რენო სირაძე:„თავისუფლება მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, სანამ მას არ დაკარგავ”

სამი ათეული წელია, ემიგრანტია. საქართველოში წელიწადში ორჯერ ჩამოდის. დისიდენტი იყო და დღემდე ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეა.

 

რენო სირაძე „ქრონიკა+“-სთან წარსულის წლებს, ახალგაზრდობასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას იხსენებს.

 

_ ბატონო რენო, საქართველოდან 1979 წელს წახვედით. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ალბათ, ერთეულები ოცნებობდნენ…

_ ოთხი-ხუთი ადამიანი იყო, ვინც ამაზე ოცნებობდა _ ზვიადი, მერაბი და მათი ნორჩი მეგობრები, რამდენიმე დისიდენტი ახალგაზრდა.

_ მერაბსა და ზვიადს იცნობდით?

_ რა თქმა უნდა… ზვიადსა და მერაბს 1974 წლიდან ვიცნობდი და მათ ძალიან ხშირად ვსტუმრობდი… ეს უკვე სტუდენტობის ხანა იყო. შემდეგ „ჰელსინკის ჯგუფი“ ჩამოყალიბდა, შემდეგ დააპატიმრეს და მერე ჩემი დაკითხვებიც დაიწყო… საქართველოს სუკ-ი ლესია უკრაინკაზე იყო, სადაც ხშირად მიწევდა სტუმრობა. პირველად სახლიდან წამიყვანეს. დავბრუნდებოდი თუ არა, კაცმა არ იცოდა. დილის 4 საათზე მომადგნენ, როგორც იციან…

_ რას ითხოვდნენ ამ დაკითხვაზე?..

_ როცა ჩემი საქმე დავინახე, „დელო“ ეწერა, ისეთი სქელი იყო, თითით მივანიშნე, _ ეს ქეისი ჩემია-მეთქი? _ კიო, _ მიპასუხა სუკ-ის თანამშრომელმა. სიამაყით აღვივსე. ეტყობოდა, რომ ვმეგობრობდით, ამ დროიდან აგროვებდნენ ინფორმაციას. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი დაიბარეს დაკითხვაზე. ერთი-ორმა მითხრა, _ შენ გამო დაკითხვაზე ვყავდითო. ბევრმა არც მითხრა, დამალა… ხალხს ეშინოდა…

ძირითადად, სანამ ზვიადისა და მერაბის დაპატიმრების შემდეგ სასამართლო იქნებოდა, ეტყობა, ჩემი გამოყენება უნდოდათ, როგორც მოწმის. გამომძიებელს ვუთხარი, _ იმიტომ კი არ გეუბნებით, რაც თქვენ გინდათ იმას, ძალიან ვაჟკაცი ვარ, უბრალოდ, არ ვიცი და შემეშვით, დამანებეთ თავი-მეთქი… მიხვდნენ, მოწმედ არ გამოვდგებოდი, მაგრამ მერე შემაშინეს კიდეც, რომ თუ ასე გააგრძელებ, იცი, რამდენია თბილისში შიზოფრენიით დაავადებულიო?! ამაზე მეტი მითითება რაღა გინდათ?.. სამუდამოდ გამოგამწყვდევთო! მერე, როცა სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ჩემი მეუღლე გავიცანი, ფინელი მოქალაქე, დაქორწინებაზე და შემდეგ ქვეყნიდან წასვლაზე ხელი არ შეუშლიათ, მაგრძნობინეს კიდევაც, რომ საყოფაცხოვრებო ნიშნით თუ წახვალ, ხელს არ შეგიშლითო… ასე წავედი 1979 წელს ფინეთში. მას შემდეგ იქ ვარ. რა თქმა უნდა, კონტაქტს არანაირად არ ვკარგავდი. ზვიადი რომ გამოუშვეს, მერაბი, ჯერ კიდევ, ციხეში იყო. სადღაც, 1984 წელს ჩამოვედი და მოკავშირის როლს ვასრულებდი ზვიადსა და ემიგრანტებს შორის პარიზში. რამდენიმე დავალება მომცა და მერე ერთი-ორი წერილი მაშინდელ „გუშაგში“ გამოვაქვეყნე. „გუშაგი“ შემდეგ დაერქვა, თვეში ერთხელ გამოდიოდა და მათთანაც ვთანამშრომლობდი, კონტაქტი მქონდა, როგორც შემეძლო…

_ როგორ ფიქრობთ, იმ მოძრაობის ძირითადი შეცდომები რა იყო? რატომ დამთავრდა ეს პროცესი 1991 წლის გადატრიალებით? გარდა იმისა, რომ ეს რუსული სცენარი იყო, „მრგვალი მაგიდის“ შიგნით მყოფმა ძალებმაც, რეალურად, რუსული პარტია ითამაშეს…

