როგორ უბრუნებს ვალს ცუკერბერგს ქართველი ათლეტი?

14 წელი ფეხბურთს შესწირა, ოცნებობდა გამხდარიყო წარმატებული ფეხბურთელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 14-წლიანი მცდელობა წყლის ნაყვა იყო _ მოჯადოებული წრე ვერაფრით გაარღვია. ფეხბურთი მიატოვა, ფიტნესში გადაინაცვლა, ცხოვრებასთან საბრძოლველად აბჯრად კუნთები აისხა და ბრძოლა განაგრძო, მაგრამ აქაც კარგა ხანს მოუწევდა სარბენ ბილიკზე ერთ ადგილზე დგომა და წინ ვერ წავიდოდა, რომ არა… არც მეტი, არც ნაკლები, მარკ ცუკერბერგი და ის შესაძლებლობა, რასაც, საერთოდ, ინტერნეტი გვაძლევს თანამედროვე სამყაროში ყველას.
გიორგი ვასაძემ მოჯადოებული წრე სწორედ „ფეისბუკით“ გაარღვია და წარმატებული გახდა. თუ როგორ უბრუნებს დღეს ვალს მარკ ცუკერბერგს, ამაზე ქვემოთ.

28 წლისაა. მშობლებმა ფეხბურთზე რომ მიიყვანეს, 7 წლის იყო, როდესაც ფეხბურთს ჩამოშორდა _ 21 წლის. როგორც თავად იხსენებს, ძლიერიც იყო, ბურთთანაც მეგობრობდა, არც შრომისმოყვარეობა აკლდა, არც თავს ზოგავდა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.

გიორგი ვასაძე:
_ საქართველოში გარემო არ იძლეოდა განვითარების საშუალებას, გასვლაც ვცადე, ერთხანს ბელარუსში ვთამაშობდი, მაგრამ ეს გასვლაც არ აღმოჩნდა განვითრების შანსის მომცემი. მივხვდი, რომ საქართველოში შეუძლებელი იყო წინსვლა ფეხბურთში, ვერ მოვახერხებდი განვითრებას და ჩამოვშორდი, მუშაობა დავიწყე.
_ ამბობ, რომ საქართველოში განვითარების პირობები არ იყო, თუმცა ბევრმა შენი ასაკის ბიჭმა წარმატებული საფეხბურთო კარიერა აიწყო. როგორც ჩანს, ზოგისთვის გზა ხსნილი აღმოჩნდა, ანუ ვიღაცისთვის იყო და არის აქ პრობლემები, ვიღაცისთვის _ არა. მივდივართ „პატრონის“ თემამდე.
_ დიახ, ვერ გავექცევით… რაც არ უნდა პერსპექტიული და შრომისმოყვარე ბიჭი იყო, თუ სერიოზულ გუნდში არ მოხვდი, შენს შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ და წინ ვერ წახვალ. ასეთ გუნდებში კი ის ბიჭები ხვდებიან, რომელთაც „პატრონები“ ჰყავთ _ გავლენიანი მშობლები, რომლებსაც აქვთ ფული და სერიოზულ თანხებს ხარჯავენ, რომ მათი შვილები სერიოზულ გუნდებში მოხვდნენ. როდესაც მშობლებს ამის საშუალება არ გააჩნიათ, ცხადია, ამ ბარიერს ბიჭი ვერ გადალახავს, იმიტომ რომ თვითონ ვერანაირად ვერ ექნება ამხელა თანხა მაგ ასაკში, მით უმეტეს, თუ არც მუშაობს და მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს. სერიოზული „სტავკებია“, სერიოზულ გუნდში რომ მოხვდე. ვერ ლახავ ამ ფულის ბარიერს, რომ გუნდში შეგიშვან და შენი ნიჭი და შესაძლებლობები დაამტკიცო. თუ როგორღაც გადალახავ ბარიერს, მერე კიდევ შეგიძლია „იბუქსაო“ და ღვთის წყალობით წახვიდე წინ.
_ კი მაგრამ, ხომ მოახერხე საქართველოდან გასვლა, ბელარუსში თამაშობდი, იქ რაღამ შეგიშალა ხელი?
