რომან გოცირიძე: „სალომე ზურაბიშვილს მოუწევს სამოქმედო გეგმის გამოცხადება“

ნენე ინჯგია

„მიუხედავად კრიტიკისა, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხვდება ცალკეული პარტიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს, მოგვწონს თუ არა ისინი ან გვეცინება თუ არა ზოგიერთზე. ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება. კონსულტაციები მალე მორჩება და ამის შემდეგ ქალბატონ სალომეს მოუწევს სამოქმედო გეგმის გამოცხადება“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

რატომ არ ტოვებს მასობრივი შიმშილობის აქციის პარალელურად მთავარი ოპოზიციური ძალა პარლამენტს და რა პერსპექტივა აქვს ეროვნული შერიგების საკითხს?

„ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ბატონო რომან, იმ პირობებში, როცა თქვენი პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ ეროვნული შერიგების საკითხზე, „ნაციონალური მოძროაბის“ მხრიდან მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყება ხომ არ ეწინააღმდეგება პროცესს?

_ რა თქმა უნდა, არა. რომ არ ყოფილიყო ქუჩის აქციები და, მათ შორის, საერთაშორისო ზეწოლა, არც სალომე ზურაბიშვილის ეს ინიციატივა გაჟღერდებოდა, რადგან მან რადიკალურად შეცვალა პოზიცია. თუკი ამ ხელისუფლების მხრიდან რაიმე დათმობა გვახსოვს, ეს იყო საგარეო და საშინაო ზეწოლის შედეგი, მათ შორის, ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგი. მხოლოდ ადგილობრივი ან საგარეო ზეწოლა არ არის საკმარისი, ორივე ერთად ქმნის იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებას, გარკვეულწილად, აიძულებს დათმობაზე წასვლას. ერთია, როცა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ამბობდა „არა და არასდროს“ და მეორეა, როცა ახლა ამბობს, რომ ეროვნული თანხმობა უნდა შედგეს. ეროვნული შერიგების საკითხში კი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება რომ იგულისხმება, ორჯერ ორია. ეროვნული შერიგება თუ იმას გულისხმობს, რომ სამი წლის მანძილზე, სანამ პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, მანამ გაიწელება ეს კონსულტაციები, ეს ძალიან არასერიოზულია. მეორეც, შარლ მიშელის დოკუმენტის ელემენტარული ნორმებიც კი არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ და სასაცილო რამეზე თქვა უარი _ კანონში შევიტანეთ, რომ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულიყო მაღალი კონსენსუსით და კვორუმით, დეპუტატების 1/3-ით, ახლა კანონი შეცვალეს, ამაზეც კი უარი თქვეს. მთელი ამ შრალ მიშელის შეთანხმებიდან რა დარჩა?! _ ერთადერთი _ საარჩევნო კოდექსში ცვლილება, სადაც დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ ძალიან სასაცილო რაღაცას, რომ საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში არ უნდა დადგნენ მოკრიმინალო, „მოშავო“ ელემეენტები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ მართავს. აქამდე დავედით, როდესაც რეალურად „ქართული ოცნება“ არაფრის დათმობას აპირებს. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად ილუზორულია იმაზე ფიქრი, რომ ხელისუფლება სასამართლო რეფორმას დაიწყებს, როდესაც 75 მილიონი ევრო დავკარგეთ იმის გამო, რომ ელემენტარული ნაბიჯები არ გადადგეს სასამართლო სისტემის რეფორმისკენ. მეტიც: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და იუსტიციის საბჭოს წევრები ისე დანიშნეს, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები აღაშფოთეს და მათაც შეგვიწყვიტეს დახმარება. ფულის შეწყვეტის შიშითაც კი არაფერს აკეთებენ და ზღაპარია, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით ისინი უცებ გონს მოეგებიან და საოცარ დათმობებზე წავლენ.

_ მაშინ რა საჭირო იყო პრეზიდენტის ეს ინიციატივა?

_ ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს ერთი რამ, რომ კონფრონტაცია შენელდეს, ამისთვის კი აუცილებელია დღევანდელი კრიზისის განმუხტვა, რასაც სწორად აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. მან ჩამოთვალა ყველა სახის კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია და თქვა, რომ ქვეყანა იცლება, ახალგაზრდები უცხოეთში გარბიანო, თითქოს ოპოზიციის ენით საუბრობდა. ის როცა კარგად ხედავს ამ კრიზისს, მისი რაღაც ნაწილის განმუხტვაც კი სერიოზული მიღწევა იქნებოდა პრეზიდენტიგან, რაც შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და იმ პოლტიკური დევნის გარეშე, რომელიც მიმდინარეობს ბადრი ჯაფარიძის, ვატო წერეთლისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

_ ამ მოცემულობაში რამდენად რეალისტურად მიიჩნევთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალებას?

_ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, პირველივე წუთებიდან ყველაზე სწორ და სწრაფ გზად მიმაჩნდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება და შეწყალების აქტის გამოცემა, _ დღემდე ასე ვფიქრობ. პრეზიდენტს ეს უფლება იმიტომ ეძლევა, რომ კრიზისები განმუხტოს და არა იმიტომ, რომ თავისი ნაცნობები გამოიყვანოს ციხიდან. კონსტიტუცია სწორედ ასეთი კრიზისების განმუხტვის ფუნქციას ანიჭებს პრეზიდენტს. მას აქვს ორი ძალიან დიდი იარაღი: ვეტო და შეწყალება. პრეზიდენტის დანარჩენი ფუნქცია ნულია, მხოლოდ საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს.

_ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება, როგორც კრიზისის განმუხტვის იარაღი, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, როგორ წარმოგიდგენიათ?

_ როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკუთარ რეზიდენციაში შარლ მიშელთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც თავზე გადაახიეს მასაც, შარლ მიშელსაც და ჩვენს ამომრჩეველსაც, ზურაბიშვილმა ეს ერთხელაც არ გააპროტესტა. მას გაპროტესტების არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ იურიდიული ძალაც ჰქონდა. პრეზიდენტს შეეძლო, ვეტო დაედო შარლ მიშელის დოკუმენტის საწინააღმდეგოდ მიღებული კანონებისთვის. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ვეტოს ხომ დაძლევსო, მაგრამ ეს არ არის მარტივი, მას სერიოზული პროცედურები სჭირდება, მათ შორის, პარლამენტში განხილვები. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის უცხოელი პარტნიორები კიდევ ერთხელ გაამახვილებდნენ ყურადღებას, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული იქნებოდა. მას ახლაც შეუძლია ვეტოს დადება.

ჯერ მიიღეს კანონი, რომ ცესკოს თავმჯდომარე მაღალი კონსენსუსით ყოფილიყო არჩეული, სადაც ოპოზიციის ხმები იქნებოდა საჭირო და თუ არ აირჩევდნენ, მაშინ მხოლოდ 6 თვით შეიძლებოდა აერჩიათ. ესეც კი შეცვალეს და პარლამენტმა კანონი მიიღო, თუმცა ძალაში ვერ შევა, სანამ სალომე ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს. რატომ არ დაადო ამას ვეტო? ან, თუნდაც, ერთი თვის წინ გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით დანიშვნის შესახებ ცვლილებას მშვენივრად მოაწერა ხელი. გარდა ამისა, მოსამართლეების დანიშვნას, რომელიც პირდაპირ სანქციების საფუძველი გახდა ევროკავშირიდან და 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეგვიწყვიტეს, რატომ მოაწერა ხელი?! ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავს ვერ გაიმართლებს იმით, რომ მან ეროვნული თანხმობის შესახებ წამოაყენა იდეა და მას ვიღაც არ დაეთანხმება. ვხედავთ, ვინც დაეთანხმა. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. თუ ეროვნული შეთანხმება ვერ შედგა, მოსალოდნელია, რომ ზურაბიშვილმა ეს „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც გადააბრალოს და თქვას: მე კი ვარ ჰუმანური და სახელმწიფოზე მზრუნველი, მაგრამ ესენი ხომ ვერ შეთანხმდნენო, თუმცა ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, ოპოზიციისა და „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად გადადგას ნაბიჯები. ვიმეორებ: მის ხელში არის ორი დიდი ძალა _ ვეტო და შეწყალება. შეწყალების აქტით და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებით მან შეიძლება თქვას, რომ რაც მის ხელში იყო, ყველაფერი გააკეთა.

_ თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ნათქვამ სიტყვებს („არა და არასდროს“) უკან არ წაიღებს, მაშინ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიცია რჩება თუ არა ყველაზე რეალისტურ გზად?

_ უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი ძალიან შორი და არცთუ ისე რეალისტური გზაა. თუკი მისი მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ საფრთხე შეექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, უფრო რეალისტურია უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების საკითხი, მაგრამ ეს გზაც საჭიროებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც „ქართული ოცნება“, ალბათ, არ დათანხმდება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი არის ის კონსტიტუციური ბერკეტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ კრიზისის ნაწილობრივ განსამუხტად.

_ როგორ ფიქრობთ, კონსულტაციების შემდეგ შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას?

_ მიუხედავად კრიტიკისა, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხვდება ცალკეული პარტიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს, მოგვწონს თუ არა ისინი ან გვეცინება თუ არა ზოგიერთზე. ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება. კონსულტაციები მალე მორჩება და ამის შემდეგ ქალბატონ სალომეს მოუწევს თავისი სამოქმედო გეგმის გამოცხადება, რომელსაც უნდა მოჰყვეს პირველი შედეგები. ეს უნდა იყოს მიმდინარე საქმეებზე პოლიტიკური სასამართლო პროცესების შეწყვეტა (სამართლებლივი გზა უნდა გამოიძებნოს) და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება. დიდ ილუზიაში ჩავვარდებით, თუ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით დავიჯერებთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შეიძლება ეროვნული თანხმობის კუთხით. ეს შესაძლებელია მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. იქ გამოჩნდება, რას უპირებს ახალი ხელისუფლება ოპოზიციაში დარჩენილ „ოცნებას“ და ხელისუფლების ცვლის რევანშისტული მოდელი შეიცვლება თუ არა სხვა მოდელით. ეს არ გახლავთ ადვილი საქმე, რადგან არსებობენ კონკრეტული დამნაშავეები კონკრეტულ საქმეებზე. მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ დევნის მოტივი (მათ შორის, დამნაშავის) არ უნდა იყოს პოლიტიკური და მტყუან-მართალი უნდა განსაჯოს დამოუკიდებელმა სასამართლომ. ეროვნული თანხმობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „ქართული ოცნების“ დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ვნახოთ, რა ზომით შეძლებს დაიცვას საკუთარი პოზიციები, _ იბრძოლებს თუ შეეგუება ბედს და თვინიერი ჩაამთავრებს საპრეზიდენტო ვადას?..

_ შიმშილობის თემას, რომ დავუბრუნდეთ პრეტენზიები ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მისამართით, _ თუ შიმშილობთ, მაშინ დატოვეთ პარლამენტიო. თქვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დეპუტატი, რას უპასუხებთ აღნიშნულ კრიტიკას?

_ თუ გამობრძანდებიან დეპუტატები და ისე იშიმშილებენ, ასეთ შიმშილობას ზეციური მუხტი მოემატება თუ იმით დავიმუხტებით, რომ პარლამენტში არ ვიქნებით?! პირიქით, პარლამენტში ყოფნა დისკომფორტია „ქართული ოცნებისთვის“ და მათ ერთი სული აქვთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს. ამით „ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. პარლამენტის დატოვებას 10-15 ადამიანი მოგვიწოდებს. მათ აკვიატებული აქვთ ეს იდეა და „ფეისბუქზე“ „აკაკუნებენ“ ხოლმე. ეს არ არის არც ამომრჩევლისა და არც პოლიტიკური ლიდერების მთავარი განწყობა. როდესაც პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გადაწყვეტილება გვქონდა მისაღები, გამოკითხვა გავაკეთეთ, სერიოზული ორგანიზაცია დავიქირავეთ. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და ერთ-ერთი გრაფა იყო, ვის აძლევდა ამომრჩეველი ხმას. როცა ბევრს ეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები უმცირესობაში იქნებოდნენ, პირიქით აღმოჩნდა. ასე რომ, ერთეულების გამონათქვამს ნუ ვაქცევთ მთავარ ტენდენციად. განსხვავებული აზრი, რა თქმა უნდა, არის _ უზარმაზარი პარტიაა. 600 ათასი მხარდამჭერი და 30 ათას წევრზე მეტი ჰყავს, ამ 30 ათასი წევრიდან 30-მა კაცმა განსხვავებული აზრი თუ თქვა, ამაში გასაკვირი არაფერია.