სამთავრობო ავტომაფია

არ ვიცით, რა განსაკუთრებული ნიშნით შევა „ქართული ოცნების“ მმართველობა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ფუფუნებისადმი ლტოლვაში რომ ბადალი არ ჰყავს, ეს არავისთვის წარმოადგენს სადაო გარემოებას.

როგორც ჩანს, ავტომობილები ქართველი ჩინოვნიკებისთვის განსაკუთრებით სენსიტიური თემაა, რაც აისახება არა მხოლოდ უახლესი მოდელების ავტომობილების შთამბეჭდავ მობილიზებაში სამინისტროების, კანცელარიის, პარლამენტისა თუ სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ შესყიდვების თვალის გადავლებაც შესანიშნავ წარმოდგენას გვიქმნის მათ გემოვნებასა და მადაზე.
2013 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე 200 258 418 ლარი დაიხარჯა შესყიდვების ამ კატეგორიაში.
ამ თანხაში არ შედის 2013-2015 წლებში შესყიდული მანქანებისათვის დახარჯული თანხა, რომელიც 100 000 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, ეს თანხა არასრულად ასახავს შესყიდვების მასშტაბებსა და მოიცავს მხოლოდ 425 ტენდერისა და 103 გამარტივებული შესყიდვის მონაცემებს.
ჩვენ შევეცდებით, რამდენიმე საინტერესო საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება:
კონკურენციის ხარისხზე ტენდერებში;
შესყიდვებში მონაწილე კომპანიებსა და მათ მფლობელებზე;
ტექნიკურ დოკუმენტაციაზე;
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი 425 ტენდერიდან 295-ში კომპანიები უკონკურენტოდ მონაწილეობენ.
ძირითადად, გამოკვეთილია რამდენიმე კომპანია:
„იბერია ავტო ცენტრი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი);
„კია მოტორსი“;
ტარიელ ხეჩიკაშვილი 25%;
შპს „იბერია ინვესტი“ 25%;
შპს „სპორტ ინვესტი“ 50%;
შპს „კავკასუს მოტორსი“
დირექტორი _ მიხეილ ბაჩიაშვილი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი 33.4%;
ავთანდილ ხეჩიკაშვილი 33,4%;
შპს „სპორტ ინვესტი“ 66.6%;
შპს „სპორტ ინვესტს“, რომლის 33,34%-ის მფლობელია ტარიელ ხეჩიკაშვილის მეუღლე, ეკატერინე ინასარიძე, ეკუთვნის ასევე რამდენიმე კომპანია:
შპს „იბერია კაპიტალ-ინვესტის“ 40%;
შპს „კავკასუს მოტორსი“ 66,6%;
შპს „იბერია ავტო“ 20%;
შპს „კია მოტორს ჯორჯია“ 50%;
შპს „იბერია სერვისი“ 60%;
შპს „ჰოლიდეი ლიკანი“ 55%;
შპს „ქარ რენტ ლიზინგ კომპანი“ 100%;
შპს „ჯორჯიან თრეიდ კორპორეიშენ“ 45%;
შპს „იბერია თრეიდინგი“ 75%;
შპს „იბერია ავტო მარკეტი“ 75%;
შპს „ავტო სტილი“ 50%;
შპს „სენა ავტო“ 57, 5%.
P. S. ეს ჩამონათვალი ემსახურება ერთ მიზანს: წარმოგიდგინოთ, მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრის, ჩვენთვის საინტერესო ბიზნესის უდავო ლიდერის შესაძლებლობების მასშტაბები, რაც არაერთხელ აღმოჩნდა საზოგადოების ინტერესის საგანი.
ვფიქრობთ, არცთუ უსაფუძვლოდ.
