საინფორმაციო ვაკუუმი, ათუხთუხებული ქვაბი და ადუღებული ემოციები ქუჩაში

„ტელევიზიების კონტროლი ხელისუფლებაში დიდი ხნით ყოფნის საწინდარია“, _ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ასე ფიქრობს ყველა ხელისუფლება და ბოლოს ყველა სწორედ აქ იმტვრევს კისერს.

ყველა ტელევიზიის მისაკუთრება სრულიად საპირისპირო შედეგს იძლევა. ამაში ყველაზე კარგად „ნაციონალების“ ხელისუფლება დარწმუნდა, როდესაც 2008 წლის მარტიდან საქართველოში მოქმედი ყველა, ნაციონალურ დონეზე მაუწყებელი ტელეკომპანია, ფეხქვეშ გაიგდო. შედეგად, საზოგადოებაში საპროტესტო განწყობამ კი არ იკლო, პირიქით _ იმატა. თუ მანამდე,  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „ტელეიმედი“ მაყურებელს ხელისუფლებისგან განსხვავებულ და, ხშირად, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აწვდიდა, ეს ათუხთუხებული ქვაბიდან ორთქლის გამოშვებას უწყობდა ხელს. საზოგადოებას არჩევანი ჰქონდა. ის არ იყო მხოლოდ სახელისუფლებო პოზიციით ზომბირებული. მას შეეძლო ენახა და მოესმინა ის, რაც ხელისუფლებას არ მოსწონდა და ოპოზიციურ ხედვას წარმოადგენდა. მაგრამ როგორც კი განსხვავებული აზრის გავრცელების არეალი დაიხშო, საინფორმაციო ვაკუუმი გაჩნდა, ორთქლი ვეღარ გამოვიდა და ქვაბის გასკდომა გარდაუვალი გახდა, ადუღებული ემოციები ქუჩაში გადმოიღვარა.

ვირი რომ ვირია, ისიც კი აღარ გაივლის იმ ადგილზე მეორედ, სადაც ერთხელ უკვე ტალახში ჩავარდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებებს, ერთად აღებულს, ვირზე ბევრად ნაკლები ჭკუა აქვს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ „ოცნება“ ზუსტად იმ ტალახისკენ იქაჩება, სადაც „ნაცები“ უკვე ჩავარდნენ და გაიჭედნენ. ტრადიციულად, ასეთი „ტალახი“ დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა და მისი „დათრევის“ სურვილია. თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, მოლოდინს გადააჭარბა და იმდენი მოახერხა, რომ დაპირისპირება და მღელვარება საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოიწვია, _ იქ, სადაც ისედაც ყველაფერს თვითონ აკონტროლებს, ბორდსაც და გენერალურ დირექტორსაც. თუმცა გეთანხმებით, ამას კონტროლს ძნელად თუ დაარქმევ, ეს რაღაც გაუგებრობაა.

ყოველ შემთხვევაში, ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გეგმების გაჟღერებისთანავე ყველა მიხვდა, თუ რატომ წავიდა დაუმშვიდობებლად წინა გენდირექტორი, გიორგი ბარათაშვილი. როგორც გვახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს იგი მაუწყებელში მივიდა და განაცხადა, _ მე მივდივარ და არ მკითხოთ, რატომო. დაიხურა ქუდი და წავიდა. არადა, ორი წელიწადი კიდევ ეკუთვნოდა არჩეულ თანამდებობაზე ყოფნა. მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქაა დამარხული. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა არავითარი არჩევითი არ არის, ის ჩვეულებრივი დანიშვნითი თანამდებობაა, ისეთივე, როგორც ნებისმიერი დეპარტამენტის თავმჯდომარის. ხელისუფლება ისევე ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორს, როგორც ადრე ნიშნავდა საქტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარეს. ფაქტია, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ნაცრის თვალებში შესაყრელად ტელევიზიას სახელი შეუცვალეს, მოიგონეს ბორდი, რომელმაც მოიგონა კონკურსი, რომლითაც ვითომ გენდირექტორს ირჩევენ. ასე რომ,  ბარათაშვილს უთხრეს, გეყოფა ნებივრობა, გეგმები შეიცვალა და უნდა წახვიდეო. ისიც ადგა და უსიტყვოდ წავიდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ასე უმიზეზოდ, უსიტყვოდ და ურეაქციოდ გაიპაროს თანამდებობიდან ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ, სამართლიან და მიუკერძოებელ კონკურსშია გამარჯვებული და ორი წელიწადი კიდევ აქვს თანამდებობაზე ყოფნის ვადა?!!

