როგორია ნატა გულიაშვილის პოლიტიკური გეგმები?!

ნატა გულიაშვილი ქართველმა მაყურებელმა წლების წინათ რეალითი შოუ „ამტანებიდან“ და ტელესერიალ „მუსკულებიდან“ გაიცნო. მსახიობი არაერთი საღამოს ორგანიზატორია და სხვადასხვა ღონისძიება მიჰყავს, თუმცა სულ ახლახან გადაწყვიტა, რომ საკუთარი შესაძლებლობები პოლიტიკაში სცადოს და ის თაკო ჩარკვიანის მიერ ახლად ჩამოყალიბებულ პარტიაში „კანონი და სამართალი“ გაწევრიანდა.
ნატა გულიაშვილის გამოჩენას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. შეიძლება ითქვას, რომ ის კიდევ ერთხელ გახდა ბულინგის მსხვერპლი და, არც მეტი არც ნაკლები, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკამ მეგობრებიც კი დააკარგვინა.

როგორია ახალგაზრდა მსახიობის პოლიტიკური გეგმები? რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა? ვინ და რატომ ემუქრება მას სოციალური ქსელის მეშვეობით? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ის კითხვებს ნატა გულიაშვილი პასუხობს:

_ ნატა, ნამდვილად წახვედით პოლიტიკაში?
_ ნამდვილად წავედი პოლიტიკაში და გავწევრიანდი თაკო ჩარკვიანის ახალ პოლიტიკურ პარტიაში „კანონი და სამართალი“. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი გადავდგი და საქართველოსთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ.
_ მაგალითად, რას გააკეთებთ? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ქართულ პოლიტიკაში?
_ საკმაოდ კარგად ვერკვევი პოლიტიკაში და ბევრ პოლიტიკოსთან ვმეგობრობ. არაერთხელ მქონდა შემოთავაზება, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვყოფილიყავი, თუმცა, რატომღაც, აქამდე თავს ვიკავებდი. ქვეყანაში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და ვეცდები, რომ იგი აღმოიფხვრას. კრიმინალი ისე გამძვინვარდა, რომ ყოველდღე საშინელება ხდება. დღის 3 საათზე რომ ადამიანს მანქანაში ჩაცხრილავ და ვერ გამოიძიებ, რომელ სამართლიანობაზე უნდა ვისაუბროთ? ამას წინათ ტელევიზორში მოვუსმინე, რომ ერთ ღამეში ერთ უბანში გაძარცვეს ზუსტად 26 მანქანა. ასევე „თიბისი ბანკის“ საქმე მეც ძალიან შემეხო, რადგან მასთან ვთანამშრომლობ და მართლა უსამართლობაა, რაც ამ ბანკის გარშემო ხდება. არ აწყობთ ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას და რამდენი ხანი უნდა იყოს ხალხი ჩუმად, არ ვიცი. რეალურად, ყველა ხვდება, თუ რა დღეშიც ვართ, მაგრამ ხმამაღლა არავინ საუბრობს. შესაბამისად, მეც შევემატები იმ ადამიანების რიგებს, რომელთაც სამართლის აღდგენა და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ. უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის გავილაშქრებ.
_ რას ნიშნავს თქვენთვის პოლიტიკა?
_ ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეაო, მაგრამ არანაირად არ არის ბინძური საქმე. შენ თუ შეგიძლია სუფთად გააკეთო ის ყველაფერი, რასაც პოლიტიკა მოითხოვს, რატომ არის პოლიტიკა ბინძური? ბატონ ბიძინას, იმ 100 საწარმოდან 5 რომ მაინც გაეკეთებინა, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დასაქმდებოდა, ხალხი რეგონებში წავიდოდა და ყველა თბილისში არ ჩამოვიდოდა. ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია იყოს თავის სახლში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, მაგრამ რა ქნან, არაა სამუშაო პირობები, ჩამოდიან და ტაქსაობენ იმის გამო, რომ ოჯახში ორი თეთრი შეიტანონ.
_ თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიდანაც მქონდა შემოთავაზებაო. რატომ მაინცდამაინც თაკო ჩარკვიანის პარტია და არა სხვა რომელიმე?
