სამოქალაქო სექტორი ქუთაისის თვითმმართველობას აფასებს
2016 წელს ქუთაისი საერთო ქართული სივრციდან არ ამოვარდნილა და იგივე პრობლემებით ცხოვრობდა, როგორც საქართველოს სხვა ქალაქები. საარჩევნო წელი მოსახლეობას ფარული თუ ღია დაპირისპირებით, ფასების მატებითა და ლარის დაცემით გამოწვეული სხვა პრობლემებით დაამახსოვრდება.
„ქრონიკა+“-მა ქუთაისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება და 10-ბალიანი სისტემიდან მისთვის ქულის მინიჭება სთხოვა.
გვანცა თოთაძე _ არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“:
_ 2016 წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტები გაკეთდა წინასაარჩევნო პროცესებზე. ყურადღება გადატანილი იყო იმ ღონისძიებებზე, რომლებიც კარგად ჟღერდა. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი დადებითი ნაბიჯი მართლაც გადაიდგა და ამის შესახებ ტელეფონებზე შეტყობინებებიც კი მოგვდიოდა, მაგრამ დასრულდა არჩევნები და ინფორმაციებს უკვე ვერც ამ შეტყობინებების სახით ვღებულობთ და ვერც სოციალური ქსელების მეშვეობით. ღონისძიებების მასშტაბურობაც შემცირდა.
_ როგორ ფიქრობთ, ქალაქში რაიმე სახის მასშტაბური სამუშაოები აღარ ხორციელდება თუ პიარია სუსტი?
_ ყოველი შემთხვევისთვის, ისეთი რაოდენობით არა, რაც არჩევნებამდე ხდებოდა. შესაძლებელია, რაღაც კიდევ კეთდება დამატებით და ჩვენ ვერ ვგებულობთ, ან არაფერია გასაშუქებელი. ასე რომ, მე 2016 წელს შევაფასებდი მაინც უფრო არჩევნებზე ორიენტირებულად.
_ თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ რომელ პროექტს გამოჰყოფდით?
_ ტურისტული ცენტრი შენდება, თუმცა ეს მაინც სამომავლო პროექტია.
_ რა არის ის, რაც არ მოგწონთ თვითმმართველობის საქმიანობიდან?
_ რაც ჩემთვის მტკივნეულია და პროტესტის გრძნობას იწვევს საზოგადოებაშიც, არის ის, რომ სკვერებში მშენებლობები მიმდინარეობს. ასევე გამოვყოფდი სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახის“ გვერდით კაფე-ბარ „არგოს“ მშენებლობას, რომელიც კანონის დარღვევით ხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონმა მერმა სამოქალაქო საზოგადოებას ყური არ დაუგდო და ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის სურვილი უგულებელყო. მიუხედვად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა პეტიციის საშუალებითაც ითხოვდა შეჩერებულიყო მშენებლობა, ქალაქის მერმა ძალიან მარტივად გაატარა ეს მოთხოვნა პოლიტიკურ ჭრილში. ეს იყო ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც გასულ წელს მოხდა. განსხვავებული მოსაზრების გამოთქმა, სამწუხაროდ, ავტომატურად აღიქმება რომელიღაც პოლიტიკური პარტიის მართულ პროცესად.
10-ბალიანი სისტემიდან ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას 4-ს დავუწერდი.
მათე ჩაფიჩაძე _ „მომავლის განვითარების სახლი“:
_ მიმდინარე წლის განმავლობაში ქალაქში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. პირველ რიგში გამოვყოფდი დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხს. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა იერსახის მიმართულებითაც.
_ კონკრეტულ პროექტს თუ გამოჰყოფდით?
_ პირველ რიგში, ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწესრიგება, განათების საკითხი. სასიამოვნოა, რომ ტურისტებისთვის სკვერში ე. წ. მზის ბატარეა დაიდგა, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, ინტერნეტით ისარგებლონ და თავიანთი ელექტრონული მოწყობილობები დამუხტონ.