_ პირდაპირ ვიტყვი: საქართველოში არ არიან აგენტები, რომელთაც შეიძლება ენდო, რომლებიც პერსპექტიულ გუნდში მოგახვედრებენ, რომ წინ წახვიდე, საფეხბურთო კარიერა აიწყო. ყველა უცებ ფულის შოვნაზეა ორიენტირებული და რეალურად არ გადგებიან, არ ასრულებენ დანაპირებს, იმედს გიცრუებენ, თაღლითები არიან. ასე მოხდა ბელარუსის შემთხვევაში: მე და ჩემს მეგობარს 1500-1500 დოლარი გადაგვახდევინა, დაგვპირდა, რომ მინსკის „დინამოში“ სინჯებზე მიგვიყვანდა, ჩაგვიყვანა იქ და დანაპირები არ შეასრულა. გვპირდებოდა, რომ დღეს-ხვალ-ზეგ მიგვიყვანდა მინსკის „დინამოში“ გასინჯვებზე, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. შემდეგ სულ სხვა გუნდში მიგვიყვანა, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობდა, სადაც არანაირი პერსპექტივა არ იყო არც ანაზღაურების, არც განვითარების. მეც და ჩემი მეგობარიც გულნატკენი დავბრუნდით საქართველოში. მოკლედ, სანდო აგენტი უნდა შეგხვდეს, რომელიც დღეს ფულის შოვნაზე კი არაა ორიენტირებული, გრძელვადიან პერსპექტივაზე მუშაობს, _ ნახავს და გზაზე დააყენებს პერსპექტიულ, მშრომელ ბიჭს, რომელიც დისციპლინირებულია, არც თავს ზოგავს, არც ეწევა, არც მაიმუნობს. როდესაც აგენტი ასეთ ბიჭს საქმეს გაუკეთებს და გასაქანს მისცემს, მერე ის ბიჭი განვითარდება, წარმატებას მიაღწევს და ის აგენტი ჩადებულს ათმაგად ამოიღებს. სამწუხაროდ, ჩვენს აგენტებს დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც არ ვარ ნაწყენი ცხოვრებაზე, არც გულგატეხილი, იმიტომ რომ დროულად მივხვდი, დროულად გავაანალიზე შექმნილი სიტუაციაც და ჩემი სამომავლო პერსპექტივაც, მივხვდი, რომ ფეხბურთში ვეღარაფერს გავხდებოდი და უარი ვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ გიყვარს, თავდადებით შრომობ, ყოველდღე 6 საათს ვარჯიშობ, როდესაც ხვდები, რომ არაა სიტუაცია და ვერ შეძლებ განვითრებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, წერტილი უნდა დასვა. მე დროულად მივხვდი და გზას გადავუხვიე, დავიწყე ტრენაჟორებზე ვარჯიში, სწავლა, მუშაობა. ორი წლის განმავლობაში რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი კაპიკებზე. რასაც ვიღებდი, სწავლაში ვხარჯავდი. ტრანსპორტში ფული რომ არ დამხარჯვოდა, ველოსიპედით დავდიოდი, მერჩია, გამეჭირვებინა, პედალი მეტრიალებინა, დავღლილიყავი და ის თანხა სწავლაზე დამეხარჯა. სამთვიანი კურსები გავიარე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციაში, სადაც საბაზისო ცოდნას იღებ ანატომიაში, ფიზიოლოგიაში, თუ როგორ უნდა განვითარდეს კუნთი, რომელი ვარჯიშით რომელი კუნთი ვითარდება, როგორ უნდა იკვებო და ა. შ. ამასთან ერთად, პრაქტიკაში გადიხარ ამ ყველაფერს, გამოცდილება გიგროვდება და შემდეგ უკვე შეგიძლია, სხვასაც გადასცე შენი ცოდნა. თავიდან დიდ დიღომში ვმუშაობდი დარბაზში, 150 ლარი მქონდა თვეში, დღეში 8 საათს ვმუშაობდი 150 ლარად. რასაც ვიღებდი, ვცდილობდი, მაქსიმალურად ისევ სწავლაში დამეხარჯა, რადგან მივხვდი, რომ მხოლოდ ფიტნეს-ინსტრუქტორობა განვითრების პერსპექტივას არ იძლეოდა. უნდა მესწავლა „ფეისბუკის“ გამოყენება იმისთვის, რომ ჩემი პროდუქტის საზოგადოებისთვის შეთავაზება, მიწოდება, შემძლებოდა. ეს ყველაფერი