სად და როგორ აღნიშნავენ ცნობილი ქართველები ახალ 2022 წელს?!

გიორგი საკარული

ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი, მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებითა და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე. ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი.

ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის, ძირითადად, ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება, ქართველების საყვარელი ტკბილეულია. ისეთი ტრადიციული კერძები და ტკბილეული, როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი, აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის, თუმცა დროთა განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კერძების აუცილებლობა სუფრაზე ძირძველი ტრადიციაა და არა _ აუცილებლობა. ზოგიც ამ ყოველივეს ღრეობად მიიჩნევს და შემოიფარგლება მხოლოდ სიმბოლურად ტკბილეულით.

წელს, ისევე როგორც შარშან, კორონაპანდემიის დროს, შეიცვალა მსოფლიო დღის წესრიგი. შესაბამისად, გამკაცრებული შეზღუდვების გამო, მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით მოუწევს, გაცილებით მოკრძალებულად აღნიშნოს წლის ეს უმნიშვნელოვანესი დღე, ვიდრე ამას წლების წინათ აკეთებდა.

„ქრონიკა+“-მა წლის ბოლო ნომრისთვის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები ჩაწერა. სად და როგორ ხვდებიან ისინი ახალ 2022 წელს? როგორი იყო მათთვის 2021 წელი და რას ელიან ახალი 2022 წლისგან? ამას ჩვენი დღევანდელი რესპონდენტებისგან შეიტყობთ.

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ბატონო გია, როგორ ხვდებით ახალი წლის დღესასწაულს?

_ ტრადიციულად ოჯახი ვხვდებით ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ახალ წელს, როგორც წესი, ერთად ვხვდებით ხოლმე. კოვიდის ფონზე, მაინცდამაინც, როგორც იტყვიან: „ფეხს ვერ გაშლი“, _ ოჯახში შევხვდებით სამი თაობა.

_ რასთან ასოცირდება თქვენთვის ეს დღესასწაული?

_ ზოგადად, ეს ასოცირდება გარდატეხასთან, სიახლესთან, პოზიტივთან. კარგ ხასიათზე ხარ, პოზიტიური მოლოდინები გაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ რაც უფრო დრო გადის, უკეთესის მოლოდინები სულ უფრო და უფრო სევდანარევი ხდება. ერთია ის, რომ ჩვენს ოჯახში პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ვცდილობთ, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უფლება არ მაქვს, რეალობას თვალი არ გავუსწორო და, სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს ვიტყვი. ეს წელი ძალიან მძიმე იყო. სრული დეგრადაცია მოხდა, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2022 წელი, როგორც ჩანს, იქნება არანაკლებ რთული, თუ უარესი არა, რადგან ძალიან აქტიურად შემოდის საგარეო საფრთხეებიც. ვხედავთ, რომ რუსეთი გადამწყვეტ შეტევაზეა გადასული, ასე რომ, სამწუხაროდ, მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განმსჭვალული.

_ უკვე მეორე ახალ წელს ვხვდებით კოვიდპანდემიის პირობებში. რა შეიცვალა ამ თვალსაზრისით?

_ ახალი წლის ზეიმის თვალსაზრისით ჩემს ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ისედაც ოჯახურ გარემოში ვხვდებოდით ყოველთვის. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ახალი წლის შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდები გასართობ ადგილებში მიდიოდნენ, ალბათ, წელს ეს არ იქნება. დანარჩენი, საკუთრივ ზეიმის აღნიშვნის მხრივ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, თუმცა სამყარო რადიკალურად შეიცვალა. ჩვენს ოჯახს ხმაურიანი აღნიშვნები ისედაც არასდროს გვქონდა.

_ განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ?

