როგორ ჩაშალა სასამართლო რეფორმა გიგა ბოკერიამ?

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგო. პირველი, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ დააანონსა, საკონსტიტუციო ცვლილებებია. საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. გაზაფხულზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა უნდა მოხდეს.

რას ელოდება კომისიის მუშაობიდან? რამდენად ეფექტური იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საკითხი? როგორ ჩაშალა სასამართლო რეფორმა გიგა ბოკერიამ და რატომ მოიხადა ბოდიში მის მაგივრად მიხეილ სააკაშვილმა?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ვალერი გელბახიანი ესაუბრება:

_ ,,ქართულმა ოცნებამსაკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე კონსტიტუციის შეცვლაზე დაიწყო საუბარი, შეიქმნა კიდეც კომისია. ჯერ ერთი, როგორ შეაფასებთ კომისიის კომპეტენციას და რა ცვლილებებს ელოდებით? ელოდებით თუ არა, რომოცნებაისევ მოირგებს კონსტიტუციას საკუთარ თავზე, როგორც ესნაციონალურმა მოძრაობამგააკეთა თავის დროზე?

_ წინასწარ პროგნოზი არ შემიძლია. რაიმე ნიშანიც არ იკითხება, რომ წარმოდგენილი აქვთ, რა ფორმატის საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ წინასწარ დაანონსებული თემები იმაზე მიანიშნებს, რომ ამათი ძირითადი მოთხოვნა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მოდერნიზაცია იქნება. თუ კომისიას მხოლოდ ეს მიზანი აქვს, ამისთვის კომისიის შექმნა საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს საკანონმდებლო ინიციატივით შეუძლია გააკეთოს და არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ კონსტიტუცია შეცვალოს, მაგრამ თუ მათ იდეაში აქვთ, რომ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო რეფორმული ფუნქცია ჰქონდეს, მაშინ, ცხადია, რა ვადაც მათ გამოაცხადეს, ეს ვადა ამ რეფორმას არ ეყოფა. პრილამდე ეს ჯგუფი შეხვედრასაც ვერ მოასწრებს ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, კომისია 59 პირისგან შედგება და როცა გადავხედე, ეს არის პარტიული დაჯგუფებები და არასამთავრობო სექტორიდან მოწვეული ადამიანები. „ქართულ ოცნებას“ 24 წევრი ჰყავს, 8 _ „ნაციონალურ მოძრაობას“ და 3 _ „პატრიოტთა ალიანსს“, ანუ გამოვიდა ისე, რომ 35 წევრი 59-დან პარლამენტის წევრია, პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიაშია, რაც მიმაჩნია, რომ საჭირო და მიზანშეწონილი არ იყო, იმიტომ რომ პარლამენტის წევრია და ისედაც მონაწილეობს ამ პროცესში. პარლამენტში კანონპროექტი განსახილველად შედის, საკონსტიტუციო კომისიაში ფართო სპექტრი იყო საჭირო, აქ კი, ძირითადად, პოლიტიკური ისტებლიშმენტია.  წარმოიდგინეთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მოვალეობის შემსრულებელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, კიდევ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და ბევრი… არის საკონსტიტუციო ისტებლიშმენტის წარმომადგენელი. ისინი შებოჭილი არიან ყველანაირი ინიციატივებისგან, ვინაიდან სამთავრობო იდეა უფრო იმათი პოლიტიკის განხორციელება იქნება ამ ადამიანების ხარჯზე, ვიდრე შემოქმედებითი და მართლა რეფორმატორული მიდგომა. წარმოიდგინეთ, 30 წევრი რომ უმრავლესობა არის პარლამენტის შიგნით და პლუს ამას ემატება კიდევ 10 სამთავრობო წარმომადგენლობა, 59-დან 40 უჭირავს ხელისუფლებას და, ახლა, რატომ აკეთებენ ამას, რომ ყველგან უმრავლესობა უნდათ ჰქონდეთ, ეს მათი პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი უარს იტყვის აქ მუშაობაზე, თუ გამოიკვეთება, რომ მხოლოდ ერთი მიზნისთვის არის ეს კომისია შექმნილი. მაშინ არასამთავრობო სექტორი აუცილებლად აქედან გამოვა. ოპოზიციურ პარტიებს 4 ადგილი მისცეს, ეს პარტიები, ბუნებრივია, არ დაეთანხმებიან პრეზიდენტის ინსტიტუტის მოდერნიზაციას.

კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს. რაც შეეხება ამ კომისიის შემადგენლობის მესამე ნაწილს, ანუ არასამთავრობო სექტორს, აქ არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვადასხვა ლიგა, კონსტიტუციის დაცვა, ადამიანთა უფლებების დაცვა. მხოლოდ ორი მეცნიერია კომისიაში წარმოდგენილი, ავთანდილ დემეტრაშვილი და ჯონი ხეცურიანი. დანარჩენ მეცნიერთა კორპუსი კომისიაში არ არის. ეს ძალიან საგანგაშო და შემაშფოთებელი ფაქტია. უნივერსიტეტებში, სადაც მეცნიერ-კონსტიტუციონალისტები კითხულობენ ლექციებს, ახალგაზრდა თაობებს ზრდიან, ანუ ამ ფუნდამენტალიზმს ნერგავენ, რასაც ჰქვია კონსტიტუციონალიზმი, ეს ადამიანები არ არიან წარმოდგენილნი და სამწუხაროა.