სს „ფრანს ავტო“
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: გიორგი ცნობილაძე (საფრანგეთი); თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დავით გოგორიშვილი (გოგორიშვილი არის „იბერია ბიზნეს ჯგუფის“, ხეჩიკაშვილის კიდევ ერთი კომპანიის, აღმასრულებელი დირექტორი); წევრი: ზაზა ნიკურაძე,
დირექტორი: ვაჟა სეფაშვილი;
„ჰიუნდაი ავტო“
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: ირაკლი თოფაძე _ გოგი თოფაძის ვაჟი („ქართული ოცნების“ შემომწირველი 2014 წელს (20 000 ლარი);
„თეგეტა მოტორსი“
თემურ კოხოძე 70%;
ზაურ ცხადაძე 21% (120 000 ლარის შემომწირველი „ოცნებისთვის“ 2016-17 წლებში);
ელგუჯა წაქაძე 3%;
ბექა ქილიფთარი 1.5%;
თინა კოხოძე 1.5%;
გიორგი მშვილდაძე 3% (55 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს);
კომპანიამ 120 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს;
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“
ირაკლი გურჩიანი 66.7%;
დავით ტაკიძე 33.3%;
„ჯი-თი მოტორსი“ („ჯი-თი გრუპი“)
თემურ უსტიაშვილი _ „ქართული ოცნების“ შემომწირველი 2016 წელს (60 000 ლარი).
კომპანიების ეს ჩამონათვალი და მათი მფლობელები გვხვდებიან, ძირითადად, იმ შესყიდვებში, რომელიც განსაკუთრებული მასშტაბებით გამოირჩევა და სწორედ ეს კომპანიები ფიგურირებენ მარტო მონაწილეობით ჩატარებულ ტენდერებში.
მაგალითად, შსს-სა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს 2013-2018 წლებში 36 შესყიდვა აქვს გაფორმებული (საერთო თანხით _ 77 883 053 ლარი). აქედან მხოლოდ 5-ში დაფიქსირდა კონკურენტული გარემო, 31 კი ჩატარდა ერთი მონაწილით. ფასის დაკლება მოხდა 11 შემთხვევაში. 11 ხელშეკრულება გაუფორმდა „იბერია ავტოს“, 12 _ „ტოიოტა ცენტრს“.
სახელმწიფო უწყებების შესყიდვები სხვადასხვა კატეგორიისაა. ზოგ შემთხვევაში გვხვდება მეორეული მანქანები, ხშირად ხდება ჩანაცვლება. რიგ შემთხვევაში ხელშეკრულება ფორმდება რამდენიმე ათეული მანქანის შეძენაზე, თუმცა ერთეული, განსაკუთრებით ძვირადღირებული, მანქანების შეძენის შემთხვევებიც არაერთია. განსაკუთრებით საყურადღებოა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრები.
სატენდერო დოკუმენტაციის უმრავლესობაში მითითებულია თითქმის ყველა დეტალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომწოდებელი, რაც მორგებული ტენდერის შთაბეჭდილებას ქმნის. ამაზე მიგვანიშნეს როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ასევე აუდიტის სამსახურმაც, თუმცა არაფერი შეცვლილა. დამკვეთი დღემდე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასურველი ავტომობილების პარამეტრების ზედმიწევნით ასახვას, შესაბამისად, ფაქტობრივად, კონკრეტულად მიანიშნებს, რომელი წარმოების და ბრენდის ავტომობილის შეძენა სურს. ამ პარამეტრების გათვალისწინებით, ჩვენმა ორგანიზაციამ ერთ-ერთი ტენდერის დასრულებამდე განსაზღვრა გამარჯვებული კომპანია.
შსს-მ 180 „ტოიოტა ჰაილუქსის“ პიკაპი მისცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მასზე დაემონტაჟებინათ ფაროსანას შესაწამლი დანადგარი, თუმცა, სამაგიეროდ, 2018 წლის დეკემბრამდე 2018 წელს გამოშვებული ახალი პიკაპები უნდა მიეღო სოფლის მეურნეობის სამინისტროსგანვე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო ტენდერი შპს „მექანიზატორმა“ გამოაცხადა. „მექანიზატორმა“ რამდენიმე თვით ადრე 5 171 500 ლარი გადაიხადა 120 ცალ დანადგარში, რომელიც ამ პიკაპებზე უნდა დამონტაჟებულიყო. ტენდერი მოიგო კომპანია „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“. სატენდერო დოკუმენტებში მითითებული პარამეტრების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფდა, რომ „მექანიზატორი“ ისევ „ტოიოტა ჰაილუქსის“ შეძენას აპირებდა.
დავაკვირდეთ, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს მოთხოვნები და რეალური პარამეტრები:
სიგრძე 5335 მმ.
მითითებული – 5299 მმ (+/-1%)
სიგანე – 1855 მმ.
მითითებულია – 1799 მმ (+/-1%)
სიმაღლე 1820 მმ.
