საქართველოს მოდის კვირეულიდან _ „ტიფანის“ მოდის კვირეულამდე

გიორგი საკარული

ბავშვობაში დახატული ესკიზები წლების შემდეგ გააცოცხლა, ჰობით დაწყებული საქმე წარმატებად აქცია, ახლა კი „კატრინის“ მოდელ ანასტასია ბაკურაძეს სურს, რომ ჰობით დაწყებული საქმიანობა პროფესიად აქციოს და საზოგადოების წინაშე წარდგეს, როგორც პროფესიონალი დიზაინერი. ამბობს, რომ მას, როგორც ახალგაზრდა დიზაინერს, მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე აცხადებენ, ამიტომ სურს, ეს ყველაფერი სერიოზულ დონეზე შეისწავლოს.

სამოდელო სააგენტო „კატრინი“ სულ ახალახან დაბრუნდა სამშობლოში. მას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნაში ჰქონდა ჩვენებები, მიწვეული იყო „ტიფანის“ მოდის კვირეულზე, ასევე სპეცმიწვევით იმყოფებოდა კანის კინოფესტივალზე. თუ როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ისინი საქართველოში, რა შეთავაზებები მიიღეს, ამ და სხვა საინტერესო ამბებს „ქრონიკა+“-ს უყვება „კატრინის“ დამფუძნებელი, ეკა მგალობლიშვილი:

_ სამოდელო სააგენტო „კატრინი“ წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სამოდელო კონკურსში, სილამაზის კონკურსებში, ფესტივალებში, პარალელურ რეჟიმში მოდის კვირეულებში. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი არის კანის კინოფესტივალის ფარგლებში (მესამე წელია, აქტიურად ვმონაწილეობთ), მონაკოში, სასტუმრო „ჰერმიტაში“, „ტიფანის“ მოდის კვირეულში მონაწილეობა. „ტიფანის“ სპეციალური მიწვევით ბრენდი „ანასტასია“ გადის 15 ლუქით სამოდელო სააგენტო „კატრინის“ სხვადასხვა მოდელთნ ერთად; ჩვენებაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები რუმინეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ა. შ.

რაც შეეხება ბრენდ „ანასტასიას“, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მკითხველს ვუთხრა, რომ ბრენდი შეიქმნა, როგორც ჰობი პანდემიისას. ანასტასია ბავშვობაში ხატავდა, ის ახლა 14 წლის ხდება. პანდემიის დროს არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, ამიტომ მე და ანასტასიამ მისი ბავშვობის ნახატები გავაცოცხლეთ. გავაკეთეთ კოლექცია „სამეფო კარის მეჯლისი, სტუმრად გრაფ დრაკულასთან“, შემდეგ ფოტოსესია ვანდეკამმა გადაიღო. ყველაფერი ეს განვათავსეთ სოციალურ ქსელში და აქედან დაიწყო ჩვენი ოდისეა: პარიზი, მილანი, კანი; რუმინეთი, თურქეთი, მონაკო. სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად იწვევენ ამ ბრენდს და როდესაც დიზაინერების დაჯილდოება მიმდინარეობს, მოკრძალებულად ვდგავარ ხოლმე. ამ დროს ცხადდება ნომინაცია საუკეთესო ბრენდი, რომელიც მიენიჭა ახალგაზრდა დიზაინერის ბრენდ „ანასტასიას“. გავდიოდით ძალიან მოკრძალებით, არც მე და არც ანასტასია არ ვართ დიზაინერები. ერთ-ერთმა ფრანგმა მოდის კრიტიკოსმა მონაკოში მითხრა, _ ქალბატონო, არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ ჩვენ მოგვწონს და ასე გააგრძელეთო. ჰოდა, ჩვენც ვაგრძელებთ.

_ პირველად დღის სინათლე როდის იხილა ბრენდმა „ანასტასიამ“?

