სანამ ჩვენ გვეძინა, რუსმა ოკუპანტებმა გზა გაჭრეს, დატკეპნეს და უკვე დატესტეს კიდეც

რას აპირებენ რუსი ოკუპანტები: ტაქტიკური სწავლება აფხაზეთში, ავტობანის პარალელური გზა _ შიდა ქართლში

მწარე გამოცდილება ცხადყოფს, რომ რუსი ოკუპანტები არასდროს მოქმედებენ განცალკევებულად, საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნილად და მთელი რიგი ფაქტორების გაუთვალისწინებლად. გამოცდილებამ ისიც გვასწავლა, რომ მათი _ გრუ-ს დერეფნების ლაბირინთებში, კაბინეტებიდან კაბინეტებში რონინის დროს შემუშავებული გეგმები მრავალმხრივია და მუდამ ტოვებს რამდენიმე ვერსიის გაჩენის შესაძლებლობას, რომელთაგან, როგორც წესი, ბოლოს ის ახდება, რომელიც თავიდან ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი ჩანდა, ან სულაც ის სცენარი განვითარდება ხოლმე, რომელიც არც განხილულა და შესაბამისად, არცაა ვინმე მზად, რუსულ გამოწვევას უპასუხოს.

 

მივყვეთ თანმიმდევრულად: რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლის ზოლზე გასააქტიურებლად სწორედ ის ადგილი აირჩიეს, საიდანაც მათ გადაადგილებას არა მარტო ევროკავშირის დამკვირვებლები, არამედ „ძალა ერთობაშიას“ წევრი მოქალაქე აქტივისტებიც ადევნებენ თვალს. ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთი ყოველთვის იყო მათი განსაკუთრებული აქტივობის ზონა და ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ სწორედ აქ, ყარაფილის განაპირასაა აღმართული ის ყბადაღებული ბანერი, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრშია.

თუ ამ ბანერის ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ეს ადგილი რუსი ოკუპანტების განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს და ეს არცაა გასაკვირი: სწორედ ამ მონაკვეთზეა მოქცეული ე. წ. გამყოფ ზოლს იქით ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი.

შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში, მაგისტრალიდან 400 მეტრის დაშორებით, ამ ბანერის აღმართვისას ოკუპანტებმა სიტუაცია დატესტეს. ჯერ ბანერი აღიმართა და რეაქციამაც არ დააყოვნა: 14 ივლისს ბერშუეთში, სადაც ასევე უკანონო ბანერი გაჩნდა, „ქრონიკა+“-ის ინიციატივით საკმაოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, იმავე დღეს კი ყარაფილის ბანერთან საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი გავიდა და ჟურნალისტების თანდასწრებით გამოხატა ოფიციალური პოზიცია, _ ეს ბანერი საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან მთავარ მაგისტრალთან ახლოსააო. შესაძლოა, ეს კელის მხრიდან ერთგვარი მინიშნებაც ყოფილიყო, თუ ოკუპანტთა შემდგომ აქტივობებს გავითვალისწინებთ:

აშშ-მა კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ ბანერის აქ განთავსებას. სწორედ ამით იყო გამოწვეული კელის ნაბიჯიც. მან დიპლომატებისთვის დამახასიათებელი შეფუთვით, შესაძლოა, ერთგვარი მიმართულებაც კი უჩვენა გამოვლენილ სახალხო პროტესტს _ პირველ რიგში, ამ მიმართულებით იაქტიურეთ, ეგაა ახლა მნიშვნელოვანიო.

სახალხო პროტესტის გაგრძელება აქციების სახით ვერ შედგა, სამაგიეროდ, ყარაფილა-ნიგოზას მიმართულებაზე მოქალაქე დამკვირვებლები გამოჩნდნენ. ისინი სოფელ ნიგოზას გორაკიდან ხელის გულზე გადაშლილ სივრცეს აკვირდებიან, საიდანაც ორჭოსნის საოკუპაციო ბაზა კარგად ჩანს. კარგად ჩანს, ასევე, ამ ბაზის წინამდებარე ტერიტორია და დასავლეთის მიმართულებით, წინაგარის საოკუპაციო ბაზაც. იქვეა ხურვალეთი და ბერშუეთი _ ოკუპანტების განსაკუთრებული აქტივობის ზონები.

