როგორ წაართვა მარნეულის ბაზარი ბიზნესპარტნიორს დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა?!

მარნეულის მკვიდრი თამაზ ნავერიანი ყოფილ ბიზნესპარტნიორსა და ახლა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, რომლის სახელიც და გვარიც ასევე თამაზ ნავერიანია, ქონების მითვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დეპუტატი ნავერიანი აიძულებდა, რომ მარნეულის ბაზრის წილი მისთვის გადაეფორმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ნავერიანმა დეპუტატის სურვილი არ შეასრულა, ბიზნესში მისი წილი თაღლითურად მიითვისა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება თამაზ ნავერიანის ადვოკატი _ გრიგოლ ხმელიძე:

_ თამაზ ნავერიანი 1999 წლიდან ეკომიგრანტია სვანეთიდან, ასევეა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, დეპუტატი თამაზ ნავერიანი. ეს ადამიანები მარნეულში დაფუძნდნენ და იქ დაიწყეს საქმიანობა. ამავე წლიდან თამაზ ნავერიანი მარნეულის რაიონის ცენტრში მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორი გახდა. 10 წლის შემდეგ ეს ბაზარი ბატონმა თამაზმა საკუთარი სახსრებით გამოისყიდა „ცეკავშირიდან“ და პრივატიზაცია გააკეთა. დეპუტატი ნავერიანი იმ პერიოდში სპორტით იყო დაკავებული. მოგეხსენებათ, მაშინ ამ სფეროში არ იყო კარგი შემოსავალი და ის თავის მოგვარეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გვერდით ედგა და ეხმარებოდა, შემდგომ ეს ურთიერთობა გაღრმავდა. 2010 წელს მოხდა ბაზრის პრივატიზაცია, გამოსასყიდი თანხა იყო 400 000 ლარი. ამ ქონებაზე დაყრდნობით შეიქმნა შპს „ბაზარი“, რომლის პარტნიორები და დამფუძნებლები გახდნენ თამაზ ნავერიანი, მისი ძმა _ ნოდარი. ჯამურად მათ ჰქონდათ წილის 37%, დეპუტატი თამაზ ნავერიანი გახდა 20%-ის მფლობელი, ასევე 20%-ის მფლობელი გახდა მისი ძმა და დანარჩენის _ ძმისშვილი. ბაზრის გამოსასყიდი თანხა 400 000 ლარი მთლიანად დაფარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ბანკიდან კრედიტი აიღო და მერე საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით დაფარა. 