_ პირველად დღის სინათლე დუბაიში იხილა, სადაც საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინეთ „სამეფო კარის მეჯლისი“. როდესაც დიზაინერის გამოსვლა მთავრდება, შემდეგ გარეთ ბანერთან ინტერვიუს აძლევს დიზაინერი. მე და ანასტასია ვაძლევდით ინტერვიუს და ამ დროს დარბაზიდან ჩემი ერთ-ერთი მეგობარი უცხოელი გამოდის და მეუბნება, _ სასწრაფოდ დარბაზში გეძახიანო! შევდივართ დარბაზში და ცხადდება წლის საუკეთესო ზღაპრული კოლექცია, ახალგაზრდა დიზაინერი, ბრენდი „ანასტასია“, გთხოვთ, სცენაზე ანასტასია… ეს იყო საოცრება. ეს იყო სამი წლის წინ, კოლექციის შექმნიდან 2 თვეში.

_ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბრენდი „ანასტასია“ ჰობის დონეზე შეიქმნა. ამ გადმოსახედიდან ელოდით, რომ ეს ბრენდი ასეთ წარმატებას მიაღწევდა როგორ საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ?

_ ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ამაყად, თამამად და წარმატებით დავაბიჯებთ და ამაზე კიდევ ვრცლად ვისაუბრებ, მაგრამ თქვენი გაზეთის მეშვეობით არ შემიძლია არ მოვეფერო დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს, _ თინათინმა წელს საქართველოს მოდის კვირეული ჩაატარა პირველად და მან დაუშვა, რომ ბავშვს, ბრენდ „ანასტასიას“, მიეღო მონაწილეობა და გამოსულიყო საქართველოს მოდის კვირეულზე. ზუსტად ვიცი, საქართველოში სხვა ორგანიზატორი რომ ყოფილიყო, შეიძლება უარი ეთქვა. თავად თინათინ მაღალაშვილი, ფატუნა, როგორც წავიკითხე, ისინი საქართველოში დაბლოკეს, მათ არ მისცეს უფლება, კონკრეტულ ჩვენებაზე გამოეტანათ თავიანთი კოლექცია. თინათინ მაღალაშვილის პოსტში წავიკითხე ეს ყველაფერი და რა გასაკვირი იქნებოდა, რომ უარი ეთქვათ ანასტასიასთვის. ბრენდი „ანასტასია“ საქართველოს მოდის კვირეულზე გაუშვა თინათინ მაღალაშვილმა და ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას არ აკლია მოღვაწეობა, მიღწევები და წარმატება მსოფლიოს მასშტაბით, მე მაინც ჩემს ქვეყანაში მიხარია დაფასება და ყოველივე წარმატება.

რაც შეეხება კითხვას, _ ვფიქრობდი თუ არა, რომ ეს ბრენდი ამხელა წარმატებას მიაღწევდა, _ სიმართლე გითხრათ, პირველ ეტაპზე, ამაზე არ მიფიქრია, რადგან კარგად ვიცით, თუ რა გამოვიარეთ კოვიდის დროს, ყველანი საკმაოდ დიდი ხნით სახლში გამოვიკეტეთ. მე კი ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია სახლში უმოქმედოდ ჯდომა. მქონდა ქსოვილები, ანასტასიას ბავშვობის ნახატები და ეს ყველაფერი გავაცოცხლე, თუმცა იმ პერიოდში ამაზე არ მიფიქრია. ბავშვობიდან მაქვს ერთი მიზანი, განცდა, რომ რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერი წარმატებული იქნება, ეს ხმამაღალი განაცხადი არ არის, რადგან არ მოვკიდებ ისეთ თემებს ხელს, რომელიც არ ვიცი, არ გამომდის. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დევიზით, „პური მეპურემ აცხოს“. ჩემს საქმეში ვარ პროფესიონალი, შემიძლია მსოფლიოს მასშტაბით ყველაფერი კარგი ვაკეთო ბავშვებისთვის, თინეიჯერებისთვის, უფროსი თაობისთვის, მომღერლებისთვის, დიზაინერებისთვის და ა. შ.

