საზღვართან საზღვრების გარეშე

მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვიახლოვდება. ის თავის საცეცებს უფრო და უფრო სწრაფად ამოძრავებს და ქართულ მიწას საზღვრებით მიჯნავს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული გამყოფი საოკუპაციო ხაზი საზღვრავს ბევრი გორელის წარსულს აწმყოსგან და კუთვნილ მიწას.

უკვე წლებია, მავთულხლართებშემოვლებულია ათასობით ადამიანის ფიქრები და ოცნებები მომავალზე, რამდენიმე კილომეტრში დააბოტებს ოკუპანტის ჩექმა.
სოფელი ხურვალეთი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ერთ-ერთია იმ უამრავ სოფელს შორის, რომელსაც აგვისტოს ომმა სამუდამოდ დაასვა დაღი და დამპყრობლის მავთულხლართებით შემოუსაზღვრა ტერიტორიები.
აქ დღემდე იგრძნობა ომის ქარცეცხლი. ნახევრად დაცარიელებულ სოფელს ხშირად აგუგუნებს ტანკებისა თუ იარაღის ხმა.
მარტოდ დარჩენილ მოხუცებს ერთადერთ იმედად ახლა თავშესაფარი ეგულებათ, რომელიც უკვე მეორე წელია, სოფელ ხურვალეთში ფუნქციონირებს და ბენეფიციარებს სხვადასხვა ტიპის სერვისს სთავაზობს.
ერთ მუშტად შეკრულ ხანდაზმულებს ნაკლებად აშინებთ რეალობა და ასე ახლოს მყოფი მტერიც, რომლის მოშვერილ ლულასაც სახლის კართან ახლოს გრძნობენ.
„სახლი საზღვრებს გარეშე“, _ სწორედ ამ სახელით წამოიწყო ახალი სოციალური ინიციატივა ქალბატონმა ლუდა სალიამ, რომელსაც რთული გზის გავლა მოუწია საბოლოო შედეგის მისაღებად.
თავად ქალბატონი ლუდას ისტორიაც ძალიან საინტერესოა.
ომი თან მდევსო, _ ასე აღწერს თავის ცხოვრებას და იმ სირთულეებზეც საუბრობს, რომელიც ამ საქმის წამოწყებას და შემდეგ განვითარებას თან ახლდა რუსულ საოკუპაციო ზოლთან ასე ახლოს.

„ქრონიკა+“ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლუდა სალიას ესაუბრება:

