საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება

საფიხვნო _ ადგილი, სადაც ხევსურები თავს იყრიან და თავიანთ საჭიროებაზე მსჯელობენ. „ფეხონი“ ეწოდებოდა სოფლის მამაკაცთა ყრილობას, „საფეხნო“ კი ამ კრებულისთვის განკუთვნილ ნაგებობას, ან ადგილს. საფეხნოში, გარდა საქმის გარჩევისა და საუბრისა, თავს იქცევდნენ მსუბუქი საოჯახო ხელსაქმით.

საფეხნოში ქალს შესვლა აკრძალული ჰქონდა. ტრადიციული საფეხნო გამართული იყო შატილში. იგი წარმოადგენდა ყორით ნაგებ ფარდულის ტიპის შენობას, რომელსაც წინა კედელი არ ჰქონდა. საფეხნოში განლაგებული იყო საუფროსო სკამი და ქვის სიპები, რომელზედაც უხუცესები სხდებოდნენ. საფეხნოს კედელში დატანებული იყო რამდენიმე სიპი _ „დუქანი“ სხვადასხვა ნივთის დასაწყობად. შატილის საფეხნოში ტყავის საზელი ხელსაწყო „ხიმუნი“ იყო მოთავსებული. აქ მეტწილად ხელსაქმობის ისეთი სამუშაოები სრულდებოდა, რომელიც კოლექტიურ შრომას მოითხოვდა. საფეხნოში გრეხდნენ მუშს (ხის ქერქის თოკი), ამზადებდნენ ქალამნებს, თოფის წამალს და სხვ. თანამედროვე საფიხვნო დღეს, ალბათ, საკრებულოა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საკრებულოში ქალები არიან ცოტანი, მაგრამ მაინც, თუმცა ის გამონაკლისიც არსებობს ახმეტის სახით, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე ქალია. ძველ საფიხვნოებში, ალბათ, ფრაქცია რა იყო, არ იცოდნენ, ბუნებრივია, თუმცა ჩვენი წინაპრები თანამედროვე საფიხვნოს თუ ნახავდნენ, არ მგონია, დიდად მოსწონებოდათ.

საკრებულო და ფრაქცია

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, საკრებულოს ფრაქცია საერთო-პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. შესაბამისად, კანონი უშვებს საკრებულოს ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას და არა სავალდებულობას. ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, ფრაქციის წესდების მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცედურა, ფრაქციის სხდომების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით, რომელსაც იღებს ფრაქციის სხდომა.
ფრაქციათა შექმნის საფუძველია საკრებულოს წევრთა პოლიტიკური შეხედულებანი, ამიტომაც კოდექსი ადგენს შეზღუდვას, რომ ერთი პარტიის წევრებს უფლება აქვთ, შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. მეტიც: კოდექსი აწესებს შეზღუდვას პარტიის/კოალიციის სიით გასულ საკრებულოს უპარტიო წევრებზეც _ მათ უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ამ პარტიის (კოალიციის შემთხვევაში _ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტიის) მიერ შექმნილ ფრაქციაში.
კოდექსის თანახმად, საკრებულოს წევრი შეიძლება მხოლოდ ერთ ფრაქციაში იყოს გაერთიანებული. ფრაქცია წარმოადგენს საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას. აქედან გამომდინარე, საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან.
კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის აუცილებელია, მასში გაერთიანდეს საკრებულოს, არანაკლებ, სამი წევრი. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, საკრებულოს ფრაქციას უფლებამოსილება შეუწყდება, თუ მის შემადგენლობაში საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები დარჩა.
ფრაქცია შეიძლება შეიქმნას როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე (ამ შემთხვევაში ასეთ ფრაქციაში შეიძლება გაწევრიანდნენ საკრებულოს არაპარტიული წევრებიც). მიუხედავად ამისა, ფრაქცია არის პოლიტიკური ხასიათის გაერთიანება და მასზე ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რაც ასეთი სახის ორგანიზაციისთვის არის დადგენილი. კერძოდ, დაუშვებელია ფრაქციის შექმნა ეროვნული, ტერიტორიული, ან სხვა კერძო ნიშნით.
როგორც აღინიშნა, საკრებულოს რეგლამენტში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ფრაქციათა კოალიციის შექმნის საკითხი. ფრაქციათა კოალიცია არის ორი, ან მეტი ფრაქციის ნებაყოფლობითი დროებითი გაერთიანება. ფრაქციათა კოალიციის მიზანი, როგორც წესი, არის გარკვეულ საკითხთან (საკითხებთან) დაკავშირებით ფრაქციების საქმიანობის ერთობლივი კოორდინაცია.
ბოლო ცვლილებების მიხედვით, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს, ასევე თავმჯდომრის მოადგილესაც აქვს ხელფასი. მაგალითად, ახმეტაში თავმჯდომარის ხელფასი 1500 ლარამდეა განსაზღვრული, ხოლო მოადგილის კი 1000-ით. თუმცა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო (პრემია) აღარ გაიცემა.
აღნიშნული კანონის შესაბამისად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემა საერთოდ იკრძალება: საქართველოს პრეზიდენტზე, პარლამენტის წევრებზე, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებზე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების თავმჯდომარეებზე, სახელმწიფო რწმუნებულებზე _ გუბერნატორებზე, მუნიციპალიტეტების მერებზე, ასევე საკრებულოების ყველა თანამდებობის პირზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის მოადგილეზე, კომისიის თავმჯდომარეზე, ფრაქციის თავმჯდომარეზე და მის მოადგილეზე.
ასე რომ, ახალი კანონი ცვლის ოცნებისა და დანამტის გაცემის ოცნებას, მაგრამ მუნიციპალიტეტებში ფრაქციებში სიმრავლე, მე მგონი, ეს 21-ე საუკუნის თვითმმართველობის დიდი სენია.