_ რაც შეეხება შენიშვნებს? მოსახლეობა ბევრ კითხვას სვამს.
_ ბევრი კითხვა ისმის ადმინისტრაციული ორგანოების ფორმირებასთან, დასაქმებულ კადრებთან და მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და ა. შ., მაგრამ იმედი მაქვს, რომ მერია იზრუნებს, გაცილებით მეტი პროფესიონალი მოხვდეს ქალაქის მმართველობით ორგანოებში და მეტად გაიზარდოს და გადაიხედოს სამსახურში მიღების კრიტერიუმები. როგორც მერიაში, ისევე მის ააიპ-ებში შტატები გაბერილია, რაც საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ხარჯვას იწვევს. რადგანაც წინასაახალწლო პერიოდია, პოზიტიური ვიქნები და 10-ბალიანი სისტემიდან ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას 8 ქულით შევაფასებ.
ნუგზარ კოხრეიძე _ არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“:
_ 2016 წელს, როგორც იქნა, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავდა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დადებითი მოვლენა. არჩევნების დროს ბევრი იყო დისკუსია პარლამენტის გადატანა-არგადატანაზე, გაკეთდა განცხადებები, რომ ეს საკითხი ჯერ არ განიხილება, რაც, გარკვეულწილად, დროებითი, მაგრამ მაინც ქალაქის საზოგადოების გამარჯვებაა.
_ სიტყვა „ჯერ“ გაძლევთ კმაყოფილების საშუალებას?
_ ბუნებრივია, არა, მაგრამ ამით შეგვიძლია, პროცესები გავაგრძელოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს თემა. ასევე ვერ ვხედავ საუნივერსიტეტო ქალაქის განხორციელების პერსპექტივებს. მნიშვნელოვანია, რომ შიდა გზების მოწესრიგების საკითხი დაიძრა. მიმდინარე წელს ჩემი ქუჩაც გაკეთდა, რომელიც 25 წელი იყო მოუწესრიგებელი. მაინც ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ისე ვერ საქმიანობს, როგორც საჭიროა.
ეს არის სუსტი მენეჯმენტის ბრალი, ან ჩაკეტილი სივრცე. მენეჯმენტი ყველაზე კი არ ხორცილდება, არამედ მხოლოდ გარკვეულ ადამიანებზე, რომლებიც რაღაცას წყვეტენ. დანარჩენი კი ამ პროცესში ჩართული არ არის და, შესაბამისად, არც არავინ ითვალისწინებს მათ აზრს.
სამწუხაროა, რომ დღემდე არ მოგვარდა ის საკითხი, რომელზედაც არასამთავრობო სექტორი წლებია, საუბრობს. ეს შეეხება შენობების იერსახეს. გრძელდება პროცესები, როცა თვითნებური მიშენებები თუ გადაღებვის პროცესი მინდინარეობს. შესაძლებელია, ეს ნებართვის გაცემითაც ხდებოდეს. ასეთ შემთხვევაში კი, მინიმუმ, საქმე გვაქვს შესაბამისი სამსახურის არაკვალიფიციურ მიდგომასთან და უგემოვნობასთან. ქალაქს მიზანმიმართულად ვამახინჯებთ. სასაცილოა ის, რომ ამ დროს ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე. ჩვენ ვერ გავაკვირვებთ ვერც ევროპელ თუ სხვა ქვეყნების ტურისტებს თანამედროვე შენობებით, რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, არც კი გვაქვს. მაგრამ რითაც შეგვიძლია მათი ყურადღება მივიქციოთ, ეს არის სიძველე, რომელიც ამ ქალაქში არის, მაგრამ მოუვლელობისა და შესაბამისი ნების არარსებობის გამო, არ ჩანს.
უკმაყოფილების საგანია ასევე ის შედეგი, რაც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. თითქმის 2 თვე გავიდა და მაჟორიტარების მხრიდან რაიმე აქტივობებს ვერ ვხედავთ.