_ რატომ, მაინცდამაინც, „სახლი საზღვრებს გარეშე“? რა დატვირთვას აქვს ამ სახელს?
_ „სახლი საზღვრებს გარეშე“ ამ სახელში ბევრი რამ იგულისხმება. ყველაფერი დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგია.
ცოტა შორიდან უნდა დავიწყო: მე ვარ დევნილი სოხუმიდან, ისე კი ძალიან არ მიყვარს ამ სიტყვა „დევნილის“ გამოყენება, მაგრამ, სამწუხაროდ, მიწევს.
აფხაზეთი 28 სექტემბერს დავტოვე. აგუძერის სამხედრო ჰოპსიტალის უფროს ექთნად ვმუშაობდი. ჭუბერის უღელტეხილი, გოლგოთა გამოვიარე სხვებთან ერთად. ჭუბერის გზაზე საშინელებების მომსწრეს ფსიქიკა ისე შემერყა, მეგონა, უკვე გარდავიცვალე და ჯოჯოხეთში მოვხვდი. ადამიანი, თურმე, ყველაფერს უძლებს.
ომი თან მდევს. თბილისში ოჯახი შევქმენი. მეუღლე ქართლელია. ორი სოფელი გვქონდა, ერთი მეუღლის დედის _ ხურვალეთში, მეორე კი ახალგორის რაიონში _ ჯუკაანში, მეუღლის მამის სოფელია, რომელიც ხურვალეთს ესაზღვრება.
2008 წლის ომმა როგორც სხვებს, ისე ჩვენს ოჯახსაც აუნაზღაურებელი ზარალი მოაყენა: დავკარგეთ მამის სოფელი, მიწის ნაკვეთები, ხურვალეთი კი ოკუპანტმა შუაზე გაყო და მავთულხლართები გააბა.
სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სოფელში ცხოვრება ჩაკვდა, დაიცალა, დარჩნენ მხოლოდ ხანდაზმულები და შრომის უუნარონი. დიდი ხნის წვალების შემდეგ ხანდაზმულთა სახლი გავხსენი.
მინდოდა, მოვფერებოდი და გამემხნევებინა მარტოდ დარჩენილი მოხუცები. რადგან სოფელი ოკუპანტის მავთულხლართებმა შუაზე გაყო და საზღვარი გაგვივლო, სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავარქვი ეს სახელი თავშესაფარს:
„სახლი საზღვრებს გარეშე“. ეს ერთგვარი მესიჯია ოკუპანტის მიერ გავლებულ საზღვარს იქით დარჩენილი თანასოფლელებისთვისაც, რათა მათაც ჰქონდეთ ჩვენი დახმარების იმედი.
_ როგორი იყო თავშესაფრის შექმნისა და ამუშავების პროცესი?
_ სახლი, რომელშიც დღეს ხანდაზმულები ცხოვრობენ, ჩემს მეუღლეს დედისგან ერგო მემკვიდრეობით, ჩვენ კი ხანდაზმულებს გადავეცით სრულიად უსასყიდლოდ და საკმაოდ სოლიდური თანხაც გავიღეთ თანადაფინანსებისას. პროექტი დააფინანსა გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაიტერ სამარიტერ ბუნდმა“ (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ორგნიზაცია „აფხაზეთმა“.
_ რა კონკრეტულ სერვისებს სთავაზობთ თავშესაფრის ბენეფიციარებს?
_ თავშესაფარში დღეს 8 ხანდაზმული ირიცხება, ძირითადად, უსახალკაროები და დევნილები სამაჩაბლოდან. თავშესაფარი ოჯახური ტიპისაა, სრულიად თანამედროვე სტანდარტითა და კომფორტით. გვაქვს ოთხჯერადი კვება, სამედიცინო მომსახურება, 24-საათიანი მოვლა, მზარეული, დამლაგებელი.
დასაქმებული თანამშრომლების ძირითადი ნაწილი სამაჩაბლოდან დევნილია. ისინი ხურვალეთის დევნილთა ჩასახლების კოტეჯებში ცხოვრობენ. რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებიც დავასაქმე. სულ 16 თანამშრომელი გვყავს თავშესაფარში.
გარდა ხანდაზმულთა სახლის 8 მოხუცისა, „შინ მოვლის“ სერვისით სოფლებს ვემსახურებით და 45 ბენეფიციარი გვყავს, რომელთანაც გადამზადებული მობილური ჯგუფი მიდის სახლებში და პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. ეს პროექტი გორის მერიამ დააფინანსა.
_ რა პრობლემებს გიქმნით ის ფაქტი, რომ სახლი საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს?
_ ის, რომ თავშესაფარი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს, პრობლემას ჩვენთვის არ წარმოადგენს, პირიქით, რუს ოკუპანტებს მოსვენება დავუკარგეთ, თვალში ვეჩხირებით. რამდენი სტუმარიც ჩამოდის, ყველა მავთულხლართებთან მიმყავს და შუაში გაყოფილ სოფელს ნახულობენ. ე. წ. მესაზღვრეები ამ ყველაფერს უყურებენ და არ მოსწონთ.