შესაბამისად, არც ახალი გენერალური დირექტორი აურჩევიათ სამართლიანად, რადგან დირექტორის შესარჩევი კონკურსი ისეთივე ფარსია, როგორც თავად ამ რაღაც გაურკვეველი წარმონაქმნის, „სამეურვეო საბჭოს“ ე. წ. ბორდის მიუკერძოებლობა. შეგახსენებთ: ეს ბორდი პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული ორგანოა, რომელსაც მაუწყებელი, თითქოსდა, პოლიტიკური ჩარევისგან უნდა დაეცვა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაუწყებელში ხელისუფლების რგოლი მივიღეთ. ბორდის დაკომპლექტების წესი მთლიანად ხელისუფლების ინტერესზეა მორგებული. ცხრა მეურვიდან ექვსი  ყოველთვის ხელისუფლების კადრია,  სამი კი _ საპარლამენტო  უმცირესობის. ეგეც თქვენი მიუკერძოებლობა. მაგალითისთვის: ბორდის დღევანდელი თავმჯდომარე  სამეთვალყურეო საბჭოში რესპუბლიკური პარტიის კვოტითაა წარმოდგენილი. და მერე რა, რომ რესპუბლიკური პარტია დღეს აღარც ხელისუფლებაშია, აღარც პარლამენტში და, საერთოდ, დაშლის მერე არის თუ არა, ესეც გასარკვევია?.. სამაგიეროდ, ბორდში წარმოდგენილია. ამას გარდა, მივიღეთ ორგანო, რომლის წევრთა უმრავლესობას, მცირე გამონაკლისის გარდა, საერთოდ არ გაეგება არაფერი ტელევიზიაში. წარმოდგენა არ აქვთ, რა სჭირდება და რა _ არა მაუწყებელს განვითარებისთვის. მით უმეტეს, ტყემალზე სხედან, როცა მაუწყებლის ბიუჯეტის განკარგვაზეა საუბარი. როგორც მაუწყებლის საიტზეა მითითებული, მეურვე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. ხოლო რა შუაშია აქ ტელევიზია და მისი უამრავი სპეციფიკა?.. _ ამაზე არაფერია ნათქვამი.

ღმერთმა გვიმრავლოს საზოგადოებრივი აღიარების მქონე პირები, მაგრამ რა დააშავა ტელევიზიამ, რომლის ბედი უნდა გადაწყვიტონ კარგმა, მაგრამ ტელევიზიის სპეციფიკის არმცოდნე ადამიანებმა, თან ხელისუფლების კარნახით?..

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, _ ანაზღაურება. როგორც საიტიდან ვიგებთ, სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისთვის მეურვეს ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები. ანუ არავითარი კონკრეტიკა. თუმცა არა, ერთი საიტერესო კონკრეტული პროცენტი საიტზე მაინც ვიპოვეთ:

„მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში, ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა კი არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს“.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია, მისი 1% კი _ 40 ათასი ლარი, მეურვე, როგორც გახსოვთ, ცხრა.

