როგორ მიითვისა მუხრან ბაგრატიონმა ტანსაცმლის ბაზრობა?!

ვაგზლის მოედანზე მდებარე ტანსაცმლის ბაზრობის თანამშრომლები, მათ მეზობლად არსებულ ფირმა „თერგი 1“-ს, რომელიც ამავე საქმიანობითაა დაკავებული, შენობის თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებენ.

შპს „თერგი 1“-ის მეპატრონე, სამგორის გამგებლის, გიორგი ბაგრატიონის მამა, მუხრან ბაგრატიონია, რომლის სახელმა „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის დროსაც გაიჟღერა. მოვაჭრეები ამბობდნენ, რომ „ოქროს ბირჟის“ მეპატრონე ბაგრატიონი მათ თავის შენობაში გადასვლას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განადგურებით ემუქრებოდა. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქონების თაღლითურად მითვისებაში სამგორის გამგებლის მამა „ქრონიკა+“-თან დედაქალაქის მკვიდრმა გიორგი ომიაძემაც ამხილა. ამ ყველა საქმეს ერთი საერთო აქვს _ სადაც გინდა იქ იჩივლე, სამართალს მაინც ვერ იპოვი, რადგან როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მუხრან ბაგრატიონი ყველასა და ყველაფერს ყიდულობს.

„ქრონიკა+“-ს შპს „კავკასიონი XXI“-ის თანამშრომლები ესაუბრნენ.

ლია ილურიძე _ მოლარე:

_ ე. წ. ვაგზლის ტანსაცმლის ბაზრობაზე ვმუშაობ დაარსების დღიდან, 1995 წლიდან, ბაზრობა ჩემ თვალწინ შენდებოდა. შპს „კავკასიონი XXI“-მა კანონის ყველანაირი დაცვით ააშენა კაპიტალური შენობა და სხვა სავაჭრო ნაგებობები თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომელსაც დღემდე ვფლობთ და განვკარგავთ. ჩვეულებრივ, შპს ქონების გადასახადს იხდის. ჩვენს მიმდებარედ მუშაობს ასევე შპს „თერგი 1“, ისიც ტანსაცმლის ბაზრობაა, ოღონდ ჩვენ შემდეგ დაიწყეს მუშაობა. გარკვეული წლების მერე გავიგეთ, რომ ის მიწა, რომელზედაც ჩვენი შენობა დგას, მათ საკუთრებაში აღმოჩნდა, ამიტომ 2011 წლიდან ჩვენსა და შპს „თერგი 1“-ს შორის აღნიშნულ შენობა-ნაგებობებზე ქონებრივი დავა დაიწყო. გამოიკვეთა დანაშაულებრივი ქმედება შპს „ნ&ჯი“-სა და შპს „ნიუ მიქსის“ მიერ აზომვითი ნახაზის შედგენის დროს. მათმა წარმომადგენელმა, ვინმე ზურაბ კირკიტაძემ, შეგნებულად დაუშვა უხეში შეცდომა, დაარღვია სიტუაციური გეგმა, თვითნებურად შეცვალა შპს „თერგი 1“-ის წითელი ხაზები, თბილისის მერიასთან შეუთანხმებლად გადასწია 7 მეტრით და შპს „თერგი 1“-ის წითელ ხაზებში მოაქცია ის ტერიტორიაც, რომელზედაც ჩვენი შენობაა განთავსებული. მან შეგნებულად არ დაიტანა ნახაზზე რეალურად არსებული სახე, უგულებელჰყო ჩვენი პროექტი, საჯარო რეესტრი შეცდომაში შეიყვანა და აღნიშნული მიწის ნაკვეთი დააკანონებინა, რომელზედაც არავითარი ნებართვა არ ჰქონია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, გამგეობიდან, ან მიწის მართვის დეპარტამენტიდან, შესაბამისად, არც საჯარო რეესტრში წარუდგენიათ არავითარი საბუთი და 500 კვ.მ. უნებართვოდ მიიერთა. სანამ მიწას გაიფორმებდა, შპს „თერგი 1“-ის მეპატრონე მუხრან ბაგრატიონს ჩვენთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც კი გაიფორმა, გვითხრა, _ მიწა ჩემიაო და იჯარის გადასახადი მოგვთხოვა. ეს ამბავი მაშინ გამოამჟღავნა, როდესაც 6 წელი გავიდა, ხანდაზმულობის ვადა იყო გასული და ვეღარც ვიჩივლებდით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მან ეკონომიკის სამინისტროსგან ტერიტორია მთლიანად შეისყიდა და ნახაზები რომ შეადგინეს, ჩვენი შენობა აღნიშნული არ იყო. ასე მოტყუებით მოახერხა ჩვენი ტერიტორიის ხელში ჩაგდება. მიწა რომ შეიძინა, მერე კორექტირება მოახდინა _ მიწასთან ერთად, თითქოს, შენობაც შეიძინა და მისია. ასე თაღლითურად მიისაკუთრა ჩვენი შენობა.

