სალომე ლოლუა: „მშობიარეს დამატებითი ხარჯების გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევს“

თამუნა მჭედლიშვილი

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს არჩევითი ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე მედიკამენტების, კვების, პალატისა და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს.

„DღG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1222 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარებულ საკეისრო კვეთას ან ე. წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ დაფინანსდება“.

ჯანდაცვის რეფორმის კიდევ ერთი კრახის _ „დიარჯის“ პროგრამის ამოქმედების გამო სამშობიაროების ნაწილი დაიხურა, ზოგი კი ამ სისტემას გამოეთიშა. გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა, დავით დავარაშვილის კლინიკამ მიიღო. კლინიკაში ამბობენ, რომ, ფაქტობრივად, არც ერთი ფეხმძიმე აღარ გამოთქვამდა სურვილს, რომ „დიარჯის“ პროგრამაში მიეღო მონაწილეობა, შესაბამისად, კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება, _ გავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საყოველთაო დაფინანსების სისტემიდან.

მართალია, დაფინანსების თანხა გაიზარდა _ აქამდე ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით ფინანსდებოდა, საკეისრო კვეთა კი _ 800 ლარით, მაგრამ პოზიტივს თან მოჰყვა რიგი საკითხები, რამაც გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოიწვია პაციენტებში. მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება. ყველა ორსული ვალდებულია, იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში.

ახლახან ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ამ კონკრეტული საკითხის შესახებ განმარტება-განცხადება გააკეთა:

„პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში მშობიარე იხსნება DღG სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს: მშობიარობის სრული საფასურის თავად გადახდას (კლინიკაში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე 1222 ლარია) + ექიმის აყვანის თანხა + თუ მოხდა და გართულდა შემთხვევა, სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე (ამ თანხის გადახდაც მოუწევს პაციენტს).

თუ კლინიკაში ამ ყველაფრის გვერდის ავლით ექიმმა გაბედა და აიღო ანაზღაურება (ჰონორარი, რაც ადრე იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ 20%-ით), დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამას გარდა, ექიმი ვალდებულია, ყოველწლიურად ფინანსურად უზრუნველყოს და მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლება, დააგროვოს ე. წ. კრედიტქულები.

მრავალი სამშობიარო სახლი 1221.92 ლარიდან თეთრსაც არ უხდის ექიმს, მხოლოდ მორიგეობის თანხას (და მრავალი ხელმძღვანელი პირი უკვე მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს ხელზე თანხის აღებისკენ)

ამ ყველაფერს სრულიად მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა და „დიდი ჯიბეების“ დაკერება თეთრ ხალათებზე!

როგორ გგონიათ, ექიმი, რომელიც მრავალი წელი სწავლობდა, შრომობდა, მორიგეობდა, გადიოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს, ვალდებულია არასამუშაო საათებში, უხელფასოდ მივიდეს სამშობიარო სახლში და ამშობიაროს პაციენტი ან გაუკეთოს საკეისრო კვეთა?!“

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, სალომე ლოლუა, „ქრონიკა+“-ს იმ პრობლემებისა და გამოსავლების შესახებ ესაუბრება, რაც „დიარჯი“ მოდელმა გამოიწვია და ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა:

_ სალომე, რას გულისხმობს და მოიცავს ჯანდაცვის სისტემაში ახალი „დიარჯი“ პროგრამა?

_ 2012 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. მაშინ ფიზიოლოგიური მშობიარობა განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით, ხოლო საკეისრო კვეთა _ 800 ლარით. ფაქტობრივად, „დიარჯი“ სისტემა ჩაეშვა 2023 წლის ნოემბერში და მშობიარობა განისაზღვრა 1221 ლარითა და 92 თეთრით. ამ სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, საკეისრო კვეთაც 1221 ლარისა და 92 თეთრით დაფინანსდება. საუბარია ათწლიან შუალედზე, ფასები გადაიხედა და „დიარჯის“ სისტემის ჩაშვების შემდეგ სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, გამოაცხადა, რომ მშობიარობა არის სრულიად უფასო.

_ კონკრეტულად რა სახის მომსახურების თანხები შედის 1221 ლარსა და 92 თეთრში?