თავდაპირველად, მეურვეების ანაზღაურება სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომების რაოდენობაზე იყო მიბმული. ერთი სხდომა _ 100 ლარი. იმისთვის, რომ შემოსავალი, ასე თუ ისე, ნორმალური ყოფილიყო, საბჭო თვეში ათ სხდომას ატარებდა და მეურვეებიც ათას-ათას ლარს იღებდნენ. რამდენიმე წელია, ეს პრაქტიკა გაუქმდა და მეურვეებს მოჭრილად ეძლევათ 2 ათასი ლარი, თავმჯდომარეს კი _ 2500 ლარი. არავის გაუკვირდეს, რომ ეს ანაზღაურება, მალე, 4400 ლარი გახდეს, ბიუჯეტით დაშვებულ ერთ პროცენტში ეს თავისუფლად შესაძლებელია.

ერთი სიტყვით, ამ ბორდმა გიორგი ბარათაშვილის გაპარვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დაკვეთით, გენერალურ დირექტორად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. მაღლაფერიძემ კი მაშინვე წარმოადგინა „რეფორმა“, რომელიც, ეჭვგარეშეა, უფროსობასთან იყო შეთანხმებული. პირველი გაუგებრობა იმან შექმნა, რომ მაღლაფერიძის რეფორმის გეგმა ძალიან წააგავდა მაუწყებლის მთლიანად დანგრევის გეგმას, უახლოესი სამი წლით მაინც: „დავხუროთ და გავაჩეროთ ყველა გადაცემა და დაზოგილი ფულით ვიყიდოთ კამერები და მიკროფონები“, _ ამ გაცხადებამ შოკში ჩააგდო არა მარტო მაუწყებლის 1200 თანამშრომელი, რომელიც, ერთ წამში, უმუშევრობის უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა, არამედ მოსახლეობაც, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მაუწყებელს საკუთარი ფულით ინახავს და საკმაოდ ძვირად, 40 მილიონით წელიწადში. და უცებ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არ გვყოფნის ეს 40 მილიონი ტექნიკისთვის, ამიტომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე „მოამბის გარდა“ სამი წელი ვეღარაფერს ნახავთო. ყველას გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: სად წავიდა ამდენი ფული?.. რას მოხმარდა ასობით მილიონი?.. როგორ ახერხებენ სხვები ამ თანხის მეოთხედით ხელფასების გაცემასაც, ტექნიკის განახლებასაც და ყურებადი გადაცემების შექმნასაც?!!

ამის პასუხად ახალმა „გენსეკმა“ ყველაზე საიტერესო რამ გააჟღერა:  მაუწყებელი, თურმე, წლების განმავლობაში „კარმუშკას“ წარმოადგენდა. ნეტა, ვისთვის?!. ეს კითხვა სულაც არაა რიტორიკული. არიან ადამიანები კონკრეტული სახელებით და კონკრეტული გვარებით, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ მაუწყებლის ბიუჯეტში არსებული ასეულობით მილიონის (ათ წელიწადში, დაახლოებით, 400 მილიონი) განკარგვაზე. მაგრამ ფაქტია, რომ არც ყოფილ და არც ახლანდელ ხელისუფლებას  მაუწყებლის „კარმუშკად“ გადაქცევისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვია. მაგალითისთვის გაგახსენებთ, რომ „ნაცების“ მიერ დანიშნული ბოლო თავმჯდომარის, გია ჭანტურიას მოღვაწეობის პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელს 36-მილიონიანი ვალი დაუგროვდა, ანუ თითქმის მთელი წლიური ბიუჯეტი. დარღვევებთან დაკავშირებით უმწვავესი დასკვნა დადო აუდიტის სამსახურმაც. მაგრამ რა?! _ არც არაფერი. ჭანტურიამ მშვიდად დაასრულა თავისი თავმჯდომარეობის ვადა 2013 წლის ბოლომდე, ანუ უკვე „ოცნების“ პირობებში, ისე რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს, ტელევიზიამ კი ამ ვალის გასტუმრება 2016 წლის დასაწყისში დაასრულა. შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში, აღნიშნული ვალის გამო, ერთი თეთრიც ვერ გამოიყო ტექნიკის განახლებაზე.