_ ანასტასია ამჟამად ახალ კოლექციაზე მუშაობს?

_ ანასტასიას უკვე ოთხი კოლექცია აქვს შექმნილი: სამი წლის წინ იყო დუბაი, შემდეგ მილანი, პარიზი, თურქეთი, შემდეგ რუმინეთი, ბარსელონა. შარშან ბარსელონასა და კოსტა ბრავაზე გვქონდა ჩვენება; მესამე წელია, პარალელურად „ტიფანის“ მოდის კვირეულში ვმონაწილეობთ. მონაკოში გვქონდა ჩვენება, სადაც სულ ახალი კოლექცია წარვადგინეთ. უბრალოდ, ანასტასიას აქვს უკვე პრეტენზია, რომ ოფიციალურად დაიწყოს მომზადება პროფესიონალთან, რომელიც მას ასწავლის მოდელირებას. ანასტასიამ თქვა, _ მე მაცხადებენ იტალიაში, საფრანგეთში, როგორც ახალგაზრდა დიზაინერს და თუკი მე ეს ყოველივე მეორად პროფესიად უნდა მქონდეს, მაშინ უნდა ვისწავლო მაღალ დონეზე.

_ „ტიფანის“ მოდის კვირეულზე რამდენი ლუქი წარადგინეთ?

_ „ტიფანის“ მოდის კვირეულზე 15 ლუქი წარვადგინეთ. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მოდელებმა. მსოფლიოს 15 ქვეყანა მონაწილეობდა. სხვადასხვა ტელევიზიები მოდიოდნენ, იღებდნენ ჩვენს კოლექციას ჩვენი ნებართვით, უამრავი მოწონება დაიმსახურა, საქართველოდან მყავდა წაყვანილი ანასტასია ბაკურაძე, იოანა შერვაშიძე, ნუცა გრიგალაშვილი, მარიამ ზურაბიშვილი, ლიკა ტერტერაშვილი და აგრეთვე ჩაერთნენ უცხოელი მოდელები საფრანგეთიდან, იტალიიდან, აფრიკიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან. ნინი შერმადინის სიმღერის ფონზე გამოდიოდნენ პოდიუმზე გოგონები. როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მაქვს ჩვენებები, აუცილებლად ექსკლუზიური სიმღერა უნდა მქონდეს და ქავერებზე ვერ გავაკეთებ ჩვენებას. ნინი შერმადინმა კი ძალიან დიდი მოწონება, აპლოდისმენტები და უამრავი მიწვევა დაიმსახურა. ჩვენება დახურა შერმადინის მოსწავლემ, ამერიკელმა ნიკოლ კლოცმანმა, რომელიც უკვე მეორე წელია, ჩემი პროდიუსინგით არის მოწვეული ამ თუ იმ ღინისძიებაზე და მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან ერთად დადის.

რაც შეეხება კანის კინოფესტივალს, მესამე წელია, უკვე აქტიურად გვიწვევს ჩემი კოლეგა, რომელიც სულ გვახვედრებს მე და ანასტასიას მოსაწვევებს. პირველად ქართველი ბავშვები კანის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე სამი წლის წინ იყვნენ: ანასტასია ბაკურაძე, ლუსი ოქროპირიძე და მარიამ ბერძენიშვილი.

_ მოგვიყევით კულუარული ამბები, როგორი განცდა და ემოციაა, როდესაც ლაივში ხედავთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, დგახართ წითელ ხალიჩაზე?

_ პირველი შოკი და ემოცია მოგვგვარა უშუალოდ ლეონარდო დიკაპრიოს დანახვამ, ეს იყო სამი წლის წინ, შემდეგ უკვე, მომდევნო წლებში, იმდენად მივეჩვიეთ ამ ყველაფერს, რომ გავითავისეთ და ჩემი 13 წლის შვილისთვის და მოსწავლეებისთვის ჩეულებრივ მოვლენად იქცა. რაც შეეხება წითელ ხალიჩაზე გავლას, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ როგორ ემოციებთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის, იქ გადაღება არ შეიძლება, მხოლოდ ფოტოგრაფები მუშაობენ და შემდეგ გაწვდიან მასალას. ჩვენ საქართველოს დროშები გვეჭირა, ისმოდა ხმამაღლა ჯორჯია და ყვიროდნენ კვარას სახელს, ძალიან ამაყები ვიყავით. 