2012-2013 წლებში საქმიანობა ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ორგანიზაცია განვითარდა, კრედიტი დაიფარა. წელიწადში, დაახლოებით, მილიონიანი ბრუნვა იყო, წმინდა მოგება პარტნიორებს შორის 50-60 ათასი ლარი იყო. შემდეგ დეპუტატმა ნავერიანმა მოინდომა, რომ ბაზარი მთლიანად მისი გამხდარყო და ასეთი რამ გააკეთა: მის მხარეს ხმათა უმრავლესობა იყო. 37% გახლდათ აქეთ მხარეს. ამიტომ ახალი კომპანია შექმნეს შპს „ალგეთი“, რომლის პარტნიორები ისევ თვითონ გახდნენ. შპს „ბაზარში“ დამფუძნებელთა უმრავლესი ხმით გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ეს ქონება ავდგეთ და სხვას მივყიდოთ იმიტომ, რომ რაღაც სარემონტო სამუშაოებია, რომლის შესრულება ჩვენ არ ძალგვიძსო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოხატა. ეს ყველაფერი დადასტურებულია დოკუმენტურად. მოკლედ, მოწინააღმდეგე მხარემ ბაზრის ქონება განვადებით გაყიდა. ქონება, რომელიც განვადებით იყიდება, ეს არის ქონება, რომელიც არ იყიდება, ან ძალიან ძვირად ყიდი. ქონება, რომელიც დღევანდელი კურსით, 4 მილიონ 200 ათასად არის შეფასებული, 2014 წლის სექტემბერში მილიონ 40 ათას ლარად გაყიდეს. აქედან 400 000 ლარი ვითომ შპს „ალგეთმა“ მოიტანა ნაღდი ფული, ანუ უსაქონლო ოპერაცია განახორციელა. რეალურად, ქაღალდი მოიტანეს საკუთარ თავთან და დანარჩენი 640 000 ლარის განვადება გააკეთეს. 640 000 ლარს წმინდა მოგებით, დაბეგრილი მოგებით, დღგ-თი, სახელფასო-საშემოსავლოებით, მთელი ხარჯით, კომუნალურებით, ყველაფერი რომ გადაიხდებოდა და ასევე პარტნიორზე გასაცემი დივიდენდის 5%, იმის შემდეგ კიდევ რჩებოდა წელიწადში 600 000 ლარი საშუალო მოგება. ამ ბიზნესს უნიკალური ნაღდი ფულის ნაკადები ჰქონდა. ნებისმიერი ბანკი სიხარულით გახდებოდა დონორი, კრედიტი რომ მოეთხოვათ. ნაღდი ფულის ნაკადები ძალიან ბევრს ნიშნავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის. შპს „ალგეთი“ რომ წინასწარ სპეციალურად შექმნეს, ეს აღიარა მათმა წარმომადენელმა, როდესაც ჩვენ ბოლნისის სასამართლოში წავედით და იქ დავიწყეთ სამოქალაქო დავა და 2014 წლის სექტემბრის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილობა მოვითხოვეთ. შესაბამისად, მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ერთმა კომპანიამ _ შპს „ბაზარმა“, უზარმაზარი ქონება მიჰყიდა შპს „ალგეთს“. ფული საიდან მოიტანეს, არსად ჩანს, ბუღალტრული აღრიცხვა არ ვიცით, საშინელება ხდება… სხდომის ოქმები რადიკალურად გავაპროტესტეთ და შევთავაზეთ, _ რადგან შენ უმრავლესობაში ხარ და მჯობნი, მე გეუბნები, _ რატომ ვყიდით ასეთ ფასად, უფრო ძვირად გავყიდოთ. მე გამოვისყიდი თქვენს წილს და მოვახდინოთ საბაზრო ღირებულების შეფასება, ან შევადგინოთ საბაზრო ღირებულების აქტი, დავადგინოთ ექსპერტიზის საშუალებით, ოღონდ არ დავჩაგროთ ერთმანეთი.