_ „დიარჯი“ სისტემის თანხაში შედის როგორც ანასთეზიოლოგიური მომსახურება, ისე მედიკამენტები, ექიმისა და სანიტრების მომსახურება და ა. შ. პროგამაში ჩაწერეს, რომ ამ მოდელში შედიოდა აყვანილი ექიმის თანხაც, მაგრამ არსად განსაზღვრულა თანხის კონკრეტული ოდენობა და გამოთვლის მექანიზმი, ანდა რამდენი ლარის ანაზღაურებას მიიღებს მედპერსონალი… ეს ყველაფერი სახელმწიფომ კერძო კლინიკების მესაკუთრეებს მიანდო. მოგეხსენებათ, თბილისის მასშტაბით, არცერთი სამშობიარო სახლი არ არის სახელმწიფო, ყველა არის კერძო მეპატრონის მფლობელობაში. საუბარია როგორც მეორე დონის, ასევე მესამე დონის სამშობიარო სახლებზე.

როგორც სახელმწიფო ამბობს, აყვანილი ექიმის თანხა შედის „დიარჯი“ მოდელში, ანუ 1221 ლარსა და 92 თეთრში, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს კერძო მესაკუთრე, რომელიც ფლობს სამშობიარო სახლს. კერძო მესაკუთრე ამბობს, რომ 1221 ლარი არ არის საკმარისი იმისთვის, რათა ექიმს მისცეს სათანადო და ღირსეული ანაზღაურება: გამოიძახონ ბინიდან და ჩაატაროს საკეისრო კვეთა ან მიიღოს ფიზიოლოგიური მშობიარობა. სხვადასხვა სამშობიარო სახლის მფლობელებმა სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩადეს ექიმის აყვანის განმსაზღვრელ რაოდენობაში. ბევრი სამშობიარო სახლის მფლობელთან მქონდა კომუნიკაცია. ზოგიერთი მათგანი ამბობს და არ მომერიდება იმის თქმა, რომ რადგან „დიარჯი“ ავალდებულებს სამშობიარო სახლებს, ჩადოს აყვანილი ექიმის თანხა ამ 1221 ლარში, მითხრეს, რომ ჩადებდნენ სიმბოლურ თანხას _ ერთ ლარს _ და დაარქმევდნენ აყვანილი ექიმის თანხას… როგორ წარმოგიდგენიათ დღევანდელ პირობებში, ავიყვანე ექმი, გამოვიძახე ბინიდან დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ერთ ლარად მამშობიაროს, აიღოს პასუხისმგებლობა ორ სიცოცხლეზე _ როგორც დედის, ასევე ნაყოფის, ანდა გააკეთოს საკეისრო კვეთა, რეალურია?! სამშობიარო სახლის მფლობელები, რომლებიც ამბობენ, რომ აყვანილი ექიმის თანხას 140 ლარის ოდენობით განსაზღვრავენ, რაც დაიბეგრება, განმარტებას აკეთებენ, რომ, უბრალოდ, ეს თანხა მათი ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვასაც კი არ ეყოფა…

_ მშობიარობის ან მშობიარის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სისტემის ახალი მოდელი რას სთავაზობს ორსულს?

_ „დიარჯის“ პროგრამის მიხედვით, სისტემაში მხოლოდ ერთი დიაგნოზის ატვირთვის შესაძლებლობაა. რადგან მხოლოდ ერთი დიაგნოზის ატვირთვა შეიძლება, შესაბამისად, მხოლოდ ერთი დაფინანსება მოდის შემთხვევაზე. გართულდება თუ არა მშობიარობა, დასჭირდება თუ არა დამატებითი მედიკამენტოზური მხარდაჭერა, დახმარება ან დამატებითი კვლევები მშობიარეს, ეს უკვე აღარ აინტერესებს სახელმწიფოს. კერძო მესაკუთრეებმა თავად უნდა გადაავსონ ასეთი გართულებული შემთხვევები, ანუ გადაფარონ ასეთი შემთხვევების ხარჯები. სამწუხაროდ, კერძო მესაკუთრეები ხარჯებს ფარავენ სამედიცინო პერსონალის ხარჯზე _ მათ ხელფასებზე დარტყმით. ზოგადად, თუ შემთხვევა გადაიხარჯებოდა, ბევრი კლინიკა ექიმს  ხელფასიდან უქვითავდა გადახარჯულ თანხას.

