როგორ მიითვისა სახელმწიფომ ბიძინაშვილების ქონება?

გიორგი საკარული
17 წელია, ბიძინაშვილების ოჯახმა სამართალი ვერ იპოვა. 2000-იანი წლებიდან დაწყებული პრობლემა, რომელიც მიწის პრივატიზაციასა და საკუთრებაში გადაცემას მოიცავს, დღემდე მოუგვარებელია. ქრთამის შეთავაზებაზე უარის თქმის გამო აღნიშნული ტერიტორიის საბუთები მოულოდნელად გაქრა, ყოველ შემთხვევაში, ასეთია იმ პირის პასუხი, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს მერიაში მუშაობდა.

სამაგიეროდ, უპრობლემოდ იფორმებენ, ყიდულობენ ან უბალოდ ხელს ადებენ ნებისმიერ ტერიტორიას და მათ საკუთრებაში გადადის ის, რაც ჩვენს სახელგანთქმულ ჩინოვნიკებს ან მათ რჩეულებს ესიამოვნებათ. ასე მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს, დაბა ბაკურიანში, საკუთარ სახლთან, სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5958 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით გადაეცა.
ამასთან, 10 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სწორედ საბადურის ტყის მიმდებარედ, შპს „საბადური ვილაჯეს“ 40-წლიანი განკარგვის უფლებით, აღნაგობის წესით, 2019 წელს თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას ცოლს, თინათინ თინიკაშვილს გადაეცა.
აღარ ჩამოვთვლი საპატრიარქოს მაღალი იერარქების მიერ მიტაცებულ მიწებს, სახელმწიფოსგან ლარად ნაჩუქარ ქონებას და ჩვენთვის უკანონო ადგილას, ხოლო მათთვის „კანონით“ დაშვებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ საკუთარ სახლებს, კორპუსებსა თუ ბინებს.
თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსეევკას დასახლებაში მდებარე შენობა, რომელიც ბიძინაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა, სახელმწიფომ მიითვისა. „ნაციონალების“ დაწყებული საქმე „ოცნებამ“ დაასრულა, თუმცა ამ საქმის ძიება და სასამართლო პროცესები არ დასრულებულა.

„ქრონიკა+“-თან დაზარალებული თორნიკე ბიძინაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა საკუთარი ქონება დაიბრუნოს და სახელმწიფოს არ შეარჩინოს ის, რაც ისედაც კანონიერად ეკუთვნოდა მის ოჯახს.