_ წამოვიდა მეორე მხარე ამ პირობაზე?

_ პარასკევს იყო შედგენილი ოქმი, წარმოიდგინეთ, ორშაბათს დაჩქარებული წესით საჯარო რეესტრში გადააფორმეს. პარტნიორს უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს, ეს დადგენილია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით; საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია, რომ ქონება, რომელიც გამოიყენება ეკონომიკურ საქმიანობაში, აუცილებლად უნდა მოხდეს საბაზრო ღირებულებით მისი რეალიზაცია; საქმე დედმამიშვილებს, მშობლებსა და შვილებს შორისაც რომ იყოს, კანონი ცალსახად გვეუბნება, არ ითვალისწინებს არაფერს, პირიქით, მდგომარეობას ამძიმებს და გეუბნება, რომ ესენი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, ან ურთიერთდამოკიდებული პირები პარტნიორები, რომლებიც საშუალოდ 20%-ს და მეტს ფლობენ, ეს კანონით არის განსაზღვრული და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს პირობაც დაარღვიეს, მილიონ 40 ათასად გაყიდეს. ყველაზე დაბალი შეფასება არის ბუღალტრული სტანდარტის მიხედვით, საერთოდ, ითვლება 7 წელზე, ანუ 7-ჯერ 12, რაც შემოაქვს ბიზნესს წელიწადში, ის მრავლდება 7-ჯერ 12-ზე, ანუ 84-ზე და მიიღებთ თანხას, რომელიც 5 მილიონს სცილდება, მაგრამ ექსპერტიზის ბიურომ ყველაზე დაბალი დონის დათვლა, რისკები იანგარიშა და 4 მილიონ 200 ათასი მაინც გამოიყვანა.