არ შემიძლია, არ ვისაუბრო ფესტივალზე I SUCCES KINDS. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გახლდათ, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა წინა დღის ჩვენება ნახა და უცებ მიიწვია ანასტასია, სადაც იყო ყველა წამყვანი ბრენდის, „დოლჩე გაბანას“, „ფერარის“ ჩვენება. აქ მონაწილეობა მიიღო ანასტასიამ და ის პირველი ქართველი ბავშვია, რომელმაც fashion tv-ის კომენტარი მისცა. ერთ-ორ დღეში უკვე დაიდება ეს ინტერვიუ. ანასტასიას სთორიც გადაზიარდა და არა მხოლოდ მისი, არამედ ნუცა გრიგალაშვილის, მარიამ ბერძენიშვილის, იოანა შერვაშიძის, ლუსი ოქროპირიძისა და ნინი შერმადინის.

_ როგორც ვიცი, კანში ყოფნისას საქართველოს პავილიონსაც ესტუმრეთ. როგორ გიმასპინძლეს?

_ დიახ, სქართველოს პავილიონს ვესტუმრეთ, ვნახეთ საქართველოდან ჩამოსული დელეგაცია, მოვეფერეთ ერთმანეთს, გამოპრანჭულები მივედით, დრო ცოტა გვქონდა, რადგან ფილმის პრემიერაზე მივდიოდით. ქართველებთან რომ მივედით, გვითხრეს, დატვირთულები ვართ და შემდეგ შემობრძანდით, თუ გექნებათ სურვილიო. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები უნდა მიეღოთ, მიეწვიათ, რადგან ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც „მერე მოდითზე“ მიდის. მე მათ იქვე ვუთხარი, ამ ბავშვებს მსოფლიოს აღიარება არ აკლიათ, თქვენამდე უარავი პავილიონი გამოიარეს, თან გვეჭირა საქართველოს დროშები და თქვენ ეუბნებით, მერე მოდითო, ცოტა მეწყინა-მეთქი და წამოვედით.

_ კანის კინოფესტივალზე მოხვედრის სურვილი ბევრს აქვს. არსებობს რაიმე სპეციალური დრესკოდი, რომელიც იქ ყოფნისას, წითელ ხალიჩაზე გავლის დროს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ?

_ ვფიქრობ, წითელ ხალიჩაზე როგორ წარდგები, ეს მაინც შენს შინგან კულტურაზე მეტყველებს. წითელ ხალიჩაზე უნდა წარდგე საღამოს კაბით და არა ბოტასებით ან სპორტულებით. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბილეთს ყიდულობდნენ და უბრალოდ შედიოდნენ. მე ვარ ძირძველი ქუთაისელი და დავიბადე ისეთ ოჯახში, სადაც კარგად იციან, თუ რა უნდა ჩაიცვან თეატრში, ოპერაში, ქუჩაში, ბარში, რესტორანსა თუ სხვა ადგილას.

ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით, რომელიც იქ ყოფნისას გადაგვხვდა: მივდივართ ფილმის პრემიერაზე და მოდის ერთი უცხოელი ქალბატონი და გვეუბნება, რომ ბოლივუდის პავილიონში გადის ფილმის პრემიერა, რომლის შინაარსიც ასეთია, _ ინდოეთში რომ იბადება მუქი კანის ფერის გოგონა, ის ბავშვი უნდა მიჰყიდონ ისეთ მამაკაცს, რომელსაც არ იცნობს და ასეთი ამბავი მსმენია, რომ რაც უფრო მუქი ფერის კანი აქვს გოგონას, რამდენიმე კილოგრამ ოქროს აძლევს გოგონას ოჯახი საქმროს ოჯახს. გადასახადის რაოდენობა დამოკიდებულია შენი კანის ფერზე. რაც უფრო მუქია შენი კანის ფერი, მით უფრო დაჩაგრული ხარ. ამ ფილმის რეჟისორი, სხვათა შორის, ქალია, რომელიც ეწინააღმდეგება მსგავს წესებს. რეჟისორმა გაგვაჩერა და გვითხრა, რომ უნდოდა ერთ-ერთ ბავშვს მიეღო მონაწილეობა. მას ვუთხარი, რომ მე არ ვარ ყველა ბავშვის დედა და მათი მშობლების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მქონდა, ვუთხარი, რომ ჩემი შვილი ანასტასიაა და თუ მისი სურვილიც იქნებოდა, შეეძლო, მონაწილეობა მიეღო.

_ ანასტასია დათანხმდა?

_ რა თქმა უნდა, ანასტასიამ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში. ვფიქრობ, ანასტასიამ ძალიან კარგი მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს, რომ არ შეიძლება კანის ფერის გამო იჩაგრებოდნენ გოგონები ინდოეთში. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ინდოელ გოგონებს და ამით ძალიან ვამაყობ. იქ იყვნენ ბოლივუდის, ნეტფლიქსის წარმომადგენლები, რომლებმაც სავიზიტო ბარათები გადმოგვცეს, გავცვალეთ კოორდინატები, ინსტაგრამები და გვაქვს გეგმები, მიწვევები, რაზედაც წინასწარ, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ, სანამ არ განვახორციელებთ ამ ყველაფერს. ჩემთან ერთად ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ ნინი შერმადინი, ანასტასია ბაკურაძე, მარიამ ბერძენიშვილი, ლუსი ოქროპირიძე, ნუცა გრიგალაშვილი, მარიამ ზურაბიშვილი, იოანა შერვაშიძე და ლიკა ტერტერაშვილი. თითოეული მათგანი მართლა საუკეთესოდ წარსდგა.

_ თქვენ ხართ კანში და ამის პარალელურად, თქვენი მოდელი წარდგენილია საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ალბანეთში. მოგვიყევით ამის შესახებ, როგორ ჩაიარა კონკურსმა?

_ დიახ, ალბანეთში, საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე საქართველოს სახელით გაშვებული მყავს მარიამ მირიანაშვილი. აღნიშნულ კონკურსზე მსოფლიოს 45 ქვეყანა ებრძვის ერთმანეთს, ჩემ ნაცვლად წასული იყო ანი სტეფანიშვილი, მოდელი, რომელმაც ამავე კონკურსზე 2 წლის წინ პირველი ადგილი აიღო. მე თუ არ მცალია და ვერ მივდივარ კონკურსზე, მაქვს უფლება, ჩემი წარმომადგენელი გავუშვა ჟიურიში. მუდმივად ვიყავი ჩართული ალბანეთში ამ კონკურსში, რომ საქართველო არ დაჩაგრულიყო. მადლობა თურქეთის კონკურსების დირექტორს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხაზზე იყო, _ ეკა, ნუ გეშინია, არ დაგიჩაგრავთ საქართველოსო. ასევე ესტონეთის წარმომადგენლები ყოველთვის ამბობენ, რომ საქართველო ჩვენი მეორე სახლიაო. თან უნდა გავიდე ჩვენებაზე, ალბანეთში ამ დროს ქულების დაჯამება მიმდინარეობს. განსაკუთრებით ვნერვიულობ, როცა ადგილზე არ ვარ ხოლმე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ნიცაში, მონაკოსა და კანში, ასევე ვიმყოფებოდი ალბანეთში არა ფიზიკურად, არამედ სხვა ყველა საშუალებით. სულ ტელეფონზე ვეკიდე.

_ როგორ დასრულდა კონკურსი?

