„სამართლიანი არჩევნები გინდოდეს და სააკაშვილი ციხეში იჯდეს, ეს არ გამოვა“

გიგა გელხვიიძე

მთავარი ოპოზიციური პარტია, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებენ, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება ხელისუფლების, სხვა ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებისა თუ მედიის მხრიდან. პარტიაში ბოლო პერიოდში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდა, თუმცა დღეს ნაკლებად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც რამე განსაკუთრებულს მოელის „ნაციონალური მოძრაობისგან“, როგორიც თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს.
მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა ძირითადი მაინც ის შეუსრულებელი დაპირებებია, რომლითაც პარტიის სათავეში ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი მოექცა, ხოლო არასწორი პოლიტიკის გამო, ნიკა მელია გადაირჩიეს.

რამდენიმე დღის წინ ხაბეიშვილი და მისი გუნდი კვიპროსში, პარტიის მთავარ ფინანსურ გარანტორთან, ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა.
ხაბეიშვილთან საუბარი დავიწყეთ ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით:

_ ბატონო ლევან, რა გააკეთა „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებით?
_ ბიძინა ივანიშვილმა და „რუსულმა ოცნებამ“ დააზიანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, მხოლოდ ეს ამოცანა და მიზანი შეიძლება ჰქონოდა ამ პროცესს. ერთადერთი მიზანი იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირება.
_ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ოპოზიციის პოზიცია იმპიჩმენტის საკითხზე?
_ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ქვეყნის შიგნით რუსული პარტია დამარცხდა. დამარცხდა იმიტომ, რომ ვერ მოაგროვა ის 100 ხმა, რომელიც სჭირდებოდა. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი ქვეყნის გარეთ დააზიანებდა კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის შიგნითაც თუ მოახერხებდნენ პრეზიდენტის გადაყენებას, ამის წინააღმდეგი არ იქნებოდნენ, რადგანაც კობახიძე გახდებოდა შემდგომ პრეზიდენტი თუ სხვა, ისიც იგივე დავალებებს შეარულებდა, რასაც ზურაბიშვილი. ქვეყნის შიგნით დაზიანდნენ იმით, რომ მარცხი რეალურად განიცადეს.
_ მმართველ გუნდს შეეძლო, საერთოდ არ გაეტანა გარდაუვალი კრახისთვის განწირული საკითხი პარლამენტში, _ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ?
_ მთელი ეს პროცესი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, როგორ არ უნდა მოგვცენ სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. იქამდე მიიყვანეს ეს პროცესი, რომ ყველას აჩვენეს, წამსვლელი არიან ბოლომდე ყველაფერზე, რათა დაზიანდეს კანდიდატის სტატუსი.
_ პრეზიდენტის რეიტინგი ბოლო პროცესების შემდგომ საგრძნობლად გაიზარდა, მან თავადაც დააანონსა, რომ ის უკვე არის მმართველი პარტიის ოპოზიციაში. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან შეკრავს ალიანსს?
_ სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს და ეს არ არის ჩემი საფიქრალი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რაღაც პროდასავლური ნიშაც ეჭიროს ზურაბიშვილის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, რადგანაც ქვეყნის სახის შენარჩუნება ეხება ჩვენი შვილების მომავალს, მაინც მიმაჩნია, რომ ქალბატონ სალომეს ბიძინა ივანიშვილის ხსენებაც კი უჭირს და რუსული თამაში მგონია ეს ყველაფერი.
_ ვინაიდან სალომე ზურაბიშვილსა და მის როლზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ, _ თუ მან არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი, რას აპირებთ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით?