_ სასამართლოში ჩივილის შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს საქმე?

_ დავა დავიწყეთ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, პირველად მარნეულში გადააგზავნეს, იქ უკვე წავიდა ჩართულობები. რატომ უნდა გადააგზავნოს ბოლნისის სასამართლომ მარნეულში, როდესაც მარნეულში მაგისტრი მოსამართლე ზის და რომლის ქვემდებარეობა ეს არ არის?! ერთი წლის განმავლობაში ეს საქმე იქ იდო, ყველა საშუალებით ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, კანონს ხომ ვეღარ დაარღვევდნენ და ბოლოს, როგორც იქნა, დაბრუნდა საქმე ბოლნისში. 18-ფურცლიანი გადაწყვეტილებაა მიღებული, სადაც მოსამართლე იდეალურად მსჯელობს, პირველ რიგში, კეთილსინდისიერების საკითხზე, რომ ის კეთილსინდისიერი შემძენი ვერ იქნებოდა, რადგან იცოდა, მათ შორის ამ საკითხზე კონფლიქტი იყო, მით უმეტეს, ურთიერთდამოკიდებული პირები, მით უმეტეს, საბაზრო ღირებულება, მით უმეტეს, ოქმის არალეგიტიმურობა, არავითარი ვადა არავინ არავის არ მისცა და მთელი რიგი დარღვევებია… ბოლნისის მოსამართლემ მიწასთან გაასწორა. ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ყველა საშუალებით გვებრძოდა, შემდეგ ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და 2016 წლიდან უსასრულოდ იდო იქ _ ხან ერთი კოლეგია შეიკრიბა, ხან მეორე და წელს, 28 აპრილს, როგორც იქნა, გადაწყვეტილება გამოგვიცხადეს. პატივცემულ მოსამართლე ქირიას, რომელსაც ვადა უმთავრდებოდა, ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ვადა გაუგრძელეს.

_ ბოლნისის მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა?

_ საინტერესო ის არის, რომ გადაწყვეტილება ორი ერთის წინააღმდეგ მიიღეს, ანა გოგიშვილი გახლდათ ერთ-ერთი მოსამართლე, მომხსენებელი იყო გელა ქირია, მესამე მოსამართლე იყო ხელვაჩაურიდან გადმობრძანებული ამირან ძაბუნიძე. ძაბუნიძეს ამ პროცესებში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, პატივცემულ ქირიას მიჰყავდა პროცესი, როგორც სპიკერ-მოსამართლეს, ბოლო პროცესზე რადიკალურად ჩაერთო გოგიშვილი, რომელმაც ბრძანა, რომ გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ კეთილსინდისიერების საკითხში და მხარეებს თავისი რადიკალური პოზიცია გააცნო იმ ეტაპზე პროცესუალური ნორმების დაცვით. როდესაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, უფრო ნათელი გახდა, რომ ორი ერთის წინააღმდეგ იყო. მოსამართლე გოგიშვილმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ დაეთანხმა ამ ორი მოსამართლის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ბოლნისის მოსამართლემ აბსოლუტურად სწორად იმსჯელაო. სასწაული რა არის: ამ ორმა მოსამართლემ იცით, როგორი გადაწყვეტილება მიიღო? 2014 წლის პარტნიორთა კრების ოქმი გააბათილა და თქვა, რომ სწორი არ არისო. და ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა გასხვისება, სასაცილო მიზეზებით ძალაში დატოვეს და თქვეს, რომ კეთილსინდისიერი მყიდველი იყოო. მარტივ კითხვას ვსვამ, _ ამ შემთხვევაში, კეთილსინდისიერება თუ არის, მაშინ ზიანი უნდა მოსთხოვოს მყიდველმა გამყიდველების იმ მხარეს, დომინანტ პარტნიორს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს ქონება უნდა ჩამოერთმიათ, თუ გადაწყვეტილებას აუქმებ და შპს „ალგეთს“ მოთხოვნის უფლება დარჩებოდა. ამ მოსამართლემ ისეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მსგავსი საქართველოს სასამართლოს ისტორიას არ ახსოვს და ამ სასწაულის შესახებ მინდა, ყველამ გაიგოს: 37 ფურცელი დაწერეს, აბსოლუტურად სრულად არის გადმოტანილი და დომინირებს ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, საქმის სხვადასხვა გვერდები, რომლებიც აბსოლუტურად არაარსობრივია და აბსოლუტურად არაფერს პასუხობს. არის ზოგადი ხასიათის მსჯელობა, რომლის საფუძველზეც მიიღო ასეთი სასწაული გადაწყვეტილება. ადამიანს გაუუქმო დაბადების მოწმობა და პასპორტი დაუტოვო, ასეთ ელემენტარულ ამბავთან გვაქვს საქმე. დღესდღეობით ჩვენ ეს განსხვავებული აზრი უკვე ჩავიბარეთ და უზენაეს სასამართლოშიც წარვადგინეთ საკასაციო საჩივარი, რომლითაც ვამბობთ, რომ რეალიზაციის ხელშეკრულება და კეთილსინდისიერების საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ძალაში, რადგან უსაფუძვლოა ყველა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