რომ მესწავლა, პიარის, მარკეტინგის, ბიზნესადმინისტრირების კურსები გავიარე, „ფეისბუკის“ მენეჯმენტი ვისწავლე, რა როგორ გააკეთო, რეკლამები როგორ დავამზადო, ვამუშაო. ამისთვის მერე ცალკე ვისწავლე ფოტოშოპი და ვიდეო-აუდიო მონტაჟი, მთელ ჩემს შემოსავალს სწავლას ვახმარდი. ამის გარდა, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა და არსებობს უფასო უნივერსიტეტი. თუ უფასოდ სწავლა გინდა და განვითარება, არსებობს „იუთუბი“, ჩაწერ რაც გაიტერესებს და გასწავლიან. მე არ მაკმაყოფილებდა მხოლოდ ფიტნესინსტრუქტორობა და თვეში 150 ლარი. ვიცოდი, რომ თუ მოვითმენდი და ამ თანხას ისევ სწავლას მოვახმარდი, როგორც ინსტრუმენტის შეძენას, მომავალში აუცილებლად დავინახავდი შედეგს და ასეცაა, _ დღეს ჩემი შემოსავალი 5 ათასს ზემოთაა, ვარ „მიქსთაიმ ფიტნესის“ სპორტული დირექტორი, „GV Sportswear“-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, სერტიფიცირებული პერსონალური ტრენერი, FIT3 პროგრამის ავტორი, რომელიც საშუალებას გაძლევს, გარდაქმნა შენი სხეული და სასურველი ფორმა გქონდეს. ორ წელიწადზე მეტია, რაც დაკავებული ვარ ბოდიბილდინგით, გამოვდივარ „მენს ფიზიკის“ კატეგორიაში (IFBB Men’s Physique), დღესდღეობით ვარ IFBB Men’s Physique-ს მოდელი და საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი ამ კატეგორიაში, სადაც აქცენტი კეთდება სხეულის ესთეტიკურობაზე, პროპორციებზე, ჰარმონიულ განვითარებაზე, გამოდიხარ შორტებში, ფასდება შენი ტორსი და წვივები. გამოირჩევი სხეულის ფორმის სილამაზით, გაქვს ათლეტური, ზომიერად დაკუნთული, ანტიკური პარამეტრების ესთეტიკური სხეული, რომელსაც შეიძლება ხუთ თვეში ვარჯიშით მიაღწიოს ადამიანმა. ორ წელიწადზე მეტია, ასე ვსაქმიანობ, გავდიოდი მეორე ადგილზე, 2016 წლის 30 ოქტომბერს აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი აღნიშნულ კატეგორიაში, საქართველოს მასშტაბით თბილისის ღია ჩემპიონატი მოვიგე. ამ ჩემპიონატის შემდეგ ჩამოყალიბდა ნაკრები და მასთან ერთად, როგორც დებიუტანტმა, მონაწილეობა მივიღე ევროპის ჩემპიონატზეც. „Men’s Physique“-ის კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან პირველად მე გავედი. დიდი კონკურენცია იყო, მე დებიუტანტი ვიყავი, თან მათ უმაღლესი ხელშეწყობა აქვთ, სპონსორები ჰყავთ, არ უწეევთ ფიქრი ფინანსებზე, უზრუნველყოფილი აქვთ ვარჯიში, კვება, სპორტული დანამატები და სხეულს რა უნდა? ვარჯიში, დასვენება, ჯანსაღი კვება და სპორტული დანამატები.
_ გასაგებია. ძნელია, გაუწიო მათ კონკურენცია?
_ დიახ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მე დებიუტანტი ვიყავი, პირველად წავედი და ახლა თუ წავალ, ჩემს სახელს აუცილებლად დავაფიქსირებ. 4 წელია, რაც ფიტნესინდუსტრიაში ვარ და ამ ხნის მანძილზე ათასზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურე. ჩემი შედეგები და ჩემი მოტივაცია ამით არ სრულდება, ჩემი მიზანია, ვიყო პირველი ჩემს საქმეში და ამას ვამტკიცებდე ჩემი საქმით. გარდა ამისა, ჩემი გეგმები უკავშირდება საქართველოში სატრენაჟორო დარბაზების ბიზნესის განვითრებას, რომლებიც ორიენტირებული იქნება რეალურ შედეგზე და მოემსახურება ყველა სეგმენტს, საზოგადოების ყველა ფენას.