ის დადებითი ფაქტორი, რაც ორი თვის წინათ დაწყებულმა პატრულირებამ მოიტანა, ცალსახად არის მოქალაქეების გატაცების შეწყვეტა. მთელი ამ ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა, როცა რუსმა ოკუპანტებმა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით მოქალაქეები დააკავეს და ისიც არა ამ მონაკვეთზე, არამედ ახალგორის მუნიციპალიტეტში და, რაც მნიშვნელოვანია, დააკავეს არა საქართველოს, არამედ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ტურისტები, რომლებიც მეორე დღესვე გამოუშვეს.

რასაკვირველია, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ მოქალაქე დამკვირვებლების შიშით ოკუპანტებმა ადგილობრივთა გატაცებაზე ხელი აიღეს. მაგრამ ტაქტიკა რომ შეცვალეს, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ პრიორიტეტად სხვა რამ დაისახეს _ ამაზე მეტყველებს რამდენიმე დღის განმავლობაში გამალებული მუშაობის შემდეგ გაჭიმული გრუნტის, საკმაოდ მაღალი ხარისხის გზა, რომელიც, რატომღაც, ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ვერ გახდა.

არადა, კურიოზია: ქართული მედია თითქმის ყოვედღიურ რეჟიმში აშუქებდა ყარაფილის უკანონო ბანერის გასწვრივ ხნულების გავლების პროცესს მაშინ, როცა ამაზე მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობდა, მაგრამ „ძალა ერთობაშია“ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ყარაფილაში, ორჭოსნის ბაზის მიმდებარედ, დღეების განმავლობაში რუსული ბაზიდან გამოყვანილი სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა მუშაობდა და მათ რუსი სამხედროები მართავდნენ, მედიის თვალთახედვის არეში არ მოხვდა.

სანამ ჩვენ გვეძინა, რუსმა ოკუპანტებმა გზა გაჭრეს და დატკეპნეს, უკვე დატესტეს კიდეც. ოფიციალურად და მათი აზრით, ისინი არ არღვევენ შეთანხმებას და არ გადმოდიან ყარაფილის ბანერს აქეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: იმ ადგილას, სადაც იან კელი იდგა, უკვე კარგად დატკეპნილი გრუნტის გზა გადის, რომელიც ქვეყნის მთავარ მაგისტრალს პარალელურად მიუყვება. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ორჭოსნის ბაზიდან ჩამოსული ეს გზა ყარაფილაში დასავლეთისკენ უხვევს, კარგა მანძილზე პარალელურად მიუყვება ავტობანს და შემდეგ წინაგარას მიმართულებით გრძელდება, რაც აჩენს ეჭვს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უმოკლესი გზით დააკავშირეს ერთმანეთს ორი საოკუპაციო ბაზა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობანზე თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყანაში შემოსული ტურისტების პარალელურად, სულ რაღაც, 400-500 მეტრში, რუსი ოკუპანტები იმოძრავებენ _ მათივე სამხედრო ტექნიკით, ჩვენ კი ბუზსაც ვერ ავუფრენთ. რასაკვირველია, ორი ბაზის დაკავშირება აქ მხოლოდ შეფუთული მიზანია და ოკუპანტთა მთავარი მიზანი ამ გზის გაყვანისას ავტომაგისტრალზე სწრაფი წვდომის მოპოვება (საჭიროების შემთხვევაში) და საოკუპაციო ზოლს მიღმა მოქცეული მაგისტრალის მონაკვეთის არდათმობაა.

