საგარეო ვაჭრობა ანუ რამდენი გავიტანეთ და რამდენი შემოვიტანეთ 2017 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც თვალნათლივ ჩანს გასულ წელს ექსპორტის საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელი, თუმცა გაზრდილია იმპორტის წილიც და მათ შორის, სალდო, რა თქმა უნდა, უარყოფითია.

გასული წლის მონაცემებში აისახა აზიური ფაროსანის მიერ მოყენებული ზარალი, რაც ქვეყნის ეკონომიკას რამდენიმე დაკარგულ მილიონად დაუჯდა. ამასთან, წინა პლანზე წამოიწია ჩინეთის ფაქტორმაც, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო დიდი სავაჭრო პარტნიორი ხდება საქართველოსთვის და ამ ყველაფერში თავის როლს მასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ასრულებს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, ანუ DCFTI გაფორმებული გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთანაც, რაც ასევე ასახვას ჰპოვებს ჩვენი ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნებში გასულ და იქიდან შემოსულ პროდუქციაზეც.
უფრო ზუსტად, ციფრებში გამოსახული საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13,8%-ით მეტია. ამ მონაცემებიდან ექსპორტის წილი 2 728 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (29,1%-ით მეტი), ხოლო იმპორტისა _ 7 979,4 მლნ აშშ დოლარს (9,4%-ით მეტი). მონაცემებს შორის საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5 251,5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, ამავე პერიოდში ექსპორტის მონაცემებმა რეექსპორტის გარეშე 2 063 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24,5%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, DCFTI -ის „წყალობით“ გასულ წელს 2%-ით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან და მან 2 844 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ის მონაცემები, რაც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის სჭირდება. ზემოთ მოყვანილი, ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის მონაცემებიდან კი ექსპორტი 646,5 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 13%-ითაა მეტი გასული 2016 წლის მონაცემებზე, ხოლო იმპორტი 2 197,5 მლნ აშშ დოლარი, ეს მონაცემი კი 0.8%-ით ნაკლებია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ევროკავშირის ქვეყნებზე 2017 წლისთვის სავაჭრო დეფიციტის 29,5% მოვიდა, როცა 2016 წელს იგი 31,7% იყო. საგრძნობლადაა გაზრდილი დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვაც და იგი 3 541,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ეს მონაცემი კი 2016 წელთან შედარებით 30,2%-ით მეტია. ე. ი. ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 28,2%-ით გაიზარდა!
რაც შეეხება გასული წლის ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, ათი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი კვლავ თურქეთი (1 589,4 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 183,7 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი არიან (939,5 მლნ აშშ დოლარი).
როგორც მოსალოდნელი იყო, 2017 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა _ 419,8 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15,4% შეადგინა.
ფეროშენადნობების ექსპორტი 306,9 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11,3%-ს უდრიდა.
მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234,9 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8,6% შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები 2017 წელსაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 696,6 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8,7% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 474,4 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5,9% იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 350.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.4%).