_ კი… შიგნით რა ხდებოდა ძალიან დაწვრილებით, რა თქმა უნდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ბოლო დროს იშვიათად ჩამოვდიოდი ხოლმე… 1990 წელს (მაშინ საბჭოთა კავშირი, ჯერ კიდევ, არსებობდა და ძალიან ძნელი იყო უცხოელი დამკვირვებლების აქ ჩამოყვანა) შევძელი და ჩამოვიყვანე ფინეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი და 20 დამკვირვებელი მაინც. ამას ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა, რამდენიმე მათგანი შემდეგ მინისტრიც გახდა, მათ შორის, ფინელები ვინც მყავდა სტუმრად. განხეთქილების პირველი ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როცა ეროვნულ კონფერენციას ვესწრებოდი ფილარმონიის დიდ დარბაზში. იქ წყდებოდა, არჩევნები ჩატარებულიყო თუ არა იმ წესით, როგორც ბალტიის ქვეყნებში, ლიტვაში. ზვიადი და კიდევ რამდენიმე პარტია წინააღმდეგი იყო, მგონი, სოციალ-დემოკრატები. „პუპუზას“ (ნოდარ ნათაძე, _ რედ.) არჩევნების ჩატარება უნდოდა, მაგრამ ისეთი კანონით,  კომუნისტებს რომ აწყობდათ და ზვიადმა თქვა, ასე არ ჩავატარებთო. მაშინ უკვე პრეზიდიუმში ვიჯექი და მივხვდი, რომ განხეთქილება იყო. ზვიადი არ ენდობოდა ეროვნულ-დემოკრატებს, ჭანტურიას. მე არ ვიცოდი, შიგნით რა ხდებოდა. შესვენებაზე გია ჭანტურიას გამოველაპარაკე. მერე ზვიადმა მითხრა, _ მასთან ფრთხილად იყავიო. ზვიადმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, უბრალოდ, საქმე ის არის, რომ 1974 წელს, სანამ წავიდოდით, რამდენიმე ადამიანი ვიყავით, ვისაც მართლა სჯეროდა, რომ საქართველო დამოუკიდებელია და „კაგებე“-ს აგენტები გიჟებად გვთვლიდნენ. პირდაპირ მითხრა მაიორმა ობოლაძემ, თან ირონიულად იცინიოდა, _ საქართველო დამოუკიდებელი გახდება? რა მოხდება? თქვენ როგორ გგონიათ? შენ როგორ გგონია? მერე შენობითზე გადავიდნენ, ასე იციან გაშინაურება. მე ვუთხარი, _ თქვენ რა გგონიათ, ისეთი გიჟი ვარ, დამოუკიდებელი საქართველო ვარდისფერ ღრუბლებში მეჩვენება? არა _ რაც ბოღმა დააგროვეთ, ეს მალე იფეთქებს და საშინელი ამბები დატრიალდება, ძალიან კარგად ვიცი-მეთქი. ისემც აგხდომიათ ყველაფერი, როგორც ახდა…

_ ამდენი ათეული წელი გადის, საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე გავიდა და, რეალურად, 2012 წლის არჩევნების მერე, ისევ რუსულ ორბიტაზე დავბრუნდით…

_ ჰოდა, იმას ვამბობ, მერე ეს რომ მოხდა, „მრგვალ მაგიდაში“ ვინ იყვნენ, აბა?..

თენგიზ კიტოვანს თავი დავანებოთ, თენგიზ სიგუა? კიტოვანი ყოველთვის ერთუჯრედიანი იყო, ბოდიში ამ გამონათქვამზე, მაგრამ ასეთი იყო… სიგუა ვინ მოიყვანა? ამას ყველა ივიწყებს… საიდან აღმოჩნდა სიგუა „მრგვალ მაგიდაში“?

_ საიდან?

