საბა სამებელაშვილი: „სანამ ყველა ტყვე არ განთავისუფლდება, ომი არ დასრულდება“

მიხეილ ხაჩიძე

ორშაბათი, 2024 წლის 25 მარტი, ომის 171-ე დღე ისრაელში, რომელიც დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის დილას ღაზიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებითა და ათასობით ტერორისტი მებრძოლის ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრით, რის შედეგადაც დაიღუპა ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე ასობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე; ტყვედ აიყვანეს ასობით ისრაელელი და უცხოელი, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ ღაზის სექტორში, ტერორისტების ტყვეობაში რჩება.

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე 253 ადამიანი გაიტაცეს. ამჟამად ღაზაში 134 გატაცებული (მათ შორის, ცოცხალი და მკვდარი) იმყოფება. აქედან: 2014 წლიდან „ჰამასი“ს ტყვეობაში მყოფი ოთხი ადამიანი; 130 ადამიანი გაიტაცეს 10/07/2023 _ 111 მამაკაცი (მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი) და 19 ქალი _ 119 ისრაელის მოქალაქე და 11 უცხოელი (რვა ტაილანდიდან, ერთი ნეპალიდან, ერთი ტანზანიიდან, ერთი საფრანგეთისა და მექსიკის მოქალაქე). დაკარგულად ითვლება კიდევ ერთი ისრაელელი ქალი. ამასთან, „ჰამასს“ ტყვეობაში ჰყავს 33 გატაცებულის ცხედარი (2014 წელს გატაცებულის ჩათვლით).

ომის პირველ დღეს, 7 ოქტომბერს, ტერორისტები თავს დაესხნენ მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს, რომელიც მიმდინარეობდა ღაზის საზღვართან, რეიმის ტყეში. ფესტივალზე, დაახლოებით, 3000 ადამიანი იმყოფებოდა. ასობით ადამიანი დაიღუპა და ბევრი მძევლად აიყვანეს. ტერორისტებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს კიბუცებში: ბეერში, კფარ აზასა და ნირ ოზში, დახოცეს მრავალი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ტერორისტები შეიჭრნენ ზდეროტში, ოფაკიმში, ნეტივოტსა და დასავლეთ ნეგევის სხვა დასახლებებში, უმოწყალოდ ხოცავდნენ და ძარცვავდნენ ისრაელელებს.

შეტევიდან მალევე „ჰამასმა“ ომი გამოუცხადა ისრაელს და მის ქმედებებს უწოდა „ალ-აქსას წარღვნა“. ამის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ შემოიღო საომარი მდგომარეობა (პირველად 1973 წლიდან) და დაიწყო „რკინის ხმლების“ ომის ოპერაცია.

ისრაელში 7 ოქტომბერსა და ომის შემდგომ დღეებში, დაახლოებით, 1500 ადამიანი დაიღუპა, ასევე 13000 ადამიანი დაიჭრა ან დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ისრაელის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პორტუგალიის, რუმინეთის, არგენტინის, ჩილეს, პერუს, პარაგვაის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის, შრი-ლანკის, ტაილანდის, ფილიპინების მოქალაქეებიც.

***

27 წლის ქართველი-ებრაელი, საბა სამებელაშვილი, „ცაჰალის“ რეზერვისტია. ის 5 თვეა, ისრაელის ომშია, ფრონტის წინა ხაზებზე, დაძაბულ და ცხელ წერტილებში იბრძვის. ახლა ჯარიდან რამდენიმე დღით შვებულება აქვს, დრო იხელთა და მის მეორე თუ პირველ  სამშობლოში, საქართველოში ჩამოვიდა. ცოტას დაისვენებს, ძალებს აღიდგენს, საყვარელ ადამიანებს ჩეხუტება და ისევ ისრაელში _ მის მეორე თუ პირველ სამშობლოში დაბრუნდება. 

