„რუსეთისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი საფრთხე არის ისევ „ნაციონალური მოძრაობა“

შორენა მარსაგიშვილი

11 ნოემბერს, როცა მთელი საქართველო და გორი რუსების მიერ დახვრეტილ თამაზ გინტურს ემშვიდობებოდა, გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში საქეიფოდ გაფრინდა. მკვლელების ქვეყნიდან დაბრუნებული მერი მედიას გაურბის. ოპოზიცია მის გადაყენებას ითხოვს. „ქართული ოცნება“ მდუმარებით ამართლებს მოჭიდავე და მოქეიფე მერის სამარცხვინო საქციელს.

შედგება თუ არა ოკუპანტებთან მოქეიფე ხინჩეგაშვილის იმპიჩმენტი? რატომ არ აკონტროლებს სათანადოდ ქართული მხარე საოკუპაციო ზოლს? რატომ არიან იქ მცხოვრებლები რუსული დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბექა ქორჩილავა:

_ ბექა, იმ დღეს როდესაც გორი რუსების მოკლულ თამაზ გინტურს ემშვიდობებოდა, გორის მერი მოსკოვში გაფრინდა თავისი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
_ გორის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მიმდიონარეობს მცოცავი ოკუპაცია, ბორდერიზაცია. საკუთარი სახლებიდან და ბაღებიდან იტაცებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. 6 ნოემბერს კირბალში ლომისის სალოცავში ასული ადამიანი დახვრიტეს რუსმა ოკუპანტებმა. აღმაშფოთებელია, რომ ამ მუნიციპალიტეტის მერი დაბრძანდება ოკუპანტების ქვეყანაში საქეიფოდ. რაც ახლა ლადო ხინჩეგაშვილმა გააკეთა, არის წარმოუდგენელი და სამარცხვინო. ამ ამბის გახმაურების შემდეგ თავმომწონე ხელისუფლება დაუყოვნებლივ გადააყენებდა გორის მერს.
_ წესით, გორის მერი თავადაც უნდა გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან.
_ თავმომწონე ადამიანი თავადაც გადადგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლადო ხინჩეგაშვილი ვერ იაზრებს, რომ არის გორის მერი და მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. გორი არის ის მუნიციპალიტეტი, საიდანაც საკუთარი სახნავ-სათესიდან იტაცებენ რუსები მოსახლეობას. სოფელ კირბალში, პრაქტიკულად, ოჯახი არ არის, რომლის მინიმუმ ერთი წევრი გატაცებული არ ჰყავდათ რუსებს. ასეთივე ვითარებაა გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა ქართულ სოფლებში. ამ ყველაფერზე დუმილი ან პასუხად რუსეთში საქეიფოდ წასვლა არის სამარცხვინო. გორის მერის მოსკოვში საქეიფოდ წასვლის ფაქტიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის კოლაბორაციონისტი. როგორც გორის ადგილობრივი ხელისუფლება, ასევევ ცენტრალური, რუსებთან შეხმატკბილებულია.
_ ამ სიამტკბილობის მიუხედავად, აქამდე „ქართული ოცნების“ არცერთი მერი არ წასულა რუსეთში საქეიფოდ. ხინჩეგაშვილი რამ გადარია?
_ როგორც გითხარით, ვერ აცნობიერებს, რომ გორის მერია. დღემდე მართლა არ მახსენდება შემთხვევა, რომ რომელიმე მერი მოსკოვში წასულიყოს საქეიფოდ. მაგრამ გორის წინა მერი რუსეთის მიმართ ძალიან ლოიალურად იყო განწყობილი. რუსეთის მიმართ დიდი ნოსტალგია ჰქონდა და კარგად გვახსოვს, როგორ ადანაშაულებდა ჩვენს სახელმწიფოს ომის დაწყებაში.
_ კოტე თავზარაშვილზე საუბრობთ?
_ კოტე თავზარაშვილზე მოგახსენებთ. ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის დროს დევნილთა დასახლებაში იყო მისული და იქ ამბობდა, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალიო.
_ ოპოზიციამ უკვე მოითხოვა გორის მერის გადადგომა. თავად აშკარაა, რომ არ მიდის და შეძლებთ მის გადაყენებას? „ქართული ოცნება“ მას მხარს უჭერს. ეგ კი არა, რუსების მიერ დახვრეტილი თამაზ გინტური იქით გაამტყუნა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.
_ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ისევე, როგორც „ქრთული ოცნების“ სხვა ჩინოსნების განცხადებები არის სამარცხვინო. ჩვენ ამ ეტაპისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ხინჩეგაშვილს გადადგომა ვაიძულოთ. გორის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს. ლადო ხინჩეგაშვილი თავადაც უნდა მოვიდეს სხდომაზე, თუ ისევ არ გადამალა „ქართულმა ოცნებამ“. პირადად მასაც მოვთხოვთ, რომ გადადგეს. მნიშვნელოვანია, რომ დატოვის პოსტი. ეს სამარცხვინო ფაქტი რომ არ ყოფილიყო, ის მაინც უნდა გადადგეს თანამდებობიდან. რეალურად გორის მერი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. ის გაცილებით დიდ დროს ატარებს შვებულებებსა და მივლინებებში, ვიდრე _ სამსახურში. მე მივესალმები, როდესაც ადამიანი კარიერულად იზრდება, მაგრამ როდესაც ხარ ქალაქის მერი, ჭიდაობაზე არ უნდა იფიქრო. როგორც აქ ხუმრობენ, ლადო ხინჩეგაშვილს გორის მერობა ჩაუდეს.
