საქართველოს სახელით – დავით ხარშილაძის გამამართლებელი განაჩენი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
20 სექტემბერი, 2017 წელი, თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე – ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი – თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: დავით მესტვირიშვილი, ვაჟა თოდუა
დაცვის მხარე:
ბრალდებული _ დავით ხარშილაძე: საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1989 წლის 24 თებერვალს, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული: ქუთაისი, ცხინვალის ქუჩა 7, ბინა 3-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გუდაურის ქუჩა ბინა 15-ში.
ადვოკატები: ნათია კორკოტაძე, არჩილ ჩუბინიძე, ვალერი გელბახიანი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
სხდომის სახე _ ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
- წარდგენილი ბრალდების არსი:
დავით ხარშილაძემ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0.1626 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 13 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში ვ. ბოჭორიშვილის ქუჩა 25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
სასამართლომ დაადგინა:
- ქმედების სამართლებრივი აღწერა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
2.1. აღნიშნული კვალიფიკაციით დავით ხარშილაძის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
2.1.1. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოწმეებმა: ზურაბ ქუმელაშვილმა, ზაქარია ვასაძემ და ვალერიან ჩიბირაშვილმა განმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 13 მარტს, თბილისში, ვ. ბოჭორიშვილის ქუჩაზე ჩაატარეს დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება. პირადი ჩხეკის შემდეგ დავით ხარშილაძე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
2.1.2. დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 16:35 საათიდან 16:55 საათის პერიოდში თბილისში, ვ. ბოჭორიშვილის ქუჩა 25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი „დუტის“ ჟილეტის მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკები თავზე მომწვარი სახით. ერთ წონაკში მოთავსებულია 3 (სამი) ცალი ოვალური ფორმის თეთრი ფერის აბები, თითოეულზე ცალ-ცალკე არსებული ნაჭდევი წარწერით B8, ხოლო მეორე წონაკში მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამოღებული ნივთიერებები ადგილზევე დაილუქა ბეჭდით.
2.1.3. 2017 წლის 14 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #566/სქ-637/ქრ დასკვნის თანახმად, უფერო, გამჭვირვალე ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი, წონით 6,96 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური ინერტული შემავსებელი ნივთიერებების შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება _ ბუპრენორფინის წონა შეადგენს _ 0,1392 გრამს. ასევე უფერო, გამჭვირვალე ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 3 (სამი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით B8, საერთო წონით _ 1,1709 გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნის მქონე ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა _ 0.0234 გრამი. გამოსაკვლევად წარდგენილ ფხვნილში და ტაბლეტებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა _ 0,1626 გრამი.
2.1.4. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #001439917 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 (ორი) ცალი წონაკი…“, მოთავსებულ წონაკზე, ფხვნილისებრი შიგთავსით, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი მცირედ შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის დავით ხარშილაძეს. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე წონაკზე, სამი ცალი აბით, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი პარციალურად შერეულია. აუტოსომური და მამაკაცის სასქესო (Y)ქრომოსომების გამოკვლევისას მიღებული შედეგების ერთობლივი ანალიზით, ობიექტის აუტოსომური და მამაკაცის სასქესო Y ქრომოსომის შერეული გენეტიკური პროფილების ერთ-ერთი წილი შესაძლოა ეკუთვნოდეს დავით ხარშილაძეს, ან მამის ხაზით მის ბიოლოგიურ ნათესავს.
2.2 დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები: ზაზა ჯახველაძე, მიხეილ ჩივიაშვილი, არჩილ ოქრუაშვილი და ალექსი კობერიძე. მოწმეების ჩვენებებით, 2017 წლის 13 მარტს ხელმძღვანელის მითითებით იღებდნენ მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში, თუმცაღა ისინი იცავდნენ პერიმეტრს და უშუალოდ დავით ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ არ დაუნახავთ დავით ხარშილაძისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, მაგრამ, მოგვიანებით, კოლეგებისგან შეიტყვეს, რომ დავით ხარშილაძე დაკავებულ იქნა სსკ-ის 260-ე მუხლით. ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითხა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ოპერატიულ ღონისძიებაზე გავიდა, როგორც ხელმძღვანელი პირი, რათა დარწმუნებულიყო, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. მოწმის განმარტებით, იგი რამდენიმე მეტრის დისტანციიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს და უშუალოდ ჩხრეკის ფაქტს არ შესწრებია.