_ გარკვეული წლების მანძილზე დედაჩემი და თაკო ერთად მუშაობდნენ და მეც, ფაქტობრივად, ტელევიზიაში გავიზარდე. როდესაც თაკომ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პარტია შეექმნა, მე და დედა დავუკავშირდით და შევთავაზეთ, რომ ჩვენც გვინდოდა პარტიაში გაწევრიანება. აქამდე უამრავი შემოთავაზება მქონდა სხვა პოლიტიკური პარტიებიდან, მაგრამ მაინც თავს ვიკავებდი, თუმცა ახლა ქვეყანაში ისეთი გამოუვალი მდგომარეობაა, რომ სირაქლემის პოზაში ყოფნა უკვე დანაშაულია და ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ. გარდა ამისა, ქალბატონი თაკო ჩარკვიანი გახლავთ ძალიან ჭკვიანი, განათლებული, პატრიოტი და ქვეყნის ერთგული ადამიანი. ის ნამდვილად აღასრულებს კანონს და სამართალს , მეამაყება, რომ, უბრალოდ, ვარ ამ პარტიის წევრი და მეც პატარა წვლილს შევიტან ქვეყნის წინსვლაში.
_ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ნატა გულიაშვილი არ არის გუნდის წევრიო…
_ დიახ, რადგან ეს გუნდი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე მე მივედი. გუნდში არის 6 ადამიანი, ხოლო პარტიაში არის ბევრი და მეც ერთ-ერთი წევრი ვარ. ჩვენ უფრო მჭიდროდ ვაპირებთ თანამშრომლობას.
_ რა სახით აპირებთ თანამშრომლობას? როგორია თქვენი გეგმები?
_ სხვადასხვა პრობლემას შევეხებით, თუმცა ძალიან მინდა, რომ სოციალური საკითხებით დავკავდე და ამ მიმართულებით ვიმუშაო. ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ძალიან გული შემტკივა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვართ რუსეთის მსხვერპლი. როდის მოუნდება და შემოიჭრება რუსის ჯარი, არ ვიცით. მართლა ღმერთის იმედზე ვართ დარჩენილები. მწყინს, როდესაც ხელისუფლება დუმს და არანაირი რეაგირება არ აქვს. ვერ მივხვდი, რას აკეთებენ ესენი, რა უნდათ, რომ ნელ-ნელა დავუთმოთ რუსეთს ჩვენი მიწები? ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ხმა და ერთად დავდგეთ საქართველოს სადარაჯოზე. სახელმწიფოს იმედი ერთი წუთით არ მაქვს.
_ ნატა, თქვენ სოციალურ ქსელში წერდით, რომ პოლიტიკამ მეგობარი დამაკარგვინაო. კერძოდ, საუბრობდით მსახიობ ანრი ბიბინეიშვილზე. რა მოხდა რეალურად?
_ მე და ანრი ბიბინეიშვილი წლების მეგობრები ვიყავით. როცა მან ტელევიზიიდან შეიტყო, რომ მე თაკო ჩარკვიანის პარტიაში გავწევრიანდი, დამირეკა და მითხრა: მაგ პარტიაში გაწევრიანება არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე შენთან ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობასო. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შოკში ჩავვარდი.
_ რადგან თქვენ პარტიაში გაწევრიანდით და პოლიტიკაში წასვლა გსურთ, ამის გამო გაწყვიტა მან თქვენთან ურთიერთობა?
_ დიახ. ჩემი ვარაუდი ასეთია. ანრი მერიაში მუშაობს და მგონია, რომ იქ დაავალეს, ასე მოქცეულიყო. ვუთხარი კიდეც, _ პოლიტიკა წყვეტს ჩვენს მეგობრობას-მეთქი? და _ კიო, მე შენთან აღარ ვიმეგობრებო. ეს იმდენად შოკი იყო, რომ ძალიან განვიცადე. მე მას წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში, თუმცა მისი ასეთი საქციელის გამო შოკირებული ვარ.
_ ნატა, სოციალურ ქსელში ასევე წერდით, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გემუქრებოდათ, ანუ მუქარის წერილები მოგდიოდათ. იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ვისგან და რა შინაარსის წერილები მოგდიოდათ?
_ ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, მათგან უმეტესი წილი ტროლია. ყველა მეუბნება, _ რა გინდა მაგ პარტიაში, 9 წელი მაგათმა დააქციეს საქართველოო და საშინელ რაღაცებს მწერენ.
_ თაკო ჩარკვიანი რა შუაშია განვლილ 9 წელთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“?
_ იქიდან გამომდინარე, რომ ყრილობაზე ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და არა მარტო მათი წარმომადგენლები, მეუბნებიან, რომ „ნაციონალები“ და ჩარკვიანის პარტია ერთი და იგივე პარტია არისო. ამ ადამიანების დაბლოკვას ვერ ავუდიოდი.
_ და მუქარა სად იკვეთება?
_ მწერდნენ, რომ ასე გააგრძელე, ბიძინა ლანძღე და რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო.
_ მოკლედ, კიდევ ერთხელ გახდით ბულინგის მსხვერპლი. როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?
_ ვცდილობ, არ ავყვე. კიდევ ერთხელ გავხდი ბულინგის მსხვერპლი და უარესსაც ველოდები, მაგრამ ვეცდები, რომ ვაჟკაცურად გავართვა თავი ამ ყოველივეს.

გიორგი საკარული