სად გაქრა 12-13 მარტის ჩანაწერები?!

2017 წლის 13 მარტს თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემი შვილი, დავით ხარშილაძე, დააკავეს. მას შს სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. სპეცოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი. სწორედ მისი მანქანიდან გადმოიტანა ზურაბ ვასაძემ ის ორი პაკეტი, რომელიც ჩემს შვილს ქურთუკის ჯიბეში ჩაუდეს.

განსაკუთრებული აგრესიულობით მისი მისამართით არჩილ ოქრუაშვილი და მიხეილ ჩივიაშვილი გამოირჩეოდნენ. არჩილ ოქრუაშვილი ვენიდან ტანსაცმლის ქურდობის გამო დაადეპორტეს. მან ნაცემ და მიწაზე დაგდებულ დავით ხარშილაძეს საკუთარი მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტოსურათი გადაუღო, სავარაუდოდ, რომელიმე ზემდგომი პირისთვის გასაგზავნად. არჩილ ოქრუაშვილი იყო ის პირი, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით ცინიკურად, ბილწი სიტყვებით მიმართავდა და შეურაცხყოფდა ჩემს შვილს, ხოლო მიხეილ ჩივიაშვილი მოგვიანებით ცდილობდა, გავლენა მოეხდინა ექიმ ნარკოლოგზე, რომელიც ნარკოტესტს ატარებდა.

ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობაში მიყვანილ ჩემს შვილს სამი საათის განმავლობაში აიძულებდნენ ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული, მას არ ჰქონდა ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან დაკავშირების საშუალება. სამი საათის შემდეგ სამმართველოს შენობასთან მისული ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა ჯერ მოატყუა, მერე კი ტელეფონი საერთოდ გათიშა. სწორედ ამ პერიოდში პოლიცია ცდილობდა, ჩემს შვილს ნარკოტესტი ჩაებარებინა, რაზეც ის ადვოკატის მისვლამდე უარს აცხადებდა. ადვოკატ არჩილ ჩუბინიძესთან შეხვედრის შემდეგ დავით ხარშილაძემ ნებაყოფლობით ჩააბარა ანალიზი ნარკოტესტისთვის და ასევე აიღო დნმ-ის ნიმუში.

ჩემი შვილის ნარკოლოგიურ შემოწმებას ათზე მეტი პოლიციელი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატი და პროკურორი ესწრებოდა.

კლინიკური შემოწმებით დადგინდა, რომ დავით ხარშილაძე ნარკოლოგიური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა, იგივე შედეგი აჩვენა ნარკოტესტმა ცხრაგზის შემოწმების შემდეგ. პოლიციელები, რომლებიც ამ პროცესს ესწრებოდნენ, კონკრეტულად არჩილ ოქრუაშვილი და მიხეილ ჩივიაშვილი, ადგილზევე ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ ექსპერტზე, სისტემატურად ეუბნებოდნენ მას, _ როგორ, ნარკოტესტი ბიოსაც არ აჩვენებს? ბიოს „ამოსვლა“ მხოლოდ იმიტომ ესაჭიროებოდათ, რომ ჩემი შვილისთვის ჩადებული ორი პაკეტი სწორედ ბიო იყო. ექსპერტმა პოლიციელების დაკვეთა ადგილზე ვერ შეასრულა, რადგან იქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი და პროკურორი იმყოფებოდა. სამაგიეროდ, საეჭვოდ მიიჩნია რაღაც ერთი ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ გვერდით ოთახში საკუთარ თავს გადაუგზავნა. ჩემი შვილის განმარტებით, სწორედ დაკავების შემდეგ შეუცვალეს მას ერთი პაკეტი ფხვნილი სუბუტექსის აბებით და, შესაბამისად, მეორე თუ მესამე დღეს ლაბორატორიულმა კვლევამ „დაამთხვია“, რომ ანალიზით მას ბუპრენორფინის მოხმარებაც დაუდგინდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა შეადგინა. მას, ცხადია, არ ეთანხმება ჩემი შვილი დავით ხარშილაძე. გლდანის ციხეში შესვლამდე ქუმელაშვილი რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა ადვოკატ არჩილ ჩუბინიძეს. ისინი ერთად შეხვდნენ საპყრობილეში დაკავებულს, მაგრამ ქუმელაშვილს მის მიერ შედგენილ ოქმში ადვოკატი ნახსენები საერთოდ არ ჰყავს. სასამართლო პროცესზე როცა ადვოკატმა მას შეკითხვა დაუსვა, ქუმელაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ მან დაკავებულს საკუთარი უფლებები ადგილზე განუმარტა, მაგრამ ადვოკატის კითხვაზე, _ უფლებების განმარტების შემდეგ დავით ხარშილაძემ ადვოკატის მომსახურებაზე თუ უარი თქვა, სად არის ოქმში შესაბამისი ჩანაწერიო? ქუმელაშვილს პასუხი აღარ ჰქონდა. ისევე, როგორც უპასუხოდ დატოვა კითხვა, _ რატომ არ მოხვდა არჩილ ჩუბინიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მოწმის სტატუსით მაინც?