მაგალითად: პაატა ცნობილაძე კონსტიტუციონალიზმზე ერთადერთი წიგნის ავტორია საქართველოში,  რომელიც სახელმძღვანელოა ყველა საუნივერსიტეტო სწავლებაში. რატომ არ მოხვდა პაატა ცნობილაძე ამ კომისიაში?! ეს ნიშნავს იმას, რომ კადრები კვალიფიციურ დონეზე არ შეირჩა.

რაც შეეხება ვადებს, როგორც წესი, როცა საკონსტიტუციო კომისია იქმნება, იქ სამუშაო ჯგუფები თავების მიხედვით ყალიბდება. მაგალითად, მოქალაქეთა უფლებების თავზე იქმნება ერთი სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის თავზე _ მეორე, პრეზიდენტის თავზე _ მესამე, სამართალდამცავ, ანუ სასამართლო სისტემაზე _ მესამე… დაახლოებით ხუთი-ექვსი პუნქტი, ტერიტორიული მოწყობა, რომელიც პრობლემაა… ექვსი სამუშაო ჯგუფი მაინც უნდა შეიქმნას. ამ სამუშაო ჯგუფებმა თავიანთი სფეროების მიხედვით უნდა წარადგინონ პროექტები, თუ როგორ ესახებათ რეფორმა. სამუშაო ჯგუფებისთვის სამი თვე დარჩება, რომ ერთმანეთში შეჯერდნენ. დავუშვათ, ერთ სამუშაო ჯგუფში ოთხი კაცია, ოთხივემ რომ ცალ-ცალკე თავისი შეხედულება დაწეროს, ხომ უნდა იკამათონ, რომ ერთ აზრზე ჩამოყალიბდნენ? ამიტომ ეს ხანგრძლივი პროცესია, ეს არ არის სუფთა წერა, რომ გადაწერო და იქ მიიტანო. ეს არის ხანგრძლივი კამათი… მერე, ერთად შეჯერება იწყება? დავუშვათ, სამუშაო ჯგუფის ის ვარიანტი, რომელიც კომისიის განხილვაზეა გატანილი, არის თუ არა შესაბამისობაში დანარჩენილი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროექტებთან? ძალიან რთული სამუშაო ვითარებაა, რომელიც ასე ერთი ხელის მოსმით, რა თქმა უნდა, არ მთავრდება, ამიტომ მე კითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ეს ფართომასშტაბიანი კონსტიტუციური რეფორმაა, მაშინ დასახელებული ვადა აბსოლუტურად შეუსაბამოა, იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია. თუ ერთ საკითხზე უნდა მოხდეს კონსტიტუციური ცვლილება, ვფიქრობ, რომ ის ნაწილი, რასაც ჰქვია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები, ისინი აუცილებლად დატოვებენ კომისიას და მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება. ამიტომ ამისთვის საჭირო იყო ფართო კონსენსუსი და ხანგრძლივი ვადა. ის კონსენსუსი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მარტო პარტიებს შორის არ არის, სამოქალაქო საზოგადოებასთანაც საჭიროა, ამას ფორმალური ნიშნები ახლავს, ვერ იტყვი, რომ წარმომადგენლობა არ არის, მაგრამ ფართო წარმომადგენლობა არ გახლავთ. საქმე ის არის, რომ რახან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციონალისტი ხარ და სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის, სახელმწიფო ურთიერთობების პრობლემები გესმის. რახან პარლამენტის წევრი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღალი კომპეტენცია გაქვს და შეძლებ, შენი ქვეყნის მომავალი დაინახო იმ დიდი სამყაროს გამოცდილებაში, რომელიც ყველა ქვეყანას დაუდგა კონსტიტუციურ პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტი მეცნიერული წარმომადგენლობა სჭირდებოდა, რომელსაც მეტი ინფორმაციული წყარო აქვს, მეტი მეცნიერული წვდომა და მეტი დამაჯერებლობა აქვს არგუმენტაციების მოხმობის დროს. ამიტომ ეს ყველაფერი, ჯამში, მაფიქრებინებს, რომ ცოტა საეჭვოა ამ ვადაში ფართო რეფორმების დაწყება.

_ ბატონო ვალერი, თუმცა ჩვენ გამოცდილება გვაქვს, რომქართულმა ოცნებამასევე სწრაფადგააკეთასასამართლო რეფორმა, სრულიად გაიზიარანაცმოძრაობისგამოცდილება და სასამართლო სტრუქტურები იმ ადამიანებს ჩააბარა, რომლებსაც წინა ხელისუფლების პირობებში ებარათ

_ ამ ქვეყანაში სასამართლო რეფორმა რომ არ განხორციელდა, ეგ ახალი ამბავი არ არის, ეგ, ალბათ, სამომავლო საქმე უფროა. პირიქით,  მგონია, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის დაამძიმეს. მაგალითად: საკონსტიტუციო სასამართლოში უმსგავსობა ხდება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უკვე ხელმიუწვდომელია საკონსტიტუციო სასამართლო ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანებისთვის. არ აქვს მოქალაქეს კონსტიტუციური დაცვის გარანტი ამ სასამართლოსგან. ჩვენ გვახსოვს, რომ „ქართული ოცნება“ პრეტენზიებს უყენებდა იმ შემადგენლობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში იყო და სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო.