ბევრმა ვიზიტორმა გაიცნო და ნახა ჩვენი სოფელი, ევროპიდან და აშშ-დანაც უამრავი ადამიანი გვესტუმრა.
პრობლემებს, ძირითადად, ჩვენი პოლიცია მიქმნის, _ საზღვართან ახლოს მისვლის უფლებას არ მაძლევს, რუსებს ნუ გააღიზიანებთო.
დეკემბერში ჩემი მზარეული გაიტაცეს თავისი ნკვეთიდან. უთხრეს, მავთულხლართებიდან 15 მეტრში მოახლოება გეკრძალება და ამიტომ დაგიჭირეთო. თვითონ რუსები და ოსები ერთად პატრულირებენ და ყოველდღე არღვევენ საზღვარს, მაგრამ მათი ხელშემშლელი არავინაა.
რაც შეეხება ხანდაზმულებს, მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ახლობლები ან იშვითად აკითხავენ, ან საერთოდ არ მოდიან. ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. მოხუცებს სტუმრების მოსვლა ახარებთ და ართობთ.
როცა საპროექტო გრანტი გასული წლის დეკემბერს ამოიწურა, თავშესაფრის დახურვის საშიშროების წინაშე დავდექით. ავტეხეთ განგაში, რამაც გამაოგნებელი შედეგი გამოიღო. მთელი საქართველო ჩვენ დასახმარებლად დაიძრა, უბრალო რიგითი ადამიანით, ბიზნესმენებით დაწყებული, პრეზიდენტის მოსვლით დაგვირგვინებული. ყველას ვერ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს. მოკლედ, დახურვას გადავრჩით და არსებობას ვაგრძელებთ.
_ სახელმწიფო თქვენი პრობლემებით ინტერესდება?
_ არ მიყვარს არც ერთი ხელისუფლების ქება. ყველა ხელისუფლებას ოპოზიციში ვუდგავარ ხოლმე, მაგრამ ბოლო თვეებში რა ყურადღებაც საზღვრისპირა სოფელში მდებარე ხანდაზმულთა სახლის მიმართ გამოიჩინეს, ამას ვერ დავუკარგავთ.
კონფლიქტების დარეგულირების მინისტრ ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილის სტუმრობა ჩვენი ხანდაზმულებისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. მან ექიმ სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოიყვანა და მოხუცებს ადგილზე ჩაუტარდათ ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები. „ავერსის“ კლინიკამ მედიკამენტებით მოგვამარაგა. მოკლედ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
_ როგორია ადგილობრივების დამოკიდებულება თქვენი საქმიანობის მიმართ?
_ ფრიად დადებითი! მეუბნებიან, ჩვენი არსებობის შესახებ არავინ იცოდა და რაც ეს სახლი გახსენი, ყველამ გაგვიცნოო. ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს.
სოფელი ღარიბია, არ არის წყალი, გზაც ბოლომდე არაა გაკეთებული, საძოვრები და სახნავი მიწები წართმეულია, უჭირთ. მიუხედავად ამისა, ზოგი რძეს მომაწვდის ხოლმე მოხუცებისთვის, ზოგი _ ყველს. ჩვენც ვუმართავთ ხელს. ამ ზამთარს უამრავი სურსათ-სანოვაგე დაგროვდა შემოწირულობებით, სოფლებში ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებს დავურიგეთ, ძალიან გვემადლიერებიან.
_ რა გაძლევთ ძალას ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის?
_ სრული გულწრფელობით გეტყვით, რომ ძნელია აქ ყოფნა, ყველანაირი გაგებით.
რთულია ყოველდღე უყურო, თუ როგორ გადაადგილდება შენ თვალწინ ოკუპანტი, რომელსაც არავინ და არაფერი შეუშლის ხელს, თუ მოინდომა, რომ ზიანი მოგაყენოს.
მენახირეებსა და მიწის დასამუშავებლად გამოსულ მოსახლეობას ხშირად იტაცებენ. შიშისა და დაუცველობის შეგრძნებაა, ბედის ანაბარად დარჩენილები ვართ. ჟურნალისტებთან საუბარსაც კი ერიდებიან სოფლელები, იქნებ ღამე შემოვარდეს რუსიო… წარმოგიდგენიათ, ღიმილს ვერ დაინახავ მათ სახეებზე.
მაძლებინებს უბრალო, რიგითი ადამიანების თანადგომა! მაძლებინებს იმედი იმისა, რომ ოდესმე საქართველო გაერთიანდება და დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ.
მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც კი ხელი გაგვიმართა, ჩამოვიდა და გაგვამხნევა, გვერდით დაგვიდგა.

ანა ურუშაძე