ზოგადად, ზურაბ ქუმელაშვილი ერთობ უცნაური ადამიანია, ის სასამართლოს შენობაში ხან ფარულად უღებს ფოტოებს „ქრონიკა+“-ის თანამშრომლებს, ხანაც პროცესის მერე მანქანით „ეგონკავება“ ჩემი ოჯახის წევრებს. მას არ ახსოვს, ესწრებოდა თუ არა თავად ჩემი შვილის ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამაგიეროდ, კარგად ახსოვს, რომ შემოწმებას ნამდვილად ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და პროკურორი.

რატომ არ ფიგურირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში დავით ხარშილაძის ადვოკატი, ეს მოგვიანებით გაირკვა. 2017 წლის 20 აპრილს ზურაბ ქუმელაშვილმა ისე გაიყვანა გლდანის ციხიდან ჩემი შვილი, რომ მისი ადვოკატებისთვის არაფერი უცნობებია. ეს ფაქტი სრულიად შემთხვევით ჩემი შვილის სანახავად მისულმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ შეიტყო. ვერც ერთი ადვოკატი სასამართლო პროცესზე მისვლას ვერ ასწრებდა, ამიტომ ჩემს შვილს თავად მოუხდა საკუთარი თავის დაცვა. ზურაბ ქუმელაშვილის ამოცანა მარტივი იყო, _ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძეს ზედმეტი ხმაურის გარეშე დამნაშავედ ეცნო ჩემი შვილი ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე და იგი ადმინისტრაციულად დაეჯარიმებინა. მაგრამ მოსამართლემ გაითვალისწინა ჩემი შვილის ორივე მოთხოვნა, მას ადვოკატის გამოძახების საშუალება მისცა და ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, მომდევნო სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეული ყოფილიყო ექსპერტი ლევან ელოშვილი.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დავით ხარშილაძის საკნიდან ჩუმად გაყვანის ფაქტის შესახებ მედიით შეიტყო. რაც შეეხება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო მოხმარების ფაქტს, უჩა ნანუაშვილის თქმით ხარშილაძისთვის პირველად ჩატარებულმა შემოწმებამ ნარკოტიკების ზემოქმედება არ აჩვენა.

სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა ექსპერტმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა ლაბორატორიული შემოწმების დროსთან და აუცილებლობასთან დაკავშირებით. ლევან ელოშვილი ვერ აკონკრეტებს, რა მიზეზის გამო დანიშნა მან დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება, როცა დავით ხარშილაძეს არც კლინიკურად, არც ნარკოტესტით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდგინდა. ასევე ვერ განმარტა, სად და ვის მიერ გაიხსნა ლაბორატორიული შემოწმებისთვის დალუქული ხარშილაძის ბიოლოგიური მასალა და სად გაქრა ლუქზე ადვოკატ არჩილ ჩუბინიძის ხელმოწერა?

დავით ხარშილაძის დაცვის მხარემ დამატებით პროკურორ დავით მესტვირიშვილის დაკითხვაც მოითხოვა, რომელიც დაკავებულის ნარკოლოგიურ ექსპერტიზას ესწრებოდა. დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა ნარკოლოგიური შემოწმების ადგილიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღების თაობაზე და ასევე, დავით ხარშილაძემ თანხმობა განაცხადა, ალტერნატიული შემოწმება გაიაროს.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სახელმწიფო დაწესებულებაა, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ჩაუდეს მას ნარკოტიკი და დნმ-ის ანალიზი გაუყალბეს, გამომდინარე აქედან, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩვენ არ ვენდობით. დაცვის მხარემ წერილობით მიმართა სხვა საექსპერტო დაწესებულებებს, მათ წერილობითვე გვიპასუხეს, რომ ნარკოლოგიურ შემოწმებას ისინი ვერ ატარებენ. რჩება მხოლოდ ერთი გზა, დავით ხარშილაძის ალტერნატიული ექსპერტიზა ჩვენივე ხარჯებით ჩატარდეს უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში.

ჩემი შვილი გლდანის ციხის პატიმარია, ამიტომ ტექნიკურად როგორ მოხერხდება ამის გაკეთება, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

 

P.შ. მოსამართლის შუამდგომლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობ უცნაური პასუხი გასცა:

 

`თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ქალბატონ ნათია ბუსკაძეს

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის #4/2817-17 წერილით წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 4 მაისის განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ  –  დავით ხარშილაძის საქმეზე. აღნიშნულ განჩინებაზე სათანადო რეაგირების მიზნით შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სპეციალისტი გამოცხადდა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში (თბილისი,მარშალ გელოვანის გამზირი #1) და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში (თბილისი, კ.ჩალაძის #1). დათვალიერების შედეგად დადგინდა , რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის (თბილისი,მარშალ გელოვანის გამზირი #1) შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერები დამონტაჟებული არ არის,ხოლო შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,სადაც მდებარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველო (თბილისი,კ.ჩალაძის #1), ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის ციფრული ვიდეო რეგისტრატორების მყარ დისკებზე,მოთხოვნილი 2017 წლის 13 და 14 მარტის ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს.

პატივისცემით, სამმართველოს უფროსი გიორგი ახალმოსულიშვილი”

 

13-14 მარტის ფირების არ არსებობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რეალურად ჩემი შვილი უდანაშაულოა.

 

ელისო კილაძე