და მაინც, საინტერესოა, რატომ არ აგებს პასუხს არავინ ამხელა ფულის ფლანგვაზე და გაუგებარი მიმართულებით ხარჯვაზე?!. იმიტომ ხომ არა, რომ ეს 40 მილიონი, უპირველეს ყოვლისა, იმათი „კარმუშკაა“, ვინც მთავრობიდან მართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს? ვინც კარნახობს ბორდს, თუ ვინ უნდა დაინიშნოს გენერალურ დირექტორად?!. ამიტომაც დირექტორებს პასუხს არავინ სთხოვს. მათ რომ ერთი ბუზი აუფრინდეთ, ხომ დაფქვეს ყველაფერი იმ სქემის შესახებ, ვისთან და რა რაოდენობით მიემართება მაუწყებელში გათეთრებული ფული. ანუ ხელი ხელს ჰბანს და მოტყუებული ისევ მხოლოდ საზოგადოებაა, რომელსაც ვერ აუხსნია, ამდენი წელი რატომაა 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ტელევიზია არაყურებადი და ურეიტინგო?!!

რეიტინგი კიდევ ცალკე თემაა, _ მისი სიმცირე მხოლოდ ბიუჯეტის ფლანგვის ბრალი არაა. კონცეფცია აქვს ამ ტელევიზიას ასეთი. როცა საქტელე-რადიო კორპორაციის საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთება მიმდინარეობდა, პროექტის ავტორებმა კონცეფცია განსაზღვრეს. მის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა დააკმაყოფილოს საზოგადოებაში არსებული, თითქმის, ყველა მცირე ჯგუფის ინტერესიც კი. მეტიც: იმის გასარკვევად, თუ რისი ხილვა სურთ ეთერში ამ მცირე ჯგუფებს, სპეციალური კვლევებიც ტარდება. შედეგად, მივიღეთ ტელევიზია, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს უმცირესობის გემოვნების დაკმაყოფილებაზე და არა უმრავლესობის. რეიტინგი კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ მაშინაა მაღალი, როცა ბევრი მაყურებელი, ანუ უმრავლესობა გიყურებს… მაგრამ როგორ უნდა გიყუროს უმრავლესობამ, როცა გადაცემები უმცირესობაზეა გათვლილი? შედეგიც სახეზეა, მოსახლეობის უმრავლესობა მუდამ უკმაყოფილოა მაუწყებლით. მუდამ ისმის პრეტენზიები, რომ ამდენ ფულს ვიხდით და მაღალრეიტინგულ, ანუ ყურებად პროდუქტს ვერ ვიღებთ. უკმაყოფილო მაყურებლის შემოტევებისგან თავის დასაცავდ „საზმაუს“ შემქმნელებმა მოიგონეს შემდეგი ნარატივი: საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეიტინგი არ არის მთავარი(!). და მორჩა… სიმართლე გითხრათ, მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე არც ერთი ტელეკომპანია, არც კერძო და არც საზოგადოებრივი, სადაც ისე ხშირად იმეორებდნენ ამ ფრაზას, როგორც ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ერთი შეხედვით, ჩაკეტილი წრეა: უმრავლესობისთვის იმუშავებ, ყოველთვის დაგრჩება უკმაყოფილო უმცირესობა, სამაგიეროდ, გექნება რეიტინგი; უმცირესობისთვის შექმნი პროდუქციას და ყოველთვის დაგეჩაგრება უმრავლესობა, რომლის რისხვასაც ვერ გადაურჩები. ოქროს შუალედი ჯერ ვერავინ იპოვა. ყველასთვის მოსაწონი და ყველას გემოვნების დასაკმაყოფილებელი საეთერო ბადე ვერასდროს შეიქმნება.

ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა სასწრაფოდაა საჭირო. ბოლოს და ბოლოს, 40 მილიონით ხომ უნდა შევქმნათ როდესმე ყურებადი ტელევიზია, რომელიც მაყურებელს სხვა არხზე გადართვის სურვილს დაუკარგავს?!! ამისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი კი ტელევიზიას ნამდვილად აქვს. ესაა ადამიანური, უფრო ზუსტად, პროფესიონალური რესურსი. ამის მაგალითია ყველა სხვა მაღალრეიტინგული კერძო ტელეკომპანია. როგორ ფიქრობთ, სად გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ ის ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები, რეჟისორები, პროდიუსერები და წამყვანები, რომლებმაც მერე შექმნეს მაღალრეიტინგული „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და ა. შ.? თითქმის ყველამ საქმის კეთება, სწორედ, პირველ არხზე ისწავლა. ასე რომ, კარგი საზოგადოებრი მაუწყებლის შექმნა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა მივანდოთ, რომლებიც იქ მუშაობენ და რაც მთავარია, ხელის შემშლელები უნდა ჩამოვაშოროთ, რაც შეიძლება მალე!

ფაქტია, რომ შესაცვლელია  კონცეფციაც. მაუწყებლის მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ მან ვერ  გაამართლა. შესაცვლელია გენერალური დირექტორის არჩევის წესიც. სანამ მაუწყებელი ხელისუფლების კონტროლქვეშ იქნება და მის უფროსს მთავრობა დანიშნავს, არფერს ეშველება. იმის იმედად ყოფნა, რომ ოდესმე რომელიმე ხელისუფლება მიხვდება, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყველაფერი მისი საკუთრება არაა, შეუძლებელია. ეჭვი მაქვს, ამის ლოდინი დაუსრულებლად მოგვიწევს. ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის გარანტიები როგორც საკანონმდებლო, ისე საზოგადოებრივი კონტროლის დონეზეა ჩამოსაყალიბებელი. ასეთი ჩარევა წარმოუდგენელი უნდა იყოს და თუ ვინმე მაინც შეეცდება, უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს. დღეს ჩვენ უფრო მეტს ვნერვიულობთ ახალი გენდირექტორის შემოთავაზებულ გეგმაზე, ვიდრე იმაზე, რომ ეს გენდირექტორი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი,  მთავრობის პროტეჟეა და ხელისუფლება მარიონეტივით მართავს იმ ტელევიზიას, რომლის შესანახ ფულსაც საზოგადოებას ახდევინებს. ტელევიზიის ნერბისმიერი თანამშრომელი გეტყვით, რომ სამეურვეო საბჭო გასაუქმებელია, რადგან ამდენი წელია, მისი ფუნქცია ვერავინ გაიგო. რაც შეეხება გადაცემების დახურვას და მათ წითელ და მწვანე ზონებში შეყვანას, ეს, უბრალოდ, უნამუსობაა. ასეთი კრიტერიუმების ამოქმედება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც არხის კონცეფცია შეიცვლება და თანამშრომლებს რეიტინგული პროდუქციის შესაქმნელად შესაბამისი  პირობები შეექმნებათ.

და კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება  კამერების საყიდელი ფულის მოსაძიებლად. ყოველწლიურად,  მაუწყებლის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხელფასებში (დაახლოებით, 23 მილიონი ლარი) იხარჯება. ოღონდ არავის გეგონოთ, რომ თანამშრომლებს აქ მაღალი ხელფასები აქვთ. გახსოვთ, ალბათ, შარშან ამ დროს,  მაუწყებლის ჟურნალისტები ხუთასლარიან ხელფასებს რომ აპროტესტებდნენ. სამაგიეროდ 8-ათასლარიანი ხელფასები და მილიონიანი ბიუჯეტები აქვს საზმაუს მმართველ ელიტას; ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ რამდენიმე პროექტის ავტორს, რომლებიც, ასევე, წლებია, გადაცემებს ქმნიან, რომლებსაც არავინ უყურებს, მაგრამ მათზე მილიონები მაინც იხარჯება.