_ საიდან და „რუსთაველის საზოგადოებიდან“, კაკო ბაქრაძე იყო მათი თავმჯდომარე, არავის არ უნდა ამის გახსენება. „მრგვალი მაგიდა“ ხომ კოალიცია იყო, საიდან მოვიდა მართლაც ის ერთუჯრედიანი კიტოვანი? კაკო ასათიანს ამის გახსენება არ უნდა, მაგრამ კიტოვანი მისი პარტიიდან არის… თითქოს ზვიად გამსახურდია დაქორწინებული იყო მათზე… არა, არ იყო ასე, კოალიცია იყო და მოვიდნენ. მოვიდნენ და მერე დაიწყეს, რაც დაიწყეს! ძალიან ბევრი იყო. ზვიადს რომ ვუთხარი წითელ ინტელიგენციაზე, მითხრა, გგონია, არ ვთხოვეო? (ეს არის კიდევაც დაფიქსირებული). _ გავანულოთ ყველაფერი და დავივიწყოთო. არ მომეკარნენო. ისინი არ გაეკარნენ იმიტომ, რომ მათ უკვე იცოდნენ გეგმა, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები. ერთხელ თბილისში, რომელიღაც უბანში გავყევი, რაღაც კრება იყო და პირდაპირ მითხრა, ადგილობრივ არჩევნებში ვინც იყო გამარჯვებული. მაშინ კიროვის უბანი ერქვა, ხალხი იქ იჯდა და ბუნტაობდა. მე ვუთხარი, _ რა ხდება, რატომ არის ასე-მეთქი? _ სად? ყველაფერი მათ ხელში არისო. ყველაფერი წინასწარ იყო განაწილებული. 80-იან წლებში „პერესტროიკა“ რომ დაიწყეს, მშვენივრად იცოდნენ, ეს გაგებული ჰქონდათ და ყველაფერი გადანაწილებული ჰქონდათ უკვე. ზვიადს ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნდა. ამას რომ თავი დავანებოთ, გამსახურდიას ძალოვანი სტრუქტურები არ ემორჩილებოდა! უბრალოდ, არ ემორჩილებოდა! მე ფიზიკურად მოვყევი თბილისის ზღვაზე. რაც იქ მოხდა, ყველაფერი ვნახე, სადაც სროლა იყო. კიტოვანი და მისი თანამოაზრეები იქ იყვნენ შელაგებული და ნათაძე ამოვარდა, ვიღაც ოთხი-ხუთი ადამიანი მოიყვანა, რაღაცას ბუნტაობდნენ. მე ვუთხარი, _ რა ხდება-მეთქი? იქ მილიციის სკოლა იყო ამოსული, ვითომ ალყა ჰქონდა შემორტყმული… ერთ მშვენიერ წამს მათი უფროსი მოვიდა, მგონი, გვენცაძე, თუ ვიღაცა… მოვიდა და: „ვსიო, ატბოი“, წავედით სახლებშიო! ერთი კურსანტი მოუკლეს. მე ვუთხარი, _ ვერ გავიგე, რა ხდება, რატომ ხსნით ალყას, ადე, რა, მატროსოვები ხართ-მეთქი?!. სტრუქტურები მთლიანად „კაგებეს“ კოოპერირებული იყო. ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირი იყო. ეს ბევრმა მშვენივრად იცოდა. მაგრამ ზვიადმა რაც შეძლო, დატოვა, _ დამოუკიდებლობის აქტი, რომელზედაც დღეს დამოუკიდებელი საქართველო დგას. განწირული იყო ის კაცი.

_ ბატონო რენო, დღემდე არ ვიცით, ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა თავი მოიკლა თუ მოკლეს, თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ იცით, რა არის? ეს შეკითხვა ისეთია, რომ ამაზე პასუხის გაცემა, თითქმის, შეუძლებელია. რომ ვთქვა, მოკლეს, ვინ მოკლა? ამით სპეკულაცია, უბრალოდ, ჩემთვის მიუღებელია. ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ იქ არ ვყოფილვარ. კიდევაც რომ მომხდარიყო ის, რაც ოფიციალურად ვიცით, დავუშვათ, თავი მოიკლა, ის არ ჩაითვლება თვითმკვლელობად იმიტომ, რომ ადამიანს, როცა თვითმკვლელობამდე მიიყვან, ეს არ არის თვითმკვლელობა. როცა მგელივით დასდევ და არ გნებდება, როგორ შეიძლება, ამას თვითმკვლელობა უწოდო? ნებისმიერ შემთხვევაში მკვლელობა არის.

_ ჰგავდა თუ არა რაღაცით სააკაშვილის პერიოდი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟს, როცა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა შეიძლებოდა დაწყებულიყო?..