2.3. ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 13 მარტს, დღის პირველ ნახევარში, იმყოფებოდა სამსახურში _ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში, შუადღეს საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გავიდა ლომბარდში პირად საქმეზე, რა დროსაც ვ. ბოჭორიშვილის ქუჩა #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოძრაობის დროს, პოლიციის ავტომანქანებმა მოაქციეს ჩიხში, გაიგონა პოლიციელების ყვირილის ხმა, გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესროდნენ. დ. ხარშილაძის განმატებით, იგი მიწაზე მუხლებით დადგა და ხელები მაღლა ასწია, ავტომანქანიდან გადმოსულმა პოლიციელებმა: ზაქარია ვასაძემ და ვალერიან ჩიბირაშვილმა სწრაფად დაადეს ხელბორკილები, თავზე წამოაფარეს სპორტული „კაპიუშონი“, რომელიც „დუტის“ ჟილეტის შიგნით ეცვა, სახეზე „კაპიუშონის“ ჩამოცმის დროს ჟილეტის ჯიბეში იგრძნო ხელის მოძრაობა. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელებმა „დუტის“ ჟილეტში ჩაუდეს ორი პაკეტი ფხვნილისებრი ნივთიერება. ბრალდებულის ჩვენებით, ამ ყველაფერს ხედავდნენ მოქალაქეები, თუმცა პოლიციელებმა არც ერთი მათგანი არ დაასწრეს ჩხრეკას.
2.4 ბრალდებული მის დაკავებას პირდაპირ უკავშირებს ჟურნალისტურ საქმიანობას. დ. ხარშილაძის განმარტებით, იგი არის ხელისუფლების მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება „ქრონიკა+“-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი, თავადაც ამ მედიასაშუალებაში მუშაობს. გაზეთი სისტემატურად აქვეყნებს კრიტიკულ მასალას ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიმართ კორუფციის, ბიუჯეტის უკანონო ხარჯვასა და ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით. ბრალდებულის განმარტებით, დაკავებამდე მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისი ოჯახის კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე იგეგმებოდა პროვოკაცია მის წინააღმდეგ ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულის დაკავების თვითმხილველი მოწმე შორენა ლალიაშვილი. მოწმის ჩვენებით, იგი დაჟინებით მოითხოვდა დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს, რისი უფლებაც პოლიციამ მას არ მისცა. მოწმის განმარტებით, დავით ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა 10-მდე პოლიციელი და ეს ყველაფერი ხდებოდა მოქალაქეების თვალთახედვის არეში. დავით ხარშილაძე პოლიციელებს მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი, იყო ჩოჩქოლი და აყალმაყალი, შემდეგ წამოაყენეს, ამ დროს გაიგონა დაკავებულის პრეტენზია პოლიციელების მისამართით და ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები, რომ მას ნარკოტიკი არ ჰქონია. მოწმის ჩვენებით, იგი დაკავებულთან 4-5 მეტრის დაშორებით იდგა, პოლიციელებს არანაირი დოკუმენტი პირის დაკავებისა და ჩხრეკის შესახებ არ შეუდგენიათ, ასევე არც ერთი პოლიციელი პერიმეტრს არ იცავდა, ყველა მათგანი მონაწილეობდა დ. ხარშილაძის ჩხრეკასა და დაკავებაში. მოწმე შორენა ლალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის პროცესში გამოიყენა ფოტოსურათი, რომელზედაც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი, რომ 10-მდე პოლიციელს დაკავებული დ. ხარშილაძე რკალში ჰყავდა მომწყვდეული და აშკარად ჩანდა, რომ აღნიშნული არ ემსახურებოდა პერიმეტრის დაცვის მიზანს. ფოტოსურათზე ასევე ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები ისე მჭიდროდ არიან განლაგებული დ. ხარშილაძესთან, რომ ობიექტურად თითოეული მათგანის თვალთახედვის არეში ხდებოდა პროცესები, ჩხრეკა-ამოღება, რასაც პერიმეტრზე განლაგებული პირები კატეგორიულად უარყოფენ, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს მათი ჩვენების სანდოობაში.