_ მიხეილ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი სჭირს. მას ამ ქვეყნისთვის არაფერი დაუშავებია, დოვლათის კეთების მეტი. თუ პოლიტიკური გადაცდომები იყო, მან აიღო პასუხისმგებლობა, თავის დროზე გადადგა და არჩევნები ჩაატარა. ამის შემდგომ დემოკრატიული არჩევნების ფონზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, ამიტომ არაფერი მიხეილ სააკაშვილს შესაწყალებელი არ აქვს და სალომე ზურაბიშვილი თუ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღეს და სასამართლო ჯიბეში უდევს რუსულ პარტიას, პოლიტიკური პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. თავად ხომ იწვნია ეს უსამართლობა და ამბობს, რომ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სასამართლო მართულია ხელისუფლების მიერ და როგორ წარმოუდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს? თავად ამბობს, რადგან მაკრონს შეხვდა და დასავლელ ლიდერებს, ამიტომ წამოიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა და სწორედ ეს მაკრონია, რომელიც ამბობს: მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და ამიტომ ზის ციხეში. მაგალითად, არაფერს აკეთებს იმისთვის, რათა შეასრულოს ზელენსკის მოთხოვნა და უკრაინის მოქალაქე გაათავისუფლოს. არადა, ზელენსკის ზურაბიშვილი სიტყვით უცხადებს თანადგომასა და სოლიდარობას. ამიტომ ერთია, რას ლაპარაკობს და მეორე _ რას მოქმედებს. მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რამე ქმედით ნაბიჯს გადადგამს და მიხეილ სააკაშვილის გაათავისუფლებს არ გვაქვს, თუმცა დასავლელ პარტნიორებთან ყველა შეხვედრაზე ვსვამთ საკითხს, რომელიც ეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებას, რადგანაც ის შეიძლება იყოს ენმ-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუ ამას გადაწყვეტს და ასეც, რომ არ იყოს, ის არის ადამიანი, რომელიც განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში. სამართლიანი არჩევნები გინდოდეს და სააკაშვილი ციხეში იჯდეს, ეს არ გამოვა. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორებთან არის ის, რომ თუ ოდნავ კონკურენტუნარიანი გვინდა დავარქვათ საარჩევნო გარემოს, ეს ამოცანაა ამოსახსნელი და მთავარი პოლიტიკური პატიმარი _ გამოსაშვები.
_ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში აქტიურად მსჯელობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ენმ-დან ჰქონოდა ხმები იმპიჩმენტისთვის „ქართულ ოცნებას“. თქვენი აზრით, რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები მხოლოდ თქვენს პარტიაზე?
_ ეს არის ბოდვები და ზოგადად არ მსურს სხვა პარტიებზე ლაპარაკი. ნუ დაავიწყდებათ, საიდან მოდიან. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სანამ დაილაპარაკებენ, პირი გამოირეცხონ. უხერხულია, უბრალოდ. მუდმივად ვცდილობთ, თავს არავის დავესხათ და ოპოზიციაზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ისინი რაღაცნაირად ყურადღებას იქცევენ. ვინაიდან დღის წესრიგს ვერ ქმნიან და სხვა პრობლემები აქვთ, ცდილობენ, „ნაცმოძრაობაზე“ ილაპარაკონ, რათა ტელეეთერებში მოხვდნენ და საინტერესოები იყვნენ. ჩვენ პირველივე დღესვე ვთქვით, რომ არ შევდიოდით, არ მივიღებდით მონაწილეობას. რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ კიდევაც! თორემ სალომე ზურაბიშვილი გულზე არ გვეხატება და ჩვენზე მეტი პოლიტიკური მტერი მას არ ჰყავს. 2018 წელს რომ ბიძინა ივანიშვილმა ის დანიშნა გაყალბებული არჩევნებით და მის არჩევანს რომ ადამიანები შეეწირნენ, ეს არავის დაავიწყდეს. არავის დაავიწყდეს, რომ ქალბატონი ია კერზაია სწორედ მის არჩევნებს შეეწირა და მისი სიცოცხლის მოსწრაფებაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, აღარ გავშლი ამ თემას, რადგანაც ყველამ ყველაფერი კარად იცის. ჩვენ მოვიქეცით სახელმწიფოებრივად, რომ არ დავაზიანეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რაღაც პირადი ბრაზიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილებები. ამ პროცესმა ნამდვილად დააზიანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მივიღეთ, არც ვაპირებდით და მსგავსს ბოდვებზე ჰკითხეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში ამაზე აპელირებდნენ.