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია „ქრონიკა+“-თან გასული წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აფასებს:
_ მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა ცალსახად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, რომ იგი ექსპორტის გაზრდის ხარჯზე ხდებოდეს, რაც 2017 წლის საგარეო ვაჭრობაში უკვე ფიქსირდება, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ 2017 წლის ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდა 2015 წლის ჩავარდნის „დამსახურებაცაა“:
მიუხედავად ყველაფრისა, რაც უნდა ჩავარდნა გვქონოდა, 2016 წელს ვაჭრობამ წინ წამოიწია და მისასალმებელია, რომ ექსპორტი გაიზარდა. რაც შეეხება ქვეყნებს, თუ ჩვენ მათ სავაჭრო პარტნიორების მიხედვით ავიღებთ, ევროკავშირი არის პირველი და თუ ჩავშლით ექსპორტს და იმპორტს ცალკე, დავინახავთ, რომ ევროკავშირი ამ შეთხვევაში თავის პოზიციებს კარგავს, თუმცა მაინც ლიდერებშია. იგი ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური და სტაბილური პარტნიორია, მით უმეტეს, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ავამოქმედეთ ევროკავშირთან და დარწმუნებული ვარ, ყოველწლიურად ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზრდება.
მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება ერთიანად ვერ მოაგვარებდა იმას, რომ საქართველოდან პროდუქცია ერთბაშად წასულიყო. ამას დრო სჭირდებოდა, წლიდან წლამდე ახალი პროდუქტები გაჩნდება, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია მეტად სერტიფიცირებული გახდება, ქართველი ბიზნესმენები მეტ კონტაქტს დაამყარებენ და მოსალოდნელია, რომ ის ხელშეწყობა, რაც ჩვენ ევროკავშირიდან გვაქვს, გამოგვადგება.
საინტერესოა ჩინეთის ბაზარიც, რომელიც საოცრად მზარდია. ბოლო 5 წელი რომ ავიღოთ, ძალიან შთამბეჭდავი ნახტომებით მიდის წინ. იგივე ქართულ ღვინოს თუ შევხედავთ, ის ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა და მის რეალიზაციაში ჩინეთი უკვე სამეულშია. უცებ, 0-დან 5 მლნ ბოთლს რომ გადააჭარბებ, ეს ჩინეთის გარდა, ამ 2-3 წელიწადში არავის გაუკეთებია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რამდენიმე ღვინის კომპანია გადის ჩინეთში, ყველა მათგანი გასული არ არის, ამ მიმართულებით პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, და მონაცემები კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება…
პროდუქციის მიხედვით თუ ავიღებთ, ათეულში, სამწუხაროდ, ჯერ ისევ დომინირებს ნედლეული და არა მზა პროდუქცია და ამ პრობლემას, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მას მერე, ჯერ კიდევ, ვერ გავექეცით. ჩვენს საექსპორტო მასალებში, ძირითადად, ნედლეული სჭარბობს, თუმცა პოზიტიური ის არის, რომ მზა პროდუქციის მოცულობა ჯამურად იზრდება! ეს იკვეთბა 2017 წლის ექსპორტშიც წინა წლებთან შედარებით და აქაც რაღაც ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.
ათეულობით მილიონი დოლარის ზარალი მოგვადგა გასულ წელს აზიური ფაროსანისგან და ეს არ ეხება მხოლოდ თხილს, იგი შეეხო სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციასაც, მათ შორის, ციტრუსს და ამან ძალიან დიდი პრობლემა შექმნა, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოგვარებული. 2017 წლისას თუ მომავალი წლის ფაროსანა დაემატა, მაშინ უფრო დიდი პრობლემა იქნება და, ჯერჯერობით, რა ზარალიც გვაქვს მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, თხილით და ციტრუსით შემოიფარგლა, იმედია, ამაზე შევჩერდებით და ეს შემოტევა არ გაგრძელდება. ზუსტი ზარალი დათვლილი არ არის, თუმცა თუ წინა წლების საექსპორტო მონაცემების სტატისტიკას გადავხედავთ, ჯამურად მისი ოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს უდრის.

სწორედ ფაროსანის მიერ მოყენებულ ზარალსა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობების დსთ-ს ქვეყნებთან ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომიკის ექსპერტი _ სოსო არჩვაძე:
_ დიდი სხვაობაა ექსპორტისა და იმპორტის ზრდის ტემპებს შორის. თითქმის 3-ჯერ და მეტად უფრო გაიზარდა ექსპორტი იმპორტთან შედარებით და ამან შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვა 5,3%-ით გაეზარდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ესეც იმდენად დაბალი მაჩვენებელია, რომ ჩვენ ექსპორტის მეტად ზრდა გვჭირდება.
ჩვენ გვაქვს აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი სალდო, ის 400 მლნ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოგვაქვს 400 მლნ დოლარით მეტი აგროსასურსათო საქონელი, ვიდრე გაგვაქვს. თანხაც გადის ამდენით მეტი, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის პროდუქციის წარმოება, არც ერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც იმპორტი არ აქვს, მაგრამ იმპორტსაც ხომ გააჩნია?! აქვე ზრდა, მეტწილად, დსთ-ს სივრცეში მოხდა და, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში. რუსეთი გავიდა ექსპორტში პირველ ადგილზე და საგარეო სავაჭრო ბრუნვაში _ მეორე ადგილზე.
ის უპირატესობა, რაც ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვას ჰქონდა 2016 წელს, დაკარგულია და, ფაქტობრივად, ისევ დსთ-ს სივრცემ დაიბრუნა, როგორც იტყვიან, „ლიდერის ყვითელი მაისური“.
პოზიტიურ ამბად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩვენთან რეალური სექტორის, მათ შორის, მომპოვებელი მრეწველობის პროდუქცია დიდი რაოდენობით გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვგულისხმობ ფეროდშენადნობებს, სპილენძის მადნებს, რომლებიც როგორც დსთ-ს ქვეყნების, ისე ჩინეთისკენ, გავიდა, ამიტომ ჩვენ თუ განვავითარებთ როგორც მომპოვებელ, ისე გადამამუშავებელ მრეწველობას, არ ვიქნებით მხოლოდ ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტზე დამოკიდებული.
სამწუხარო რაც მოხდა და რაც მოსალოდნელი იყო ისაა, რომ დასავლეთ საქართველოში თხილის ხარისხისა და მოსავლის გაუარესების, აზიური ფაროსანის შესევის გამო რამდენიმე ათეული მლნ დოლარით ნაკლები გვქონდა თხილის ექსპორტი, ვიდრე 2016 წელს და ამანაც სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენს ექსპორტს, თორემ ის გაცილებით მეტი იქნებოდა მიმდინარე წელს.