„ჩამოვედი საქართველოში, ცოტას დავისვენებ. შემდეგ ისევ ისრაელში დავბრუნდები, ვაგრძელებ სწავლას, მუშაობას, ვუბრუნდები ჩემს რუტინულ ცხოვრებას. ჯარიდან ჯერჯერობით თავისუფალი ვარ, თუ დაიძაბა სიტუაცია, კიდევ გაგვიწვევენ, მაგრამ ზოგიერთი ჩემი მეგობარი  ჯერ ისევ გაწვეულია, ძირითადად, ჩრდილოეთში“, _ გვიყვება საბა.

„ცაჰალის“ რეზერვისტი კინემატოგრაფიას სწავლობს დისტანციურად. ისრაელში პატარა ფროდაქშენ-სტუდია აქვს, იღებს კლიპებს და ხელოვნების ჟანრში აქტიურად არის ჩართული. ცხოვრებაში დიდი მიზნები აქვს. უნდა ბედნიერ, მშვიდ, კარგ სამყაროში ცხოვრება.

„მინდა, რომ ყველა დავუბრუნდეთ ადრინდელ ცხოვრებას. ჯარისკაცების უმეტესობა არის მამები, შვილები, სტუდენტები, ბაბუებიც კი, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით. მინდა, ისრაელში მშვიდობამ დაისადგუროს, მორჩეს „ჰამასის“ ბინძური პროპაგანდა და დავუბრუნდეთ მშვიდ, კარგ ცხოვრებას, ჩვენს პროფესიას, სამუშაოს და ა. შ. აღარ ვიდარდოთ, რომ ერთ დღეს გამოხვალ და რაიმე საიშინელება მოხდება“, _ ამბობს მებრძოლი. 

ჩვენს კითხვაზე, თუ რისთვის იბრძვის, საბას პასუხია, რომ სამშობლოსთვის, იმისათვის, რომ შეწყდეს უსამართლო ადამიანების ხოცვა. „ჩემი ოჯახისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, სამშობლოსთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და უსამართლობის მსხვერპლი გახდნენ, ასეთი რამე რომ შეწყდეს და აღარ მოხდეს მეორეჯერ. მე ვიბრძვი ტერორის აღმოსაფხვრელად“, _ განმარტავს სამებელაშვილი.

საბა ბატალიონ 7035-ის შემადგენლობაში იუდეასა და სამარეას რეგიონში, რამალას ტერიტორიაზე იყო განწესებული. მისი ბატალიონი ყოველდღიურად მასშტაბურ სპეცოპერაციებს მართავდა ტერორისტული შენაერთების წინააღმდეგ. ჰქონდათ რეიდები, დააკავეს ჰამასის ტერორისტები, პოლიტიკოსები და მმართველი რგოლი ამ რეგიონსა და მიდამოებში. შევიდნენ ისეთ ქალაქებშიც კი, სადაც ისრაელის ჯარი ბოლო 15 წელია, არ შესულა.

„ვიბრძოდი ბატალიონ 7035-ში, იუდეასა და სამარეას რეგიონში, რამალას ტერიტორიაზე. ყოველდღიურად გვქონდა სპეცოპერაციები. ყოველღამე ხუთი ან მეტი ობიექტის რეიდი გვიწევდა სხვადასხვა ქალაქში. ბევრ ისეთ ქალაქში ვიყავით, სადაც ისრაელის ჯარი 15 წელია, არ შესულა.  ჩვენ დავაკავეთ „ჰამასის“ ლიდერები, პოლიტიკოსები, ასევე ყველა ადამიანი, ვინც დაკავშირებული იყო „ჰამასთან“. ჩავატარეთ ბევრი ოპერაცია, გვქონდა ბევრი შეტაკება, ღვთის წყალობით, ყველა კარგად ვართ“, _ იხსენებს ქართველი-ებრაელი.

„ქრონიკა+“-მა 27 წლის ქართველ-ებრაელ საბა სამებელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა თბილისში, „კიკალა სტუდიოში“:

_ საბა, 6 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. ამის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ომი.  როგორი განწყობაა სამხედროებში? თავად რას ფიქრობ მიმდინარე  მოვლენებზე?