_ კი მაგრამ, ეს ბიზნესი არაა განვითარებული? სადაც გაიხედავ, ეს დარბაზებია…
_ კი, რესტორნებივითაა მოდებული, მაგრამ რას სთავაზობენ მომხმარებელს? შეხედეთ ფასებს, ყველასთვის ხელმისაწვდომია, ან სთავაზობენ მომხმარებელს იმას, რასაც უნდა სთავაზობდნენ? კი, შეიძლება ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ტოპდარბაზი იყოს, სადაც სხვა ფასები იქნება და სხვა მომხმარებელზე იქნება გათვლილი, მაგრამ რატომ არ უნდა შეეძლოს ყველა ფენას ვარჯიში და საკუთარი სხეულის განვითარებაზე ზრუნვა? როდესაც ადამიანი ვარჯიშს იწყებს და დარბაზში მოდის, მას აუცილებლად სჭირდება პერსონალური ტრენერი, სხვანაირად ის იბნევა, ვერ იგებს, როგორ ივარჯიშოს ისე, რომ არც სხეული დაიზიანოს და შედეგიც ჰქონდეს. დარბაზში მომსახურე ფიტნეს-ინსტრუქტორების რამდენიმე რჩევა არასაკმარისია მისთვის. ადამიანი ვერ პოულობს ადგილს ამ სივრცეში, იბნევა და გული უცრუვდება. თავიდან მეც ფიტნეს-ინსტრუქტორი ვიყავი, შემდეგ გადავედი პერსონალურ ტრენერად. პერსონალური ტრენერი არავის დაქვემდებარებაში არაა, მასთან უშუალოდ მიდის კლიენტი, იხდის ფულს, რომლის ნაწილიც დარბაზს რჩება და ნაწილი _ ტრენერს. სადღაც ორი წლის წინათ დავიწყე პერსონალური ტრენერობა, მაშინ თითქმის არავის სჯეროდა, რომ საქართველოში პერსონალური ტრენერის კულტურა შემოვიდოდა. თავიდან, როდესაც ეს დავიწყე, სამ თვეში იცით, რას მიხდიდნენ? სამას ლარს. აქედან 150 ლარი დარბაზს რჩებოდა და 150 _ მე. სამი თვე 150 ლარად ვავარჯიშებდი ადამიანს. შემდეგ რომ განვვითარდი და ჩემი ნამუშევარი „ფეისბუკიდან“ დაინახეს, რომ რეალურ შედეგს ვდებდი, სხვადასხვა დარბაზმა თანამშრომლობა შემომთავაზა და როდესაც ისინი მაღალი ფასის დადებას მოითხოვდნენ, ჩემი პირველი მოთხოვნა იყო, რომ ფასი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის, რომ ჩემთან ვარჯიშზე ხელი მიუწვდებოდეს ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე ბიჭსაც და რესტორანში მომუშავესაც. მეც გამოვლილი მაქვს ეგ ყველაფერი და მინდა, ყველასთვის ხელმიწასვდომი იყოს და ადამიანი არ იჩაგრებოდეს. 200 ლარი თვეში დარბაზიან-ტრენერიანად ყველაზე ნორმალური ფასია.
_ ბევრისთვის ეგ თანხაც ძვირია…
_ გეთანხმებით, მაგრამ ცოტა გაუგებარია, როდესაც იმათ ებევრებათ, რომლებიც რესტორანში ერთხელ შესვლაზე ტოვებენ ამ თანხას. ქეიფს არ იკლებენ და 5 ლარის მიცემა არ ენანებათ ერთ კოლოფ სიგარეტში. ნუ მოწევენ, დააგროვონ მხოლოდ სიგარეტის ფული და 200 ლარი გადაიხადონ თავისი ჯანმრთელობისთვის, გაჯანსაღდებიან კიდეც და სხეულსაც განივითარებენ, ლამაზი სხეულით წინაც წავლენ ცხოვრებაში. როდესაც კარგად გამოიყურები და კარგ ტანზე ხარ, ყველასთვის სასურველი ხდები, ბიზნესში იქნება, კომპანიაში თუ სად. ბოლოს და ბოლოს, პირადში, გოგოებს მაინც მოეწონები! თუ ადამიანი მოინდომებს, ამ თანხის მოპოვება ნამდვილად შეიძლება, რეალური თანხაა. პერსონალური ტრენერი ადამიანს პირველი სამი თვე სჭირდება, თუ გაიმეტებენ და 600 ლარის ინვესტიციას ჩადებენ, ეს მათ მისცემს ჯანმრთელობას, ენერგიას, ესთეტიკურ სხეულსა და ცოდნას, როგორ გააგრძელონ შემდეგ დამოუკიდებლად ვარჯიში. მესმის, რომ ბევრისთვის ეს თანხაც