_ განსაკუთრებული არაფერი, ვცდილობთ, რომ სახლში ნაკლები სამზადისი გვქონდეს. მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში ეს არ არის რთული, რადგან შესაძლებელია, საახალწლო სუფრა გამზადებული მოიტანო ან ნახევარფაბრიკატის სახით მაინც. ასე რომ, განსაკუთრებული სამზადისი არ გვაქვს. არ ვამძიმებთ სუფრას, ქართულ ტრადიციულ საახალწლო სუფრას არ ვშლით. ახალი წლის პირობებში, როგორ წესი, არის „იჟოგა“, დამძიმება და 3-4 დღეში ყველა ამბობს, ცუდად ვარო, _ ამაში ლოგიკას ვერასდროს ვხედავდი. რატომ უნდა დაიტვირთო თავი ისე, რომ ბევრი გოჭი ჭამო და შემდეგ არც ახალი წელი გიხაროდეს და არც არაფერი? ამიტომ ვცდილობთ, მსუბუქი სუფრა გვქონდეს, _ იმდენი, რამდენიც გვჭირდება. დაუგეგმავი სტუმარი ამ კოვიდვითარებაში ვერ მოვა. ვიცით, ვინ უნდა მოვიდეს. შესაბამისად, ჩვენი საახალწლო სუფრის ზომა ამის ადეკვატური უნდა იყოს. უარს ვამბობთ განსაკუთრებულად მძიმე საკვებზე, როგორიც არის, მაგალითად, საცივი.

_ რას უსურვებთ საქართველოს მოქალაქეებს?

_ ადამიანისთვის ორი ძირითადი ფასეულობა არსებობს: თავისუფლება და კეთილდღეობა. ეს ყველაფერი სამართლიანობის ბაზაზე ხდება. ამას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს. სამწუხაროდ, უახლესი ისტორია ისე მიდის, რომ ვერ მივაღწიეთ ძირითად ღირებულებებს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთან ეს დროც დადგება. კეთილდღეობასა და თავისუფლებას ვუსურვებ ყველას, რაც საახალწლო განწყობასაც უკავშირდება. თქვენ და „ქრონიკა+“-საც წარმატებას გისურვებთ.

ნატუკა გულისაშვილისთვის 2021 წელი, ისევე როგორც ძალიან ბევრისთვის, მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა. მსახიობს გარდაეცვლა დედა და ოჯახის ოთხფეხა მეგობარი ძაღლი, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, ბევრი პოზიტიური ცვლილებაც მოხდა ამ წელს.

ნატუკა გულისაშვილი, მსახიობი:

_ ეს წელი ჩემთვის ძალიან რთული და ცუდი იყო. მინდა გითხრათ, რომ ერთი სული მაქვს, მალე დამთავრდეს. ზოგადად, ცუდი როცა არის, იქ კარგი აუცილებლად ხდება. არ შემიძლია არ ვთქვა ის, რომ ამ წლის ბოლოს კარგი ამბებიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. კერძოდ, ტელეკომპანია „მაესტროზე“ დავიწყე გადაცემა და ამით ვარ ძალიან ბედნიერი. მტკივნეული წელი იყო, მაგრამ მგონია, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. ყოველთვის ვხუმრობ, რომ სკოლაში ბევრი ორიანი მყავდა და ბედნიერი ვიყავი-მეთქი და 2022 წელშიც ბევრი ორიანია და ამიტომ ვიმედოვნებ, ბედნიერი ვიქნები.

_ როგორი მოლოდინი გაქვთ ახალი 2022 წლისგან?

_ ამ პანდემიამ ძალიან დაგვსტრესა, ერთმანეთთან დაგვაშორა და რაღაცნაირად აგრესიულები გაგვხადა და როცა ცუდი პერიოდი გვაქვს, მაშინ ვაფასებთ ადამიანს, სიცოცხლესა და ურთიერთობას. ახლა მგონია, რომ ყველა განსაკუთრებულად ველოდებით 2022 წელს და ვფიქრობ, ის იქნება უფრო მშვიდი და გარდამტეხი.

_ გიყვართ ახალი წელი?

_ სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს და გეტყვით, რატომ: ის, რომ მაინცდამაინც 31-ში უნდა გაუკეთო ადამიანს საჩუქარი, უნდა გაახარო და ა. შ., არ მესმის, რადგან ხომ შეიძლება, რომ ადამიანი გაახარო ნებისმიერ დროს, აჩუქო საჩუქარი, მაგალითად, 11 ნოემბერს და ხომ შეიძლება, რომ წელიწადის ნესბიმიერ დროს უფრო მეტად კეთილები ვიყოთ, მეტი პატივისცემა და სიკეთე გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ და კიდევ მაქვს ძალიან დიდი პროტესტი ქართული საახალწლო სუფრის მიმართ. ჩემში პროტესტს იწვევს თუნდაც ის, რომ აი, მეზობელი რას იტყვის, თუ გოჭის ხორცი, პირობითად, არ გვექნება სუფრაზე, თორემ მთლიანობაში მიყვარს ახალი წელი, რადგან ზეიმია, თუმცა იგივე განწყობა შეგვიძლია გვქონდეს წელიწადის ნებისმიერ დღეს, იგივე იმედი გვქონდეს ყოველდღე. მე ასე ვცხოვრობ. ეს მძიმე წელი კიდევ ერთი მაგალითია ჩემთვის, რომ უფრო ძლიერად ვიყო, იმედით და რწმენით.