_ სამხედროებში საკმაოდ საბრძოლო განწყობაა, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ პოზიტიური და ამაღლებული განწყობა ამ რთულ და დაძაბულ პერიოდში. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და დავიცვათ ის, რაც ჩვენია. ჩვენს მიწას, ჩვენს სამშობლოს ვიცავთ ტერორისტებისგან.

_ როგორც ვიცი, ომის დაწყებიდან მალევე წახვედი ცხელ წერტილებში ფრონტზე. როგორი იყო საბრძოლო გამოცდილების პირველი დღეები?

_ პირველივე დღესვე გამიწვიეს ფრონტზე. საკმაოდ დაძაბული და სტრესული იყო, თუმცა არც ერთი წამით არ დაგვიკარგავს ბრძოლისუნარიანობა და იმედი. თვითონ ხალხიც ძალიან მებრძოლია ისრაელში, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვქონდა, დაგვეცვა ჩვენი ტერიტორია და გვებრძოლა ჩვენი ხალხისთვის.

_ თავიდან რომელი მიმართულების ბრძოლებში მიიღე მონაწილეობა, კონკრეტულად რომ გვითხრა და რა ტიპის დავალებებში იყავი ჩართული? სირთულეებს თუ გადააწყდი და რა ტიპისას?

_ ვიყავით ჩართული სპეცოპერაციებში, ვაკონტროლებდით და ვიცავდით ტერიტორიებს, ვრწმუნდებოდით ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაში, დავიჭირეთ ასობით ტერორისტი და მოვხვდით ბევრ შეტაკებაშიც. სამწუხაროდ, მეტ ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით. არის დეტალები, რომლის გასაჯაროებისგანაც „ცაჰალი“ თავს იკავებს.

_ რა იყო და არის შენთვის მოტივაცია?

_ პირველ რიგში, ჩემთვის მოტივაცია იყო მშობლები, ადამიანები ჩემ გარშემო, რომლებიც ყოველდღიურად მამხნევებდნენ და მაძლევდნენ ძალას. ასევე ადამიანები, ჩემი ძმები, რომლებიც ამ რთულ დღეებში ჩემ გვერდით იბრძოდნენ და არც ერთი წამით არ დანებებულან. ჩემთვის მოტივაცია არის ჩემი ოჯახი, ჩემი ხალხი და ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ რწმენა, რომ შემიძლია რამე უკეთესობისკენ შევცვალო.

_ რისთვის იბრძვი?

_ ჩემი ოჯახისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის, რომელსაც არაფერი დაუშავებია და უსამართლობის მსხვერპლი გახდა. ასეთი რამე რომ შეწყდეს და აღარ მოხდეს მეორეჯერ, ტერორის აღმოსაფხვრელად ვიბრძვი.

_ ვიცი, რომ სავალდებულო ჯარიც ისრაელში გაიარე. რამდენი ხანი და როგორ, ცოტა მეტი სპეციფიკის შესახებ რომ მოგვიყვე ისრაელის ჯარის განსაკუთრებულობაზე.

_ დიახ, სავალდებულო ჯარში გავატარე 3 წელი. ეს სამი წელი სრულად დაეთმო უმაღლესი დონის ტრენინგებს. ჯარის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს ის სტრესული და კონფლიქტური მდგომარეობა, რაც ისრაელში ნამდვილად ყოველდღიური მოცემულობაა. მუდმივმა მოულოდნელმა დაძაბულობებმა და ტერაქტებმა, რომელიც საკმაოდ ხშირია ისრაელში, განაპირობა სწორედ ის სიმყარე და სიძლიერე, რაც ისრაელის ჯარს აქვს. ეს მზაობა გულისხმობდა მუდმივ ტრენინგებს, სპეცოპერაციებს, რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში სწორი მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას.

_ ყველაზე მეტად რა ეპიზოდი დაგამახსოვრდა ფრონტიდან?

_ უამრავი ტრაგიკული დღე მახსენდება. შეუძლებელია არ გამოვყო ისევ ხალხი. ყველაზე ტრაგიკულ დროს ვისაც როგორ შეეძლო გვეხმარებოდა, უზარმაზარი ზრუნვა და სიკეთე მახსენდება ხალხისგან. ისრაელის მოსახლეობამ საოცარი მზაობა და ერთიანობა აჩვენა, წარმოუდგენელი ემოციები მოდიოდა, გამხნევება და სიყვარული, ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობა, გმირობა.

