საქართველოს ტყე საფრთხეშია!

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის 10 თვეში ხე-ტყის უკანონო ჭრის 2110 ადმინისტრაციული და 795 სისხლის სამართლის ფაქტი გამოვლინდა. წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნის მქონე ჭრა თითქმის გაორმაგებულია. რაც შეეხება დაკისრებული ჯარიმების ოდენობას, 2017 წლის 10 თვეში 620,8 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 416 ათასი ლარის ჯარიმა დაიწერა, ხოლო 2015 წელს ჯარიმების ოდენობა 393,6-ს არ აღემატებოდა.
კვლევა საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიამ ჩაატარა.

ეს რიცხვები არც ისე სახარბიელო რეალობაზე მიანიშნებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია.
ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები ყოველთვიურად იზრდება, ეს სტატისტიკა კი ბოლო წლების დინამიკასაც მოიცავს და პრობლემის კომპლექსურობასა და უარყოფით პერსპექტივებზე მიანიშნებს.
დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეებში ტყეს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსზე. ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკოლოგიური წონასწორობისა ბიოსფეროში, უდიდესი დამგროვებელი მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასისა. ტყეების ბიომასა ათეულობით აჭარბებს მცენარეული თანასაზოგადოებების სხვა ტიპების ბიომასას.
ტყე ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, იცავს ნიადაგს ეროზიისგან, დადებითად მოქმედებს ჰაერის მასების მოძრაობაზე და ტემპერატურაზე. ტყე არის ხალხის ჯანმრთელობა და დასვენება, წყარო მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულისა.
ტყის ფონდისა და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული სატყეო ურთიერთობები საქართველოში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ტყის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
ერთ-ერთი ასეთი არის საქართველოს ტყის კოდექსი, რომელიც 1999 წელსაა მიღებული და აერთიანებს არა მხოლოდ კონკრეტული ტერმინების განმარტებებს, ასევე ტყეების საკუთრების ფორმებსა და მასში ჩართული სუბიექტების ჩამონათვალს.
კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკურ დაცვას უკანონო ტყითსარგებლობისაგან, ტყის რესურსების დატაცებისაგან, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებები იგეგმება სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვისა და მონიტორინგის საფუძველზე.
კოდექსი განსაზღვრავს ტყეების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, ასევე იმ კონკრეტულ მექანიზმებსა და საშუალებებს, რის მიხედვითაც შესაძლებელია სატყეო ფონდის დაცვა და მისი მართვის კონტროლი.
საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3007.6 ათას ჰა.-ს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი) 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწები) უკავია 2822.4 ათასი ჰა, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი). ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ია, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის _ 15%-ს არ ღემატება.
ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროები) საერთო მარაგი შეადგენს 454.5 მლნ. მ3-ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი _ 4.5 მლნ მ3-ს.
ტყის ფონდის 60% განეკუთვნება შავი ზღვის აუზს, 40% _ კასპიის ზღვის აუზს. ტყის ფონდის 97% წარმოდგენილია მთის ტყეებით და განლაგებულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის განშტოებათა ფერდობებზე (69%, მათ შორის, 1.3% წყალგამყოფი ქედის ჩრდილო განშტოებებზე) და მცირე კავკასიონისა და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის მთათა სისტემების ფერდობებზე (28%), ხოლო 3% განეკუთვნება ბარის ტყეებს, აქედან 2% განლაგებულია კოლხეთის დაბლობზე, 1% _ აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების: მტკვრის, ქციის, ივრისა და ალაზნის ქვემო დინებების (ზღვის დონიდან 500-ზე ქვემოთ) მიმდებარე ვაკე რელიეფის ტერიტორიებზე.
საქართველოს ტყის ფონდი არის სახელმწიფო საკუთრება. სწორედ ამიტომაც ამ ბუნებრივი რესურსის დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია, რომელიც კომპლექსური ამოცანის წინაშე დგას, მართოს ტყის ფონდი, დაიცვას იგი უკანონო ჭრისა და ბრაკონიერების არასწორი ქმედებებისგან.
ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფომ დანერგა ტყის ფონდის დასაცავად, ეს სანქციებია გარემოს დამცველობით სფეროში.
მიმდინარე წლის თებერვალში ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სანქციები გამკაცრდა.
ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლის მიხედვითაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა _ თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი;
„წითელი ნუსხის“ სახეობების ბუნებრივი გარემოდან ნებართვის გარეშე მოპოვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს;
სახერხი საამქროს შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურების გავლის გარეშე მოწყობა _ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
გარდა ამისა, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ანალოგიური ქმედებისთვის არის ადმინისტრაციულად სახდელდადებული;
თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ნადირობის წესებს, მას გარკვეული ვადით ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.
მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა და გამკაცრებული სანქციებისა, არსებული სტატისტიკის თანახმად ბოლო თვეებში გაიზარდა ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები, შესაბამისად საგრძნობლად მოიმატა ზარალმა, რომელიც მიადგა ბუნებას მწვანე საფრის ასეთი შემცირების შედეგად.
სატყეო სააგენტოს მონაცემების მიხედვით გასულ წელს უკანონოდ ხე-ტყის ჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 3 496 484 ლარი შეადგინა, ხოლო 396 600 ლარით (ჯამურად) დაჯარიმდნენ სამართალდამრღვევები.
ეს ზარალი არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება უარყოფითად, ასევე ხე-ტყის ამ ტემპით ჩეხა პრობლემებს ქმნის გარემოს დაცვის კუთხით.
მწვანე საფრის შემცირება რომ უარყოფითად აისახება გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ეს ყველასთვის კარგად გასაგები და ბუნებრივი ფაქტია.
მწვანე საფრის შემცირება კი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რომელიც წლების წინათ იღებს სათავეს. ჯერ კიდევ 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს, საქართველოში ტყის მოცულობა 2.3%-ით შემცირდა და ქვეყნის საერთო ტერიტორიის 38.2%-ს, 2,66 მილიონ ჰა.-ს მოიცავდა. დღემდე გრძელდება ეს უარყოფითი ტენდენცია.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, სატყეო დარგში საქართველო 200-300 წლით ჩამორჩება ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ მართვის პრინციპებს, სწორედ ამ კუთხით სახელმწიფო უწყებებს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ვალდებულებები იკისრა სატყეო ფონდის დაცვისა და მდგრადი მართვის კუთხით.
ხე-ტყის მოხმარების სოციალური ჭრა, რაც სოციალური მიზნებისთვის ტყის ფონდის გამოყენებას გულისხმობს, რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომელმაც, როგორც ექსპერტები ამბობენ, არ გაამართლა და საკმაოდ უარყოფითი შედეგებიც მოიტანა.
მწვანე საფარი ადამიანს იცავს: 1) ხმაურისგან, 2) შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, 3) ზოგადად, მწვანე ფერი ყველა ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.
მას დიდი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებასა და სახელმწიფოს განვითარება-გაძლიერების საქმეში.
როგორც გარემოსდაცვით ორგანიზაციებში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განეკუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს, ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილის საშუალო სიხშირე კრიტიკულ ზღვრამდეა მიყვანილი. აღსანიშნავია, რომ კრიტიკულ ზღვარზე დაბალი სიხშირის მქონე ტყეებს მკვეთრად დაქვეითებული აქვთ დაცვითი ფუნქციების შესრულების უნარი და, ამასთან, მნიშვნელოვანწილად დაკარგული აქვთ თვითაღდგენა-თვითგანახლების უნარი, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ტყის ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. დღეისთვის საქართველოს ტყეებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს აგრეთვე არამდგრადი მეთოდებით განხორციელებული ტყითსარგებლობა, საქონლის გადაჭარბებული (უსისტემო) ძოვება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არასრულყოფილი სატყეო-სამეურნეო სისტემა.

– რა იწვევს ყველაზე ხშირად ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევების ზრდას?
– რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის პრევენციისთვის? „ქრონიკა+“-ს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში უპასუხეს:

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე ხე-ტყის უკანონო ჭრის 679 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 640 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 124 ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ამავე პერიოდში გამოვლენილია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 380 ფაქტი და დაილუქა 137 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო.
ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენის დინამიკა დაკლებულია წლების მიხედვით, ხოლო თვეების მიხედვით გაზრდილია, ვინაიდან ზაფხულის პერიოდში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იმატებს ჭრები.
გამკაცრებულია კანონმდებლობა და კონტროლი ხე-ტყის უკანონო ჭრის, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების მიმართულებით, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი ისჯება ჯარიმით ან/და ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ასევე, დაწყებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანისგან საზღვრის მეთოდიკის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა, ხოლო ტყის კოდექსი ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს კონტროლს 24-საათიან რეჟიმში და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს უკანონო ტყით სარგებლობას“.

სეზონური ჭრების შემთხვევები სტატისტიკურად იმატებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არსებული სანქციების ეფექტიანობა და მოქმედების ხარისხი, მწვანე საფრის პრობლემა კი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.

ანა ურუშაძე