მითითებულია – 1799 მმ (+/-1%)
დიზელის აგრეგატი 2,4 ლიტრის წვისას გამოიმუშავებს 150 ცხ./ძ.-ს
400 ნ/მ ბრუნვისას.
მოცემულია 149 ცხ./ძ. (+/-1%) და არანაკლებ 399 ნ/მ
(ასევე, იხ. ფოტომასალა, რომლზედაც კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნებია გამოსახული 1,2).
თუკი სამინისტროებს, პარლამენტს, მერიასა და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო უწყებებს მეტწილად ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები ემსახურებიან, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში გვხვდებიან სხვა ტიპის მომწოდებლები, ძირითადად, ინდმეწარმეები. მაგალითად:
მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის იანვარში 5 ჯიპი შეიძინა 106 000 ლარად ზაზა ბეჟანიძისგან (ერთი მონაწილე);
ბოლნისის მუნიციპლიტეტმა 2018 წლის იანვარში 5 ჯიპი შეიძინა 5 სხვადასხვა მომწოდებლისგან (საერთო ღრებულებით _ 108 000 ლარი), რომელიც ასევე უკონკურენტოდ მონაწილეობდა ტენდერებში;
დედოფლისწყარო _ 1 ჯიპი 2017 წლის დეკემბერში ვახტანგ როსტომაშვილისგან 45 000 ლარად (ერთი მონაწილე);
შუახევი _ 1 ჯიპი 2017 წლის სექტემბერში ელგუჯა კეკელაშვილსგან 33 300 ლარად (ერთი მონაწილე);
სექტემბერშივე კიდევ ერთი ჯიპი გოჩა ხიმშიაშვილისგან 21 000 ლარად, ასევე ერთი მონაწილით.
ქარელი _ 1 ჯიპი 2017 წლის აგვისტოში თამთა მაჭარაშვილისგან 17 500 ლარად (ერთი მონაწილით) და ა. შ.
ავტომობილების ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი შესყიდვა განხორციელდა 2013 წელს.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ „იბერია ავტოს“11 988 000 ლარი გადაუხადა 360 ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილში. 2014 წელს შპს „ჯითი მოტორსს“ _ 9 032 320 ლარი 160 სპეცავტომობილში, ამავე წელს შპს „იბერიასერვისს“, რომელმაც 200 „შკოდა“ შემოიყვანა _ 8 420 916 ლარი. ეს სამი ტენდერი ლიდერობს ფასის სიდიდის გათვალისწინებით. სამივე ერთი კომპანიის მონაწილეობით და ფასის კლების გარეშე წარიმართა.
2015 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდა. სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ“ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისთან“ გააფორმა ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის სათანადო ორგანიზების მიზნით 4 649 355 ლარის ღირებულების 67 ავტომობილის შესყიდვისთვის. გათვალისწინებული იყო 66 ერთეული „ტოიოტა ქამრი“ სედანის (2,5 L) და ერთი „ტოიოტა ქამრი“ სედანის (3,5 L) შეძენა. მითითებული იყო ფერიც. 62 ერთეული შავი უნდა ყოფილიყო, 5 კი _ შავში გარდამავალი ლურჯი.
ალბათ ყურადღებას გაამახვილებდით ფერთა ასე სკურპულოზურად განსაზღვრაზე, თუმცა აუცილებლად გაგიჭირდებოდათ მოტივის ახსნა.
ასეა თუ ისე, მანქანების შესყიდვისას ამ პარამეტრს გარკვეულ ყურადღებას უთმობენ.
