როგორ გამყარდა ლარი და რატომ პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კითხვებს „არასწორად“?

ეროვნული ვალუტა თავის ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდება. მთავრობა ამას გალარების პროგრამის წარმატებით ხსნის, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები სხვანაირად ფიქრობენ.

22 თებერვალს სახელმწიფო ობლიგაციის მორიგი აუქციონი გაიმართა, რომელზეც სახელმწიფომ, ხუთი წლის ვადით, დამატებით, 20 მლნ ლარი აიღო ვალად.

აუქციონის მომდევნო დღეს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხშირად სმენია, თითქოს, საქართველოში ფიზიკური პირების მიერ ფასიანი ქაღალდების შეძენა, თითქმის, შეუძლებელია, ვინაიდან არსებული სისტემა მხოლოდ „დიდ მოთამაშეებზეა“ მორგებული და ფიზიკური პირებისთვის მოუქნელი და მიუწვდომელია.

ამის საპასუხოდ კი, მაგალითად, საკუთარი გუშინდელი (22 თებერვლის აუქციონის) მაგალითი მოჰყავდა, სადაც მან თავად შეიძინა 1 ცალი (1000 ლარის ღირებულების) 5-წლიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არაკონკურენტული განაცხადის წესით.

ამავე განცხადებაში მან პროცედურულად განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოს რიგითმა ფიზიკურმა პირმა, რომ იმავე, არაკონკურენტული განაცხადის წესით, ფასიანი ქაღალდი შეიძინოს.

ხსენებულმა სოციალური ქსელის პოსტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცახდებამ „გულგრილი“ არ დატოვა ის ეკონომისტები, რომლებიც ცალსახად ერკვევიან ამ სფეროში და გამართული აუქციონის სამართლიანობაში ეჭვი ეპარებათ.

ცალსახა ოლიგოპოლიას ხედავს საბანკო სექტორში ეკონომიკის დოქტორი, დავით ასლანიშვილი, რომლის თქმითაც, აღნიშნული აუქციონის შედეგად 20 მლნ დაემატა მიმოქცევაში არსებულ 2.185 მლნ მოცულობის სახაზინო ვალდებულებებს და სახელმწიფო ობლიგაციებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა (1.886 მლნ) კომერციული ბანკების მფლობელობაშია.

ბოლო წლებში საბიუჯეტო დეფიციტის ხარჯზე შემოსავლების გენერირება ჩვეულებრივ ბიზნესად იქცა კომერციული ბანკებისთვის. შედარებით დაბალ პროცენტში ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხებით მოზიდული თანხებით მთავრობის მაღალპროცენტიანი ფასიანი ქაღალდების შეძენა (ე. წ. ბიუჯეტის მონეტარული დაფინანსების სქემა) და საკუთარ აქტივში განთავსება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომერციული ბანკების მოგების ზრდაში.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, დავით ასლანიშვილი:

_ ბატონო დავით, კონკრეტულად, რა მოხდა 22 თებერვალს გამართულ აუქციონზე და როგორ აისახება იგი ბანკების საქმიანობაზე?

_ როგორც 22 თებერვალს ჩატარებული აუქციონის შესახებ ცნობილი გახდა, ერთთვიანი რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა დაუკმაყოფილდა მხოლოდ ორ ბანკს, მაშინ როცა ხუთ ბანკს ჰქონდა განაცხადი გაკეთებული. ხუთიდან _ ორს, მხოლოდ ორს!.. ბაზარზე ორი მოთამაშის უპირატეს მდგომარეობაში ყოფნა კი უკვე ოლიგოპოლიაა. დანარჩენ სამ ბანკს კი, რომელთაც მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, ამ ორის გავლით, მხოლოდ უფრო მაღალ ფასში მოუწევს რესურსების მოპოვება.

ცხადია, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს, რომ სესხების გალარების პროგრამამ იმუშაოს, როგორც სესხების პორტირების საშუალებამ, მოთხოვნადაკმაყოფილებულ მხოლოდ ორ ბანკში!

როგორც ცნობილია, სესხების გასალარებლად, ბანკების ლარის ლიკვიდობით უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ერთთვიანი რეფინანსირების აუქციონები 20 იანვარს დაიწყო.

2017 წელს, ინფლაციის განეიტრალების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა იაფი ფულის პოლიტიკას ზურგი შეაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს, ერთი მხრივ, მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, გაუძვირდებათ რეფინანსირების სესხები, მეორე მხრივ, საშუალოვადიანი განაკვეთების მრუდის გაზრდის გამო შემცირდება მათ მფლობელობაში არსებული მთავრობის ფასიანი ქაღალდების საბაზრო ღირებულება, რაც შემოსავლების ამ წყაროს მოგებიდან ზარალში გადაიყვანს და ბანკების მთლიან მოგებას შეამცირებს.

კომერციული ბანკები იმ გამოწვევის წინაშე დგანან, რომ როგორმე უკვე დაწერილი ბუღალტრული მოგება შეინარჩუნონ და სასწრაფოდ შეელიონ ფასიან ქაღალდებს, რომელიც მომდევნო პერიოდში მათ აქტივების შემცირებას უქადის. და აი, ბანკებს გაახსენდათ, რომ მათ კერძო კლიენტებიც ჰყავთ, _ მოდი, იქნებ, ისინი დავაინტერესოთ ფასიანი ქაღალდებით, აქტივები მომგებიანად მოვიცილოთ, ხოლო პოტენციური ზარალი ხალხს შევტენოთ _ კომერციულ ბანკებს ახლა მოაგონდათ, რომ კლიენტები სახელმწიფოს კრედიტორებად გახადოს.

და ახლა კომერციულმა ბანკებმა ყველაზე პრომინენტული კლიენტისგან _ თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, კობა გვენეტაძისგან მოიპოვეს მხარდაჭერა და მორიგ აფერაში სცადეს ხალხის შეტყუება. ახლა სთავაზობენ კერძო კლიენტებს ფასიან ქაღალდებს? ახლა ემეტებათ მათი ანაბრები ფასიანი ქაღალდებისთვის, როცა წლების მანძილზე მონოპოლიზებული ჰქონდათ ბაზარი, მოკლეს ბირჟა, ანაბრებს სესხებად გასცემდნენ, ხოლო მონეტარული დაფინანსების სქემით ეროვნული ბანკის რესურსს მთავრობის ფასიან ქაღალდებში, ფაქტობრივად, ათეთრებდნენ.

_ ანუ თუ ფიზიკური პირი გალარების პროგრამაში ჩართვას მოისურვებს, აღნიშნული ორი ბანკის გარდა ვერსად მიდის?

_ კი, მიდის, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდება ამ პროგრამაში ჩართვა, რადგან ჯერ თავად ეს ბანკები (2 კომერციული ბანკის გარდა) უნდა წავიდნენ და ესესხონ ფულს სწორედ ამ გამარჯვებულ ბანკებს. მიზეზი კი ისევ ისაა, რომ ეს ლარი ე.ბ.-მ  მხოლოდ ორ ბანკს მისცა ბაზარზე. მეტი გამარჯვებული არაა. ე. ი.  იძულებული ხარ, ან ბანკმა საკუთარი რესურსით მოგცეს ლარი მაღალ, ვთქვათ, 14-15%-ში, ან წახვიდე გამარჯვებულ ბანკში და მოგცენ შედარებით დაბალ 8-9%-ში. შედეგი ეს არის. რამდენად სამართლიანი ჰქვია ამას, არ ვიცი. ეს არის წმინდა წყლის საბანკო ოლიგოპოლიის  კლასიკური მაგალითი და შედეგი.

_ რაც შეეხება გვენეტაძის განცხადებას ფასიანი ქაღალდების შეძენასთან დაკავშირებით, რამდენად შეუძლია რიგით ფიზიკურ პირს კონკურენტული განაცხადის წესით ფასიანი ქაღალდის შეძენა?

_ კითხვა სწორედ კონკურენტული განაცხადის წესით ფასიანი ქაღალდის შეძანაზე აქვს საზოგადოებას და ეკონომისტებს, გვენეტაძე კი გვპასუხობს, _ მე არაკონკურენტულ მეორად ბაზარზე ვიყიდე ფასიანი ქაღალდი 1000 ლარადო. ანუ სულ სხვა რამეს ამბობს.

კონკურენტული განაცხადი ნიშნავს იმას, რომ მე, კლიენტი, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში პროცენტს ვწერ, რომელიც მაწყობს და აუქციონში ვმონაწილეობ, ხოლო არაკონკურენტული განაცხადი ნიშნავს, რომ მე აუქციონში კი არ ვმონაწილეობ, არამედ უკვე მიღებულ შედეგს ველოდები. რაც იქნება საშუალო პროცენტი ბაზარზე, სწორედ იმ მონაცემით დაკმაყოფილდება განაცხადი. ანუ თუ, ვთქვათ, მინამალური პროცენტული ზღვარი 2%-ია, მაქსიმალური _ 40% და საშუალო _ 5%, ამ უკანასკნელი, საშუალო მაჩვენებლით მიკმაყოფილებენ განაცხადს. მაწყობს მე, კლიენტს, ეს 5%? როცა ეროვნული ბანკი ხარ, მიეცი ხალხს საშუალება, რომ პირდაპირ სახაზინო სახლიდან შეიძინონ ფასიანი ქაღალდები.

თავი რომ დავანებოთ ყოვლად არაადეკვატურ ქმედებას, რომლითაც კობა გვენეტაძემ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ერთ კონკრეტულ კომერციულ ბანკს გაუკეთა რეკლამა, მან, მართალია, მეორად არაკონკურენტულ ბაზარზე, მაგრამ საკმაოდ კონკურენტულ განაკვეთში შეიძინა კონკრეტული ფასიანი ქაღალდი. ექნება კი ნებისმიერ სხვა რიგით კლიენტს ანალოგიურად ხელსაყრელ პირობებში ფასიანი ქაღალდის შესყიდვის შესაძლებლობა? ეროვნული ბანკის ცხელი ხაზი შეძლებს ამ პროცესის გაკონტროლებას?

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რომლის ლობირებაში წლების მანძილზე კომერციულ ბანკებს საკუთარი ზედამხედველი, ფაქტობრივად, ფეხქვეშ ჰქონდათ გადებული, ეს გამორიცხულია.

რატომ არის დღევანდელი კანონმდებლობით კონკურენტულზე მინიმალური განაცხადის დასაშვები ქვედა ზღვარი 50.000? 1997 წლის შემდეგ რატომ გაიზარდა ეს მაჩვენებელი 100-დან ჯერ 1000-მდე, შემდეგ 10.000-მდე და უკვე მრავალი წელია, 50.000 ლარია? რატომ არ ითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც 2009 წელს ეს მაჩვენებელი, მაგალითად, აშშ-ში 1000-დან 100 დოლარამდე დასწიეს?

რატომ აქვთ პირველად ბაზარზე მხოლოდ კომერციულ ბანკებს ექსკლუზივი? ძნელია სახაზინო სახლის შექმნა და პირველადი დილერების სიის გაფართოება?

1990-იან წლებში, როდესაც ამ შეკითხვის უამრავი ადრესატი, ან კარის ბიზნესმენი თან სახელმწიფო ბიუროკრატიით იყო დაკავებული, უამრავი დილერი, ფაქტობრივად, ნულიდან, შიშველი ხელებით, სასტიკად კორუფციულ გარემოში, ვახერხებდით უმძმეს პირობებში აგურ-აგურ სისტემის განვითარებას, რომელიც მხოლოდ ახლა გაგახსენდათ ისევ საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნების მიზნით?

რატომ არ არის კომერციული ბანკების აქციები ლარში დენომინირებული და რატომ არ ხდება მათი კვოტირება საქართველოში ადგილობრივ კერძო და მცირე ინვესტორთათვის?

რა ოპერაციაზეც ისაუბრა გვენეტაძემ, იმას კიდევ საბროკერო კომპანია საერთოდ არ სჭირდებოდა, _ პირდაპირ ბანკთან უნდა მისულიყო. ე. ი. საბროკეროც გააპიარა და ცალკე _ ბანკიც. საბროკერო უფასოდ მოემსახურა ე.ბ.-ს პრეზიდენტს? და საბროკეროც ხომ ბანკისთვის კლიენტია?!

_ ახლა რაც შეეხება ლარის დღევანდელ პოზიციას, რამ გამოიწვია იგი?

_ ლარის ბოლოდროინდელი ტრენდი, რაც მის სტაბილურობას უწყობს ხელს, მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: იგი უბრუნდება ბუნებრივ საზღვარს, მიზეზები კი არის ზამთრის კარგი სეზონი, ტურისტების დიდი რაოდენობით შემოდინება, რაც უცხოური ვალუტის შემოდინებასაც უწყობს ხელს; გადმორიცხვებისა და ექსპორტის ზრდა. ამ პერიოდში, მართალია, სავაჭრო ბალანსი კვლავ უარყოფითია, მაგრამ წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებაა; საკმაოდ კარგ დონეზე შესრულებული საბიუჯეტო დისციპლინა, ანუ ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა და 300 მლნ თუ ჰქონდა შარშან ხაზინაში ნაშთის სახით, დღეს 800 მლნ-ის მობილიზება შეძლო. ახლა უკვე სიტუაცია დასტაბილურებულია და საბიუჯეტო დეფიციტურ ხარჯვას არ ახდენენ. მართალია, რეფინანსირების სესხი საგანგაშოა, _ ანუ თუ ჩვენს მასშტაბებზე, წესით და რიგით, 200 მლნ. ლარის უნდა იყოს, ახლა 1 მლნ 150 ათასია (წინა წელთან შედარებით ცოტა კიდევ შემცირდა, 1 მლნ 400 ათასი იყო).

გარე ბაზარზეც ვითარება დასტაბილურდა. ჯამურად, ამ ფაქტორების ერთობლიობამ ლარი, შედარებით, დაასტაბილურა.

ახლა მებადება კითხვა, _ რატომ ავარდა ლარი მაშინ შარშან?

აქ პატარა პრეისტორიაა საჭირო: 2015 წლის ნოემბრის ბოლოს ე.ბ.-მ ერთბაშად გასცა დოლარი და ერთბაშად, 2-ჯერ უფრო მეტი რესურსით, ლარი. ივლის-აგვისტოდან მოყოლებული, ოქტომბრის ჩათვლით, ე.ბ. ბაზარზე დოლარს ყიდდა: 20 მლნ, 40 მლნ, ჯამურად 200-250 მლნ გაყიდა. ანუ ბაზარზე, კურსით, 2,3-2,5 ნიშნულით მიმდინარეობდა გაყიდვები მაშინ, როცა დოლარი დასჭირდებოდათ. ამას ჰქვია ყალბი მოლოდინები, _ მივიდოდნენ ბლუმბერგის ბაზარზე, მიაწვდიდნენ და ყიდდნენ ამ დოლარს. მორჩა ეგ გარიგებები და ე.ბ.-ც „აორთქლდა“ ამ ბირჟიდან. ამ აორთქლებით ლარის მასა ხომ მიაწოდა რეფინანსირების სესხებს, ამით მილიარდობით თანხა დაამატეს. რაც ნოემბერში მოხდა, სავალუტო პანიკა იყო. როდესაც არ აძლევ ლარს საშუალებას, ბუნებრივად მივიდეს თავის ნიშნულამდე, ამას ჰქვია ზამბარის ეფექტი, თორემ იგი 2,5 ნიშნულამდე თავისით მივიდა. მივიდოდა და გაჩერდებოდა, არაფერი მოხდებოდა სხვა. ამათმა შეგნებულად 2,3-ზე დაიჭირეს და ზამბარასავით გავარდა მერე ეს მაჩვენებელი. ამის შედეგად დაგვემხო თავზე ლარის კურსი, _ აი, ეს გააკეთეს რეალურად. ახლა ლარი, ნელ-ნელა, ბუნებრივ 2,5-იან ნიშნულს უბრუნდება. ზაფხულში კიდევ თუ რამე უარესი არ ქნეს, შეიძლება, ცოტათი გამყარდეს კიდეც, შემოდგომაზე უფრო გაუარესდეს.

_ მაინც, რა უშლის ხელს ლარის დასტაბილურებას ახლა?

_ სტაბულურ ტრენდს ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი:

1) საგარეო ვალები.

ასევე საჭიროა მსხვილი საპორტო საქმიანობის განვითარება. ვერა და ვერ დაადგეს თავი ამ ანაკლიის პორტს, ან ხუდონჰესს, ანუ რაღაც მსგავსი გვჭირდება, რომ ეს ვალები დავფაროთ;

2) ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთად უნდა იზრუნოს, რომ როგორმე პროლონგაცია (კრედიტის ვადის გაგრძელება, _ რედ.) მოახდინონ, რადგან უჭირთ ამ დოლარის მასის გადინება და გადახდა. გარდა ამისა, ამას ემატება კიდევ შიდა ვალის დამატებითი ზრდა. ახლა ვალი გვაქვს 2 მლრდ 2 მლნ ლარში, რასაც ემატება 400 მლნ ლარი. ამას კიდევ დაერთო ის, რომ ე.ბ.-მ გაზარდა რეფინანსირების პროცენტი, შესაბამისად, ბანკები სახელმწიფოს მეტ პროცენტში ფულს ვერ ასესხებენ _ გაუჭირდებათ. ბანკები ცდილობენ, რომ ახლა ნელ-ნელა გამოვიდნენ ამ თამაშიდან.

ეროვნული ბანკი რომ არ იყოს საბანკო ოლიგოპოლიის მძევალი და ნოემბერ-დეკემბერში მართლაც განეხორციელებინა გაცვლითი კურსის მართვა (ოღონდ, როგორც საჭიროა სტაბილიზაციისთვის, და თავი შეეკავებინა ქედმაღლობისგან და არაფრის მთქმელი ფრაზებისგან: „გაცვლითი კურსი თავისუფალია“ და ა. შ.), საზოგადოება 2.7 ნიშნულს სავალუტო ტაბლოებზე ვერასოდეს იხილავდა.

_ ე. ი. ლარის გამყარება გალარების პროგრამასთან არაფერ შუაშია?

 

_ არა, ხელს კი უწყობს, მაგრამ ეს არ არის მისი ძირითადი ფაქტორი.  ამ მოვლენას ლარის ბუნებრივ ჩარჩოში უკან დაბრუნებას ვუწოდებ.

იანვარში ექსპორტმა იმატა, გადარიცხვების ზრდა დაემატა და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დისციპლინა გაუმჯობესდა.

გალარების პროგრამას რაც შეეხება, ჯერ ერთი, ქაოსურად დაიწყეს: თავიდან ითქვა დედოლარიზაციაო, მერე ლარიზაციაო, მერე სესხების გალარებაო და ხალხმა ვერ გაიგო, თუ რაზეა საუბარი. თქვეს, ეს პროგრამა 34 ათას ადამიანს შეეხებაო, მერე, 27-ს,  დანარჩენ 7 ათასს არ ეკუთვნის, იმიტომ, რომ 10 000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალიო. ხომ შეიძლება, რომ დალაგებულად და მოწესრიგებულად დაწერო და თქვა.

შუა გზაში, სანამ პროგრამა, ლამისაა, ჩავარდა, ახლა გაახსენდათ და გალარების კალკულატორი ჩამოკიდეს საიტზე, _ პროგრამა სწორად უნდა იყოს დამუშავებული და გატანილი.

_ თქვენ რას სთავაზობთ?

_ ლარიზაცია თუ უნდათ, მე ვიცი ბრწყინვალე მეთოდი. სახელმწიფოს მეთაურმა გამოუშვას პატარა დირექტივა, ბრძანება, დებულება, რაც გინდათ, დაარქვით, რომ ყველა ჩინოვნიკს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, პრეზიდენტის ჩათვლით, ყველანაირი ანგარიში ლარში ჰქონდეს.

ინებონ და რადგან საქართველოს ემსახურებიან, ეროვნულ ვალუტაში ჰქონდეთ ანგარიშები. არ იქონიონ უცხოური ვალუტა არც ანაბრებში, არც დეპოზიტებზე და არც ხელზე. გარანტიას გაძლევთ, ლარის გამყარებას ეს მხოლოდ წაადგება, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ახლა ე.ბ.-ს პრეზიდენტს თანხის 90% აშშ დოლარში აქვს და მას აბარია ლარის სტაბილურობა?!.

გასაგებია, რომ უცხოეთში მოღვაწეობდა და ა. შ., მაგრამ ახლა ხომ სახელმწიფოს ემსახურება? რესურსის უდიდესი წილი კი დოლარებში აქვს, ლარი _ მცირე ოდენობით და, ამ მხრივ, მის მიმართ ნდობა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, სათანადო დონეზე არ არის. ჩვენი საზოგადოების ნდობა რომ ამაღლდეს, მანაც და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებმაც ლარში უნდა მოახერხონ გადმოსვლა _ ესეც გაამყარებს ლარისადმი ნდობას და მის მიმართაც

ყველა ჩინოვნიკის დეკლარაციაშია მოცემული თანხების ვალუტები. ამ დოკუმენტს რომ ნახავ, მერე როგორ გინდა ენდო ჩინოვნიკს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეროვნული ვალუტის გამყარებაა?! _ ნდობის ფაქტორი დაბალია, ძალიან დაბალი. ამ ნაბიჯის შედეგად უკვე სტაბილური და გამყარებული ლარი იქნებოდა.

 

ნინო ტაბაღუა