აი, ამ ბოლო დროს, საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს წარმოებაში არც ერთ საქმეს. მაგალითად, უზენაესმა სასამართლომ 11 წარდგინება გაუგზავნა და უთხრა, _ შენ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე, განმარტება მომეცი, ძველ კანონზე თუ შეიძლება ამის გამოყენებაო? უზენაესმა სასამართლომ რატომ დასვა ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე? იმიტომ, რომ სამართალწარმოებაში სამართლებრივი პრობლემა წარმოშვა, ამიტომ უზენაესი სასამართლოს პრობლემა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გადაწყვეტილიყო. 11-ივე წარდგინებაზე საკონსტიტუციომ უარი თქვა, არ განვიხილავო, დასაშვები არ არისო. ეს არის კონსტიტუციური მომსახურება?!

_ კონკრეტულ საქმეს ეხებოდა ეს?

_ იცით, რას ეხებოდა? _ 2015 წლის 22 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ირიბი მტკიცებულებები არ შეიძლებოდა განაჩენის საფუძვლად ყოფილიყო გამოყენებული, ეს მოქმედ კოდექსში… მაგრამ მოქმედ კოდექსამდე ძველი კოდექსი იყო, რომლითაც მიშას დროს მთელი საქართველო, 400 ათასი ადამიანი გასამართლდა. ამიტომ დაისვა საკითხი, რა ვუყოთ იმ კოდექსით გამოტანილ განაჩენებს, რასაც ირიბი ჩვენებები დაედო საფუძვლადო? ამის გამო უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოდან უამრავი კასაციური სარჩელი მიიღო. უზენაესი სასამართლო იძულებული გახდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა და ეთქვა, რომ თქვენ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, განმიმარტეთ, ძველ კანონზე მოქმედებს თუ არა იგივე, ანუ ძალადაკარგულზე? საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა და თქვა, რომ ეს საკითხი ადრე ხომ განვიხილეთ, ახლა საჭიროდ არ მიმაჩნიაო. შე დალოცვილო, სამართლის ხელმისაწვდომობა რა არის? უნდა განიხილო… და ის პრობლემა, რაც სამართალში წარმოიშვა, უნდა გადაწყვიტო. ეს არის შენი ამოცანა და არა ის, რომ სკამზე დაჯდე, კარგ ხელფასსა და კარგ სამსახურში მოკალათდე და უარით ისტუმრო, უფრო სწორად, გააღრმავო ის პრობლემები, რომლებიც სამართალში წარმოიშვა… ისევე როგორც მეც მივმართე, წელიწადნახევარი ეგდოთ სარჩელი, გუშინ მომდის პასუხი… იმიტომ, რომ ორი წლის წინათ ეს საკითხი განხილული მაქვს და მეორედ არ განვიხილავო. ახლა, ეს პრაქტიკაა?! ამას რეფორმა ჰქვია?! ბუნებრივია, ამას ცალსახა პასუხი აქვს, _ არა! ასეთი დამოკიდებულება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური, ფუნდამენტალური უფლებების დაცვაში ხელისშემშლელ ფუნქციას თამაშობდეს, ჯერ არ მახსოვს, ქართულ სამართალში მომხდარიყოს! ახლა კი ხდება. რატომ ხდება? იმიტომ, რომ პოლიტიკური ხელისუფლება დაშინებულია. ეს ერთი, მეორე, _ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ცოდვას ვერ ვიტყვი, საქართველოს სასამართლოებს თავისუფლების ხარისხი დაეტყოთ. 80% შემთხვევებში, იმ 20%-ს ვიტოვებ იმიტომ, რომ მოსამართლეები ძველი შიშიდან ვერ გამოვიდნენ, მაგრამ დანარჩენი აშკარად გამოცვლილია. არ იყო გამოძიება სწორად ნაწარმოები, ბრალდება იყო განხორციელებული და მოსამართლემ გამამართლებელი გამოიტანა. რა გამოდის? ერთი უკიდურესობა ქმნის მეორეს, ანუ თუ სამართლიანი სასამართლო გვაქვს, მაშინ ეს უწყებები, ბოდიშს ვიხდი და ძველ „პარაშაზე“ არიან, კომუნისტურ პროვოცირებას აკეთებენ, რომ თუ მოსამართლე სამართლიანად მოიქცა, ფული აიღო, თუ უსამართლოდ მოიქცა, ფული აიღო… ყველა შემთხვევაში დისკრედიტაციისკენ არის ეს პროცესი მიმართული, იმიტომ, რომ იმას კი არ ამბობენ, რატომ გამართლდა პატიმარი, გამოძიება რატომ შეწყდაო, არა, მოსამართლეს აბრალებენ… და თავიანთ თავს ვერ ხედავენ, იმიტომ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას სასამართლოს დიდ ნაწილზე კვლავ ბერკეტები აქვს. აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, ჯერჯერობით, საუბარი ადრეა…

_ ლოგიკურად იქამდე მივედით და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სასამართლო რეფორმის სათავეები, როცა ხელისუფლებაშინაციონალებიმოვიდნენ და დღის წესრიგში სწორედ სასამართლო რეფორმის გატარების საკითხი დადგა. თქვენ ერთერთი პირველი იყავით ამ რეფორმის სათავეებთან და, თუ შეიძლება, ახლა დეტალურად გაიხსენოთ, რა მოხდა მაშინ, რატომ ჩავარდა ის ვარიანტიც?