_ კვლევების შესახებ მინდა, გკითხოთ, _ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ოპოზიციური ფლანგი და, მათ შორის, ენმ, არცთუ ისე სახარბიელო პოზიციაში არიან. რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას გაძლევთ ბოლო კვლევის შედეგები?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ რამე არასახარბიელო აჩვენა. ჩემი აზრით, ოპოზიციის ამ კუთხით ჩვენება არის „რუსული პარტიის“ მთავარი ამოცანა. ჩვენ რუსული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ და სანამ ვინმე ილაპარაკებს ოპოზიციის სისუსტეზე, კარგად უნდა დაფიქრდეს. საერთოდ, ოპოზიცია რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც დემოკრატიული ხელისუფლების დროს ნამდვილად არ ვცხოვრობთ. აქ ყველა ოპოზიციონერს დასდევენ, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, ფიზიკურად უსწორდებიან, პირადი ცხოვრებით ემუქრებიან და ა. შ. ამ პირობებში, როცა ყველა მსხვილი ოპოზიციონერი იდევნება, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქმეები აქვთ აღძრული, ასეთ დროს ილაპარაკო კიდევ ოპოზიციის სისუსტეზე, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ამაზე ძალიან ბევრს ხარხარებს. გვყავს ამ ქვეყანაში ოპოზიციონერი პარლამენტარები, არაპარლამენტარები, სამოქალაქო სექტორი და მედია, რომელიც ოპოზიციურად წერს, საუბრობს და მეტყველებს. ეს უკვე დიდი მონაპოვარია. მე ყველა ადამიანის ღვაწლს ვაფასებ, რადგანაც უდიდესი პასუხისმგებლობაა დღეს, იყო ოპოზიციონერი, წერდე და მეტყველებდე ამაზე. კიდევ ვამბობ, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს დავაბულინგებთ, რომ სუსტები ვართ და არაფერი გამოგვივა, ასე მართლა ვერაფერს შევძლებთ.
_ ბატონო ლევან, მე, უბრალოდ, პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით გესაუბრებით, რომლებიც გამოქვეყნდა…
_ არაფერი ისეთი, 37% აქვს. 63-65% ამბობს, რომ ეს მთავრობა არ უნდა და ამაზე მეტი კარგი კვლევა რა უნდა არსებობდეს? პარტიების მხარდაჭერა ამ ქვეყანაში ჭირს. ვიღაცას რომ ეკითხები, რომელ პარტიას აძლევ ხმასო, ადამიანებს ეშინიათ პოზიციის დაფიქსირების, რომ არ გამოაგდონ სამსახურიდან, არ მოუხსნან დახმარება, არ შეუვარდეს ფინანსური პოლიცია, არ ჩაუდონ იარაღი. თქვენი გაზეთისთვის და მისი დამფუძნებლისთვის, მით უმეტეს, არ არის ახალი იარაღის ჩადება, ოპოზიციური პოზიციის გამო დევნა. რატომ გიკვირთ ამის ფონზე, რომ ადამიანებს შეიძლება ეშინოდეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება? თუმცა 63% რომ ღიად აფიქსირებს, დარწმუნებული ვარ, იმ 37%-ში 15% ისეთია, უბრალოდ იმიტომ ამბობს, რომ იძულებულია. ამ პირობებშიც კი ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ ეს ხელისუფლება და მეტი რა უნდა ამოვიდეს?
რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ 25-24-22% აქვს. მინდა გითხრათ, რომ ეს 22% და 25% არ მოფრენილა ციდან. არასდროს „ნაციონალურ მოძრაობას“ „ედისონის“ კვლევით ასეთი მაღალი ციფრები არ ჰქონია. ნახეთ, 2020 წლის არჩევნებზე „ედისონის“ კვლევით ენმ-ს ჰქონდა 16% და რეალურად მიიღო 27%, ანუ 10%-ით მეტი, ვიდრე კვლევაში ჰქონდა, რადგანაც ეშინიათ ადამიანებს ამის თქმა. შესაბამისად, თუ მაშინ, როდესაც საარჩევნო პერიოდი კარზე იყო მომდგარი, 16% იყო ბევრი, დამერწმუნეთ, 22% არასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრია.