2.6. სახალო დამცველის წარმომადგენელმა ლევან ბეგიაშვილმა ჩვენებაში განმარტა, რომ დაკავებიდან მცირე დროში შეხვდა დაკავებულს. დავით ხარშილაძე ლევან ბეგიაშვილთან საუბარში აცხადებდა, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
2.7. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. სამართლიანი სასამართლოს პრინციპისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოცანების დაცვით სასამართლომ ორივე მხარეს მისცა თანაბარი შესაძლებლობა მეორე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე დაცვის მხარეს მიეცა საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ ერთნაირი გულმოდგინებით შეფასებულ იქნა თითოული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან. სასამართლო აღნიშნავს, როდესაც ბრალდებული და დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე აჟღერებს არგუმენტირებულ პოზიციას იმის თაობაზე, თუ რა პირადი დაინტერესება შეიძლება არსებობდეს დავით ხარშილაძის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების თაობაზე, სახელმწიფო ინსტიტუციებსა და მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს წარმოეშობათ ვალდებულება, რომ ამტკიცონ საპირისპირო და გააბათილონ ბრალდებულისა დადაცვის მხარის არგუმენტები.
2.8. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების პირველივე ეტაპიდან და საქმის განხილვის დასრულებამდეც შეინარჩუნა ეს პოზიცია, _ ამტკიცებდა, რომ მას პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მიუხედავად ზემოთქმულისა, საგამოძიებო ორგანოებმა, ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულის მიერ გაჟღერებული არგუმენტების გასაბათილებლად გამოძიების ეტაპზევე ჩაეტარებინათ გარკვეული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულებები _ ვიდეოჩანაწერი, დაეკითხათ ნეიტრალური მოწმეები, _ შემოიფარგლენ მხოლოდ იმ 3 მოწმის დაკითხვით, რომლებსაც დ. ხარშილაძე ამხელს ნარკოტიკების ჩადებაში. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ დაცვის მხარემ გამოავლინა საგამოძიებო ჯგუფში იმაზე მეტი პოლიციელის ჩართულობა, ვიდრე ეს საქმის მასალებით იკვეთებოდა. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა, თუ რატომ მალავდა საგულდაგულოდ გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებიც არცთუ მწირ ინფორმაციას ფლობდნენ ჩატარებულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ, ასევე ვერ ახსნა რით იყო განპირობებული ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის (ედავებოდნენ მხოლოდ შეძენა-შენახვას და არა გასაღებას) გამოვლენისთვის უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციელთა მობილიზება დავით ხარშილაძის დაკავების ადგილზე. მოწმე ზაქარია ვასაძის ჩვენებით, დაკავების ადგილზე იმყოფებოდა მთლიანი განყოფილება. სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, რატომ არ მოხდა საგამოძიებო ჯგუფში მყოფი ყველა იმ პირის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე, რომლებიც დაკავების ადგილზე იმყოფებოდნენ და მათი თვალთახედვის არეში ვითარდებოდა პროცესები.
საქმეზე ვარაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (Vირაბყან ვ. Aრმენია, განაცხადი ნო.40094/05,2012 წლის 2 ოქტომბერი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მხოლოდ 2 პოლიციელის განმარტება გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად და მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულით სახელმწიფოს თითქმის არაფერი გაუკეთებია სადავო ინფორმაციის გადასამოწმებლად. ასევე საქმეზე ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Oცჰელკოვ ვ. ღუსსია, განაცხადი ნო. 17828/05, 2013 წლის 11 აპრილი) სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია გამოძიება, რომელიც საკუთარ დასკვნებს ამყარებდა მხოლოდ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებზე და განმარტა, რომ სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა სხვა თვითმხილველი პირების დაკითხვა, რათა ამ გზით გამყარებულიყო მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარდა უშუალოდ ჩხრეკის ჩამტარებელი და დამკავებელი პირებისა, სხვა დანარჩენი სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, დაკითხულ იქნენ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. აღნიშნული ფაქტორი აჩენს კითხვებს საგამოძიებო ორგანოს არაკომპეტენტურობის ან/და ბრალდებულის მიმართ გარკვეული დაინტერესების თაობაზე.