_ ეს რეფორმები შევარდნაძის დროს დაიწყო და, ბუნებრივია, კანონმდებლობაც უნდა შექმნილიყო… საერთო სასამართლოების კანონმა ფუნდამენტურად შექმნა კონსტრუქცია, როგორი უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემა და 1995 წლის კონსტიტუციით  პროკურატურა სამთავრობო სტრუქტურებიდან გამოიყვანეს და მართლმსაჯულების სისტემაში შეიყვანეს, ანუ პროკურატურა არ იყო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი ორგანო, ვინაიდან არ ექვემდებარებოდა, ასე ვთქვათ, მთავრობის სუბორდინაციას. ეს იყო რეფორმა, მაგრამ ამ რეფორმამ იმის გამო ვერ გაამართლა, რომ საპროცესო კოდექსი, რომელიც 1998 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომლის ავტორიც პროფესორი გია მეფარიშვილი იყო, ძალიან წინმსწრები, პროგრესული გახლდათ, რომელიც ცოტა ადრე მიიღო ქვეყანამ, ვიდრე ეს რეალობა შეიქმნებოდა. ამიტომ ის ძალიან ჰუმანური, ადამიანური, ტოლერანტული კოდექსი იყო, ხოლო საქართველოს მოსამართლეთა კორპუსის მენტალობა პროკურორთან იყო საბჭოური და არ მოერგო ახალ კანონს. ამან  სასამართლო სისტემის მოშლა გამოიწვია. ამიტომ 2004 წელს რეფორმის აუცილებლობა დადგა. როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ალბათ, ერთ-ერთი პირველი საკითხი სასამართლო რეფორმა იყო, რომელშიც მეც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ამბავი გიგა ბოკერიას ჯგუფს ანდო. ამ ჯგუფში შედიოდა ნიკა გვარამია, ნინო კალანდაძე, ლევან ბეჟაშვილი და ვალერი ცერცვაძე… აი, ეს ხუთეული იყო, რომელსაც სასამართლო რეფორმები უნდა განეხორციელებინა ჩვენს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა მქონდა როგორც პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული ცვლილება შემოიტანეს პარლამენტში, რომელიც ჩემში ეჭვებს აჩენდა, რომ ეს რეფორმა არაჰარმონიზირებული იყო დასავლური კანონმდებლობისკენ, არამედ უფრო საბჭოთა რეჟიმის რესტავრირებისკენ იყო მიდრეკილი, რამაც, ბუნებრივია, კითხვები გამიჩინა. ეს განგაშის ტოლფასი იყო და ცალკე პრეზიდენტთან მივვარდი, ცალკე _ პარლამენტის თავმჯდომარესთან. მათ  ვუთხარი, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, ამას რეფორმა არ ჰქვია.  მერე ცალკე საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან. მას მოვთხოვე, ავუხსენი კიდევაც და დავუსაბუთე, რომ ვინაიდან პრეზიდენტის აღმასრულებელი ხელისუფლება პოლიტიკურად დომინანტი იყო და, ძირითადად, ის იღებდა პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე, ჩვენ, პარლამენტს, უფრო სწორად, ნინო ბურჯანაძეს, საკუთარ თავზე აგვეღო ერთი რომელიმე საკითხი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში შევიდოდა და წაადგებოდა კიდეც. აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გაგვეხორციელებინა… ქალბატონი ბურჯანაძე დამეთანხმა. მე შევთავაზე, რომ სასამართლო რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელი ის ყოფილიყო და არა ბოკერია, ან ვინმე სხვა, მას აეღო პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს ექნებოდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა შესაბამისი კანონმდებლობით. ამის თაობაზე შეთანხმება გავაკეთეთ, რომ პარლამენტის სხდომაზე ეს საკითხი მე უნდა დამეყენებინა, რომ არა ფრაგმენტულად მოგვესმინა ცალკეული ამონაგლეჯების ცალკეულ კანონებში შესატანი ცვლილებების სახით, არამედ კონცეფცია მოგვესმინა მთლიანად სამართლიან რეფორმაზე. პარლამენტს ეს კონცეფცია დაგვემტკიცებინა და მის მიხედვით შეგვექმნა კანონები… ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე დავაყენე, ბურჯანაძემ, როგორც მოლაპარაკებულები ვიყავით, მხარი დამიჭირა და გაფართოებული კომიტეტის სხდომის დანიშვნა მოითხოვა. ბურჯანაძემ იურიდიულ კომიტეტს დაავალა, რომ გაფართოებულ სხდომაზე იუსტიციის საბჭო მოგვეყვანა და ეს თემა მათთან ერთად განგვეხილა. დაინიშნა დღე… რა თქმა უნდა, როგორც ინიციატორი, ბუნებრივია, მივედი. მთელი კინოდარბაზი ჟურნალისტებით იყო სავსე, დეპუტატები იქ კანტიკუნტად იყვნენ, ანუ ორგანიზებული იყო… ცოტა კი მენიშნა, ამდენი ჟურნალისტი ერთად ამ თემაზე რაღაც არაბუნებრივი იყო. სხდომას ლევან ბეჟაშვილი ხელმძღვანელობდა, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ტრიბუნაზე ნიკა გვარამია ავიდა და იმით კი არ დაიწყო, რომ კონცეფციას განვიხილავთ და აი, ეს პრობლემებია ქვეყანაში და ჩვენ ასე მიგვაჩნია საჭიროდო… დაიწყო იმით, რომ ეს საკითხი გელბახიანმა დააყენა და რა უფლება აქვსო?.. ეს ის კაცია, ასლანთან რომ მუშაობდაო, ეს არღვევდა ადამიანთა უფლებებსო, ამას მორალზე ლაპარაკის უფლება არ აქვსო… და მოკლედ, დაიწყეს ჩემი გასამართლება გიგა ბოკერიამ და ნიკა  გვარამიამ. ერთადერთი, ვინც ჩუმად იჯდა, ვალერი ცერცვაძე იყო, დანარჩენი ერთმანეთს ცვლიდა ტრიბუნაზე, ჩემი ლანძღვის თემა იყო და მეტი არაფერი… სადამდეც გავუძელი, გავუძელი, ჯერ გამეცინა, მერე გავჩუმდი, მერე ცოტა ავღელდი, მერე რომ აღარ გაჩერდნენ, მეც ვუპასუხე, სხვა მიკროფონთან გავედი და იქიდან… ეს კამათი აღარ იყო, ეს იყო პიროვნული შეურაცხყოფა, არანაირი საერთო ამას საკითხის განხილვასთან არ ჰქონდა… და ეს სხდომა, ბუნებრივია, ჩაიშალა. რადგან მე სხდომა დავტოვე, მიზანი მიღწეულ იქნა, რომ იმათ, ასე ვთქვათ, ამ სხდომაზე „გამაშავეს“,ამ სხდომის ჩაშლა მე დამბრალდა. მართალი გითხრათ, ძალიან გავნაწყენდი, ტელეფონი გამოვრთე და საჩხერეში წავედი. ეს იყო პარასკევი დღე… როგორც ჩანს, ეს ამბავი სააკაშვილს იმავე დღეს შეატყობინეს, იმიტომ, რომ გვიან, სადღაც 12 საათზე, პოლიციის უფროსი ჩემთან სახლში ამოვიდა და მითხრა, რომ სასწრაფოდ თბილისში უნდა ჩახვიდე, პრეზიდენტი გეძებსო. მე ტელეფონი გავთიშე, კონტაქტი არავისთან მქონდა და პოლიციის უფროსს ვთხოვე, იქ წამსვლელი არ ვარ, შენ ამოხვედი, მაგრამ თქვი, რომ მე საჩხერეში არ ვარ, სახლში არ ვარ-მეთქი… _ არა, მე მაგაზე დამიჭერენო. შეშინებული იყო… ავდექი და ღამის 12 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დავურეკე და ვკითხე, _ რა ხდება-მეთქი? _  სასწრაფოდ უნდა წამოხვიდე, პრეზიდენტი გეძებსო.