_ სისხლის სამართლის ხაზითაც გაქვთ დავა დაწყებული, აქ რა მდგომარეობაა?

_ 2015 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განცხადება შევიტანეთ, სადაც იმ საკითხებზეა მსჯელობა, რომელზედაც მოგახსენეთ, რომ ქონების მითვისება მოხდა. თავიდან გამოძიებამ ძალიან ეფექტიანად დაიწყო მოქმედებები, ამოიღო სხვადასხვა საბუთი, ჩაატარა ექსპერტიზა, არ ვიცით, რა მეთოდიკით, მაგრამ როგორც ჩვენ განგვიმარტეს, სამ მილიონად შეაფასა ქონება. ზედამხედველი პროკურორია ვანო ოქრიპირიძე და გამომძიებელია გოგა გუგუჩია. ბატონ გოგას ვესაუბრე და ვკითხე, _ რას აპირებთ, მოწმეები დავკითხეთ, შეფასება გვაქვს, ყველა დოკუმენტაცია, საბანკო ბრუნვა, ბრუნვით 400 000 ლარი შპს „ბაზარს“ ანგარიშზე თავისი ფული ჰქონდა, ეს ფული გაიტანეს და იმიტომ შემოიტანეს, რომ შპს „ალგეთში“ პარტნიორის შენატანიც კი არ არის, სასაცილო ამბავია, ეს თანხა საიდან მოიტანა შპს „ალგეთმა“, უკაცრავად და შავი ფული ხომ არ გავრეცხეთ?! ხომ არ გავათეთრეთ?! შავი ფულის გათეთრების საკითხი ხომ არ გვიდგას?! გამოძიებას ჩვენ ვაწუხებთ, არაფერი  ხდება, არაფერს აკეთებენ… ბატონი თამაზი შპს „ბაზრის“ დირექტორს სთხოვდა, ჩემი ფინანსური საბუთები მომეციო. დამფუძნებელი დირექტორს რომ მოსთხოვ და არ მოგიტანს, იძულებული რომ გახდები. სასამართლოში წახვიდე და სააღსრულებო ფურცლით მოსთხოვო, იმასაც არ ასრულებდა. ქვემო ქართლის სააღსრულებომ დაიწყო ეს საქმე, აღმასრულებელსაც ატყუებდა, მერე მე ჩავერთე, დავით გოგინაშვილს წერილი მივწერე, სხვათა შორის, ის პროფესიონალი აღმოჩნდა, ავუხსენი, რომ არის საიტი რს.გე, სადაც გადასახადის გადამხდელის ყველა დოკუმენტაციაა ატვირთული, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერი ითვლება ცოცხალ კანონიერ დოკუმენტად, ისეა აქაც. არ აძლევდა, აღმასრულებელზე ხელის შეშლა მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს. ბანკიდან ამონაწერი საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო, სპეციალურად ხომ მიაწერინეს წერილი გუგუჩიას, რომ ამოღებული მაქვსო. გასაგებია, წადი მეორედ იმ ბანკში და ამოგიბეჭდავს შენთან ბრუნვებს, ბეჭედსაც დაგირტყამს და გამოგატანს, რა უნდა ამის გაკეთებას? ამაზე მივწერე წერილი ბატონ გოგინაშვილს და ზუსტად 17 დღეში მოატანინა ყველაფერი. მარნეულის პროკურატურას გადავუგზავნეთ, გვიბარებს რიგითი პროკურორი და ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატირება დაიწყო. იმის მაგივრად, რომ გამოკითხვა ეწარმოებინა, რატომ დაწერე, ბატონო თამაზ, ეს განცხადება, რა ხდება, დამფუძნებელი ბრძანდებით, ეს ადამიანი დირექტორია, სამეწარმეო რეესტრზე ყველას მიუწვდება ხელიო, ამ ადამიანმა აქეთ შემოგვიტია, _ არ გინდათ ასეთი რაღაცები, დაანებეთ თავი, აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არისო. სასწაული! 4 თვის განმავლობაში დაუყოვნებლივ არ ასრულებ, ნებაყოფლიბით 7-დღიან ვადას რომ მოგცემს აღმასრულებელი და იმას რომ დაუწერ ახსნა-განმარტებას, ამოღებული აქვს ყველაფერი საგამოძიებოს და ვერაფერს მოგცემთო, მერე რომ მოგკითხავს კანონით და გეტყვის, მატყუებო და მოუცუნცულებ ყველაფერს, ეს რა არის?! დანაშაული არ არის სახეზე?! არ ვიცით, რას მიიღებს მარნეულის პროკურატურა, თაროზე აქვთ შემოდებული ეს დავა მთავარ პროკურატურაში. სახტად დავრჩი, ასეთ შეხვედრას არ ველოდებოდი. შემდეგ ზედამხედველ პროკურორ ვანო ოქროპირიძეს რამდენჯერმე დავურეკე, _ საქმეზე არავითარი ძვრა არ არის-მეთქი. ბოლოს მეუბნება, ერთიც და მეორეც _ ოქროპირიძეც და