რის გამო სცემეს, სინამდვილეში, ლაშა თორდია? – ფლობს თუ არა სასაკლაოს კახეთში ოთარ ფარცხალაძე?!

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ბიოგრაფიაში სამი ნიშნული იყო „ჩრდილოვანი კამბიტიდან“: გერმანიის ამბავი, ცალკე დიპლომი და ასაკის გადაკეთება-გადმოკეთება. რამდენიმე დღის წინათ მას მეოთხე დაემატა: აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტი შარდენზე მდებარე ბარში.

2017 წლის 13 მაისს საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპროტესტო წერილი გააგზავნეს და დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდეს მთავრობას. ეს ორგანიზაციები გახლავთ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სიდა“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის განცხადებით, თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზედაც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

 

„ქრონიკა+“-მა ამ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო და მოკლე ხანში საკმაოდ სკანდალურ გარემოებებსა და ფაქტებს მიაგნო. ფაქტებს, რომელიც არ გახმაურებულა და არც გახმაურდება ლაშა თორდიას გამოჯანმრთელებამდე. ასე რომ, ჩვენ მათ პირველები წარმოგიდგენთ.

შპს „როიალ დეველოფმენთი“ 2014 წლის ოქტომბერშია დარეგისტრირებული. მისი დირექტორები არიან ლევ ნანიკაშვილი და რაფაელ ელუაშვილი, ხოლო მესაკუთრეები: ლევ ნანიკაშვილი _ 25%, მანუახ ნანიკაშვილი _ 25% და შპს ჰაპიტრონ _ ი. რ. მენეჯმენტ & ინვესტმენტს _ 50%. აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისა და დირექტორების ბოლო ცვლილება საეჭვოდ დაემთხვა კვლევაზე მუშაობის პერიოდს, რადგანაც 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია „როიალ დეველოფმენთის“ 40%-ის წილის მფლობელი და 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე იყო. ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შევსებული აქვს ორჯერ, პირველი _ 2013 წლის 5 ივნისს და მეორე _ 2014 წლის 28 თებერვალს. 2013 წელს დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ხოლო 2014 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში _ მთავარ პროკურორს (ყოფილი). 2013 წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ის არის შპს „ბოდი გარდის“ მეწილე, თუმცა არ აქვს მითითებული კომპანიები შპს „მიტერა“ და შპს „ბი-ეს-არ _ სი-დი-ჯი დეველოპმენტი“. რადგანაც „როიალ დეველოფმენთი“ დეკლარაციების შევსების შემდეგ _ 2014 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს კომპანია ვერც ერთ დეკლარაციაში ვერ აისახებოდა. შპს „ბი-ეს-არ _ სი-დი-ჯი დეველოპმენტი“ 2006 წლის 17 ივლისს არის დარეგისტრირებული და მისი მესაკუთრე (100%) შპს „როიალ დეველოფმენთია“. რადგან „როიალ დეველოფმენთი“ 2014 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა, შესაბამისად, შპს „ბი-ეს-არ _ სი-დი-ჯი დეველოპმენტის“ მესაკუთრეც აღნიშნული პერიოდის შემდეგ გახდა, ოთარ ფარცხალაძე კი შპს „ბი-ეს-არ _ სი-დი-ჯი დეველოპმენტის“ დირექტორად 2016 წლის 3 მაისს დაინიშნა. რაც შეეხება შპს „მიტერას“, ეს კომპანია 2005 წლის 3 ივნისს არის დარეგისტრირებული, რომლის 75%-იანი წილის მფლობელი ქეთევან ცქვიტინიძე (ოთარ ფარცხალაძის მეუღლე) და 25%-იანი წილის მფლობელი კი თავად ოთარ ფარცხალაძეა, თუმცა ოთარ ფარცხალაძე 25%-იანი წილის მფლობელი 2016 წლიდან არის, ამიტომ ნათელია, თუ რატომ არ არის ეს ინფორმაციაც დეკლარაციებში ასახული. შპს „როიალ დეველოფმენთი“ მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული არ არის და პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა სიაშიც მისი წევრები არ ფიქსირდებიან. ლევ ნანიკაშვილი შპს „ნნნ – ინვესტის“ მეწილეა (66%) ბელგიაში, ოთარ ფარცხალაძე კი შპს „ბოდი გარდის“ მეწილე, შპს „მიტერას“ მეწილე (25%) და შპს „ბი-ეს-არ _ სი-დი-ჯი დეველოპმენტის“ დირექტორია. 19 პროექტის შეფასების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ მიერ ამომწურავი ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა იმან, რომ შპს „როიალ დეველოფმენთის“ (რომელიც პროექტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა) მესაკუთრეებისა და დირექტორების ბოლო ცვლილება საეჭვოდ დაემთხვა კვლევაზე მუშაობის პერიოდს. 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია „როიალ დეველოფმენთის“ 40%-იანი წილის მფლობელი და მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ოთარ ფარცხალაძე იყო. აღნიშნული პერიოდების შემდეგ კი ოთარ ფარცხალაძე შპს „როიალ დეველოფმენთთან“ საერთოდ აღარ ფიგურირებს. ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის დეკემბრამდე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა. როგორც „გამჭვირვალობის“ ანგარიშში წერია, იგი, ასევე, ყოფილ პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. შედეგად, როგორც დასკვნაში წერია, შთაბეჭდილება რჩება, რომ კომპანია „როიალ დეველოფმენთი“ სპეციალურად ამ პროექტის განხორციელებისთვის შეიქმნა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო ავიაციის ნაწილების კომპოზიტური ქარხნის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს.