მეორე დღეს წავედი… შევედი და სააკაშვილი დამხვდა, სამუშაო კაბინეტში იჯდა, შევედი, მომესალმა, ძალიან თბილად მიმიღო და ამიხსნა, რომ ყველაფერი ვიცი, რაც მოხდაო, ეგენი მე აქ მყავდა, დავტუქსეო, მოვლენ შენთან და ბოდიშს მოგიხდიან ცალ-ცალკე _ ბოკერიაც და გვარამიაც, იმიტომ, რომ რაც მოხდა, მასეთი რამ არ შეიძლება, ხდებოდეს და რაც მოხდა, ეგ მაგათი ბრალია, შენ არაფერ შუაში ხარო… ერთი სიტყვით, მთხოვა, რომ რეფორმაზე მუშაობა გამეგრძელებინა. მე ვუთხარი, _ მანამდე სხვა რამე ხდებოდა, რომ იცოდე და აფხაზეთის დეპუტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ბოკერიასთან დიდი კონფლიქტი მქონდა და მაშინ მოვთხოვე, პასუხისმგებლობა პირადად აიღე, რომ ეს შენი ინიციატივაა, ამით ჩვენ აფხაზეთს ვკარგავთ-მეთქი. როგორც კი აფხაზეთის დეპუტატთა კორპუსს გავაუქმებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აფხაზეთის პარლამენტში აღარ გვყავს წარმომადგენლობა-მეთქი. მაშინ ბოკერიას ვკითხე, _ სააკაშვილის აზრიც ასეთია, თუ შენ იღებ ამაზე პასუხისმგებლობას-მეთქი? _ არა, ეს ჩემი პასუხისმგებლობააო. მე სააკაშვილს ვუთხარი, რომ როცა ეს მოხდა და მან პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, მაშინ შენ სად იყავი-მეთქი? სააკაშვილმა მითხრა, _ მე ეს გვიან გავიგე და ამისთვის დედა ვაგინეო. ეგ იყო სიბეცე, მაგრამ რა ვქნათ, ახლა ამ საქმეს უკან ვერ შემოვაბრუნებთო… მაგ გიჟ ბოკერიას ყურს ნუ უგდებ, შენ გააგრძელე რეფორმაო, _ აი, ეს იყო მისი სიტყვები. მე გეთანხმები სასამართლოს რეფორმაზე, სხვა საუბარი მქონდა მასთანო. მასთან რომ მივედი, ჰიტლერის „ჩემი ბრძოლიდან“ ამონაწერი მივუტანე, სადაც ჰიტლერი წერდა: „ყველაფერს გაპატიებს ხალხი ერთი რამის გარდა, თუ მას წაართვი სამართალი“. მე ვუთხარი, _ აი, თვით ჰიტლერიც კი ამას აღიარებდა, რომ სასამართლო ხელუხლებელი უნდა იყოს და ფაშისტური გერმანიის სახელმწიფომ ისე იმუშავა, რომ ყველა გერმანელისთვის, ყველა ტყვისთვის და ყველა დაჩაგრული ადამიანისთვის სასამართლო ხელმისაწვდომი იყო… ისიც გავახსენე, რომ დიმიტროვი, რომელსაც რაიხსტაგის დაწვას აბრალებდნენ, ლაიპციგის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ეს ჰიტლერის გერმანიაში მოხდა! შენ თუ გინდა, ქვეყანა წარმატებული იყოს და წარმატებული ხელისუფალი იყო, არ დაუშვა, რომ სასამართლო სისტემაში პოლიტიკური გავლენები იყოს, ამიტომ სასამართლო რომ განთავისუფლდეს, ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომ შიგნით ცხვრის ჩაყოფა ვერავინ შეძლოს და შენ მთელი იუსტიციის საბჭო პოლიტიკური ფიგურებით გაავსე-მეთქი. ყველაფერი ბოკერიას გადააბრალა. ვენდეო, მითხრა და იუსტიციის საბჭოც მაგან დააკომპლექტა, ახლა ყველაფრის ინიციატივას თვითონ იღებს და ის აგებს პასუხს, თუ ეს რეფორმა არ განხორციელდაო, მაგრამ მე გთხოვ, შენ გააგრძელე რეფორმაო. _ როგორ უნდა გავაგრძელო, კონფლიქტში უნდა ვიყო ამ ხალხთან-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც მოვიდა ბოკერია და ბოდიში მომიხადა, ნიკა გვარამიამაც, მაგრამ თან დააყოლეს, _ ჩვენ არ გიხდით ბოდიშს, ეს პრეზიდენტს უნდა ასე და იმიტომ გიხდით ბოდიშსო. ჩვენ ვერასდროს ვითანამშრომლებთო… რამდენიმე თვე იყო გასული, შემოიტანეს კანონპროექტი საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელშიც ისეთი მექანიზმები იყო, რომ უდანაშაულო ადამიანი მტკიცებულებების გარეშე შეიძლებოდა, დამნაშავედ გამოგეცხადებინა. ეს მექანიზმები ვნახე, შიგნით ბევრი ცვლილება იყო. ამის ანალიზი დავწერე, 26-გვერდიანი, პეტიციასავით და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუგზავნე. მან ყველა შეკრიბა, მათ შორის, ბოკერიაც და დამიძახა, როგორც ავტორს. ჯერ მითხრა, _ აქ რაც წერია, თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ ჩვენ ხალხი გაგვასამართლებსო, _ მეუბნება ბურჯანაძე… მე ვუთხარი, _ რაც აქ წერია, ეს ყველაფერი მართალია, ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს-მეთქი. და დავიწყე თან დოკუმენტის და იმ პროექტის განხილვა, რომელიც შემოიტანეს. ბოკერია აქაც წარმოდგენილი იყო ადვოკატად, მან დაიწყო, _ ეს კი წერია აქ, მაგრამ ამას არ გულისხმობსო… კი მაგრამ, მე ვეუბნები, ხომ წერია? რას გულისხმობს და შენ რას გააკეთებ, ეს აქ არ წერია, მაგრამ შენ კარს უხსნი იმას, რომ მტკიცებულებების გარეშე კაცი დაიჭირო, სად არის იმის გარანტია, რომ პოლიციელი ან პროკურორი ბოროტად არ გამოიყენებს ამ ღია კარს, არ არის ამის გარანტია-მეთქი, ამიტომ ჩავკეტოთ ეს კარი-მეთქი. თავი მოიკლა, _ ჩვენ ჰუმანური ხელისუფლება ვართ და მაგას არ ვიზამთო და ნინომაც, ჩემდა სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა, _ არა, ჩვენ ბოროტებას როგორ ვიზამთო?!. როცა ბოროტებას კარს უხსნი, ის ბოროტებაა, უკვე… აქაც აღარ შედგა ჩვენი განხილვა, იმის გამო ჩაიშალა, რომ კვლავ აქტიური პოზიცია მქონდა, ბრალი დავდე, რომ ხელოვნურად მიდიოდა ეს პროცესი, რომ საქართველოში მთლიანად რეპრესირების მანქანის შექმნა უნდოდათ და ეს ჩანდა უკვე… აქედან გამომდინარე შევეწინააღმდეგე… დაბოლოს, ოდნავ კოსმეტიკურად შეაკეთ-შემოაკეთეს და ოფიციალურად შემოიტანეს კანონპროექტი. ერთგვერდიანი პროკლამაცია დავწერე. ჩემს თანაშემწეს ვთხოვე და ყველა დეპუტატს ოთახში