარდნაძის დროინდელ არაფრის მაქნის ბიუროკრატიის წრეში… და ამასთან ერთად: „დღეს გარეთ ყრიან პროფესიონალებს“…
„პროფესიონალებს“ საკუთარ თავს უწოდებდნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად არ ესმოდათ, რისთვისაა საჭირო კომპიუტერი და ინგლისური; ადამიანებს, რომლებმაც სიტყვა „პროფესიონალი“ გუშინ გაიგეს, მანამდე კი მათი მთავარი ტერმინები იყო: „კაი ოჯახის შვილი“, „კაი თამადა“, „თვითონ ჭამს და სხვებსაც აჭმევს“…
ვინ დაითვლის კიდევ რამდენი მსგავსი მოარული სიბრძნე წარმოშვა ქართველი ხალხის თავისებურმა გენიამ _ მაგალითად: „რაში გვჭირდება ამდენი დიდი სასტუმრო? ქართველებს იქ მაინც არ უშვებენ“.
წლები დასჭირდა საზოგადოების მხრიდან იმის გაცნობიერებას, რომ მსოფლიოს არც ერთ სერიოზულ კურორტზე დიდი სასტუმროები არაა გათვლილი ადგილობრივ მოსახლეობაზე და რაც უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა ქვეყანაში, მით უფრო მეტ ხეირს ნახავს ყველა _ ესაა ტურისტული ბიზნესის ელემენტარული ანბანი… თუმცა ამ შაბლონურმა გამონათქვამმა გაძლო წლები და გაქრა, სულ რაღაც, 3-4 წლის წინ.
ან ვის ახსოვს გენიალური: „ჩვენ რა ხეირი გზებისგან? ასფალტი ვჭამოთ?“ ბედის ჭეშმარიტი ირონიაა ის, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ყველაზე ხშირად იყენებდა ამ ნარატივს, დღეს ყველაზე მეტად იწონებს თავს სწორედ გზებითა და ინფრასტრუქტურით _ ისტორიამ დაარტყა წრე და დაბრუნდა იქ, საიდანაც წამოვიდა.
საქართველოს ისტორია არ გაჩერებულა და წინ მიდის, მასთან ერთად მოდის ახალ-ახალი ნარატივები: „პლეხანოვზე გასვლა შეუძლებელია“; „ევროპა ცდილობს ჩვენს გარყვნას“; „ქალაქი აივსო ირანელებით და არაბებით“ და ა. შ.
ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო შაბლონი გველოდება წინ…

თენგიზ აბლოთია