_ ჩვენ ვნახეთ პოლონეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც ოპოზიციურმა კოალიციამ გადაძლია მმართველი პარტია და მას უმრავლესობა დააკარგვინა, თუმცა იგივე შედეგის დადება საქართველოში, ისევ კვლევის შედეგებს მოვიშველიებ, შეუძლებელია მხოლოდ გამარჯვების პლატფორმით, გიორგი გახარიას პარტიით და თუნდაც „ლელოს“ შედეგებით. რას აპირებს ოპოზიცია, არის რამე სახის მოლაპარაკებები, თუ ისევ ელოდებით, როდის შემოვლენ სხვა ოპოზიციური პარტიები ენმ-ს მიერ გაღებულ კარში?
_ რაც მეტი პარტია გადალახავს ბარიერს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და კარგია, რადგანაც შემდეგი ხელისუფლება იქნება კოალიციური, იმედი გვაქვს, რომ კონკრეტული პარტიები ამას მოახერხებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ უპირობოდ იბრძოლებს გამარჯვებისთვის, ჩვენ ეს რესურსი გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნებმა ეს აჩვენა, რომ ყველა დიდი ქალაქი მოვიგეთ. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ ერთი ერთზე მოუგო ენმ-მ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. კონკრეტული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან მესამე ძალა, ვიღაც, ალბათ, იქნება მეოთხე ძალა, მივესალმებით მესამე, მეოთხე, მეხუთე ძალებს, რომლებიც გადალახავენ ბარიერს და შემოვლენ პარლამენტში. მზად ვართ სათანამშრომლოდ. ჩვენ გვქონია და გვაქვს მსგავსი პრეცედენტები სხვადასხვა თვითმმართველობასა და საკრებულოებში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაგვიჭირდება მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება, როგორც ეს მოხდა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მოვახერხებთ კოალიციური მთავრობის შექმნას. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
_ დაპირებები, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა გასცა შიდაპარტიული არჩევნების დროს, რამდენად შესრულდა?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამატებით აქვს 52 ახალი ლოჯისტიკური ცენტრი დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში. ამისთვის ძალიან ბევრი სამუშაოა გაწეული. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება კონსულტანტებთან _ საარჩევნოდ გვეყოლება უცხოელი კონსულტანტები, მნიშვნელოვანი ხალხი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენთან ერთად რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში. მთელი ოპოზიციისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი. ისინი დაგვეხმარებიან, იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ამ საკონსულტაციო ჯგუფთან 4-6 თვის განმავლობაში ვმართავდით მოლაპარაკებებს. იცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოალიცია გავაკეთეთ _ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ენმ არის გაერთიანებული, ადამიანები გვემატებიან. ჩვენს პარტიას დაემატა ორი გენერალი, ყურაშვილი, გოგავა, დაემატნენ ახალგაზრდები: ფარულავა, ურუშაძე, ფავლენიშვილი, მათ შორის, პოლიტიკურ საბჭოში იგორ ნარმანია, ფანტასტიკური ბიჭია. სხვადასხვა მიმართულებით აქტიური სამუშაოები გავწიეთ და ისევ ვაგრძელებთ მუშობას. იქნება ბევრი აქციაც, ბევრი აქტიურობაც, ოღონდ ამისთვის მუშაობა და შრომაა საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევასრულეთ დაპირებები, ამისთვის 2025 წლის თებერვალში პარტიაში იქნება არჩევნები, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენი ამომრჩეველი უკვე იქ თავად განსაზღვრავს, ვის უნდა დაუჭიროს შემდეგი ორი წელი მხარი, ვის არ უნდა დაუჭიროს, ვინ რა გააკეთა და ა. შ.