_ ამ პრეტენზიის ადრესატი ვინ არის, _ მოსახლეობა თუ თვითმმართველობა, რომელიც, ოპონენტთთა აზრით, ზედმეტად ჩაერია პროცესებში?
_ არ მინდა დავმალო, რასაც ვფიქრობ. ცუდად მენიშნა ქალაქის მერის პირდაპირი ჩარევა ამ პროცესში. ეს არასწორი ნაბიჯი იყო. არ შეიძლება, საზოგადოებას უთხრა, რომ თუ ესენი არა, მაშინ მე ვერავისთან ვითანამშრომლებო. ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკა ამას არ ცნობს.
მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ არასოდეს არაფერი არ კეთდება და სრულდება თავის დროზე. ყოველთვის ისმის ახსნა-განმარტებები. მე ამაში ვხედავ დაგეგმარების, მონიტორინგისა და, ზოგადად, მენეჯმენტის პრობლემებს. სატენდერო მონაწილეობები გადასახედია.
_ ტენდერის შედეგები რაიმე ეჭვის საბაბს იწვევს?
_ სამწუხაროდ, ამ თემებზე დეტალურად არ მიმუშავია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ კომპანიის უკან ვიღაც დგას, იმ კომპანიის უკან _ ვიღაც და ასე შემდეგ. ზოგჯერ ასეთი ხმები უმიზეზოდ არ ვრცელდება. მნიშვნელოვანია, რომ რაც კეთდება ისე გაკეთდეს, რომ იგი მოსახლეობის მდგომარეობას არ აუარესებდეს. ამის კარგი მაგალითია ნიკეას ქუჩაზე გამყოფი ზოლის ერთი ნაწილი, რომელიც ისე გაკეთდა, რომ ამ მოკლე ხანში ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
ყველაზე დიდ უკმაყოფილებას მაინც იწვევს საზოგადოების ინდიფერენტულობა ქალაქში მიმდინარე პროცესების მიმართ. თუნდაც კაფე-ბარ „არგოს“ თემა, როცა 11-მა ორგანიზაციამ სერიოზული აქტივობები განახორციელა. აქვე უნდა აღვნიშნოთ იმ მავნე ტენდეციაზე, რაც ხდებოდა და, სამწუხაროდ, გრძელდება ხელისუფლების მხრიდან კლიშეების მინიჭებასთან დაკავშირებით იმ ადამიანებზე, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. ასევე მიუღებელია მერიის პასუხები კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეების მისამართით. შესაძლებელია, ვინმე ყველაფერში მართალი არ იყოს, მაგრამ მთავარია, ხელისუფლება როგორ უპასუხებს. ხშირ შემთხვევაში პასუხები დამცინავი და ირონიულია. მერია ემსახურება ყველას! აქედან გამომდინარე, ვალდებული ვართ, სწორი ადამიანები შევარჩიოთ მომდევნო არჩევნებზე. მერია შესაბამისი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს.
მიკვირს, როცა მერს უხარია, რომ იქ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება. ასეთი განცხადება შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც ე. წ. ოპტიმიზაციის პროცესში მოხვდებიან. თუ შენ მიგაჩნდა, რომ დღეს შესაძლებელია ქამრების მოჭერა და უფრო ნაკლები ხალხით შედეგების დადება, ე. ი. ეს გუშინაც შესაძლებელი იყო. სწორედ ასეთ პირობებში თვითმმართველობის საქმიანობას, ბონუსის სახით, 10-ბალიანი სისტემიდან 6 ქულით შევაფასებდი.