მაგიდაზე დაუდეს, სადაც ეწერა, რომ ეს კანონი წარმოადგენს ისეთ კანონს, სადაც უდანაშაულო ადამიანის დაჭერა შეიძლება, გასამართლება შეიძლება, განაჩენის გამოტანა შეიძლება ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყოს საჭირო, ამიტომ ნუ დაუშვებთ, ეს არის ისტორიული შეცდომა. მე მივმართავდი დეპუტატებს. ბოლოს მთავრდებოდა ასეთი სიტყვებით: ეს აქლემი ერთ მშვენიერ დღეს თქვენს კართანაც ჩაიჩოქებს, ამის მაინც შეგეშინდეთ-მეთქი… მერე, როდესაც კანონპროექტი განხილვაზე გამოვიდა, კიდევ გამოვიყენე ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება, ტრიბუნაზე ავედი და 20 წუთი მქონდა დრო, 10 წუთით კიდევ გამიგრძელა პარლამენტის თავმჯდომარემ და მთელ პარლამენტს ვუმტკიცებდი, რომ ამის მიღება ქვეყნის დაღუპვა იყო, რომ ამით ქვეყანაში დიდი რეპრესიები დაიწყებოდა, რომლის შეჩერება უკვე აღარავის შეეძლო და ეს იყო მიზანმიმართული იდეა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ამისთვის საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატს გთხოვთ, წინ გიდევთ პროკლამაციები, იცოდეთ, ეს საფრთხე თქვენს ოჯახებსაც ემუქრება, ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო სხვისთვის არის. ამიტომ ახლა არ დააჭიროთ ხელი იმ პულტს, სადაც ამ კანონის მიღება ხდება-მეთქი. მოკლედ, მე კი მისმინა იმ პარლამენტმა ყურადღებით, მაგრამ კენჭისყრაზე აბსოლუტურად ყველამ მისცა ხმა. რა უნდა მექნა? პარლამენტი მთლიანად გავლენის ქვეშ იყო. მე რაც შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა, გავუწიე, ამის შემდეგ არა მარტო წინააღმდეგობის გაწევა, ჩემსა და ბოკერიას გუნდს შორის ანტაგონისტური დამოკიდებულებები დაიწყო, უკვე ღრმა ოპოზიციური დამოკიდებულება იყო, რომელმაც, ბუნებრივია, მერე სააკაშვილამდე გადაინაცვლა. როცა დავინახე, ეს რეფორმა ჩავარდა, ამის შემდეგ მივედი და მოვთხოვე, _ მოდი, მეორე მთავარი რაღაცა მაინც გავაკეთოთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიტანოთ, ტერიტორიული მოწყობის საკითხი განვსაზღვროთ და ორპალატიანი პარლამენტი შევქმნათ. ეს არის გამოსავალი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს  რეგულაციებისთვის-მეთქი. სხვათა შორის, დამიჯერა… მიჯერებდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ეს წინადადება მიიღო, მერე პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტი მოვიდა და საჯაროდ დამავალა, რომ ეს პროექტი მომემზადებინა და საჯაროდ განაცხადა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ორპალატიანი პარლამენტი ეყოლება. იყო ტაში, ოვაციები, რა თქმა უნდა, მე პროექტი მოვამზადე, ყველა დეპუტატმა ხელი მომიწერა იმიტომ, რომ პრეზიდენტმა თქვა… პრეზიდენტმა მთხოვა, ეს ჩემი ინიციატივით შემოვიდეს პარლამენტში დაჩქარებული წესით, რომ მიღება მოხდესო. ეს კანონპროექტი მე მივიტანე და თაროზე შემოიდო… ამის შემდეგ კვლავ ვიყავი პრეზიდენტთან და შევახსენე, _ თქვენ უკვე იტყუებით-მეთქი, სასამართლო რეფორმაზე დამპირდით და ბოკერიას ჯგუფი დამაჯახეთ ისე, რომ ყველაფერი ჩემი ინიციატივით ჩავარდა და რა რეფორმაც მიიღეთ, კი ვხედავთ… უკვე რეპრესიები დაწყებულია-მეთქი. მაგაზე მითხრა, _ აი, ერთი წელი, ორი წელი ქვეყნისთვის ეს საჭიროა და მერე ახალ რეფორმას დავიწყებთ და იქ ჩაერთეო… მოკლედ, იქაც ბოკერიამ გაიტანა თავისი და რას დაემსგავსა ქვეყანა, კი ვნახეთ… შემდეგ იყო და ის კონსტიტუციური რეფორმა უნდა გაგვეტარებინა, იქაც ჩაერია ბოკერია და ამ პროექტის შემოტანა გააჩერა. მიშას არ მოაწერინა ხელი, ეს მეორე დიდი პროექტი ბოკერიას მიზეზით ჩავარდა. მე რომ მკითხოს კაცმა, ბოკერია დაქირავებული აგენტივით მოქმედებდა, რომელსაც საქართველო უნდა დაემუხრუჭებინა, რომელსაც ქართველი ხალხი უნდა „დაეჩმორებინა“ (ბოდიშს ვიხდი ამაზე), დაეჩოქებინა, ციხეში უნდა შეეყარა ყველა პატრიოტული სულისკვეთების ადამიანი, უნდა დაეჭირათ უდანაშაულო ხალხი, ვითომ დამნაშავეები იყვნენ. ეს კანონები ამიტომ გააკეთეს. იძულებული გავხდი, აღარ მეთანამშრომლა ასეთი ტიპის ხელისუფლებასთან და ოპოზიციაში გავედი, მაგრამ ვიდრე ოპოზიციაში წავიდოდი, მანამდე ჩემი შვილი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა, მისი მონაყოლით ვიცი, რომ ციხის ბუნტის დროს, მთელ ოპერაციას, თავიდან ბოლომდე, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა, არ გააკარა არც ერთი იუსტიციის ხელმძღვანელი პირი, მინისტრსაც კი უთხრა, წადი აქედან და მე გავაკეთებო… მერე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ბაჩო ახალაიას დასდეს ბრალი, რომ ციხის ბუნტი მან მოაწყო. ბაჩო ახალაია, რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გიგა ბოკერია იყო. ბოკერიასთვის ერთი სიტყვა არ უთქვამს არავის, რომ მას დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და პასუხი უნდა ეგო. ერთი სიტყვა არავინ უთხრა მას, 40 მილიონი გაფლანგა, როდესაც უშიშროების მდივანი იყო და სად წავიდა ეს ფული. ერთი სიტყვა არავინ უთხრა, რომ ასეთი კანონმდებლობა მიიღო პარლამენტმა მაგის ინიციატივით და 400 ათასი უდანაშაულო ადამიანი ციხეში იჯდა. რატომ? იმიტომ, რომ თავშივე ვიღაცის დავალებას და ვიღაცის დირექტივებს ასრულებდა და ბოლოში აღმოჩნდა, რომ გარიგებაში იყო ყოველთვის.