_ რეგიონებში პარტიების ოფისებს არ აქვს დაფინანსება და ადგილობრივი ხელმძღვანელები სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად იმ წევრებისგან იღებენ თანხებს, რომლებიც მოქალაქეებმა საკრებულოებში აირჩიეს, _ რამდენად სწორია ეს მიდგომა და ფლობთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაციას?
_ ეს არის სრული სიგიჟე და ბოდვა.
_ სოფო ჯაფარიძეზე მინდა, გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი დღეს პარტიაში?
_ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფო ჯაფარიძეს და ჩვენ მხოლოდ ხელს ვუწყობთ მას, მივესალმებით, ვმუშაობთ საერთო მიზნისკენ და ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, სოფო ბევრს გააკეთებს ამ გზაზე და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, მათ შორის, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელი სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, საერთო ძალისხმევა მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იგი აქტიური ადამიანია, მებრძოლი გოგოა და დარწმუნებული ვარ, უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსული რეჟიმის წინაშე.
_ ვეცნობით მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ ჭორვილაში მოწყობილ მსვლელობაში არ იყვნენ ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ძირითადი ლიდერები? რატომ?
_ თქვენ ცდებით, ირაკლი ნადირაძე, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ასევე თბილისის ენმ-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. იგი გახლდათ იქ, ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხვა წევრებიც, მათ შორის, ლაშა ფარულავაც იყო იქ. „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი გახლდათ, მათ შორის, ჭორვილაში სოფოს გვერდით, _ აქ, თბილისშიც და ჭორვილაშიც. ახლა ყველა პარტიის წევრი შეიძლება ვერ იყოს სხვადასხვა ღონისძიებაზე. ძირითადი ლიდერები ასეთ ღონისძიებებზე ვნაწილდებით, სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა ლოკაციაზე მიდიან. ირაკლი ნადირაძეს თუ პოლიტიკურ წონას უწუნებს ვინმე, ეს არ ვიცი.
_ კვიპროსის ვიზიტზე გკითხავთ, რა იყო ვიზიტის მთავარი მიზანი?
_ ბევრ ადამიანს შევხვდით კვიპროსში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ძალიან ბევრ ქართველ ბიზნესმენს, რომლებიც იდევნებიან ჩვენი ქვეყნიდან და, მათ შორის, ხალხს, რომელიც დღესაც აკეთებს ბიზნესს. თუმცა საქართველოში შიში და რიდი აქვთ შეხვედრის, საუბრის. ისინი საერთოდაც არ არიან დადებითი წარმოდგენის ბიძინა ივანიშვილსა და მის რუსულ რეჟიმზე, ამიტომ კვიპროსში სხვადასხვა ჯგუფს ვხვდებოდით რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბევრი მოტივირებული ადამიანია, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ერთი აგურის დადება ამ საქმეში. მე ყველას ღიად გავესაუბრები. ვიღაცას თუ აქვს რიდი, შიში, რომ აქ სუსი დასდევს და ა. შ., მზად ვარ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთ ადამიანებს შევხვდე და მოვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
_ როგორ აფასებს პარტიაში მიმდინარე პროცესებს დავით კეზერაშვილი? საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ისიც იმყოფებოდა კვიპროსში თქვენთან ერთად.
_ დავით კეზერაშვილი, ცხადია, გახლდათ კვიპროსში, თუმცა იყო შეხვედრები, რომლებსაც ის არ ესწრებოდა. ცხადია, დათო არის ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოტივირებულია, რომ ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ჩამოშორდეს ამ ქვეყანას. მათ შორის, მისი ერთ-ერთი კონტრიბუცია, რომელიც შემოაქვს ამ ქვეყანაში, ოპოზიციური არხის მეშვეობით („ფორმულა“), არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ხედავს ამ დიდ შენატანს აღნიშნულ გზაზე. „ფორმულას“ იყენებს ოპოზიციური პარტიების გარკვეული უმრავლესობა პლატფორმად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. ასევე დათოც და ჩვენც ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვერიოთ რუსულ რეჟიმს, რუსულ პროპაგანდას, უშიშროების ფედერალურ სამსახურს (КГБ), აგენტებს, ფარცხალაძეებს, მამარდაშვილებს, რუხაძეებსა და ა. შ. ვფიქრობ, დათოს როლი ამ რთულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ის, თავის მხრივ, ამაში წვლილს შეიტანს.