ირინა მაკარიძე _ „ახალი გაზეთი“:
_ ყველაზე მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის იყო „ქართული ოცნების“ პირობა, რომ პარლამენტი ქალაქიდან არ გადავა. არის პროექტები, რომლებსაც თვითმმართველობა ახორციელებს. შესაძლებელია, ბევრ მათგანთან დაკავშირებით შედეგი ჯერ არ ჩანს. ასეთია, მაგალითად, წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხი. აქ არ ყოფილა მნიშვნელოვანი ჩავარდნა, თუმცა შეფერხებები რომ არის, მერია თავადაც აღიარებს. მაგალითად ასათიანის ქუჩა ვერა და ვერ დასრულდა.
_ თქვენც არაერთხელ გაგიშუქებიათ მოსახლეობის უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ გზები ჯერ დაიგო და შემდეგ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის გამო გადაითხარა.
_ ამის შესახებ ბევრჯერ დავწერეთ, მაგრამ გვპასუხობენ, რომ სამუშაოებს სხვადასხვა კომპანია ასრულებს და ერთი ორგანიზაცია არ გეგმავს. მალე კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ გზები კიდევ გადაითხრება. ის, რის გასაკეთებლადაც სახსრები დაიხარჯა, თავიდან იქნება გასაკეთებელი. თუმცა თავს იმართლებენ, რომ არ იცოდნენ, თუკი მსოფლიო ბანკი თანხას გამოჰყოფდა კანალიზაციის სისტემის გამოსაცვლელად. რაღაც ჩაკეტილი წრეა. რეალური თვითმმართველობა არ არსებობს. ცენტრიდან მიღებულ თანხებზე არიან დამოკიდებულები და, ამდენად, არც შესაძლებლობა და არც უფლება აქვთ, თავად დაგეგმონ და განსაზღვრონ პრიორიტეტები. დამკვიდრდდა მოსაზრება, რომ საკრებულო მხოლოდ ნოტარიუსის მოვალეობას ასრულებს და უპრობლემოდ ამტიკიცებს იმ პროექტებს, რასაც მერია შეიტანს. ხშირად მერია ცდილობს, ფული არ დაკარგოს და აითვისოს. ამის მაგალითია ის, რომ გასულ წელს ზამთარში თამარ მეფის ქუჩის გაკეთება დაიწყეს. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, გაუმართლათ, რომ კარგი ამინდები იყო.
აუცილებლად უნდა შევეხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხს. ამ მხრივ დიდი მინუსია ქუთაისში, რადგან პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული. საღამოს საათებში მოსახლეობას ცენტრიდან გარეუბნებში გადაადგილება უჭირს. ხშირია, როცა შებინდებისთანავე წყდება მოძრაობა და ხშირად ეს მძღოლების ნება-სურვილზეა დამოკიდებული. თვითმმართველობას 10 ქულიდან 7-ს მივანიჭებდი.
ქეთი ბერძენიშვილი _ რადიო „ძველი ქალაქი“:
_ ყველა ქალაქის თვითმმართველობა და, მათ შორის, ქუთაისის, არჩევნებში ჩართული იყო. მართალია, არადეკლარირებულად, მაგრამ მაინც დაიხარჯა თანხების გარკვეული ნაწილი იმ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის, რომელიც სჯობდა, სხვა მიმართულებით გადანაწილებული. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რამდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, რამაც კონკრეტული ადამიანების კმაყოფილება გამოიწვია, ისეთი პროცესების მომსწრენიც გავხდით, რომელიც უშუალოდ მერიისა და მისი კეთილი ნებით ხორციელდებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვგულისხმობ სამეფო კომპლექსის გვერდით კაფე „არგოს“ მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის უხეში დარღვევით.
მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პროექტების ფარგლებში, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში სახსრები იყო გათვალისწინებული, ადამიანებმა მიიღეს დახმარება, მაგრამ ბევრი პიროვნება დახმარების მიღმა დარჩა.