_ მართლა ჩაუდეს მერობა და ჭიდაობა თუ უნდოდა, გაჰყოლოდა სპორტს. ხომ იყო მიწვეული ამერიკაში?
_ ამის თქმა მინდა მეც. კარიერულად თუ უნდა, რომ განვითარდეს სპორტში, ამას მხოლოდ მივესალმები. წარმატებას თუ მიაღწევს, ყველას გაგვიხარდება. მაგრამ როცა ეს ხდება მუნიციპალიტეტის ხარჯზე, მიუღებელია. როცა ვამბობ, მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ვგულისხმობ, რომ ეს ადამიანი ხშირად აცდენს სამსახურს. „ქართული ოცნების“ პირობებში ხინჩეგაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება წარმოუდგენელია. მაგრამ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ მერი გადააყენონ.
_ გორში არსებულ სიტუაციაზეც ვისაუბროთ. რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან? რამდენად არის იქ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა დაცული?
_ „ქართული ოცნება“, ზოგადად, მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებისა და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დევნითაა დაკავებული. თავისუფალი მედიისთვის ხელის შეშლაც კარგად გამოსდით. საოკუპაციო ხაზს რაც შეეხება, იქ რეალური კონტროლი არ ხორციელდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამე აქცია ან დემონსტრაცია ტარდება. ასეთ დროს საგუშაგოზე ერთი ძალოვანიც კი აღარ დგას, შემოწმებასა და პერიმეტრის გაკონტროლებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საგუშაგოებიც იმ ფორმით არის განლაგებული, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების დაცვა წარმოუდგენელია. ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება. საგუშაგოები დასახლებული პუნქტების მოშორებით, უფრო აქეთ არის განთავსებული. ადამიანები ცხოვრობენ საოკუპაციო ზოლთან და საკუთარი სახლებიდან თუ ბაღებიდან იტაცებენ. მნიშვნელოვანია, საგუშაგოები სხვა კონფიგურაციით განლაგდეს. სათვალთვალო კამერების დაყენებაც მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენი პოლიცია პატრულირებას განახორციელებს და რეალურად კონტროლს ხელში აიღებს, მაშინ ოკუპანტებიც მოერიდებიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და ადამიანების გატაცებას. ძალოვანმა უწყებებმა უფრო მეტად უნდა იმუშაონ და დაიცვან მოსახლეობა. ახლა საგუშაგოები ფიქტიურად არის მოწყობილი. ისინი ოპოზიციას უშლიან ხელს, როდესაც მივდივართ ხალხთან შესახვედრად. ეს ხელშეშლა საკრებულოს წევრებსაც ეხება. კანონით ვალდებულები არიან, რომ უპრობლემოდ გაგვატარონ, მაგრამ სირთულეებს გვიქმნიან. პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და მიხედოს საოკუპაციო ზოლს. არგაღიზიანებისა და მდუმარე სირაქლემის პოზაში ყოფნას კარგი შედეგი არ მოაქვს. ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება საფრთხე და ამას მიხედვა სჭირდება.
_ მოსახლეობის განწყობაზეც უნდა გკითხოთ. ცოტა უცნაურია, როცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა რუსების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი და ისინი ყველაფერს საქართველოს წინა ხელისუფლებას აბრალებენ.
_ საოკუპაციო ხაზთან რუსული არხები უფრო კარგად აჩვენებს, ვიდრე ქართული, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს უყურებს. საქართველოზე ინფორმაციასაც ხშირ შემთხვევაში რუსული არხებიდან იგებენ. ცენტრალური ქართული არხები იქ, ფაქტობრივად, არ აჩვენებს. ეს ადამიანები რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი არიან. არ მიკვირს, მათ ასეთი მიდგომა რომ აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. რუსეთისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი საფრთხე არის ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. დეზინფორმაციას ძალიან აქვს საოკუპაციო ზოლთან ფეხი მოკიდებული. ამის გარდა, ხალხს არ აქვს იმის განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. არადა, აქ მცხოვრებლები ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არიან. საკუთარი სახლებიდან იტაცებენ მათ. „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც უნდა მოიფიქროს მათ დასაცავად.