საზოგადოებას ახსოვს ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის აქცენტი სამთავრობო მანქანების ფერთან მიმართებით. მისი ვარაუდით, შავი ფერი, გარკვეულწილად, პრივილეგირებულობას გამოხატავდა და შავი ფერის ავტომობილების თეთრი ფერის ავტომობილებით ჩანაცვლება მოითხოვა. ამ პერიოდის სატენდერო მოთხოვნებში კიდევ არის გათვალიწინებული ეს ტენდენცია და ფერის გრაფაში რამდენიმე შემთხვევაში უკვე გამოჩნდა შესაბამისი მითითება.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხია რუსული და ბელარუსული წარმოების ავტომობილების შესყიდვა.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს შპს „სტრადა“, რომელსაც შემოჰყავს ГАЗ-ის ფირმის სხვადასხვა სპეცდანიშნულების მანქანა. ასევე „საწარმოო გაერთიანება განჯის საავტომობილო ქარხნის საქართველოს წარმომადნელობა“, შპს „ბიზნესჯგუფი 2010“ (КАМАЗ-ის, МАЗ-ის მანქანები), შპს „ავტო თრეინ ინ“. 2015 წლის შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ შეიძინა 86 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა უმრავლესობა ნივა იყო. შპს „გლობალ მოტორს ჯორჯია ჯი ემ ჯი“ აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე. მას სამი ხელშეკრულება აქვს დადებული საქართველოს ფოსტასთან, საერთო ღირებულებით _ 1 151 500 ლარი და შემოყვანილი ჰყავს 45 „ნივა“. ასევე 4 ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 792 730 ლარის ღირებულების 34 „ნივის“ შესყიდვისთვის. შვიდივე შემთხვევაში კომპანია ტენდერში მარტო მონაწილეობდა.
შპს „გლობალ მოტორს ჯორჯია ჯი ემ ჯისთან“ დაკავშირებით 2018 წლის აპრილში გაიჟღერა შალვა ოგბაიძის სახელმა, თუმცა თბილისის საკრებულოს წევრი სრულიად გამორიცხავდა რაიმე კავშირს თავისი ნათესავის კომპანიასთან, რომლის 25%-იანი წილის მფლობელიც წარსულში თავად იყო. კვლავ ტენდერში ერთი კომპანიის მონაწილეობასა და მკაფიოდ გაწერილ პარამეტრებს ვხედავთ, რაც ყოველთვის იწვევს კორუფციის რისკის ეჭვს.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული წარმოების მანქანებისადმი ინტერესი მათმა დაბალმა ფასმა განაპირობა. ამ მანქანების დანიშნულებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ მანქანებში თანხა იზოგება, თუმცა ეს გარკვეული უწყებებისთვის აუცილებელი მანქანების ხარჯზე თუ ხდება, მხოლოდ ცინიკურ სურათს გვიქმნის, მით უმეტეს, ძვირფას ჯიპებსა და სედანებს თუ გადავხედავთ, რომელთა საბურავებისთვის (თითოსთვის), კონსოლიდირებულ ტენდერში, რიგ შემთხვევებში, 600 და 750 ლარიც კია გამოყოფილი.
სედანების, ჯიპების და პიკაპების საერთო რაოდენობა, რომელიც 2013-2018 წლებში შევიძინეთ, უაღრესად რთული დასათვლელია, მაგრამ არანაკლებ რთულია ამ შესყიდვების მიზნობრიობის ახსნა, თუ ზემოთ ნახსენებ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას გავითვალიწინებთ.
სანამ შესყიდვის ამ კატეგორიაში ბიუჯეტის ფული დაიხარჯება, ინტერესი ამ საკითხის მიმართ არ მინავლდება და ეს, რაოდენ გამაღიზიანებელიც უნდა იყოს, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ყოველთვის მიიპყრობს რიგითი მოქალაქის, გადასახადის გადამხდელისა თუ სოციალურად დაუცველის ყურადღებას.
ყოველთვის დავსვამთ შეკითხვებს, რომლებზედაც პირდაპირი პასუხის მიღება ძალიან რთულია:
რატომ ტარდება ტენდერები ტექნიკური პარამეტრების ასეთი დეტალიზებით?
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, _ რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, რომელ მანქანაში ჩაჯდება რომელიმე მინისტრი _ „ტოიოტაში“ თუ „რენოში“ და რამდენად შეუწყობს ხელს მის აქტიურად მუშაობას მანქანის ფერი?
როგორ აღმოჩნდა, რომ ამ სფეროს წამყვანი კომპანიები, რომლებიც ერთი მონაწილით იგებენ ტენდერების დიდ ნაწილს, ამავე დროს, განმსჭვალული არიან სურვილით, დააფინანსონ ხელისუფლება. გვაქვს თუ არა უფლება, აღგვეძრას გონივრული ეჭვი, რომ მათ შორის გარკვეული კავშირი არსებობს, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ გონებით ახსნადი?

„შეაჩერე კორუფცია“

ქეთევან ენუქიძის გვერდი