ქვეყნის ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ექსპორტ-იმპორტის უარყოფით სალდოზე ამახვილებს ყურადღებას პროფესორი გელა ტყეშელაშვილი:
_ ექსპორტი გაზრდილია, ძირითადად, ღვინოსა და ღვინის პროდუქტებისა და, რა თქმა უნდა, მარგანეცისა და კვარცის გამო. სხვა საექსპორტო პროდუქცია ჩვენ არ გვაქვს! რაც შეეხება იმპორტს, ტრადიციულად, ჩვენთან ყველაფერი გარედან შემოდის, იქნება ეს საკვები თუ რაიმე დანადგარი, ინსტრუმენტი და ა. შ., რაც, თავისთავად, ჯერჯერობით, ძალიან ცუდ თანაფარდობას, უარყოფით სალდოს გვაძლევს. მსგავსი თანაფარდობა, მხოლოდ და მხოლოდ, განვითარებად ქვეყნებს აქვთ, რომლებიც, ჯერ კიდევ, დაბალი დონის არიან.
გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დაახლოებით, 200 ქვეყანაზე აკეთებენ სტატისტიკას, სადაც ჩვენი ქვეყანა 112-ე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით და, დაახლოებით, 120-ე ადგილზეა ექსპორტ-იმპორტის სალდოს უარყოფითობის მაჩვენებლით _ ასეთი ცუდი მონაცემები გვაქვს!
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოებას და ევროკავშირთან შემცირებას, ზოგადად, ჩვენ ისეთი საექსპორტო პროდუქცია გვაქვს, რომელიც საერთო სურათს არ იძლევა, შეიძლება ღვინო რომელიმე ფირმამ დიდი რაოდენობით გაიტანა რუსეთში და იმ წუთშივე რუსეთი წამოვა ლიდერად, ან თუ უნგრეთში, ჩეხეთსა, ან სლოვაკეთში მოახერხეს გატანა, მაშინ ის წამოვა სათავეში საექსპორტო პარტნიორებს შორის, ამიტომ ეს მონაცემები სრულ სურათს არ ქმნის.
თუ ქვეყანა შეძლებს მრეწველობის განვითარებას და არ იქნება დამოკიდებული, მხოლოდ და მხოლოდ, მიგრანტების თანხის ჩარიცხვაზე, მაშინ დადებით შედეგებს მივიღებთ. დღეს კი ჩვენი ქვეყანა და ვალუტაც დამოკიდებულია გადმორიცხულ თანხებზე. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს.
რაც შეეხება ჩინეთს, იგი უდიდესი ქვეყანაა, რომლის პროდუქციამაც „წალეკა“ მთლიანად მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, რადგან შედარებით იაფია და, ამასთან ერთად, ჩვენი პროდუქციაც, _ ღვინო, ჩინეთში გადის, იქ ძალიან დიდი ბაზარია, ამიტომ გაიზარდა მათთან ექსპორტის მოცულობა. გვაქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინური პროდუქცია თავისუფლად შემოდის საქართველოში, ამას ჩვენ კი არა, განვითარებული ქვეყნები ვერ აღწევენ თავს. ერთი გვაქვს კარგი, რომ ჩინეთმა აბრეშუმის გზის პროექტი წამოიწყო, რაშიც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ მათაც, ჯერჯერობით, ვერაფერს ვამჩნევ.

საბოლოოდ, მონაცემები გამოქვეყნებულია. გვაქვს ციფრები და მათი ანალიზიც. ძალიან დიდი იმედია, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი გაიზრდება და იგი თავისუფლად გავა ევროპის ყველა ბაზარზე, მანამდე კი კვლავ დსთ-სა და ჩინეთის ბაზარს ვერგებით, არადა, პოტენციალი აშკარად გვაქვს. მხოლოდ მეტი მუშაობა და მცირედით დაუკმაყოფილებლობაა საჭირო.

ნინო ტაბაღუა