_ ძალიან კარგად, რადგან 45 ქვეყანას შორის ავიღეთ ოთხი საპრიზო კატეგორია, ასევე მოვხვდით ტოპხუთეულში, შემდეგ ტოპსამეულში და ავიღეთ მესამე ადგილი. თქვენ იცით მსგავსს კონკურსებზე ეს ტიტული, ადგილი და გამარჯვება რას ნიშნავს. ამ დღეებში ისევ საერთაშორისო კონკურსზე მივფრინავთ და მიმყავს ოთხი კატრინელი, წინ გველოდება თურქეთი, კერძოდ კი ქემერში იმართება ფესტივალი და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო. ჩვენ არასდროს ვიღლებით და, ფაქტობრივად, არ გვძინავს. ასეთ დიდ შრომას მოაქვს სწორედ ის წარმატება, რასაც ეს ბავშვები გადიან.

არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ თქვენ, მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ს, რადგან ყოველთვის შუქდება ის სიახლეები და წარმატებები, რასაც საქართველო გადის მსოფლიო მასშტაბით. ასმაგად ამაყი და გახარებული ვარ პირველ რიგში იმით, რომ ჯერ შენს ქვეყანაში უნდა დაფასდე და ყველამ გაიგოს იმ შრომის ფასი, რასაც გადიხარ და მერე გაღიაროს მსოფლიომ. ამაყი ვარ, რომ მსოლიფოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ისმის საქართველოს სახელი, ფრიალებს ჩვენი დროშა და გამარჯვებულები ვბუნდებით სამშობლოში.

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ყოველ დილით, როცა ვიღვიძებთ, სარკეში ჩავიხედოთ და უფალს მადლობა გადავუხადოთ, გავუშვათ ბევრი პოზიტივი, ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება. უამრავი ბავშვი, მოდელი და მოსწავლე რომ დედას დაგიძახებს, ხვდებით, ხომ, რამხელა პასუხისმგებლობაა? ერთხელ ბორტგამცილებელი მეუბნება, _ ეს ბავშვები ყველა თქვენი შვილიაო?

მადლობა ქალბატონ ნინო წიკლაურს, რომელიც 24 საათი სულ ჩართულია ჩვენს საქმიანობაში, დაზღვევა გვინდა, ბილეთი, ჯავშანი, ფასდაკლება, ხელშეწყობა თუ სხვა რამ, დიდ შრომას გადის ისიც ჩვენ მიმართ. ამ ბავშვებს, კატრინელებს, არ აკლიათ მილანის ტელევიზია, პარიზის, თურქეთისა თუ სხვა ქვეყნის ტელევიზიები, გაშუქება და სტატიები მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოში, მაგრამ მათთვის ის უფრო სტიმულია, რომ საკუთარ ქვეყანაში აშუქებენ, კითხულობენ ქართულ ენაზე, მას ეცნობიან მისი თანატოლები, ნაცნობი თუ უცნობი ხალხი. ეს არის იმდენად დიდი სტიმული, რომ მეტი ძალა და ენერგია გეძლევა ადამიანს, ბევრი კარგი საქმე აკეთო, უფრო მეტად მოინდომო, ბევრჯერ ასახელო საქართველო მსოფლიოს მასშტაბით და უფრო წარმატებული იყო. ამ ხალხის წარმატებაში, გაშუქებაში კი დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს ხელმძღვანელს, ქალბატონ ელისო კილაძეს. მადლობის თქმით არ დავიღლები, რადგან სწორედ ეს ინტერვიუც რჩება ისტორიას, ინახება საუკუნეები და გაეცნობა ბევრი ადამიანი. ამიტომ ყველა სცენაზე ხმამაღლა ვაცხადებ და ვუხდი მადლობას იმ ქართველებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში კულტურის განვითარებას, მოდის პოპულარიზაციას, ნიჭიერი თაობის წარმოჩენას, ბავშვების სტიმულს და უხარიათ საქართველოს წარმატება.