2.9. მოწმე პოლიციელების ზაქარია ვასაძის, ზაზა ჯახველაძის ჩვენებებით, ისევე როგორც ბრალდებულისა და მოწმე შორენა ლალიაშვილის ჩვენებით, სასამართლო ადგენს, რომ დ. ხარშილაძის დაკავების ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები და მათი თვალთახედვის არეში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიებამ ეს ნეიტრალური პირები არ დაკითხა პოლიციელთა ჩვენების გასამყარებლად. მოწმე ვალერიან ჩიბირაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დროს მოწმე შორენა ლალიაშვილს ვერბალური კომუნიკაცია ჰქონდა დავით ხარშილაძესთან და ითხოვდა საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრებას. ამავე დროს, მოწმე უარყოფს შორენა ლალიაშვილის ყოფნას დაკავებისა და ჩხრეკის ადგილზე. მაშინ ისმის კითხვა, _ თუკი შორენა ლალიაშვილი არ იმყოფებოდა დაკავების ადგილზე, როგორ დამყარდა მასსა და დაკავებულ პირს შორის ვერბალური კომუნიკაცია, ან რატომ ითხოვდა საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრებას პირი, თუკი საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო? მოწმეებმა რამაზ თარაშვილმა, არჩილ ოქრუაშვილმა და ზაზა ჯახველაძემ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ შორენა ლალიაშვილი გამოთქვამდა პრეტენზიას და ითხოვდა ნებართვას, რათა დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს. მოწმე ზაზა ჯახველაძის ჩვენებით, გარდა შორენა ლალიაშვილისა, საგამოძიებო მოქმედებებს უცხო ხალხიც ადევნებდა თვალს.
2.10. საგამოძიებო ორგანოების არაკომპეტენტურობაზე ან/და ბრალდებულის მიმართ პირადი დაინტერესების თაობაზე ეჭვს აჩენს ასევე გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების არასრული სახე, კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ერთი კონკრეტული სამმართველოს მთელი განყოფილება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიდის ღონისძიების განსახორციელებლად, ისმის კითხვა, რატომ არ ახდენს აღნიშნული ღონისძიების ვიდეო გადაღებას, ასევე არ ასწრებს საგამოძიებო მოქმედებაზე გარეშე პირს, რომელიც დაკავების ადგილზევე აპროტესტებს პოლიციელების „საეჭვო ქმედებებს“ და მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ დაკავებულს ნარკოტიკი „ჩაუდეს“. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არა დანაშაულზე წასწრების ფაქტი, რაც იმწუთიერია და ობიექტურად შესაძლოა, ვერ მოხერხდეს შესაბამისი ტექნიკით პოლიციელთა აღჭურვა, არამედ საგამოძიებო ღონისძიებების დაგეგმვას საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია. წინასწარ ინფორმაციის მიღება პოლიციელს ავალდებულებს, მოახდინოს მობილიზება სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნის თვალსაზრისით. მოწმე ალექსი კობერიძემ განმარტა, ბოჭორიშვილის ქუჩა #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები მივიდნენ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ამ ქუჩაზე გადაადგილებას დაიწყებდა დავით ხარშილაძე. მოწმის ჩვენებებით პოლიციელები დ. ხარშილაძის გამოჩენას რამდენიმე წუთი ელოდებოდნენ. აღნიშნული გარემოება სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ პოლიციელებს, მათი რაოდენობიდან და ადგილზე არსებული პროცესებიდან გამომდინარე, ხელსაყრელი პირობა ჰქონდათ, საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო გადაღება მოეხდინათ.