გუგუჩიაც, _ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებითო. _ თქვენ გაქვთ სისხლის სამართლის საქმე, სამოქალაქო დავა რა კავშირშია, დავუშვათ, და მიიღო აპელაციამ გადაწყვეტლება, ის ან უკან დაბრუნდება, ან უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, რას ელოდებით-მეთქი?! სისხლის სამოქალაქოსთან კავშირში აღარ არის, ეს ცვლილება 2012 წელს შევიდა კანონში და ვეღარ აჩერებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე იყო ხოლმე აღძრული, სამოქალაქოსა და ადმინისტრაციულს აჩერებდა, ახლა აღარ არის ეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი ისევ ისე დარჩა. დავუწერეთ ვანო ოქროპირიძეს, თქვენ რომ გაქვთ ეს საქმე, მე, თამაზ ნავერიანი, მცანით დაზარალებულად-მეთქი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი ამ ურთიერთობებს არეგულირებს. იქ წერია, რომ შეგიძლია მიმართო, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ჯერ ტელეფონით მითხრა, თქვენ მხარე არ ხართ და ვერ მომმართავთო. არ ვიცი, რამდენად გაცნობილია ეს ხალხი პროცესს, მაგრამ ჯანდაბას! იგი ვალდებული იყო, 48 საათში გაეცა პასუხი, ტელეფონზე აღარ მპასუხობდა. ერთი კვირა გავიდა და კიდევ ვურეკავ, ისევ არ მიპასუხა, რადგან კანონმდებლობაში არის ასეთი რამ: როდესაც 30 დღე გავა და არ გპასუხობს, უარად განიხილება და უნდა გაასაჩივრო. განვიხილეთ უარად, რადგან პასუხი არ მოგვივიდა, 9 დღის შემდეგ მივმართე ზემდგომ პროკურორს, დეპარტამენტის ხელმძღვანელია ქალბატონი მირანდა, რამდენჯერმე დავრეკე, ჩემი სახელი და გვარი დავტოვე, უამრავჯერ დავრეკე საიტზე ოფიციალურად მითითებულ ქალაქის ნომერზე და არავინ მპასუხობს, გავიდა 26 დღე და მოდის პასუხი, რომელსაც ხელს აწერს ვანო ოქროპირიძე და გვწერს, რომ თქვენს მომართვასთან დაკავშირებით გპასუხობთ: საქმე მიმდინარეობს, ჯერ არ გამოკვეთილა არაფერიო. ე. ი. ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილაო. თუ ბრალეული ქმედება გამოიკეთა, ანუ ბრალი დადგინდა, დაუყოვნებლივ ვალდებული ხარ, რომ ჯერ ბრალი წარუდგინო, როგორც კი ბრალი დადგინდება, ბრალდებული და დაზარალებული წარმოიშობა. როგორც კი დავადგინე, რომ დაზარალებული წარმოიშვა, დაუყოვნებლივ ბრალდებულიც მყავს, სხვანაირად სისხლის სამართლის საქმე ვერ წარმოიშობა. ასეთი წერილიც მივიღეთ. აღარ ვიყავი ვალდებული, რომ პასუხს დავლოდებოდი, ტელეფონზე არ მპასუხობდნენ, ზემდგომიც არაფერს გეუბნება… რიგით პროკურორს 48-საათიანი ვადა აქვს დადგენილი, ზემდგომ პროკურორთან რამდენ ხანში უნდა გაასაჩივრო, არ წერია. ზემდგომი პროკურორის უარი რამდენ ხანში უნდა გაასაჩივრო სასამართლოში, არ წერია და სასამართლომ 15 დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მოსამართლეს ვადა დაუდგინეს, თითი დაუქნიეს და პროკურორს _ არა. არც ერთის პასუხი გვქონდა და არც მეორის, იძულებული ვიყავით, უარად განგვეხილა და სასამართლოს მივმართეთ. იქ გვითხრეს, მითვისება გაქვსო, კვალიფიკაცია არ არის დადგენილი და მე ვერ ვიმსჯელებ, შემიძლია ბრალდებულად გცნოთ იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული იქნებაო და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მხოლოდ კვალიფიკაცია _ მითვისება, სხვა მუხლები არ არის და გამოძიება ჰაერში მიმდინარეობს, ოღონდ ფიზიკურად თაროზე დევს. ამაზეც, რა თქმა უნდა, სასამართლომ უარი გვითხრა. მოსამართლის ეს განჩინება არ საჩივრდება. ვიცოდი, რომ ამ გზას არ ჰქონდა დიდი პერსპექტივა, მაგრამ იმისთვის, რომ ისტორია შემექმნა და ყველა გზა ამომეწურა, გავაკეთე.