_ ახლა თქვენთან ბაგრატიონის ფირმაა განთავსებული?

_ არა, ჩვენ ვართ ისევ და ვერც გამოგვიყვანს, გამორიცხულია! ჯერ აღმასრულებლებს ველოდებით! საქმე ის არის, მოვაჭრეები, რომლებიც ჩვენს ფართში მუშაობენ, მათთან მიდის და ატერორებს, ახლა ამ შენობას მივანგრევ, თქვენ ჩემთან გადმოდითო.

_ ბაგრატიონის მხრიდან მსგავსი სახის მუქარაზე დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებიც საუბრობდნენ…

_ დიახ, ეს კაცი ყველას ასე ატერორებს, მაგრამ გამოიძია ვინმემ?! ბაგრატიონს იმდენი ფული და ძალაუფლება აქვს, ყველას და ყველაფერს ყიდულობს!

_ სასამართლოს არ მიმართეთ?

_ დიახ, 2011 წელს სასამართლოში ვიჩივლეთ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მორიგება შემოგვთავაზა, მაშინ ვერ გაბედა, რომ ეთქვა, _ შენობა „თერგი 1“-ს ეკუთვნისო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შენობა ჩვენ გვეკუთვნის, მიწის ფართზე თქვენ თვითონ მორიგდითო, ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა. ჩვენც ვიფიქრეთ, მიწა რადგან მათი შეძენილი იყო, იჯარის გადასახადს გადავიხდიდით და ამ მიზნით ხელშეკრულება დავდეთ. ბაგრატიონმა ეს ხელშეკრულება გამოიყენა ისე, თითქოს ჩვენ დავუდეთ ხელშეკრულება, რომ შენობა მისი იყო და იჯარას ვუხდიდით. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე გაიფორმა შენობაც, ეს ხელშეკრულება სასამართლოში წარადგინა. ადეიშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, როდესაც მიწა გაიფორმა და ადეიშვილი იყო იუსტიციის მინისტრი და შესაბამისად, საჯარო რეესტრის უფროსი, როცა ზემოდან შენობაც მიაყოლა. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის, 40 ადამიანს, რომელიც ამ ტერიტორიაზე საქმიანობს, ამ ბაზრობის დაარსების დღიდან იქ არის, ახლა ბაგრატიონი მოდის და ეუბნება, რომ შენობას დავანგრევ და თქვენ აქედან გაგყრითო, მოვაჭრეებს ატერორებს და ასევე ხელს უშლის ბიზნესს. ჩვენს ფირმას ხომ ჰყავს მეპატრონე!

მანანა აკოფაშვილი _ ბუღალტერი:

_ სასამართლოში აღმოჩნდა კეთილსინდისიერი ადამიანი, მოსამართლე ვანო წიკლაური, რომელმაც 3 წლის წინ ზუსტად ასე უპასუხა, _ ამ საქმეს არ გავარჩევ და ასეთ სიყალბეებში მონაწილეობას არ მივიღებო, მაგრამ 2011 წელს, როდესაც მოსამართლე ერემაძემ თქვა, რომ შენობა ჩვენი იყო, იგივე მოსამართლემ 2016 წელს თქვა, რომ შენობა ჩვენი აღარ იყო, ოღონდ არ დაასაბუთა, რატომ?! სხვადასხვა მოსამართლე რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ეჭვი არ გამჩენოდა, მაგრამ პარადოქსია… ზოგადად, სასამართლოს სამართლიანობაზე დიდი ეჭვი არსებობს, მაგრამ ახლა დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ ბაგრატიონი ყველას ყიდულობს და სასამართლოც მოსყიდული ჰყავს! კოლექტივის სახელით პარლამენტშიც შევიტანეთ განცხადება და ვთხოვეთ, ეკონომიკის სამინისტრომ როცა მიწა გაყიდა და ხარვეზი დაუშვა, რომ ეს შენობა არ აჩვენა და არ დააფიქსირა, გასწორებულიყო. პარლამენტიდან პასუხი მოვიდა, _ რადგან სასამართლოშია საქმე, მან გადაწყვიტოს და ჩვენ ვერ ჩავერევითო. ბოლოს პარლამენტში იცით, რა გვიპასუხეს? ეგ რომ გავაკეთებონოთ, ხალხს მოხსნიანო! თურმე, იმან, ვინც ეს საქმე გააყალბა, მოხსნიან, სამსახურს დააკარგვინებენ და 40 მშრომელი ოჯახი და ფირმის მეპატრონე რომ ულუკმაპუროდ რჩება, ეს არაფერი! დავიჯეროთ, ისევ ის ხალხი მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც 2004 წელს მუშაობდა?! პირდაპირ გვითხრეს, ის ხალხი არ გეცოდებათო? თურმე, ჩვენ უნდა შეგვეცოდოს ის გარეწარი, ვინც ჩვენი ქონება „გაუპრავა“ უცერემონიოდ. მთავარ პროკურატურასაც მივმართეთ, იმათ საქმე დიდუბის რაიონს გადაუგზავნეს. იჯარის ხელშეკრულებაზე გაყალბებული რომ აქვს ხელმოწერა, ფაქტია, მაგრამ ექსპერტიზაც არ არის დანიშნული. ვიფიქრეთ, ხელისუფლება რომ შეიცვალა, სასამართლოში რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი… თან უბედურება ის არის, რადგან შენობა ბაგრატიონის არ არის, ჰგონია, რომ შენობა 140 კვ.მ.-ია, როგორც პროექტში წერია, მაგრამ შენობა სინამდვილეში, მინიმუმ, არის 600 კვ.მ. და ის 140 კვ.მ.-ს დაობს. სასამართლომ საქმე გაარჩია და არც დაინტერესდა, წარმომადგენელი მაინც გამოეშვა და ენახა, რომელ 140 კვ.მ.-ს ედავება. 600 კვ.მ.-ს თვლის 140 კვ.მ.-ში და აკუთვნებს. ბაგრატიონს 18 000 კვ.მ. აქვს ნაყიდი, ჩვენი შენობა 200 კვ.მ.-ია, 3-სართულიანია, ის დაობს 140 კვ.მ.-ს, რაც პროექტში იყო, არაფრის გაგებაში არ არიან! თვეში ერთხელ მოდიან ბაგრატიონის წარმომადგენლები და მოვაჭრეებს აშინებენ, რომ მალე დაანგრევენ შენობას. ჩვენს უფროსს ამ ნერვიულობაზე სიმსივნე დაემართა და ავად არის, ჩვენ ამიტომ მოვედით თქვენთან, რადგან ის შეუძლოდ არის.

_ ყველა ინსტანციის სასამართლომ თქვენი ქონება ბაგრატიონს მიაკუთვნა, ახლა რას აპირებთ, რის მიღწევას ცდილობთ?

_ მუხრან ბაგრატონი ყველას და ყველაფერს ყიდულობს, როგორ უნდა ვიპოვოთ სამართალი?! ჩვეულებრივ, ისევ იქ ვართ და ვმუშაობთ, ველოდებით აღმასრულებელს, თუმცა შენობიდან გამოსვლას და დათმობას არ ვაპირებთ! ჯერ თქვენთან მოვედით, რომ საზოგადოებას გავაგებინოთ, ჩვენს თავს რა ამბები ტრიალებს. ამ ყაჩაღმა (ბაგრატიონი, _ ავტ.) ივანიშვილს საჯაროდ დედა აგინა, რას არ კადრულობს და რამდენს ბედავს… იმასაც კი ამბობენ, „ბავშვთა სამყაროს“ დაწვაში მაგის ხელი ურევიაო… ამბობენ, არჩევნებში 7 მილიონი გადაიხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ მისთვის ეს ფართი მიეცა, ახლა „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მაგრამ ბაგრატიონი თაღლითობებს ძველებურად აგრძელებს…

 

 

თამარ ბატიაშვილი