2.11. გამოძიების ორგანოების შემდგომმა უმოქმედობამ სასამართლოს ეჭვი გაუჩინა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სანდოობაზე, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე ამ საქმის ფარგლებში არ იქნა მოძიებული არანაირი ინფორმაცია შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრზე შესაძლო ვიდეოკამერებისა და ჩანაწერების არსებობის თაობაზე, რათა მომხდარიყო ყოველგვარი ეჭვის გამომწვევი გარემოების გამორიცხვა და გაბათილება. მოწმე შორენა ლალიაშვილი, რომელიც დავით ხარშილაძის დაკავების ადგილთან ახლოს ცხოვრობს, აცხადებს, რომ დაკავების ადგილის მიმდებარედ არაერთ ობიექტზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა, რაც, როგორც ერთხელ უკვე სასამართლომ აღნიშნა, გამოძიების მიერ მოძიებული არ ყოფილა. რომ არა გამოძიების უმოქმედობა ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნის (ვიდეოზე აღბეჭდვა) ან/და მოძიების (დადგენა ვიდეო-სათვალთვალო კამერების) თვალსაზრისით, შესაძლოა, ეჭვის გამომწვევ გარემოებად არ ყოფილიყო მიჩნეული ის პროცესები, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებს პირის უდანაშაულობის კონტექსტში. პოლიციელების ჩვენებების სარწმუნოობის გადამოწმება ვერ მოხდა ვიდეოჩანაწერის არარსებობის გამო.
2.12. აქვე საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: პატაკში მითითებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხარშილაძე არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, თუმცა სამართალდამცველები გაურკვეველი მიზეზით არ ახდენენ არც მისი ავტომანქანის ჩხეკას, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა დაკავებამდე და არც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას. გაუგებარია, რატომ გამორიცხეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომ ნარკოტიკული საშუალების „აქტიურ მომხმარებელ“ დავით ხარშილაძეს, რომელიც, მათი განმარტებით, დღის საათებში ქალაქის ცენტრალურ უბანში გადაადგილდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით, შესაძლოა ბინაში ან ავტომანქანაშიც ჰქონდა შენახული ნარკოტიკული ნივთიერება. სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა დავით ხარშილაძისგან მანქანის გასაღების ამოღება, თუკი მანქანის ჩხრეკა არ იგეგმებოდა.
2.13. სასამართლო დავით ხარშილაძის ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილავს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #001439917 დასკვნას, რომელიც მართალია ადგენს, რომ წონაკებზე, რომელშიც მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება, არის დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილი, თუმცა ექსპერტის ჩვენებით არ გამოირიცხა დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ დავით ხარშილაძის გენეტიკური პროფილი შესაძლოა გადასულიყო წონაკებზე იმ დროს, როდესაც სამართალდამცველებმა იგი მოათავსეს მისი ქურთუკის ჯიბეში. ექსპერტ ქეთევან ქართველიშვილის ჩვენებით, იგი ვერ გამორიცხავს შესაძლებლობას, დავით ხარშილაძის ქურთუკიდან მომხდარიყო გენეტიკური პროფილის გადასვლა საკვლევად წარდგენილ წონაკებზე. ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტორი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინტენსივობით ხდება გამოყენება პირის მიერ ქურთუკისა და რამდენად არის მასზე გადასული მფლობელის გენეტიკური პროფილი, ამ ნაწილში კი ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული ქურთუკი („დუტის“ ჟილეტი) მას მთელი ზამთრის განმავლობაში ეცვა. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ აბათილებს დაცვის ვერსიას გამოსაკვლევ ნივთმტკიცებაზე გენეტიკური პროფილის წარმოშობის შესახებ, ვერ გახდება პირის მსჯავრდებისთვის საკმარისი მტკიცებულება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გამოძიებამ არ დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა წონაკებზე თითის ანაბეჭდების აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე გამოძიების არასრულყოფილებაზე მიანიშნებს.