_ არის თუ არა გარიგების ნაწილი ის პროცესები, რაც დღეს ხდებანაციონალურ მოძრაობაში“?

_ მე არც სააკაშვილის დამცველი ვარ და არც ბოკერიასი და არც სხვისი, მაგრამ ფაქტის წინაშე ვართ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობამ“ რასაც გაუძლო, ამას ვერც ერთი მონოლითური პარტია ვერ გაუძლებდა. ფაქტია, რომ ამ პარტიამ კრიზისი გადაიტანა. კრიზისგადატანილმა პარტიამ რომ საქართველოში 600 ათასამდე ხმა მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიას ძალა აქვს, ამ პარტიას მხარდამჭერი ჰყავს და ამ პარტიას მომავალი აქვს… ალბათ, ამან შეაშფოთა ბოკერიასნაირი დაქირავებული ადამიანები და პარტიის განადგურებისთვის ღია მოქმედებები დაიწყეს, ამას ფარული აღარ ჰქვია. ეს არის ღია მოქმედებები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ამ პარტიიდან მოკვეთენ, ასეთ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ ის ფრთა, რომელიც სააკაშვილს უჭერს მხარს, პარტიიდან გავა, ამით „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და მხოლოდ დეპუტატთა არსებული კორპუსი შერჩება, ეს დეპუტატთა კორპუსი შემდეგ რაღაც სვლას გააკეთებს, ახალ გარიგებებს დადებს და საერთოდ, ახალ პოლიტიკურ პროცესში ახალი ფორმით და ახალი სახელით მოხვდება. ამიტომ ასეთი ტიპის ადამიანებს მუდმივობა აქვთ ამოცანად, ოღონდ მუდმივ თამაშში იყვნენ და ყველანაირ ღირებულებებს სწირავენ: ძმას, დედას, მამას, სამშობლოს, ყველაფერს ერთ ჭურჭელში ათავსებენ და სანაგვეზე ყრიან. მათ ღირებულებები არ გააჩნიათ. კაცს, რომელსაც ღირებულებები არ გააჩნია და მოღალატეობრივი ამოცანები აქვს, რას უნდა ელოდოს საზოგადოება, ან პარლამენტი ასეთი ადამიანისგან?! არ ვიცი, ყველაფერი როგორ დასრულდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ბოკერიას მიზანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და ამით ვიღაცისთვის სარგებლის ან სიამოვნების მინიჭება.