მაუწყებლისა და საკუთარი უფლებების დაცვას დღეს სამსახურიდან გასაყრელად გამზადებული თანამშრომლები ცდილობენ. მათი ერთიანად გაშვება არ გამოვიდა და ახლა ნაწილ-ნაწილ უპირებენ გაყრას. ამისთვის ბორდმა კვადრატული გეგმა წარმოადგინა, ხოლო გენდირექტორმა _ ფერადი. მთავარია, რომ არსი იგივეა: მაუწყებლის დანგრევის რეფორმა ჩაშვებულია. საეჭვოა, ამ ძალადობრივი გეგმის შეჩერება მხოლოდ თანამშრომლებმა შეძლონ. ისინი ჯერ პოლიტიკოსებს სთხოვენ, არ ჩაერიონ მათ ბრძოლაში, რათა საკითხის პოლიტიზება არ მოხდეს, მაგრამ როდემდე?!!  ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის, ასევე რადიოს დაპაუზება, პოლიტიკური პარტიებისთვის კატასტროფაა, ამიტომ მაუწყებლის გადარჩენისთვის მებრძოლი თანამშრომლები პოლიტიკისგან დისტანცირებას დიდხანს ვერ შეძლებენ.

ამასობაში კი მაუწყებელში გამოთავისუფლებულ ადგილებს მთელი GDშ-ი ელოდება. ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომლითაც ვასილ მაღლაფერიძე საზმაუში გამოგზავნეს, GDS-ის ყოფილი თანამშრომლებისთვის სამსახურის შოვნა იყო. რეფორმის გეგმაც შესაბამისი გახლდათ: მაუწყებლიდან უნდა გაეშვათ ათასი თანამშრომელი და მიეღოთ რამდენიმე ასეული GDS -ელი. „შესანიშნავი“ ოპტიმიზაცია იქნებოდა, მაგრამ, ზოგიერთის სამწუხაროდ, ყველაფერი ასე დალაგებულად არ მოხდა და GDშ-ის თანამშრომლებიც ისეთსავე ბედში აღმოჩნდნენ, როგორშიც ივანიშვილის მიერ აქამდე ორჯერ შექმნილი ტელევიზიის თანამშრომლები. გახსოვთ, ალბათ, „მე-9 არხი“, როცა 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ტელევიზიის სამასი თანამშრომელი სამსახურში მივიდა და ჭიშკარზე ბოქლომი დახვდა. არც ბოდიში და არც ნახვამდის არავის უთქვამს. მაშინ ივანიშვილმა თავისი ტელევიზიის აპარატურა „რუსთავი 2“-ს აჩუქა. მაშინ ბიძინა, მიშას ძმაკაცი იყო.

მეორედ ივანიშვილმა „მე-9 არხი“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნა და არჩევნების მერე მალევე დახურა, დაახლოებით, იგივე სტილით, როგორც პირველად. GDS -ის თანამშრომლების მიმართ ივანიშვილი გაცილებით ჰუმანური აღმოჩნდა, ალბათ, ბერას ფაქტორმა იმოქმედა (ბერა GDS-ის დამფუძნებელია), ამიტომაც, თავიდან, მათ დასასაქმებლად ვასიკოს დავალებაც კი მისცა. როგორც აღვნიშნეთ, ამ საქმიდან, ჯერჯერობით, არაფერი გამოდის და ბერას ტელევიზიის ყოფილ თანამშრომლებს უთხრეს, სამსახური თავად უნდა ეძებოთო… ხოლო თუ რამე გამოგვივა, მაუწყებელზე, დაგიძახებთო. მოკლედ, ამათაც იგივე დაემართათ, რაც ტრადიციულად ემართებათ ხოლმე ბიძინას ჟურნალისტებს.