2.14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით ვერ გაბათილდა ბრალდებულის პოზიცია ნივთიერი მტკიცებულების ნარკოტიკის არაავთენტურობასთან მიმართებით. ბრალდებული გამოძიების ეტაპზეც და საქმის სასამართლოში განხილვის დროსაც განმარტავდა, რომ მას შემთხვევის ადგილზე „ჩაუდეს“ ნარკოტიკული საშუალება ფხვნილისა და არა აბის სახით, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღწერილი და საექსპერტო კვლევაზე წარდგენილ იქნა სხვა ნივთიერება. ბრალდებულის ამ ვერსიის გაბათილების ნაცვლად, ნივთიერი მტკიცებულების ავთენტურობა საეჭვო გახდა მოწმეების ზაქარია ვასაძისა და ვალერიან ჩიბირაშვილის ჩვენებითაც. მოწმეების განმარტებით, დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკებს მომწვარი ჰქონდათ თავი. გამჭვირვალე პარკების აღწერილობა _ მომწვარი თავი _ მითითებულია, როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩხრეკის ოქმში, ასევე დადგენილებაში ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თუმცა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებით დგინდება, რომ ნივთიერება, რომელზედაც საუბრობს ზაქარია ვასაძე და ვალერიან ჩიბირაშვილი, მოთავსებულია ორ ცალ უფერო ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში და არა იმგვარი აღწერილობის პაკეტში, როგორც ეს დ. ხარშილაძის პირადი ჩხრეკის ოქმში არის მითითებული. საგულისხმოა, რომ ამ ნაწილშიც ბრალდების მხარის საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულების მანიშნებელია ის ფაქტი, რომ არათუ ექსპერტების დაკითხვისას არ დასმულა კითხვა ამ უზუსტობის გასარკვევად, არამედ არც დასკვნით სიტყვაში გაუკეთებიათ რაიმე განმარტება ამ საკითხზე. მსჯელობის ამ ნაწილში საყურადღებოა მოწმე რამაზ თარაშვილის ჩვენება. მოწმის განმარტებით, დაკავების ადგილზე მიღებული ინფორმაციით, დ. ხარშილაძისგან ამოღებული ნივთიერებები იყო ფხვნილი.
2.15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Mიკიასჰვილი ვ. Gეორგია, განაცხადი ნო. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბერი) აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები. ხოლო საქმეზე ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Bარაბანსჰცჰიკოვ ვ. ღუსსია, განაცხადი საქმეზე ნო. 36220/02, 2009 წლის 8 აპრილი) სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პოლიციის ოფიცერთა ჩვენებების შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მათი ჩვენებები შესაძლოა ყოფილიყო თავდაცვითი ტაქტიკის მატარებელი და მიზნად ჰქონდა განმცხადებლის ჩვენების სარწმუნოობის შერყევა, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ორმაგი სტანდარტის დადგენას, რომლითაც განმცხადებლის ჩვენება მიჩნეულ იქნა სუბიექტურად, ხოლო პოლიციის ოფიცერთა ჩვენება _ არა. ამ უკანასკნელთა ჩვენებების სარწმუნოობაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დამდგარიყო და გამოძიებას უნდა დაედგინა, ხომ არ დაეკისრებოდათ ოფიცრებს რაიმე სახის პასუხისმგებლობა? სწორედ ზემოაღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა მოწმე სამართალდამცველთა ჩვენებები ისევე, როგორც დაცვის მხარის მოწმისა და ბრალდებულის განმარტებები განიხილა ერთ სიბრტყეში და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველნი მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით ვერ გამორიცხავენ იმ გონივრულ ეჭვს, რასაც წარმოშობს დაცვის მხარის მოწმისა და ბრალდებულის არგუმენტირებული განმარტებები.
