სამთავრობო სკანდალის გაუხმაურებელი დეტალები

„ქართულ ოცნებას“ 2018 წელს ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის მოძებნა მოუწევს. მთავრობის დამტკიცება მოქმედი პრემიერისთვის ისეთ სკანდალად გადაიქცა, რომელმაც მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა.

ის, რომ ოპოზიციას მთავრობასთან მწვავე კითხვები ექნებოდა, ცხადზე ცხადი იყო და წესით, გიორგი კვირიკაშვილიც ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას ნიკა მელიას კითხვების მერე ნერვებმა აშკარად უმტყუნა და სრულიად ლეგიტიმურ კითხვებს გინებით უპასუხა.
შს მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ კვირიკაშვილი ფაქტის წინაშე დადგა: ის სამთავრობო ცვლილებებს და მით უფრო, შს მინისტრის შეცვლას არ აპირებდა. გადაწყვეტილების მიღება მისთვისაც სრულიად მოულოდნელად მოუწია. ეტყობა, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვა ნიკა მელიას პირდაპირი მინიშნება იმის თაობაზე, რომ გვერდით მას რეალური პრემიერი უზის. კვირიკაშვილისთვის ასევე მოულოდნელი იყო მელიას კითხვა შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, _ რატომ იყო ირგვლივ ყველა კამერის ჩანაწერი წაშლილი და რატომ არაა ამ დრომდე თავდასხმის ფაქტი გამოძიებული? ხვედელიძის გვარის ხსენება კვირიკაშვილისთვის განსაკუთრებული დისკომფორტია. მან, წესით, კარგად იცის, ხვედელიძეზე თავდამსხმელებს მფარველი მისგან არცთუ შორს ჰყავს, მისი პრემიერობის პერიოდში კი სანამ სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე ისევ რჩება სოსო გოგაშვილი, ამ საქმის გახსნა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
ყველასთვის მოულოდნელად, კვირიკაშვილი ისე აიჭრა, ჯერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ლაპარაკი, მოგვიანებით კი კეთილების გინება დაიწყო.
პრემიერის საჯარო გინებამ ოპოზიციაზე მეტად „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დააბნია. შეკრებილი უმრავლესობა პრემიერის ოპოზიციასთან შეხვედრას ერთად უყურებდა, დაბნეულმა უმრავლესობამ კონცენტრირება ვერ მოახერხა, მათ კარგა ხანს არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, ბიძინა ივანიშვილს დაუბარებია. დაახლოებით, 40-წუთიანი საუბრის შემდეგ თადუმაძე პარლამენტში დაბრუნებულა და უთქვამს, რომ კვირიკაშვილი თანამდებობაზე რჩება. სწორედ ამ დროს პარლამენტში სდსს უფროსი, ანზორ ჩუბინიძეც მივიდა.
საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ ამ გზავნილის შემდეგ შეუდგა კვირიკაშვილის გინების „გაპრავებას“. მესიჯბოქსი ყველას ერთი ჰქონდა, _ პრემიერი ადამიანია და მასაც აქვს საკუთარი ღირსება.
ღირსების დაცვა საგარეო ფრონტზე მეტისმეტად უცნაურად მოუხდა „ოცნების“ მთავრობას. გაეროს სპეციალურ სხდომაზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ განიხილებოდა, საქართველოს დელეგაცია დარბაზიდან დაიკარგა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ექსპერტებს უჭირთ პროგნოზების გაკეთება, რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს დელეგაციის ამგვარ ქმედებას, მაგრამ ფაქტია, რომ პირველად ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორს მხარი არ დაუჭირა და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედა.
შეიძლება, უბრალოდ, დროში დაემთხვა, მაგრამ რეაქციამაც არ დააყოვნა _ გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენის, სტივ რასელის ინიციატივით, ამერიკის კონგრესში კანონპროექტი შევიდა _ 45 63, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვს.
სტივ რასელი ამერიკაში საკმაოდ გავლენიანი კონგრესმენია. მისი სახელი სადამ ჰუსეინის დაკავების ოპერაციას უკავშირდება. ინტერნეტში ვრცელდება ფოტომასალა, რომელიც სადამ ჰუსეინის ბუნკერშია გადაღებული. პოლკოვნიკი სტივ რასელი დიქტატორის არალეგალური მილიონების ექსპროპრიაციას ეწევა.
კონგრესმენის მიერ მოთხოვნილი სანქციები აქტივების გაყინვას, ამერიკის მოქმედი ვიზების გაუქმებასა და ამერიკაში ჩასვლის აკრძალვას ითვალისწინებს.