_ იცით, რა არის? მაშინ, უბრალოდ, რთული სიტუაცია იყო. იმის გარდა, რომ ზვიადს კარგად ვიცნობდი, მისი წარმომადგენელი ვიყავი მთელ დასავლეთ ევროპაში, კარგი კონტაქტები მქონდა ამერიკის საელჩოსთან ჰელსინკში, ზვიადმა ეს კარგად იცოდა. ამ დროს, დაწყებული წითელი ინტელიგენციიდან, დამთავრებული სალომე ზურაბიშვილით და მისი მეუღლით, ხელისუფლების ტოტალური გინება იყო, დაწყებული იქიდან, რომ „ნიუსვიკში“ თუ „ტაიმში“ ზვიადის სურათი დაიბეჭდა, სადაც ჰიტლერის ულვაშები ჰქონდა მიხატული, წარწერით, პირდაპირ დიდი არშინიანი ასოებით: „კავკასიელი სადამი“, ასეთი სიტყვებით ლანძღავდნენ. მე რა უნდა გამეკეთებინა? მიშას გაცილებით ბევრი და სულ სხვა შესაძლებლობა ჰქონდა, საბჭოთა კავშირი არ იყო. ზვიადი რომ მოკლეს (მე ასე ვიტყვი), მაშინ, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირი იყო, ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი… მე რომ ჩამოვდიოდი, რუსი მესაზღვრეები მამოწმებდნენ. სად იყო მაშინ მობილურები, რას ლაპარაკობთ, ფაქსი ძლივს მუშაობდა, საერთოდ. ასეთი კონტაქტები რომ ყოფილიყო! დღეს მაგ მხრივ სულ სხვანაირად არის. მაშინ რომ ინტერნეტი ყოფილიყო, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. ზვიადს ფიზიკურად ვერ ხედავდნენ. პირველად გამოვიდა დასავლეთში და ჩემთან ჩამოვიდა ფინეთში, მანამდე მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო, დასავლეთში ნამყოფი არ იყო, სახითაც არ იცნობდნენ. ვინც გაიცნო, მერე ბოლომდე ზვიადის მეგობრად დარჩა. მაგალითად, ავსტრია-უნგრეთის კრონ-პრინცი, ერცჰერცოგი ოტო ფონ ჰაბსბურგი, ძლივს რომ შეუშვეს ავსტრიაში, სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა ზვიადთან. მერე მისი შვილი ხომ იყო ელჩი, ჰაბსბურგის შვილიშვილი. როცა ოტო ფონ ჰაბსბურგმა გაიცნო, მას შემდეგ გვირეკავდა, როგორ არის ზვიადიო? როცა გაიცნო, მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე.

_ ბატონო რენო, ამდენი ბრძოლა, ამდენი ადამიანის თავგანწირვა, რეალურად, წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. 2012 წელს ისევ რუსულ ორბიტას დავუბრუნდით. როგორ უყურებთ ემიგრაციიდან ჩვენს ქვეყანას ახლა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში?

_ რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, 2008 წელს, ომის შედეგად, 20% რომ წაიღეს, მაშინ, თითქოს, რუსულ ორბიტას მოვწყდით იმიტომ, რომ იქ, დასავლეთში, მაინც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკად გთვლიან და 2008 წლის შემდეგ აღარავინ ფიქრობდა ასე. უკვე დამოუკიდებლები ვიყავით. აი, ასეთი აზრი შეიქმნა დასავლეთში, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელია. 2012 წელს კი რაც მოხდა, კატასტროფაა. პირველი მაშინ გახლდით ოჩოპენკოში ფერწერაში, დიდ ბრიტანეთში და უელსის საზღვართან, პატარა ქალაქია ჰერეფორტი. დილით სასტუმროში გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ შემომიცურეს, დიდი არშინიანი ასოებით ეწერა: „ქართული ოცნება“ თუ „ქართული კოშმარი“?! პირველსავე გვერდზე ასეთი სათაურით, კინაღამ გულზე გავსკდი… რაც მაშინ მოხდა, მშვენივრად ვიცოდი და ისიც წარმომედგინა, როგორ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. მაინც იმედი მაქვს, ბუნებით ოპტიმისტი ვარ, რომ ქართველი ერი გამოფხიზლდება. საბჭოთა კავშირის დროს მჯეროდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა, ჩემს ფინელ მეგობრებს, თანამშრომლებს (79 წელსვე დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით, არქიტექტორი ვარ) მაინც ვუხსნიდი, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევა-მეთქი, თავიდან ფინური კარგად არ ვიცოდი და მაინც ვახერხებდი აზრის გაგებინებას. როგორ მიყურებდნენ, იცით?

_ არავის სჯეროდა?

_ ფინელებს მით უმეტეს, _ საბჭოთა კავშირი როგორ უნდა დაინგრესო? და დღეს რომ მხვდებიან, _ საიდან იცოდიო? მე ვპასუხობ, რომ ვიცოდი იმიტომ, რომ შიგნით ვცხოვრობდი და ვხედავდი, როგორ იყო ძირმომპალი-მეთქი… ასე ვარ დღესაც…

_ ახლაც ფიქრობთ, რომ ეს „ქართული ოცნება“ დაინგრევა და ივანიშვილის ხელისუფლება ამ ქვეყანაში დასრულდება?