აი, აქ მივადექით მთავარს, მაგრამ ვინაიდან სამოქალაქო ავიაციის ნაწილების კომპოზიტური ქარხნის პროექტი სხვა გამოძიების თემაა, აქ ჩვენ შევეხებით შპს „მიტერას“ _ ოთარ ფარცხალაძისა და მისი ცოლის, ქეთევან ცქვიტინიძის ცალკე ბიზნესს, საკითხს, თუ რატომ იცემა ლაშა თორდია?!

ფაქტები კი ასეთია: რას სწავლობს სამსახური? კერძო ბიზნესი ხელშეუხებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მას კავშირი აქვს საჯარო უწყებებთან. რა კავშირზეა საუბარი? მაგალითად, ტენდერებზე.

„ქრონიკა+“-ს ხელთ ჩაუვარდა ტენდერის დოკუმენტები, სადაც მიმწოდებელ-შემსრულებლის გრაფაში წერია შპს „მიტერა“. ტენდერი (არა ერთჯერადი) გამოცხადებული აქვს ბაგა-ბაღების სამმართველოს საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა ბაგა-ბაღების სამმართველოს პრესსამსახურის უფროს თაკო კვირტიას და „მიტერასთან“ დაკავშირებული საკითხების გარკვევა სთხოვა. კერძოდ, რამდენ ტენდერშია იგი გამარჯვებული? რით ამარაგებდა და ა. შ.?

პარალელურად, სოფლის მეურუნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის მონიტროინგის გრაფაში „მიტერა“ ასევე საინტერესო გრაფაში ფიგურირებს. კერძოდ, აქ იგი დაფიქსირებულია, როგორც კახეთში არსებული სასაკლაო. „ქრონიკა+“ ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თეა შველიძეს ესაუბრა, რომელმაც კითხვების გადაგზავნა გვთხოვა.

ბუნებრივია, საიდენტიფიკაციო კოდით ის ტელეფონის ნომერიც ამოვაგდეთ, რომელიც ყველა ტენდერისა და მონიტორინგის გრაფაშია მითითებული. დავრეკეთ და მამაკაცმა გვიპასუხა, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ ეს ნომერი „მიტერასი“ არ არის და  შეცდომითაა მითითებული. ჩვენს კითხვაზე, _ კი მაგრამ, ერთგან, დავუშვათ, შეიძლება, შეცდომით იყო (რაც აბსურდია, საკითხი ტენდერების მონიტორს ეხება), მაგრამ ყველგან? ყველა სამინისტროში?

„ქრონიკა+“ ამ ნომერში გთავაზობთ სატენდერო დოკუმენტაციას და მონიტორინგის ოქმებს, სადაც ფარცხალაძის ოჯახის მედიაში გაუხმაურებელი ბიზნესებია მოცემული. ყველა საჯარო უწყება, ვისაც „ქრონიკა+“ დაუკავშირდა, შეგვპირდა, რომ მოიძიებდა და მოგვწერდა „მიტერას“ შესახებ. ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც აუდიტის სამსახური ჩაუჯდა, სწორედ ეს თემა გახლდათ.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

თამარ როსტიაშვილი