_ ყველაზე მძიმედ რა გახსენდება?

_ ერთ-ერთი ოპერაციის დროს გზები ჩაგვიკეტა ხალხმა. როცა გავხსენით გზა და ვიძვრებოდით მანქანებით, 6 თუ 7 ჯავშნიანი მანქანით ვიყავით, დაახლოებით.  რომელიღაცა მაღალსართულიანი კორპუსიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, თავიდან ვერ მიხვდვით, რა მოხდა, ყველა შოკში იყო, ამ მომენტს არ ველოდით. ჩემი ოფიცერი იყო ჩემ წინ და ჩემი მეგობარი ჩემ მარჯვნივ, მე უკვე მანქანაში ვიყავი შესული, ანასხლეტები  მილიმეტრებით ასცდა ოფიცერს, მე წამიერად დავიჭირე ჩემი ძმაკაცი და შემოვათრიე შიგნით, ჩვენმა ძალებმა უკნიდან საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ეს იყო მძიმე მოგონება და ექშენი იმ მომენტში, რაც ახლა მახსენდება. საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით (იღიმება).

_ საბა, ვიცი, რომ კიბუც რეიმში იყავი, სადაც ერთ-ერთი უმწვავესი კერა იყო იმ საშინელების, რაც „ჰამასის“ ტერორისტებმა ჩაიდინეს ისრაელში. რომ მოგვიყვე, რა ვითარება დაგხვდა იქ და რა ნახე საკუთარი თვალით?

_ სურათი დაგვხვდვა ძალიან სევდიანი, ყველგან ნატყვიარები ჩანდა, სახლები გადამწვარი იყო. ასევე ვიყავი ქალაქ ზდეროტში. პოლიციის ოფიცერმა აგვიხსნა დეტალურად, რა და როგორ მოხდა. მისი თქმით, ბოლოს ისრაელის ჯარმა პოლიციის შენობა ააფეთქა იმის გამო, რომ იმდენი ტერორისტი იყო შიგნით გამაგრებული, მათი გაწმენდა სხვანაირად ვერ ხერხდებოდა. კიბუც რეიმში ვესაუბრეთ რაფშაცს, ის არის კიბუცების უსაფრთხოების მცველი, თავიკაცი. მანაც გვითხრა, რომ ისეთი ბრძოლა გადაიტანა, 3 საათი მარტო მოუწია შერკინება ტერორისტებთან. მან უსაშინელესი ისტორები გვიამბო. მოგვიყვა ასევე ისტორია ქართველ-ებრაელ იცხაკ ბაზუკაშვილზე, თუ რა მოუვიდა მის მანქანას, რომელსაც „ჰამასმა“ რაკეტა ესროლა და ააფეთქა. მან გვითხრა, რომ იყო სრული ქაოსი და არეულობა. უმწვავესი ვითარება და გაურკვევლობა სუფევდა დიდი ხნის განმავლობაში. „ჰამასის“ ტერორისტებს ისრაელელი სამხედროების ფორმა ეცვათ და იდენტიფიკაციაც კი ჭირდა. უმძიმესი სურათები ვნახეთ კიბუცებში. უდანაშაულო ხალხი სასტიკი ტერორიზმის მსხვერპლი გახდა.

_ შენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო თვეებში? ხედავ ომის დასასრულს ახლო პერიოდში?

_ სანამ ყველა ტყვე არ განთავისუფლდება, ომი არ დასრულდება. ჩრდილოეთიდან ისრაელი ყოველდღე იბომბება, ქვეყანა კი ამას არ დაუშვებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან ჯერჯერობით ყველასთვის ბუნდოვანია მომავალი. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ისრაელი სიკეთის მხარესაა, მსოფლიოც სიკეთის მხარეს უნდა იდგეს, რათა ბოროტებაზე გავიმარჯვოთ. ბოროტება კი არის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ყველა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან, ჰარმონიულ ერებსა თუ ხალხებს.