ოფიციალურად სანქციების მოთხოვნა საქართველოში ამერიკული კაპიტალის შევიწროებას მოჰყვა. კანონპროექტში ფილიპ მორისი და „ჯორჯიან მანგანეზია“ დასახელებული.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ოფიციალურად უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის საკუთრებაა და ის მართვაში აქვთ გადაცემული ამერიკელებს. მისი მოწილე არის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მოწილე, გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“. საზოგადოებას „რიჟა“ გიგი უგულავას ცოლისძმასთან დაკავშირებული სკანდალით ახსოვს, როცა მან ფარული კამერა მიიმაგრა და საკუთარი ბავშვობის მეგობარი, გიგი უგულავას ქვისლი, ფარულად ჩაწერა. „ღონე“ დააკავეს, „რიჟა“ კი ცნობილი ტელეაღიარებით წარდგა მაყურებლის წინაშე.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კოლომოისკი ბოლო დროს გიორგი კაპანაძეს მის კუთვნილ წილს საერთოდ აღარ აძლევდა. ამ ფაქტით გაბრაზებულმა „რიჟამ“ საქმეში ხელისუფლება ჩართო და გარემოს დაცვის დაბინძურების მოტივით „ჯორჯიან მანგანეზს“ სასამართლოს გზით ქონების ახევა დაუპირა და გაკოტრების მმართველად მისი ძველი მეგობარი, ნიკა ჩიქოვანი დაანიშნინა.
სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა „ჯორჯიან მანგანეზის“ ამერიკელი მფლობელების აღშფოთება და საბოლოოდ, ეს ფაქტი სტივ რასელის მიერ კონგრესში შეტანილ კანონპროექტშიც მოხვდა.
სანქციების მოთხოვნის არაოფიციალურ მიზეზად საქართველოში 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დასახელდა, რომლის დროსაც ისლამური სახელმწიფოს სამი ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო მეოთხე პირი, საედ დუდაევი, სამართალდამცველებმა დააკავეს.
სპეცოპერაციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რამდენიმე განცხადება გააკეთა. ის ითხოვდა დამატებით ინფორმაციას და პასუხს კითხვაზე, _ როგორ მოხვდა საქართველოში გაეროს მიერ ტერორისტთა შავ სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი?
სპეცოპერაციიდან თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია.
სანქციების მეორე ტალღა თებერვალში, ამჯერად უკვე, რუსული კაპიტალის წინააღმდეგ იწყება. აქტივების დაყადაღება ემუქრება ყველა იმ პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იქნება რუსულ ბიზნესთან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აქტივების გაყინვის საფრთხე ბიძინა ივანიშვილსაც ემუქრება.
თუ აშშ-ს ეს სქემა სისრულეში მოვიდა და ივანიშვილი ფინანსების გარეშე დარჩა, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ბედი ეწევა „ქართული ოცნების“ შეკოწიწებულ გუნდს და რამდენი იდეური მხარდამჭერი დარჩება თავად პირველ მოქალაქეს, რომელიც, ბოლო დროს, საზოგადოებაში აქტიურად არ ჩანს და არც პოლიტიკურ პროცესებში ერევა ღიად.
2018 წელს „ქართულ ოცნებას“ ახალი თავსატეხი გაუჩნდება, _ მან საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა შეარჩიოს. გიორგი კვირიკაშვილის ერთადერთი ხიბლი მისი გაწონასწორებული ხასიათი იყო, პარლამენტში მომხდარი საჯარო გინების ფონზე კი ძნელი წარმოსადგენია, „ოცნებამ“ გარისკოს და საპრეზიდენტო კანდიდატად ისევ კვირიკაშვილი აარჩიოს; ხელახალ კენჭისყრას აპირებს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; ასევე უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება; ხოლო „ევროპული საქართველოს“ სახელით კენჭს იყრის თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა; ლეიბორისტულ პარტიას კი ისევ შალვა ნათელაშვილი წარმოადგენს.
საპრეზიდენტო მარათონი თებერვალში უკვე დაიწყება, თუმცა პოლიტიკური პროცესი შეიძლება თავდაყირა დააყენოს უკრაინიდან საქართველოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციამ. კიდევ ერთი სკანდალი, რომლითაც 2017 წელს ქართული მართლმსაჯულება ასრულებს, ყოფილ შს მინისტრ ივანე მერაბიშვილს უკავშირდება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილთან მიმართებით დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი, ხელისუფლება კი მის განთავისუფლებას არ აპირებს.
ვანო მერაბიშვილის განთავისუფლება ასევე შეცვლის არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. მთავარი კითხვა აქაც ერთია, _ სად წავა პატიმრობიდან განთავისუფლებული ყოფილი შს მინისტრი? დაუბრუნდება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდება?

ელისო კილაძე