_ რა დოზით ერთვებით წინასაახალწლო სამზადისში, თუ გაქვთ ე. წ. ოჯახური ტრადიცია?

_ ჩემთან სახლში იყო ასეთი ტრადიცია: გოზინაყს 31 დეკემბერს ყოველთვის აკეთებდა დედა, ბარბარობას ვდგამდით ნაძვის ხეს და წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი, როცა დედა აღარ მყავს და პირველად მომიწევს გოზინაყის გაკეთება. ასევე ტრადიციაა, რომ ჩვენვე ვართ ჩვენი ოჯახის მეკვლეები, გავდივართ და შემოვდივართ სახლში და პირველ იანვარს მთელი სანათესავო ვიკრიბებით მამიდაჩემის სახლში.

_ დედის ტრადიციას გააგრძელებთ?

_ აუცილებლად! ეს ტრადიცია გვაქვს ოდითგარნვე.

მომღერალ ნინო ჩხეიძეს ძალიან უყვარს ახალი წელი. ის 2020 წლის მადლიერია, რადგან სწორედ ამ წელს არაერთი სასიამოვნო პროექტი განახორციელა და ერთწლიანი ჩაკეტილობის შემდეგ პირველად ჰქონდა საზღვარგარეთ გასტროლები, რომელმაც ასევე წარმატებით ჩაიარა.

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

_ 2020 წელი, ნაწილობრივ, კარგიც იყო და ცუდიც. ცუდი იმ მხრივ, რომ კორონა გადავიტანე, პანდემიაა მთელ მსოფლიოში და ბევრი სანერვიულო შეგვხვდა ყველას, თუმცა იყო ბევრი პოზიტიური დღეებიც. „იუთუბმა“ ვერცხლის მონეტა მომანიჭა, რამდენიმე ვიდეორგოლი გადავიღე, ახალი სიმღერები ჩავწერე, ამ წელს პირველად წავედი საზღვარგარეთ გასტროლით და მქონდა რამდენიმე კონცერტი. წინა წელს თუ სახლში ჩამჯდარი ვიყავი, წელს ამ მხრივ ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ, რეიტინგი მაღალი მაქვს: ყველა გადაცემაში მიწვევდნენ და საახალწლო ჩაწერები იყო, ანუ აქტიური პერიოდი მქონდა.

_ რამდენად გიყვართ ახალი წელი და, ზოგადად, რას ელით მისგან?

_ ძალიან მიყვარს ახალი წელი, თვითონ მზადება და ფუსფუსი მიყვარს. გაგიკვირდებათ და წელს ნაძვის ხე არ ავაწყვე, დედაჩემმა მთხოვა და მას ავუწყვე.

_ რატომ?

_ არ ვიცი, რაღაცნაირად, ხალისი არ მქონდა. შეიძლება, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ მოვაბი თავი.

_ გაქვთ წინასაახალწლო ტრადიცია, რასაც ყოველ წელს აკეთებთ ხოლმე?

_ ასე გამორჩეული არაფერი მაქვს.

_ გოზინაყს არ აკეთებთ?

_ გოზინაყს აკეთებდა ბებიაჩემი და ახლა დედაჩემი აკეთებს ხოლმე, მაგრამ სადაც არ უნდა შევხვდე ახალ წელს, გოზინაყი ყოველთვის მიმაქვს.

_ ახალ 2022 წელს სად ხვდებით? კონცერტი გაქვთ?

_ კონცერტი არ მაქვს. წელს გადავწყვიტე, რომ სახლში შევხვდე მეგობრებთან ერთად.

_ როგორი მოლოდინი გაქვთ?

_ მე ყოველდღე ახალსა და უკეთესს ველი. ერთადერთი ვიცი, რომ ახალი წლის ღამეს უნდა ვიყოთ ამაღლებულ განწყობაზე, გამოპრანჭულები და 31-ში მთავრდება ახალი წლის მოლოდინი. ყოველდღე ვცდილობ, რომ პოზიტიურად და იმედიანად ვიყო.