გიგა ბოკერია მოახერხებდა ამას, არჩევნების ღამეს რომ არ გაშიფრულიყო. მოხერხებულიც ჰქონდა,  უბრალოდ, 5000-კაციანი მიტინგის ორგანიზება რომ მოეხდინა და ერთი საათით მაინც ჩაეტარებინა. ის ეჭვები და ბრალდებები, რომელიც მერე სააკაშვილისგან წამოვიდა, უსაფუძვლო გახდებოდა, მაგრამ იმდენად ჰქონდა მას უკვე შეტოპილი გარიგების პროცესში, რომ ესეც კი არ გააკეთა, პარტიის ეს მოთხოვნა არ შეასრულა და იქით გადაიტანა, რომ აზრი არ აქვს… სუფთა ადამიანებისგან ასეთი რამ მისაღებია, მაგრამ ბოროტისგან, ინტრიგანისგან და პროვოკაციის ოსტატისგან ასეთ ნაბიჯებს არავინ იჯერებს. იმიტომ, რომ თვალთმაქცობასა და კეთილსინდისიერებას შორის ზღვარი ყოველთვის არის. ბოკერია 8 ოქტომბრის ღამეს გაიშიფრა, თორემ გარწმუნებთ, ბოკერია მიაღწევდა მიზანს, ყრილობა ბოკერიას სასარგებლოდ ჩატარდებოდა, რატომღაც, იქ უკვე ინტუიციამ უღალატა თუ რა მოხდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მაგის ადგილზე ფორმალურად მაინც გავაკეთებდი, რომ სათქმელი არ ჰქონოდა ვინმეს, მაგრამ თავის ძალებში უკვე დარწმუნებული, გათავხედებული, წაქეზებული იყო და აქედან გამომდინარე გადადგა ეს ნაბიჯი. დღეს ბოკერია ამას უკვე ხვდება, მთელი საქართველო მასზე საუბრობს. ის ხმები, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მიიღო არჩევნებში, ნეტა, ვინმეს თუ სჯერა, რომ იქ ბოკერიას ხმებია? ბოკერიას 0,1 პროცენტი ექნებოდა, ის ხმები ყველა არის სააკაშვილის, აი, ესაა ობიექტურობა. ამიტომ სააკაშვილი მაინც ერთადერთ ლიდერად რჩება იმ პარტიაში. სააკაშვილს პარტიის ყველა მხარდამჭერი ყოველთვის გაჰყვება, მაგრამ ბოკერია „ნაცმოძრაობას“ ჩამოშორდება. სადაც თავის ადგილს იპოვის და ვისთანაც მივა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს…

 

მარიამ ბალაჩივაძე