ფრაქციების სიმრავლე

2014 წლის ახმეტის იმ მოწვევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი იყო 8 ფრაქცია: „ქართული ოცნება“ _ 3 წევრი; „ქართული ოცნება„ _ “მრეწველები“ _ 3 წევრი; „ქართული ოცნება„ _ “რესპუბლიკელები“ _ 3 წევრი; „ქართული ოცნება„ _ “ეროვნული ფორუმი“ _ 3 წევრი; „ქართული ოცნება„ _ “მთიანი რეგიონებისათვის“ _ 3 წევრი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 3 წევრი; „დემოკრატიული მოძრაობა“ – 5 წევრი; „სამართლიანობა“ – 3 წევრი.
ჩამოთვლილი ფრაქციებიდან უმეტესობამ ისე დაასრულა თავისი მუშაობის პერიოდი, რომ არც ერთი ინიცირებული საკითხით არ გამოსულა, პირიქით, უმეტესობას საერთოდ არც კი ჩაუტარებია არც ერთი ფრაქციის სხდომა. არ ჰქონიათ შენიშვნაც კი ბიუჯეტთან მიმართებით. ალბათ, ერთადერთი, რაც დასამახსოვრებელია, საკრებულოს არც ერთხელ არ აუღია პრემია წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობის პერიოდში, თუმცა ეს იყო მაშინ. წინა ადგილობრივი არჩევნების დროს „ქართული ოცნება“ კოალიციის ხაზით გამოდიოდა, სიმრავლეც ფრაქციების სწორედ კანონმდებლობამ და კოალიციის არსებობამ განაპირობა, თუმცა თუ გადავხდავთ, თვალნათლივ ჩანს, რომ იმ მოწვევის საკრებულოში არც ერთი ფრაქცია არ ჰქონიათ კონსერვატორებს, რომლებიც მაშინ კოალიციის წევრები იყვნენ. რა ხდება ახლა ახალი მოწვევის საკრებულოში?

ახმეტა, როგორც ასეთი…

„ნაციონალური მოძრაობა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებას უპირებს.

საკრებულოს წევრ შაქრო ტერტერაშვილის განცხადებით, ფრაქციები „ქართული ოცნება _ კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება _ მრეწველები“ საკრებულომ კანონის დარღვევით დაარეგისტრირა:
„საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ სამი ფრაქცია აქვს. კანონის თანახმად, ერთ პარტიას შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია ჰქონდეს. „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც პოლიტიკური პარტია და არა როგორც საარჩევნო ბლოკი, ამიტომ მისი წევრები ერთ ფრაქციაში უნდა გაერთიანებულიყვნენ და არა სამ ფრაქციაში. რეალურად, „კონსერვატორებიც“ და „მრეწველებიც“ თითოკაციანი პარტიებია, მაგრამ ყველა საკრებულოში ფრაქცია შექმნეს (მინიმუმ, სამკაციანი შემადგენლობით), თან ისე, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამისად, არც ხმა მიუცია არავის და არც ერთ საკრებულოში არც ერთი წევრიც არ შეუყვანიათ!“

იმ შემთხვევაში თუ ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი სამივე ინსტანციაში დაკმაყოფილდა, ეს იმის დასტური იქნება, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ამ მოწვევის საკრებულოებს აქვთ ფრაქციები, „კონსერვატორები“ და „მრეწველები“ უნდა გაუქმდეს. ამ დროისთვის კი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს „ქართული ოცნების“ სამი სხვა, ასე რომ ვთქვათ, ქვესათაურით გამოყოფილი ფრაქცია, რომელთაც ხელფასიანი თავმჯდომარეები და მოადგილეები ჰყავთ.
ფრაქციის თავმჯდომარეები და მისი მოადგილეები ხელფასის გარდა იყენებენ: სატელეფონო საუბარს, ასევე აქვთ საწვავის ხარჯი, რაც, ჯამურად, სერიოზულ ზიანს აყენებს ისედაც გაკოტრებულ ბიუჯეტებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი სულ 31 წევრია. შექმნილია ხუთი ფრაქცია: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება“ _ „კონსერვატორები“, „ქართული ოცნება“ _ „მრეწველები“, „ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქცია „სამართლიანობა“.

მაკა მოსიაშვილი