მსახიობ თამარ მაყაშვილისთვის 2020 წელი, სხვა წლებისგან განსხვავებით, გაცილებით პროდუქტიული აღმოჩნდა. მან ოცნება აისრულა და ექსკლუზიურად პირველად „ქრონიკა+“-ს უამბო.

თამარ მაყაშვილი, მსახიობი:

_ 2021 წელს ჯანმრთელობის მხრივ ცოტა პრობლემები მქონდა, მერე, მოგეხსენებათ, ავდექი, შემოვუძახე საკუთარ თავს და მოვღონიერდი. მუშაობის კუთხით არაფერი ყოფილა. მერე რუსომ გააჩინა მეორე ბავშვი კატო და ჩვენს ოჯახში კიდევ ახალი სიცოცხლე შემოვიდა, მეტი სიხალისე შემოიტანა. როგორც მამაჩემი იტყოდა, ბავშვი სახლში არასოდეს უნდა ილეოდესო. რაც შეეხება პანდემიას, სიმართლე გითხრათ, დიდად არ შევუწუხებივარ. ვიყავი ძალიან ჩვეულებრივად და კარგად. პანიკური შიშები არასდროს მქონია.

პროდუქტიული იყო ეს წელი იმით, რომ ჩემმა მეუღლე გიომ, რომელიც წლების განმავლობაში იყო უმუშევარი, ახლახან მუშაობა დაიწყო და კმაყოფილი და ბედნიერია. ახლა კიდევ ერთ ექსკლუზივს გეტყვით:

ამიხდა ოცნება და პირველი დეკემბრიდან გავხდი ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი. ამ ქალაქზე, ხალხზე, გარემოზე ვგიჟდები და ბედნიერი ვარ, რომ ბათუმის თეატრის მსახიობად დავიწყე მუშაობა. დაე, ამ წელს, რომელიც მოდის, მინდა, ბევრი რამ ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, მაყურებლისთვის და მსმენელისთვის.

_ ახალ წელს სად ხვდებით?

_ სახლში. მე ტრადიციას ვაგრძელებ და, რასაკვირველია, მუქი ფერის გოზინაყს გავაკეთებ, ასევე ძირითადად ტკბილი სუფრით შემოვიფარგლები. მაყაშვილების ტრადიცია უფრო 14 იანვარია და წელსაც მინდა, რომ გავშალო სუფრ,ა თავისი გიტარითა და ტაშ-ფანდურით შევეგებო ახალ 2022 წელს.

_ როგორც ამბობენ, „სურვილების ასრულების წელი იქნებაო“ და ამ სიტყვებს ყველა ვიმეორებთ. ეს სიტყვები არის ასევე ძალიან ლამაზ სიმღერაში. თქვენ თუ გაქვთ საახალწლო რიტუალი და 12 საათის დადგომისთანავე სურვილს თუ ჩაუთქვამთ ხოლმე?

_ ცრურწმენების არ მჯერა. რუსომ იცოდა ხოლმე, რომ ხან თაბახის ფურცლებს გვაჭმევდა, ხან მაგიდის ქვეშ გვაძრომიალებდა ხოლმე და ასეთ რაღაცებს არ ვაქცევ ყურადღებას. დილას რომ გაიღვიძებ, ნუ გაირთულებ ცხოვრებას, იცხოვრე მარტივად და ყოველდღე ჩაუთქვი კარგი სურვილები, ამას არ სჭირდება 12 საათი და მაინცდამაინც ახალი წლის მოსვლა. 

_ მეკვლე ვინ არის?

_ რომელიც პირველი მოვა სახლში.

_ რა მოლოდინი გაქვთ ვეფხვის წელიწადისგან?

_ რა გითხრა, _ ვეფხვი და მორიელი სახლში მყავს და რუსოს წელი მოდის. მოლოდინი მაქვს, რომ უფრო კარგი წელი იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და მინდა, უფრო წინ წავიდეს თითოეული ჩვენგანის საქმიანობა. ბევრი კარგი როლი მქონდეს და ვიყო პროდუქტიული.

სხვებისგან განსხვავებით პარტია „დროს“ ერთ-ერთ ლიდერ ნინო გოგუაძეს დიდი სამზადისი არ აქვს. ის 2020 წელს პოლიტიკურად და არამარტო მძიმედ აფასებს და დიდი წინასაახალწლო განწყობაც არ აქვს იმის გათვალისწინებით, რომ გარეთ მისი კოლეგები და თანამებრძოლები შიმშილობენ.