თორნიკე ბიძინაშვილი, დაზარალებული:
_ 90-იანი წლების დასაწყისში, კოოპერატივების პერიოდი რომ დაიწყო, მაგ დროს გადაეცათ კომპანიებს 7 ჰა მიწა, აქედან 0,6 ჰა გადმოგვეცა ჩვენ, ჩვენს კოოპერატივს, ჩვენს მემონტაჟეს, მამაჩემის მემონტაჟეს. იყო გენერალური გეგმა, რომელშიც შესულები ვიყავით ჩვენც. იგი დაამტკიცა ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა, მერიამ, დეპუტატთა საბჭომ და ეს ყველაფერი გადმოგვცეს ჩვენ, მოგვეს აშენების უფლება. დავიწყეთ სამუშაოები, შემოვღობეთ, ავაშენეთ, მუშები გვყავდა დაქირავებული, პერსონალი, ის ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ ნაწარმს _ რკინის, ალუმინის მასალებს, მეტალს.
_ ქარხანა ააშენეთ, ხომ?
_ დიახ, ბიზნესი გვქონდა და მანდ მუშაობდა ხალხი, რომელიც მზად არის, მოწმის სახით მოვიდეს. ისინი იტყვიან საკუთარ სათქმელს, რომ იქ ნამდვილად მუშაობდნენ. დაახლოებთ 30 კაცი იყო დასაქმებული, ზოგი _ აქ, ზოგი _ ლილოში, 2 ქარხანა იყო. შემდგომ, 2000-იანი წლებიდან გახდა შპს. სასამართლომ პროცედურულად ცნო შპს-დ. 2007 წელს განაცხადი შევიტანეთ პრივატიზებაზე, ვიქირავეთ ერთი კომპანია, რომელიც აზომვით ნახაზებს აკეთებს, ასევე აწესრიგებს საბუთებს, რომელიც უნდა შეეკრიბათ, რაც საჭირო იყო და უნდა შეგვეტანა მერიაში. ყველაფერი გავაკეთეთ, იმათ გადავუხადეთ თანხა, შევიტანეთ მერიაში, სადაც ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მამაჩემსა და ბიძაჩემს შესთავაზა ქრთამი.
_ ქრთამი?
_ დიახ, უთხრეს, რომ 1000 ლარი მიეცათ მათთვის და აღნიშნულ მიწას დაგვიმტკიცებდნენ.
_ როდის ხდებოდა ეს?
_ წინა ხელისუფლების დროს. ეს იყო 2007 წელი. მაშინ თბილისის მერი იყო გიგი უგულავა. ბიძაჩემმა უარი უთხრა, არ მისცა თანხა. მოკლედ, წავიდა წარმოებაში ჩვენი საბუთები და შემდეგ მოულოდნელად დაიკარგა, ვეღარ ნახეს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩემმა ოჯახმა საბუთები ვეღარ ნახა. შეეშინდა ბიძაჩემს, რაღაც პერიოდი წავიდა კიდეც… ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება, წავედით სოფელში და ყურადღება ვეღარ მივაქციეთ ამას. 2010-2011 წლებში აქტიურად ვწერდით წერილებს ეკონომიკის სამინისტროს, რათა დაემტკიცებინათ მიწა ჩვენს ბალანსზე, მაგრამ უარს ვიღებდით.
_ ანუ თქვენივე აშენებული შენობა თქვენსავე საკუთრებაში რომ გადმოსულიყო, რომელიც ისედაც გეკუთვნოდათ კანონით?
_ დიახ, დაემტკიცებინათ ამ შენობის შემდგომი პრივატიზებისთვის. 2015 წლის ოქტომბერში სახელმწიფომ, დაახლოებით, 800 კვ.მ.-ს აზომვითი ნახაზი გააკეთა, ეს შენობაც შიგნით მოაქცია და თავის საკუთრებაში მიიწერა ისე, რომ არც გაგვაფრთხილა, არ დაგველაპარაკა, ვისი იყო, რა იყო, საიდან გაჩნდა ეს შენობა, რა არსებობდა თავის დროზე ამ შენობაში და ა. შ. დავიწყეთ სასამართლო პროცესები.
_ ზოგადად სახელმწიფოზე ვსაუბრობთ და ვისი მმართველობის დროს მიითვისეს ეს შენობა ისე, რომ არც უკითხავთ, ვისი იყო ან რა ფუნქციონირებდა შიგნით?
_ მიითვისეს უკვე მოქმედი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დროს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო და ამათმა გააგრძელეს. ჩვენმა ადვოკატმა მოითხოვა, მხოლოდ შენობა მოგვეცითო, რაზედაც უარი მივიღეთ, რა თქმა უნდა, წავაგეთ ეს პროცესი. შემდეგი ინსტანცია იყო აპელაცია. ახლახან, 2023 წელს, ძლივს მოგვიწია აპელაციის თემა, მანდაც თავისთავად წავაგეთ. ამ დროს შევიტანეთ ახალი სარჩელი, ვითხოვთ ორივეს ერთად, რაც იყო ჩვენი 0,6 ჰა მიწა და ჩვენ მიერ აშენებული შენობა, დაგვიბრუნდეს. ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის. რეალურად, ხალხსაც საბუთები არ გააჩნია და ისინი ისაკუთრებენ ამ ყველაფერს. ჩვენ კი გვაქვს ყველა საბუთი, ფოტო-დოკუმენტაცია, მოწმეები გვყავს; მასალა, ყველაფერი გვაქვს, რომ სამართლებრივი დარღვევების გარეშე ცნონ ჩვენს საკუთრებად.
_ და ამ ყველაფრის მიუხედავად, სასამართლოც და სახელმწიფოც, ფაქტობრივად, თქვენ წინააღმდეგ არის?
_ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ამ საქმეში 99% არის ვიღაცის ინტერესი.
_ ვისზე გაქვთ ეჭვი?
_ ვიღაც ჩინოვნიკის ინტერესებსშია და ეს ჩინოვნიკი იმდენად ძლიერია, რომ სასამართლოზე ახდენს გავლენას, თორემ საბუთებში არანაირი პრობლემა არ არის, ყველა საბუთი გვაქვს, რის საფუძველზედაც სასამართლოს თავისუფლად შეუძლია, ჩვენი საკუთრება დაგვიბრუნოს.
_ რას გპასუხობთ თბილისის მერია ან, თუნდაც, ეკონომიკის სამინისტრო?
_ ერთმანეთზე გადაბრალებაში არიან… _ ეს არ არის საკმარისი საბუთიო, კიდევ რაღაც არის საჭიროო, _ აი, ეს არის მათი პასუხი. რა არის კიდევ საჭირო?! _ დეპუტატთა საბჭომ გადასცა ყველაფერი. აკონკრეტებენ, რომ აი, ესა და ეს მუხლია საჭიროო. თავიანთ ოინებზეა მორგებული კანონიც და სხვა დანარჩენიც. ვეკითხები იმათ: _ რით ამტკიცებთ, რომ ეს თქვენია? საიდან არის წარმომავლობა? ვინ შემოღობა? ვინ ააშენა? სოკო ხომ არ არის, თავისით ამოსულიყო?! ამის ძიებაში ვარ 17 წელია და ვიღაცის ინტერესებს ემსხვერპლა ჩვენი ამხელა დრო, მამაჩემს ინფარქტი დაემართა ნერვიულობის გამო. როდესაც ასეთ სირთულეებს გავდივართ, სახელმწიფო ცდილობს, „გააკულაკოს“ ხალხი, ჩამოართვას მიწა მიითვისოს თვითონ. საბუთებს არანაირი პრობლემა არ აქვს. ვამბობ, რომ მაქვს და წარვადგენ ყველანაირ საბუთს, რომელიც საჭიროა. თვითონ არაფერი გააჩნია, საიდან, ვისგან წამოვიდა ეს შენობა.
_ რას აპირებთ ახლა ამ უიმედო მდგომარეობით?
_ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯერჯერობით, სასამართლო პროცესია. შევიტანეთ ახალი სარჩელი ახალ ადვოკატთან ერთად და ველოდებით სასამართლო პროცესს. მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, ბევრი ჩუმადაა, ბევრს ეშინია, თუმცა ხალხის იმედი მაქვს მაინც და იმ რეზონანსის, რასაც თუნდაც ეს სტატია გამოიწვევს ან სხვა ტელევიზიებში გასული რეპორტაჟები, სააგენტოებისა თუ სხვა საშუალებების მასალები. ასე არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენს საკუთრებას არ მივიღებთ.