რას დაუპირისპირებს ამ ფაქტს საზოგადოება, ძნელი წარმოსადგენია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში თავმოყვარე ხალხი უკვე მაგისტრალზე ყოველდღიური აქციების გამართვის პროცესში უნდა იყოს და უკვე უნდა ჩანდნენ ის აქტივისტები, ვინც ამ გზაზე გაწვება და რუსული ტექნიკის გადაადგილებას ხელს შეუშლის.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსი ოკუპანტები შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისთვის ხელშეწყობასაც აგრძელებენ, რომ ქართველთა კვალი ამ რეგიონში თანდათან წაიშალოს. მართალია, ადგილმდებარეობა და შერეული ქართულ-ოსური სოფლების არსებობა, რომლებიც, თავის დროზე, აქ ჭადრაკულად განლაგდა, ბევრ რამეში ხელს შეუშლის, მაგრამ ზოგ სოფელში ამ გეგმის განხორციელება სხვადასხვა შეფუთვით, უკვე დაწყებულია.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სოფელი ერედვი, რომელიც ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს: აქ რუსული ტექნიკით ქართველთა ნასახლარების დანგრევა და მიწის მოსუფთავება უკვე დაიწყეს. რასაკვირველია, ეს არ ეხება მხოლოდ ნასახლარებს _ თუ სადმეა დაბომბვას გადარჩენილი, ეთნიკური ქართველის კუთვნილი სახლი, „წმენდაში“ ისიც მოჰყვება. თანაც, ამას საჯაროდ აკეთებენ და არც მალავენ.

სამუშაოებისთვის თანხა რუსეთის ბიუჯეტიდან გამოიყო და მან 4,2 მილიარდი რუბლი (70 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ამ ეტაპზე 168 სახლი უკვე დანგრეულია, პროგრამით გათვალისწინებულია 268 სახლის დანგრევა.  ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მიწა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა.

სამუშაოების მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზოგი სახლის ფუნდამენტის აღება პრობლემურია, რადგან ის მიწის სიღრმეში, სამი და მეტი მეტრითაა ჩასხმული.

ერედვში დაწყებულ სახლების ნგრევის პროცესში საფრთხეს ოფიციალური თბილისიც ხედავს.

განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრებმა გააკეთეს. ისინი ეთნიკური წმენდის გაგრძელებაზე, ანექსიაზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა „მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან“.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა მორიგ ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ“, _ აცხადებს პრეზიდენტი.

მარგველაშვილი ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების ქმედებებს აფასებს „ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებად“ და „ანექსიისკენ მიმართულ“ ნაბიჯებად, „რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესად უნდა შეაფასოს“.

საკითხის თაობაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც და ქართველების სახლების განადგურებას „აგრესიული პოლიტიკის სამწუხარო ტენდენცია“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივად საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ.

სოფელ ერედვში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს „მიუღებელს“ უწოდებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი:

„ეს არ არის ნანგრევების სამშენებლო მასალა, ეს არის სახლები ცოცხალი, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც დღეს გამოდევნილი არიან საკუთარი სოფლებიდან და ვერ ახერხებენ დაბრუნებას სწორედ იმ განგრძობადი საოკუპაციო პოლიტიკის გამო და იმ მიზანმიმართული ხელის შეშლის პოლიტიკის გამო, რომელსაც ახორციელებს რუსეთი და სამწუხაროდ, დე ფაქტო ხელისუფლებებიც“, _ განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ქეთევან ციხელაშვილმა.

სოფელ ერედვში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

მიხეილ ჯანელიძე ერედვში მიმდინარე სამუშაოებს „გენოციდის გაგრძელებად“ მიიჩნევს.

„ქართული დიპლომატია მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო ჩართულობით შევძლოთ ამ ძალიან რთული პრობლემის გადაჭრა“, _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, რუსი სამხედროების გააქტიურება ამ რეგიონშიც შეინიშნება, რაც ერთობლივი სცენარის არსებობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს:

სოფელ ნაგვალუს პოლიგონზე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ჯარის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური სწავლება გამართეს.

სწავლებაში სულ 500 სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 100 ერთეული მონაწილეობდა, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები (БТР-82A), ტანკები (Т-72 Б3), კავშირის მანქანები БТР-80-ის ბაზაზე, ასევე ყველგანმავალი КAМАЗ-ები.

სწავლება კვირის დასაწყისში ქვედანაყოფებში საბრძოლო განგაშითა და 120 კმ-იანი მარშის შესრულებით დაიწყო. ოფიციალურმა თბილისმა სწავლება შეაფასა, როგორც „სტაბილურობის საფრთხე“.

ასე რომ, საფრთხე, როგორც ყოველთვის, ახლაც რეალურია. ჯერი საზოგადოების აქტივობაზეა.