_ როგორ გადანაწილდება დაფინანსება ახალშობილების გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში?

_ ახალშობილთა მეორე დონის დიაგნოზები დაფინანსდება თანადაფინანსების მეთოდით. „დიარჯის“ პროგრამის ჩაშვების შემდეგ გაირკვა, რომ ახალშობილის რეანიმაციული საჭიროების 30%-ის გადახდა მშობელს მოუწევს. მეორე დონის დიაგნოზი ახალშობილებისთვის დღემდე უფასო იყო. ახლა თანხის საერთო ღირებულების 30%-ის დაფარვა, 36-ე დადგენილების გათვალისწინებით, მშობელს უწევს.

_ გამოიწვევს თუ არა „დიარჯი“ მოდელი „დიდი ჯიბეების“ დაკერებას თეთრ ხალათებზე?

_ „დიარჯის“ მოდელის მიხედვით, ექიმს ეკრძალება საჩუქრის ან ჰონორარის აღება მშობიარისგან. ჰონონარის აღების შემთხვევაში ექიმისა და სამშობიარო სახლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ცნობისთვის: დღეს, სამშობიარო სახლების მედპერსონალი, ჯერ კიდევ, ნოემბერს გაწეული მუშაობის საფასურს იღებენ, ანუ სახელფასო პოლიტიკის დაგვიანებული პროცესი მიმდინარეობს მედპესონალის 95%-ისთვის. მხოლოდ ახლა დაიწყება „დიარჯის“ სისტემით ნოემბრის ხელფასების ანაზღაურების ჩარიცხვები კლინიკებში მედპერსონალისთვის…

_ „დიარჯი“ მოდელმა კლინიკებში სამშობიარო ბლოკების შენარჩუნება ეჭვქვეშ დააყენა… რა გამოწვევების წინაშე დადგა კლინიკები ამ მიმათულებით?

_ დიდი უცნაურობა მოჰყვა, ზოგადად, სამშობიარო სახლებში „დიარჯი“ სისტემის ჩაშვებას. პირველი: წინასაახლწლოდ სამშობიარო განყოფილება დახურა კლინიკა „ლიდერმედმა“. წინასაახლწლოდ 95 მედპერსონალი სამსახურის გარეშე დარჩა! მეორე: დავით დავარაშვილის კლინიკა ოფიციალურად ჩაეხსნა „დიარჯი“ პროგრამას 2023 წლის 29 დეკემბერს.

სხვათა შორის, კულუარებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თუკი მულტიპროფილური კლინიკები, თავიანთი სამშობიარო სახლებით, ჩაეხსნებოდნენ „დიარჯი“ პროგრამას, სახელმწიფო სხვა პროფილის განყოფილებებისთვისაც შეაჩერებდა ახალ პროგრამას. უკვე ორი დღეა, რაც „ლიდერმედის“ ქირურგიული ჩარევის განყოფილებას შეუჩერეს „დიარჯიში“ მონაწილეობის მიღების უფლება!

_ დასაჯეს?

_ ასე გამოდის. სწორედ ამიტომ იკავებს თავს ბევრი მულტიპროფილური კლინიკის მფლობელი, ჩახსნას სამშობიარო სახლი „დიარჯი“ პროგრამიდან. შესაბამისად, ბევრი მათგანი თავიანთ სამშობიარო სახლებს წაგებაზე ამუშავებს სწორედ იმიტომ, რომ მათი კლინიკის სხვა განყოფილებების ჩახსნა აღარ განხორციელდეს „დიარჯი“ სისტემიდან.

_ ამ დაფინანსების ფარგლებში რთულია გადარჩნენ მესამე დონის სამშობიაროები. რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი ამ მხრივ?

_ მართალია, განსაკუთრებული დარტყმა „დიარჯი“ სისტემამ მიაყენა მესამე დონის სამშობიარო სახლებს. მესამე დონის სამშობიარო სახლები, ანუ ისეთი სამშობიარო სახლები, რომლებიც ყველაზე გართულებულ შემთხვევებს და ყველაზე რთულ მშობიარეებს იღებენ, თბილისის მასშტაბით გვაქვს ხუთი, საქართველოს მასშტაბით _ შვიდი. მშობიარეებს, რომლებიც დამძიმებულები არიან სხვა სომატური დაავადებებით, აქვთ დატვირთული გინეკოლოგიური ანამნეზი ან თვითონ მშობიარობის პროცესში გაურთულდათ მდგომარეობა, რის გამოც პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი მესამე დონის სამშობიარო კლინიკაში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, რომ ასეთ პაციენტებს დასჭირდებათ დამატებითი კვლევები და დამატებითი მედიკამენტები. შესაბამისად, თუ მესამე დონის სამშობიარო სახლებს დავხურავთ, ეს კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის. მაღალპროფესიული სამშობიარო სახლები, რომლებიც წლებია გვემსახურებიან, აღარ ეყოლება სახელმწიფოს.