ნინო გოგუაძე, პოლიტიკოსი:

_ ქალბატონო ნინო, რას უკავშირდება თქვენთვის ახალი წელი?

_ ახალი წელი ყოველთვის უკავშირდება განახლებას, ოპტიმიზმს. ყველა ადამიანი საკუთარ ოჯახში ხვდება, ალბათ, და ეს არის ყველაზე ნათელი ზეიმი, რაც ბავშვობიდან მოგვყვება.

_ როგორი იყო თქვენთვის 2021 წელი?

_ სიმართლე გითხრათ, ალბათ, ეს წელი მძიმე იყო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ამ პანდემიის, სოციალური პირობების გაუარესებისა და გაჭირვების ფონზე; გარდა ამისა, განუწყვეტელი პოლიტიკური კრიზისის, 5-6 ივლისის მოვლენების, უკანონო მოსმენების, ძალაუფლების მიტაცებისა და არჩევნების გაუქმების, მუდმივი კრიზისის ფონზე. ახლა ადამიანები ამ სიცივეში კარავში შიმშილობენ, მნიშვნელობა არ აქვ,ს მათ მოთხოვნას ეთანხმები თუ არა. შეუძლებელია, მათ სოლიდარობა და თანადგომა არ გამოუცხადო და არ შეხვიდე მათ მდგომარეობაში. საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე შიმშილობენ, ამიტომ ეს წელი ჩემთვის იყო ძალიან მძიმე და იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი სულ გვაქვს და მუდამ უნდა გვქონდეს, სანამ ცოცხლები ვართ.

_ როგორ ხვდებით ახალ წელს, განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ?

_ განსაკუთრებულად არ ვხვდები, ჩვეულებრივად ვხვდები, ჩემი შვილი და შვილიშვილი საქართველოში არ არიან, ამიტომ დედაჩემთან და ჩემი დის ოჯახთან ერთად ვხვდები. ასე რომ, ახალი წლის მაინც ოჯახური, ტრადიციული შეხვედრა გვექნება. რომ გითხრათ, ამაღლებული განწყობა მაქვს და ვგრძნობ ახალი წლის მოსვლას-მეთქი, ასე არ არის, ყველა იმ მიზეზის გამო, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ ცხოვრება მიდის, ახალ წელს შევხვდებით და შემდეგ გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის. განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, ოჯახის წევრები ერთმანეთს ვუკეთებთ საჩუქრებს.

_ საახალწლო სამზადისში თუ ხართ ჩართული?

_ რადგან მე ჩემი დის ოჯახში ვხვდები წელს ახალ წელს, დიდი სამზადისი არ მაქვს. არც ხალისი მაქვს, მაინცდამაინც, თუმცა აუცილებლად მივეხმარები გოზინაყის ნიგვზის დაჭრაში.

_ რას უსურვებთ საქართველოს?

_ საქართველოს ვუსურვებ, რომ იყოს წარმატებული, ლაღი ადამიანების ქვეყანა, სადაც სახელმწიფო შეასრულებს თავის ფუნქციას და დაიცავს ადამიანის უფლებებს, სადაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. ახლა ბევრს საუბრობენ ეროვნულ თანხმობაზე. დიახ, უნდა იყოს თანხმობა, მაგრამ თანხმობას სწორედ განსაზღვრავს კონსტიტუცია და კანონები. კონსტიტუცია არის თანხმობის მთავარი დოკუმენტი, ამიტომ უნდა სრულდებოდეს კანონი და კონსტიტუცია.

სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, სიტყვის თავისუფლება შეუზღუდავი და რაც მთავარია, ადამიანები უნდა აზროვნებდნენ თავისუფლად, ასევე მოქმედებდნენ თავისუფლად. ჰქონდეთ სამართლებრივი სახელმწიფო, რაც დაარეგულირებს სწორედ თანაცხოვრებას და იქნება თანხმობა.

რა თქმა უნდა, ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას ამ ურთულეს პანდემიურ პერიოდში და ბედნიერებას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა და არ შეიძლება, იგი გადავაქციოთ ტერიტორიად, რომელიც იქნება ვიღაცის ძალაუფლების განხორციელების ასპარეზი. ასე რომ, ჩემს ქვეყანას ვუსურვებ, იყოს ევროპული ტიპის, კეთილდღეობაში მცხოვრები, ლაღი ადამიანების ქვეყანა.