მედიასთან მიმართებით ივანიშვილი ერთი ერთში გადის სააკაშვილის გზას. მიშა თავის მთავარ მტრად „იმედს“ მიჩნევდა. იმისთვის, რომ ძალიან რეიტინგული „იმედის“ გავლენა საზოგადოებაზე  როგორმე დაებალანსებინა, ახალ ტელევიზიებს ქმნიდა. შედეგად, ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფ საზოგადოებრივ მაუწყებელს, „რუსთავი 2“-სა და „მზეს“ დაემატა „პიკი“, „ალანია“ და „რეალ ტვ“. ყველა ეს ტელევიზია სრულიად გაუგებარი წყაროებით ფინანსდებოდა. მათი შენახვა, ძირითადად, დატერორებულ ბიზნესჯგუფებს ჰქონდათ შეწერილი, რომლებსაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს ახდევინებდნენ. რადგან „იმედის“ დანგრევის ერთ-ერთ გზად თანამშრომლების გადმობირება განიხილებოდა, ამიტომ „იმედში“ დროებით მომუშავე პრაქტიკანტებს, სხვაგან გადასვლის სანაცვლოდ, უფრო მეტ ხელფასს ჰპირდებოდნენ, ვიდრე წამყვან ჟურნალისტებს ჰქონდათ.

მოკლედ, ერთი „იმედის“ დასაბალანსებლად ექვსი სახელისუფლებო არხი და უზარმაზარი ფული მუშაობდა, მაგრამ შედეგი ნული აღმოჩნდა. ბოლოს, „იმედის“ გასაჩუმებლად ტელევიზიაში სპეცრაზმით შესვლა გახდა საჭირო. მას შემდეგ კი, რაც „იმედი“ ხელისუფლების ფერხულში ჩადგა, ამდენი ტელევიზიის შენახვას აზრი დაეკარგა, რადგან დასაბალანსებელი აღარაფერი დარჩა. ამიტომაც ზოგიერთი ამ ტელევიზიიდან საერთოდ დაიხურა, ზოგზეც კი ნიუსები დახურეს და ტაშ-ფანდურით ჩაანაცვლეს. ასეულობით ადამიანი ისევ უმუშევარი დარჩა.

ზუსტად იგივე სცენარი ვითარდება დღესაც. ბიძინას მთავარი პრობლემა „რუსთავი 2“-ია. მის დასაბალანსებლად იგი, ტრადიციულად, საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებს, რომლის ბოლო ორი თავმჯდომარე „ოცნების“ დანიშნულია; „იმედს“, რომელსაც მრავალმილიონიანი აპარატურა საჩუქრად უკვე გადასცა, „მაესტროს“, რომელსაც თავისი ნდობით ღჭურვილი ძმები გაჩეჩილაძეები ჩაუყენა სათავეში. დაბოლოს, „რუსთავის 2“-ის დასაბალანსებლად შექმნა, უკვე მერამდენედ, თავისი ტელევიზია GDS-ი. მაგრამ ისევე, როგორც მიშას შემთხვევაში, შედგი არის ნული. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ ჯერ ისევ ყარამანაშვილებისაა და ჯერ ისევ ოპოზიციურია, ფაქტია, რომ ბიძინამ დამაბალანსებელი ტელეკომპანიებისგან განთავისუფლება დაიწყო. იხურება GDS -ი, „მაესტრო“ შეერწყა „იმედს“, სამი წლით გაჩერებას უპირებენ საზმაუს. ყოველივე ეს ეჭვს აჩენს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელის ბედიც გადაწყვეტილია და მისი დაბალანსების საჭიროებაც მალე აღარ იარსებებს. შესაბამისად, ზედმეტი ხარჯებისგან განთავისუფლებაც შეიძლება.

როგორც გითხარით, ყველაფერი ერთი ერთშია. მალე ყველა ტელევიზია მხოლოდ იმას იტყვის, რაც ბიძინას სურს, მაგრამ რა ეშველება იმ კასრს, რომლიდანაც ორთქლი აღარ გამოვა?!. ის ხომ ისევ გასკდება და ადუღებული ემოციები ისევ ქუჩაში გადმოიღვრება? ამ ნიაღვარს კი, რომელიც ქართველ ერს არაერთხელ უნახავს, ვეღარაფერი აჩერებს, მათ შორის, ვეღარც ბევრი ნული საბანკო ანგარიშზე.

მოემზადეთ, წელს სერიოზული პროცესები დაიწყება.

 

დემნა ვეშაპიძე