მაღალია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც გაცილებლით დიდია უმუშევრობის დონე და თუ პერსონალური ტრენერის აყვანის სახსრები არ გაგაჩნია, მაინცაა გამოსავალი, ივარჯიშო დარბაზში და რჩევა ჰკითხო დაბაზში მომუშავე ტრენერს, ან უკვე გამოცდილს, ვინც იქ ვარჯიშობს. ფული არ ექნება გადახდილი და ვერ მოსთხოვს, მაგრამ ზრდილობიანად თუ სთხოვს, დაეხმარებიან, კონსულტაციას გაუწევენ, როგორ ივარჯიშოს ისე, რომ არ დაზიანდეს. ამის გარდა, არსებობს „იუთუბი“. თუ ფლობ ინგლისურ, ან რუსულ ენებს, შეგიძლია, ჩაწერო და მოძებნო, ვთქვათ, როგორ განივითარო მკერდი, ზურგი, ფეხები და ა. შ. და ამოგიყრის მთელ პროგრამებს მკერდის განსავითარებლად, ზურგის განსავითარებლად და ა. შ. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ფლობენ უცხო ენებს და არ შეუძლიათ ამ ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება, მას შემდეგ, რაც „ფეისბუკმა“ შემოიღო ლაივ რეჟიმი, გადავწყვიტე და ყოველ კვირა ვატარებ ლაივებს მათთვის. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კახეთშია, გურიაშია თუ სამეგრელოში და ზის კომპიუტერთან, შეუძლია, ჩემთან ერთად ივარჯიშოს _ ლაივში ვვარჯიშობ და ვანახებ, როგორ უნდა ივარჯიშონ, ასევე ვაძლევ კითხვების დასმის საშუალებას და ლაივშივე ვპასუხობ. მაქსიმალურად ვცდილობ, მათ უფასოდ დავეხმარო, ოღონდ ივარჯიშონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. მეც ხელმოკლე ოჯახიდან ვარ და ვიცი, რასაც ნიშნავს გინდოდეს განვითარება და საშუალება არ გქონდეს. რომ მესწავლა, მიმტანადაც ვმუშაობდი, მუშადაც, არ მრცხვენოდა და სწორედ ამან, რომ არაფერი მეთაკილებოდა და ვშრომობდი, დამანახვა ის, რომ როდესაც წარმატებას მიაღწევ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე გადახვალ, უკვე ველოსიპედით კი არა, ძვირადღირებული „მერსედესით“ ივლი, უნდა დარჩე უბრალო ადამიანად და მათზე იფიქრო, ვისნაირიც ცოტა ხნის წინათ იყავი. უნდა დაეხმარო ახალგაზრდებს, რომლებიც სახლში სხედან და ფიქრობენ, რა გააკეთონ, როგორ განვითარდნენ, როგორ წავიდნენ წინ ცხოვრებაში. ამიტომ ვცდილობ, მათ მოტივაცია მივცე ლაივით იქნება, პოსტით თუ სურათით, რომ მეც მათსავით ვიყავი ნული და ჩემი ბრენდი თავად შევქმენი, თან ძალიან მარტივი რეცეპტით: არანაირ შრომას არ ვთაკილობდი და რასაც ვშოულობდი, სწავლაში, ცოდნის მიღებაში ვხარჯავდი. ვშოულობდი ათას ლარს? ვეხმარებოდი ოჯახს, უმეტეს ნაწილს ვხარჯავდი სწავლაში, რომ შემდეგ მეტი მეშოვა. ესაა ჩემი ფილოსოფია. შრომობ, სწავლობ და ბოლოს წარმატებას აღწევ, მაგრამ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, ხელმისაწვდომი უნდა დარჩე უბრალო ადამიანებისთვის. დღეს 28 წლის ვარ, 21 წლამდე არაფერი ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ წავსულიყავი წინ იმ საქმეში, რომელიც მიყვარდა, მაგრამ როდესაც რაღაც, რაც გულით გინდა და ხედავ, რომ არ გამოდის, საშველი არაა, რეალურად უნდა შეხედო, განსაჯო და დროულად მიიღო გადაწყვეტილება, რადგან დრო ძვირფასია, დრო აღარ ბრუნდება და სანამ გვიანი არ არის, უნდა მიხვდე, შეელიო შენს ოცნებას, გადახვიდე სხვა საქმეზე და იმ სხვა საქმეში გახდე წარმატებული.

რეზო შატაკიშვილი