_ მიიღეთ კონკრეტული დირექტივები?
_ კარგით, რა! ეს შავი პიარი ჩემ მიმართ, რომ „დირექტივებს ღებულობს“, „მიუთითეს“ და ის, რომ ხაბეიშვილს დიდი პალტო აცვია და ახალი კბილები აქვს, არის რუსული პროპაგანდის, „პოს ტვ“-სა და „იმედის“ ნარატივები. ჩვენ ერთმანეთს დირექტივებს არ ვაძლევთ, უბრალოდ, ვთანამშრომლობთ და ეს უნდა ესმოდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, ოპოზიციურ ველზე იყვნენ წარმოდგენილნი. არაფრით არ შეიძლება ერთმანეთის მიმართ დამაკნინებელი საუბარი. ერთმანეთთან პოზიციების ვცლით და შეიძლება გავითვალისწინოთ და შეიძლება არ გავითვალისწინოთ რაღაც, მაგრამ ეს მარტო დათოს შემთხვევაში კი არ ხდება, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის აზრებსა და პოზიციას ვისმენთ. ის, რომ ვინმემ ვინმეს დირექტივა მისცა, წარმოუდგენელია. ინსტრუმენტი ვისაც აქვს და იძლევა დირექტივებს, ეს არის შუშის კოლბის ბინადარი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს ხელში, მათ შორის, სუსი, ძალოვანი უწყებები და აი, ის აძლევს დირექტივებს კობახიძეს, მდინარაძეს და ა. შ. ჩვენ დირექტივებს არ გავცემთ, ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრის…
_ ნიკა მელიაზე გკითხავთ, _ ძალიან დიდი მოლოდინია მის მიერ პარტიის წარმომადგენლებთან დაანონსებულ შეხვედრებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, დატოვებს მელია და მისი გუნდი პარტიას?
_ სიმართლე გითხრათ, არც ამაზე ვფიქრობ და საერთოდ არ მაინტერესებს ეს თემა. ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.
_ განიხილება თუ არა ენმ-ს მოქმედ მენეჯმენტში მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხი?
_ არც ამით ვარ დაკავებული და არ ვფიქრობ, რომ დრო უნდა დავხარჯო ამ კონკრეტული აქტის გამოცემაში. თუ მელია მოგვმართავს, რომ მან დატოვა პარტია და ეს დოკუმენტაცია სჭირდება, მზად ვარ, ხელი შევუწყო.
_ ე. ი. მისი გარიცხვის საკითხი პარტიაში არ განხილულა?
_ არ მაინტერესებს მართლა, გულწრფელად გეუბნებით. ერთი რამ კარგად უნდა იცოდეს ყველამ: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა არ განისაზღვრება მანდატით და ხელში დაჭერილი საბუთით, განისაზღვრება მოქმედებებით. ენმ-ს წევრობა განისაზღვრება შენი განცხადებებით, საქმიანობით, საჯარო პოლიტიკის განხორციელებით და ა. შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში საზოგადოება კარგად ხედავს, თავად ნიკა ემიჯნება, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას რად უნდა საბუთის მიცემა და ხელში რაღაც „მგლის ბილეთის“ დაჭერა? არ განისაზღვრება ამით პარტიის წევრობა. თქვენ რა გგონიათ, რომ მე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საბუთით დავდივარ, რომ პარტიის თავმჯდომარე ვარ, თუ მანდატი მიდევს ჯიბეში? ამით არ განისაზღვრება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს განისაზღვრება მოქმედებებით, ამიტომ რაღაც საბუთებს და გარიცხვას ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ.