როგორია სოსოს სუს-ი და გიორგის შსს?!

საქართველოში სუს-ი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები. მას, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი უფლებები აქვს, რადგან მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია და მისი კონტროლი პარლამენტსაც უჭირს.

 

პარლამენტმა ვერ შეძლო და სუს-ზე კონტროლი ვერ გაამკაცრა. მოსალოდნელი საფრთხე, რომ უწყება პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის ხელში პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის, სისტემური დანაშაულის ინსტრუმენტად იქცა, 2017 წლის გაზაფხულმა ყველაზე კარგად დაამტკიცა.

სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი საზოგადოებრივი მონიტორინგი, რომელიც სუს-ის საკადრო პოლიტიკასა და სხვა მსგავს საკითხებს გააკონტროლებს. მართალია, სუს-ში კონტრდაზვერვის სამსახური არსებობს და სწორედ ამ უწყებას ევალება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, სტრატეგიული ობიექტების შესწავლა, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ ორგანიზაციების დაფინანსების საკითხის მოკვლევა, სეპარატისტული დაჯგუფებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების მუდმივი შესწავლა, მაგრამ ფაქტია, ჩამოთვლილთაგან ყველა მიმართულება საპნის ბუშტივით გამქრალია.

2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, მაგრამ ამ რეფორმამ სამართალდამცველი სისტემის დეპოლიტიზებისა და დემოკრატიული მოწყობის მყარი გარანტიები ვერ შექმნა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე, სრულიად დახურულ ორგანოდ წარმოგვიდგება, რომლის ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მწვავედ დგას ფარული თვალთვალისა და მიყურადების სისტემის ხარვეზები, რომელიც ინსტიტუციურად სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია, რაც ასევე დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგენა კი ვერ უზრუნველყოფს სუს-ის საქმიანობაზე რეალური კონტროლის განხორციელებას. საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ხელს უშლის სპეციალური ფორმატის არარსებობა, რომელსაც ფართო უფლებამოსილება ექნება, მონიტორინგი გაუწიოს სუს-ისა და სხვა სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდისა და მასზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ძირითად საჭიროებად სუს-ის დამოუკიდებლობის, ქმედითი საქმიანობის უზრუნველყოფისა და სამომავლოდ რესურსების გაძლიერებას ასახელებს. თუმცა სამომავლო რეფორმების კონკრეტული მიმართულებები იდენტიფიცირებადი არ არის.

აუცილებელია პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის განმახორციელებელი მექანიზმის ფორმირება.

2017 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არსებული ვითარებიდან გამოსავალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტების მოქმედებაში ხედავს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში არსებული გამოწვევების გადალახვაში. თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზებული მოდელი _ ერთი სტრუქტურის ხელში საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების თავმოყრა _ წლების განმავლობაში კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი მოდერნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობდა „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“. რესპუბლიკელები მიიჩნევდნენ, რომ სუს-ის პრიორიტეტებსა და სამსახურის მოქმედების ფარგლებს არა თავად სამსახური, არამედ პარლამენტი უნდა ადგენდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭება ქმნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფუნქციათა დუბლირებისა და უფლებამოსილებების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს. განსაკუთრებით სახიფათოა გამოძიების განხორციელება იმ ორგანოს მიერ, რომელიც, ამავდროულად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და ამ პროცესში სასამართლო კონტროლის გარეშე ინფორმაციის მოპოვების საშუალება აქვს.

 

***

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ვერ განხორციელდა სისტემის სრული დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული საპოლიციო მექანიზმების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. სწორედ ამისი ნათელი მაგალითი იყო „ქრონიკა+“-ის თანამშრომლის, ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. შს მინისტრის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის, გავლენები სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობაზე არათანაზომიერად მაღალია, ხოლო კონკრეტული დეპარტამენტების ხელმძღვანელები არ სარგებლობენ საკმარისი ავტონომიის ხარისხით, იმისთვის რომ დამოუკიდებლად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით, წარმართონ დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობა. მინისტრი კვლავ ინარჩუნებს „პირველი პოლიციელის“ სტატუსს.

წარსული გამოცდილებისა და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს შსს-ს მოსამსახურეთა მხრიდან ძალის გადამეტების პრევენცია. იგივე მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი აქაც: დავით ხარშილაძის დაკავების დროს, სახალხო დამცევლიც კი, სწორედ პოლიციის მხრიდან მისივე თანდასწრებით ძალთა გადამეტებასა და გამოყენებას მიუთითებდა. სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან სისტემური დანაშაულების ჩადენას ხელი შეუწყო დაუსჯელობის სინდრომის არსებობამ ქვეყანაში, რაც, უმეტესწილად, განპირობებულია იმით, რომ არ ხორციელდება პოლიციელებისა და სხვა სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი მეტად ფართო კომპეტენციით სარგებლობს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურის მოწყობა და საქმიანობის წესები თანამედროვე პოლიციურ პრინციპებს არ ეფუძნება.

 

  1. შ. შესაბამისად, გასუსული სუს-ი და პოლიტიზებული პოლიცია სახელმწიფო უსაფრთხოება კი არა, სახელმწიფო საშიშროებაა. დღეს უკვე ამ პრობლემის გამოსწორება წარმოუდგენელია, რადგან სისტემა სწორედ ამ არამართლზომიერ უწყებებზეა აგებული, ამიტომ საჭიროა სისტემის სრული შეცვლა.

 

მაკა მოსიაშვილი