_ რა ინიციატივასა და მარეგულირებელ მექანიზმებს სთავაზობს თქვენი ასოციაცია ახალ პროგრამაში პრობლემის გამოსასწორებლად ჯანდაცვის სისტემას?

_ ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ჯანმოსთან, რათა „ჯიარდის“ პროგრამისთვის გარკვეული ახალი რეკომენდაციები მივაწოდოთ ჯანდაცვის სამინისტროს. მეორე მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შევთავაზეთ სამი მიმართულების რეკომენდაცია: პირველი, გადაიხედოს ეს თანხა და თუ არ არის საკმარისი 1221 ლარი საკეისროსა და ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის, მაშინ დაამატოს, ჩადოს ექიმის აყვანის თანხა ექიმის დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით, განსაზღვროს, რამდენი პროცენტი უნდა აიღოს კონკრეტულად აყვანილმა ექიმმა და დაავალდებულოს სამშობიარო სახლები ასეთი შრომის ღირსეულ ანაზღაურებაში. მეორე: გაზარდოს გამოყოფილი თანხა _ 1221 ლარი, დამატებითი ხარჯების გამო და  მესამე: გართულების შემთხვევაში დაემატოს მეორე დიაგნოზის დამატების შესაძლებლობა „დიარჯი“ პროგრამას. ანუ თუ პაციენტის მდგომარეობა გართულდება და დასჭირდება, მაგალითად, ჰისტეროქტომია, პროგრამაში 500 ლარის დანამატი იყოს გათვალისწინებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ასეთი ცვლილებები მალე შევა სისტემაში.

_ რა უარყოფითი ეპიზოდები გამოიკვეთა სისტემაში „დიარჯი“ მოდელის გამო?

_ იმისთვის, რათა კერძო მფლობელებმა დაზოგონ კლინიკის ბალანსზე არსებული თანხები,  ექიმებს მოუწოდებენ, პაციენტს უარი ათქმევინონ ანესთეზიურ მომსახურებაზე და, შესაბამისად, დაზოგონ საანესთეზიო დანიშნულების მედიკამენტები. ექიმები იძულებულები არიან, კლინიკის ხელმძღვანელობას შეუთანხმონ, კონკრეტულ შემთხვევაში ორსულს მისცენ თუ არა ანესთეზიური მხარდაჭერა. მათ ახალი საფიქრალი გაუჩნდათ _ სად დაზოგონ სახსრები, რათა იარსებონ სამშობიარო სახლებმა. სხვათა შორის, სახელმწიფოს მხრიდან კერძო კლინიკებმა ერთგვარი გაფრთხილება-მუქარაც კი მიიღეს, _ არ დახუროთ და არ ჩახსნათ „დიარჯი“ პროგრამიდან სამშობიარო სახლები, თორემ კლინიკების სხვა განყოფილებებს პრობლემა შეექმნებათო.

_ რა მოხდება, თუკი ორსული გამოვა „დიარჯი“ პროგრამიდან?

_ „დიარჯი“ სისტემიდან გამოსვლის შემთხვევაში პაციენტი შიდა სტანდარტით გადაიხდის თანხას, რაც, დაახლოებით, 2000-2500 ლარს შეადგენს. მეორე: სახელმწიფო უარს ამბობს პაციენტის რეჰოსპიტალიზაციაზე, გართულებული მშობიარობის შემთხვევაში დახარჯული თანხის ანაზღაურებაზე… დამატებითი ხარჯების გადახდა მშობიარეს საკუთარი ჯიბიდან მოუწევს… ასე რომ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, სისტემაში შეტანილი ცვლილებების გამო, დინებას მიჰყვება როგორც პაციენტი, ისე მედპერსონალიც.