2.16. სასამართლო შეჯამების სახით სვამს რამდენიმე არსებით და რელევანტურ კითხვას, რაზედაც ბრალდების მხარეს პასუხი არ გაუცია:
- ბრალდებულმა როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვის ეტაპზე განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების ადგილზე მას ჩაუდეს ორი წონაკი ფხვნილისებრი ნივთიერება, ხოლო შემდგომ მოხდა ამ ნივთიერებების შეცვლა, _ ფხვნილი ერთ შემთხვევაში შეიცვალა აბებით და იგი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა განსხვავებული სახით. დ. ხარშილაძის პირადი ჩხრეკის ოქმით, ისევე როგორც ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებით დასტურდება, რომ ამოღებული გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკებს თავი ჰქონდათ მომწვარი, გამოკვლეული მტკიცებულებით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ სადავო ნივთიერება მოთავსებული იყო გამჭვირვალე, ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში და არა მომწვარ თავიან პარკებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის, ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ~. ბრალდების მხარემ ვერ გააბათილა დაცვის მხარის ვერსია ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის შესახებ.
- ბრალდების მხარემ შეფასების მიღმა დატოვა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის ავტორის, ექსპერტ ქეთევან ქართველიშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება საკვლევ ობიექტზე გენეტიკური პროფილის შესაძლო წარმომავლობასთან დაკავშირებით და ექსპერტის ვერსიას, რომ გენეტიკური პროფილი შესაძლოა გადასულიყო დავით ხარშილაძის ქურთუკიდან, არ დაუპირისპირა რაიმე რელევანტური არგუმენტი ან მტკიცებულება.
- ბრალდების მხარემ არ გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ არ მოიძიეს ჩხრეკისა და დაკავების ადგილის მიმდებარედ არსებობდა თუ არა ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომელზედაც შესაძლოა აღბეჭდილიყო საგამოძიებო მოქმედებები. ასევე უფრო მეტი სანდოობისთვის, რატომ არ დაასწრეს ჩხრეკა-დაკავებას ნეიტრალური პირები, რომლებიც აკვირდებოდნენ საგამოძიებო მოქმედებებს.
- ბრალდების მხარემ არ განმარტა, თუ რატომ არ დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დ. ხარშილაძის თითის კვლების აღმოჩენის მიზნით.
- ასევე ბრალდების მხარემ არ ახსნა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული მთელი განყოფილების გასვლა ოპერატიულ ღონისძიებაზე პირის დასაკავებლად, მაშინ როცა წინასწარ არ არსებობდა საფრთხე ხელშეშლის შესახებ.
- რატომ არ გაიჩხრიკა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რითაც დ. ხარშილაძე დაკავებამდე გადაადგილდებოდა?
- სასამართლოს შეფასებით, ნებისმიერ ინდივიდუალურ ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს „ფარული მიზნები“ და ბრალდებული, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი უფლებები და თავისუფლება შეიზღუდა არაჯეროვანი მიზნებიდან გამომდინარე (კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობა), სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ, დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს, რომ სამართალდამცველი ორგანოს რეალური მიზანი იყო დანაშაულის გამოვლენა და არა ის ეჭვები, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებს. ამდენად სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად წარმოშობილი ზემოაღნიშნული კითხვები, სასამართლოს შეფასებით, ობიექტური დამკვირვებლისთვის დამაჯერებელი პასუხის გარეშე დარჩა.
2.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა დავით ხარშილაძის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი.
- სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმპციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება დაცვის საშუალებების, ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ დავით ხარშილაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან მათი გამოკვლევის შედეგად გაჩნდა გონივრული ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რაც გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა.
3.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა ბრალდებულ დავით ხარშილაძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
- ნივთმტკიცებისა და ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება და სპეცდანიშნულების ჩხირი _ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.2. გაუქმდეს დავით ხარშილაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ელისო კილაძის უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 03.04.21.246.01/003, მდებარე ქუთაისი, ცხინვალის ქუჩა #7, ბინა #3) დადებული ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
- დავით ხარშილაძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
- გაუქმდეს დავით ხარშილაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება _ გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ელისო კილაძის უძრავი ქონების შესაბამის წილზე (საკადასტრო კოდი 03.04.21.246. 01/003, მდებარე ქ. ქუთაისი, ცხინვალის ქუჩა #7, ბინა #3) დადებული ყადაღა.
- ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალება და სპეცდანიშნულების ჩხირი _ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დავით ხარშილაძეს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
- განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
- განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ. ხარჩილავა