_ დეპუტატ ნავერიანის წილი შპს „ალგეთში“ ოფიციალურად გაფორმებულია?

_ ოფიციალურად მასზე არა, ბიძაშვილებზეა გაფორმებული. ბატონი მაჟორიტარი დეპუტატი ასევე რამდენიმე კომპანიის მფლობელია. საჯარო სამსახურის ბიუროთი დავინტერესდით და აქაც სასაცილო ამბავში მოვხვდით. ჯერ მისი ქონებრივი დეკლარაცია ამოვიღეთ და კომპანიები, რომლებსაც ფლობს, საერთოდ არ აქვს დეკლარაციაში შეტანილი. ამ დროს სამეწარმეო რეესტრი რომ ნახოთ, მის სახელზე 6 კომპანიაა რეგისტრირებული. კანონმდებელი რომ ხდები, შეიძლება, პროფესიით ფილოლოგი იყო, მაგრამ იმით მაინც უნდა დაინტერესდე, პარლამენტის წევრი რომ ხდები, რა უნდა გააკეთო პირველ რიგში, ბიზნესი რომ მაქვს, ამას რა ვუყო, მინდობილობით გადავცე, პროკურისტი გავხდე, მართვაში გადავცე თუ რა, დეკლარაციაში ხომ მაინც უნდა შეიტანო სწორად?! არაფერი არ აქვს შეტანილი. ამასთან დაკავშრებით ბიუროს მივმართეთ. აქაც ანალოგიური ამბავი მოხდა, როგორც მთავარ პროკურატურაში. ბიურომ გვიპასუხა, ჩვენ ამის უფლებამოსილება არ გვაქვს, რამე გავაკეთოთო. კანონში ცვლილება რომ შევა, ამის უფლება გვექნება და მერე ვიმსჯელებთო. ხედავთ, რა ხდება?! შეიძლება, ერთი კომპანია არ შეიყვანო, გამოგრჩა, 6 კომპანია დაგავიწყდა?! ერთი შეიძლება დაგავიწყდეს და ამის შესახებ ბიუროს უფროსის სახელზე განცხადება დაწერო და ჩაამატო, მაგრამ 5-6 კომპანია რომ არ ჩაწერე, ის უკვე აღარ დაგავიწყდა და განზრახ ქმედებაა! ამაზეც საერთოდ არ შეიბერტყეს ყურები!

_ ახლა რას აპირებთ?

_ გამოძიებას ველოდებით, განსხვავებული აზრი ავიღე, 50 გვერდია, ერთ პირს გუგუჩიას გავუგზავნი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მეორე პირს ოქროპირიძეს მთავარ პროკურატურაში, მერე უკვე რა უნდა გავაკეთო, აღარ ვიცი! რაც მოგიყევით, მართლა ასეა! სისხლის სამართლის საქმე თებერვლიდან დავიწყე, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება შევქმენი. გასულ წელს ბესელიასაც მივწერე, პარლამენტის თავმჯდომარესაც, აბსოლუტურად ყველამ გააკეთა გადამისამართება. სახალხო დამცველს თავიდან კატეგორიული ტონი ჰქონდა, ბოლოს წერილი მოგვწერა, შესაბამის ორგანოებს მივწერე და გამოძიება მიმდინარეობსო. საკითხი რომ გამწვავდა, ყველგან იგრძნობა ადმინისტრაციული ჩარევა.

_ ამბობთ, რომ დეპუტატ ნავერიანის ხელი ყველგან მისწვდა?

_ ფაქტია, სახალხო დამცველის ბოლოს წინა წერილი რომ ნახოთ და იმის მერე მოსული წერილი, ადამიანი ყურებს რომ ჩამოყრის, სწორედ ასეა! სახტად დავრჩი, ისევე როგორც ბიუროს შემთხვევაში მოხდა! რადიკალურად იგრძნობა დეპუტატ ნავერიანის ხელი!

 

თამაზ ნავერიანი:

_ 2012 წლამდე, სანამ დეპუტატი ნავერიანი ჩემი ბიზნესის წართმევას მოინდომებდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მერე უკვე მეუბნებოდა, _ წადი, დატოვე და წილი გადმომიფორმეო! ამ ამბავს ერთხელ ჩხუბი მოჰყვა მის კაბინეტში, მაშინ ძიუდოს ფედერაციის უფროსის მოადგილე იყო. 2012 წელს, სანამ საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა, იქ შევხვდით ერთმანეთს და დიდი ჩხუბი მოგვივიდა, _ მანამდე არ გაგიშვებ აქედან, სანამ წილს არ გადმომიფორმებო. მითხრა, _ აქვე დაგბრიდავო! როცა გაყიდეს, მეუბნებოდა, 400 000 აიღე იქიდან, რაც გეკუთვნითო. როგორც გაყიდეს იმ ფასს გულისხმობდა. ამ დროს ორწელიწადნახევარზე მეტი ხნის მილიონ ნახევარი ლარი დივიდენდი იყო გასანაწილებელი, რომელიც არ განაწილდა, იმაზე მეტი იქიდან მეკუთვნოდა. ვეუბნებოდი, _ თუ გაყიდეთ, მაშინ რეალურად შევაფასოთ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასოს, რაც იქნება რეალური ფასი, იმის შემდეგ ან მე წავალ, ან თქვენ წადით-მეთქი. ასე არაო, მე როგორც მინდა, ისე გავყიდიო! პარასკევს საღამოს რომ ჩავატარეთ კრება, საღამოს 18:00 საათზე დამთავრდა, იმ დღეს არც გამყიდველი ჩანდა, არც ფასი იყო დადგენილი, არც შეფასების აქტი ყოფილა, შაბათ-კვირა ხომ დასვენების დღეა და ორშაბათს 10:00 საათზე უკვე 6-გვერდანი ხელშეკრულება გააკეთეს, ისიც საჯარო რეესტრის ფორმით კი არა, თვითონ სახლში წინასწარ გაკეთებული მიიტანეს 10:00 საათზე, 200-ლარიანი ქვითრის ფული გადაიხადეს, რომ დაჩქარებული წესით გაფორმებულიყო. როცა წერილობით ოფიციალურად მივმართე, რომ ბაზრის რეალური ღირებულება შეფასებულიყო და გამოვისყიდოთ-მეთქი, დილით წერილი რომ გავაგზავნე, ტელეფონით მათ ადვოკატს დავუკავშირდი და მითხრა, _ ეგ ქონება უკვე რეალიზებულიაო. შევედით საჯარო რეესტრის საიტზე და ქონება უკვე გაყიდული იყო და სხვა ჰყავდა მფლობელი. ამბობდნენ, ბაზარს განვითარება უნდა და თანხები არ გვაქვსო, ვითომ ამიტომ გაყიდეს და 2014 წელს, ეს დავა რომ მიმდინარეობდა, მანქანა „ლენდ კრუიზერი“ 140 000-ად იყიდეს, თვითონ ზრდიდნენ ხარჯებს, დირექტორს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხელფასი 15 000 ლარი დაუნიშნეს, რომ დივიდენდი ამ ხელფასით გამოეტანათ და ვითომ გაენაწილებინათ. დირექტორს არავინ მისცემდა თვეში ამხელა თანხას. ვუთხარი, _ თუ ასე გინდათ ბაზრის განვითარება და მშენებლობის დაწყება, მაშინ ხარჯებს რატომ ზრდით-მეთქი? ზედამხედველი პროკურორი ოქროპირიძე კი არ მალავს, პირდაპირ ამბობს, ხელმძღვანელობასთან შევათანხმებ და როგორც დამავალებენ, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებო, მთავარ პროკურორს გულისხმობს! განა, იმას ამბობს, კანონი როგორც მოითხოვს, ისე ვიმოქმედებო, არა, რასაც დამავალებენ, იმას შევასრულებო! 22 სექტემბერს შპს „ალგეთი“ რომ შეიქმნა და ბაზარი იყიდა, 24 სექტემბერს ბანკში ანგარიში გახსნა, რომ შეისყიდა, ორი დღის შემდეგ სასწაული ამბები ხდება! ხუთი წელია, ძალიან ცდილობენ, რაიმე მომიწყონ, მაგრამ მთელი ცხოვრება სუფთა გზით მოვდივარ და ვერაფერი გამიკეთეს!

 

თამარ ბატიაშვილი