ქალაქში, ჯერ კიდევ, 2015 წელს დაიწყო სოციალური სახლის მშენებლობა. თავიდან ითქვა, რომ 100 ოჯახი დაკმაყოფილდებოდა, შემდეგ ციფრი შეიცვალა და ითქვა 70, ხოლო ამჟამად საუბარია 40 ოჯახზე. რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგრამ ის, რომ შენდება და პროცესი დაიძრა, უკვე კარგია. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, კომისია რა კრიტერიუმებით შეარჩევს ბენეფიციარებს.
_ დღეს ბევრს საუბრობენ ქუთაისის ფუნქციაზე. რა გაკეთდდა 2016 წელს იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ, საით მიდის ქალაქი?
_ ქუთაისზე ძალიან ბერი ფუნქციის მორგებას აპირებდნენ. ეს იყო საგანმანათლებლო და ა. შ. პირველ რიგში, ქუთაისს აქვს საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქცია, რაც უნდა შენარჩუნდეს.
ის რომ საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აშენდეს, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა. საკითხავია, საერთოდ განხორციელდება თუ არა ეს იდეა? წინასაარჩევნოდ ტერიტრიის დასუფთავების აქციაც დაიწყო, მაგრამ სამუშაოები იქვე შეჩერდა. ისე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერიტორია ქალაქს არ ეკუთვნის და იქ თუ რამე აშენდება, ეს ქუთაისისთვის არ იქნება. ქალაქის ბიუჯეტში ამის დადებითი მხარე მეეჭვება, გამოჩნდეს.
ადგილობრივი ხელისუფლება არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად უნდა დაჯდეს და მოიფიქროს, საპარლამენტო სტატუსტთან ერთად კიდევ რა დამატებითი ფუნქციის მოფიქრება შეიძლება ქალაქისთვის. ბევრს საუბრობენ ტურიზმის აღორძინებაზე, მაგრამ დარგის განვითარება არ ხდება ისე, თუ მას შესაბამისი პროცესები არ ახლავს.
_ თვითმმართველობა აცხადებს, რომ იგი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობს. ნამდვილად ასეა?
_ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა მხოლოდ იმით თუ შემოიფარგლება, რომ მას გარკვეული სამუშაოების განხორციელების შესახებ ანგარიშს აბარებენ, რაც არა მგონია, სწორი იყოს. ნამდვილად იწვევენ არასამთავრობო ორგანიზაციებს პროექტების განხილვაზე, მაგრამ ძალიან ნაკლებად ითვალისწინებენ ვინმეს აზრს. საზოგადოებასაც ნიჰილიზმი ეუფლება და აცხადებს, რატომ მივიღო მონაწილეობაო? აღსანიშნავია დასაქმებული ადამიანების კომპეტენციის შესახებაც. რა თქმა უნდა, არიან პროფესიონალები, მაგრამ უფრო ქვედა რგოლებში. ეჭვის შეტანა არ შემიძლია ვიცე-მერების კომპეტენციაში, მაგრამ მაინც მიჩნდება ეჭვი, რომ ისინიც იმას ასრულებენ, რაც ვერტიკალიდან მოდის. აქედან გამომდინარე, როგორც მედიის წარმომადგენელი და როგორც რიგითი მოქალაქე, თვითმმართველობის მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ და 10-ბალიანი სისტემიდან მხოლოდ 5 ქულას გავიმეტებ.
ჩვენი რესპონდენტების შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, ჯერ კიდევ, შორსაა იმ ნიშნულიდან, რაც მისი პირდაპირი მოვალეობის ეფექტიანობას განსაზღვრავს. გაცილებით მკაცრია საზოგადოების ის ნაწილი, რომელთა შრომითი ანაზღაურება გაზრდილი ფასების პირობებში მინიმუმამდეც კი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მათი ოჯახებისთვისაა აუცილებელი. სავარაუდოდ, სწორედ მომავალი წლის პირველი ნახევარი განსაზღვრავს იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და შეინარჩუნებს თუ არა არსებული ხელისუფლება ქალაქის მართვის სადავეებს?
ხვიჩა ვაშაყმაძე