რუსული მისიები: სამშვიდობო თუ ტერორისტული?

დღეს, როცა აქტიურად განიხილება აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მისიის დაწყების საკითხი, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, რა შედეგი მოიტანა გაეროს მისიით რუსეთის მიერ განხორციელებულმა ერთადერთმა სამშვიდობო მისიამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მათ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, ოკუპირებულ აფხაზეთში შეასრულეს?

აფხაზეთის ერთწლიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით, ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის გარანტორი რუსეთი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრ კოზირევის სახით, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას.
ამ შეთანხმების მიხედვით, დაშორიშორების ხაზზე, მდინარე გუმისთვის გასწვრივ, შედიოდა რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ე. წ. ცისფერჩაფხუტიანთა სახით, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა კონფლიქტის ზონიდან ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანისთვის.
ქართულმა მხარემ თავისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა ფოთის მიმართულებით გაიყვანა და ამისთვის რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდები დაიქირავა. აფხაზურმა მხარემ ტექნიკა გუდაუთისკენ გაიყვანა, ხოლო მძიმე არტილერიის გასაღები რუს მეთვალყურეებს გადასცა.
რუსეთის კონტინგენტმა მაშინ პირველად გამოიყენა „ჰუმანიტარული კოლონა“, რომელმაც სოხუმის გავლით, შემოწმების გარეშე, გაიარა აფხაზური შენაერთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე და ჰუმანიტარული დახმარების ნიღბით იარაღი და საბრძოლო მასალები ჩაიტანა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშინ სწორედ სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა.
ამ შეთანხმების შესრულება არ ყოფილა დაკავშირებული რაიმე სახის სანქციებთან რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომაც 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა შენაერთებმა რუსი სამხედროების სრული მხარდაჭერით დაიწყეს შეტევა სოხუმზე და 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი აიღეს კიდეც.
„ჩვენ მოგვატყუეს“, _ განაცხადა მაშინ რუსეთის სპეცწარმომადგენელმა, თუმცა ამას საერთაშორისო დონეზე გამოხმაურება არ მოჰყოლია.
საქართველო არ იყო დსთ-ს წევრი და არც აპირებდა თანამეგობრობაში შესვლას, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ, დიდი ძალისხმევითა და ე. წ. ინტელიგენციის მხარდაჭერით, პარლამენტში მაინც გაიტანა დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს შესვლა დსთ-ში რუსეთს იქ თავისი სამხედრო კონტინგენტის ლეგალურად განსათავსებლად სჭირდებოდა. 1994 წლის 21 ივნისს, დსთ-ს ლიდერების გადაწყვეტილებით, აფხაზეთში 200 რუსი სამხედრო გაიგზავნა სამშვიდობო მისიითა და გაეროს მანდატით. მისია ექვსი თვით გაიგზავნა და ყოველ ჯერზე, მანდატის ვადის ამოწურვამდე, მას კიდევ ექვსი თვის განმავლობაში უგრძელდებოდა იქ ყოფნის ვადა. ასე გაგრძელდა თითქმის წლების განმავლობაში.
თავიდანვე ბედის ირონია იყო ის, რომ „სამშვიდობო“ მისიის შემსრულებლები აფხაზეთში გახდნენ ის სამხედროებიც, რომლებიც გუდაუთაში განთავსებულ 345-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში მსახურობდნენ და რომლებიც ომის დროს აფხაზურ სამხედრო შენაერთებს ამზადებდნენ, მხარს უჭერდნენ და მათი იერიშების დაგეგმვაში მონაწილეობდნენ.
რუსი „სამშვიდობოები“ მდინარე ენგურის გასწვრივ, ასევე ენგურის ნაპირიდან 12-კილომეტრიანი ბუფერული ზონის დასასრულ წერტილებზე განლაგდნენ და, ფაქტობრივად, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მესაზღვრეები გახდნენ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე აღებ-მიცემობა, ლოთობა და მოსახლეობის კუთვნილი პირუტყვისა თუ ფრინველის ქურდობა ჩვეულებრივ ამბად იქცა.
რუსი „სამშვიდობოების“ შემოსვლის დღიდან აფხაზეთში 1.200-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. ხშირად მკვლელობები რუსი სამშვიდობოების თვალწინ და მათი ხელშეწყობით ხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა „სამშვიდობოები“ პირდაპირ იტაცებდნენ ქართველებს და მათ აფხაზ „ბოევიკებს“ გადასცემდნენ, საიდანაც ისინი, უკეთეს შემთხვევაში, დრანდის ციხეში ხვდებოდნენ ან ოჯახის მიერ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ თავისუფლდებოდნენ.
სწორედ „სამშვიდობოების“ მისიის დროს აყვავდა სამეგრელოდან გატაცებული მანქანების აფხაზეთში გაყიდვისა და ჯართის „ბიზნესი“.
„სამშვიდობო“ მისიის შესრულებისას 100-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა _ მათი უმრავლესობა გარჩევებს ემსხვერპლა, ნაწილი კი ისევ თავიანთმა თანამებრძოლებმა დაცხრილეს (ორჯერ სხვადასხვა პოსტზე 10-10 კაცი მოკლეს).
რამდენჯერმე საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა ნაწილმა სცადა რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეჩერებისა და ქვეყნიდან მათი გაყვანის საკითხის წამოჭრა და განხილვა, მაგრამ ეს საკითხი, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის მონდომებით, ყოველ ჯერზე ჩავარდა.
2008 წელს მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ რუსეთი „სამშვიდობო მისიის“ შემსრულებელი კი არა, აგრესორია.
მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო.

დოროთე გითოლენდია