_ რა თქმა უნდა… მაშინ საქართველოს „კაგებე“-ში ბევრად უფრო ჭკვიანი ხალხი მუშაობდა, ვიდრე დღეს. ეს სუს-ი რაღაც სასაცილო ორგანიზაციაა. მათთან შედარებით ესენი სასაცილო ბავშვებიც არ არიან, ისინი დაინგრნენ და ესენი ვინ არიან?! ახლა დროის მომენტი არის, თორემ… უბრალოდ, ერთადერთი ისაა, რომ ნგრევა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოხდეს. გესმით, რომ არავის უნდა დღეს რაღაც კატაკლიზმები. მაგით შანტაჟირებენ, რომ კატაკლიზმაა, რუსები იქიდან შემოვარდებიან და ამით აშინებენ კიდევ ხალხს… და ვის უნდა ეს?!. ორჯერ იყო არჩევნები, ორმა დეკადამ გაიარა, ახლა იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ გადაბარგდნენ მშვიდობიანად ოპოზიციაში, თუ უნდათ, რომ მშვიდობიანადვე და კარგად განვითარდეს ქვეყანა. ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

_ თუმცა არსებული კონსტიტუციის პროექტით, რომელიც ახლა მათ მიიღეს, ამის განცდას არ ტოვებენ, რომ ისინი ოპოზიციაში გადაბარგებას აპირებენ…

_ რა თქმა უნდა… ეს სიბეცეა, მით უმეტეს, როცა ძალიან გონებრივად გახსნილი ხელისუფლება არ ხარ. ეტყობა, ძალაუფლება იმ ადამიანს უფრო წამლავს, რომელსაც საერთოდ არ აქვს გონება, ჭკვიან ადამიანს ალპობს და ასუსტებს და სულელს, რა თქმა უნდა, მით უმეტეს… ჰგონიათ, რომ მუდმივად იქნებიან, მაგრამ ასე არ არის. თუ რომელიმეს ჭკუა შერჩა, კონსტიტუცია დემოკრატიული უნდა იყოს. ევროპაში ვიღაცის სიძულვილით შეკავშირება არ ხდება, ხოლო ჩვენთან იდეების დონეზე კი არ ქმნიან ბლოკებს, არამედ ვიღაცის სიძულვილით, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, ერთი ადამიანის სიძულვილით, ყველას მინუს ერთი. როგორ შეიძლება, „სოციალ-დემოკრატი“ ჟორჟოლიანი და „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური იდეურად ახლოს იყვნენ, ან, მაგალითად, „მწვანეები“? არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნა  ნორმალურია, განვითარებულ ქვეყნებში ასეა. ყოველთვის ის გამოუვათ, რასაც მისცემ, _ ნეკა თითს მისცემ, მთელ ხელს წაიღებენ, იმიტომ, რომ თავხედები არიან და წაიღებენ, რა!..

თავისუფლება მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, სანამ მას არ დაკარგავ. ეს ახალგაზრდობა, ეტყობა, ვერ ხვდება მაგას, წარმოდგენა არ აქვს, რა არის დიქტატურისა და ტირანიის პირობებში ცხოვრება, ასე ადვილად რომ მიდიან დასავლეთში. მე ის იშვიათი შემთხვევა ვარ, როცა დასავლეთში საბჭოთა კავშირის პასპორტით დავდიოდი და წარმოიდგინეთ, დღეს ადამიანს რომ ვუყვები, ვერ გებულობენ, რომ იქ როცა ვცხოვრობდი, დედასთან რომ ჩამოვსულიყავი, ჩემი სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო, ვიზა საბჭოთა კავშირის უნდა მქონოდა, აქ რომ საბჭოთა პასპორტით შემოვსულიყავი, დედა მოწვევას მიგზავნიდა. გესმით, თქვენ, რაზეა ლაპარაკი?!. არა მხოლოდ გასვლაზე, შემოსვლაზეც ვსაუბრობ. იყო ციხე და ეს თუ არ უნდა ამ ახალგაზრდობას, უნდა მიხვდეს, რომ ასე არ არის _ თავისუფლებას ყოველთვის გაფრთხილება უნდა, როგორც ხეს, პატარა ნერგს, მით უმეტეს, საქართველო არ არის ძველი დემოკრატიის ქვეყანა, ხეს უნდა მორწყვა და ამ მორწყვას ჰქვია ის, რომ ასეთი ავანტიურისტების მიერ დაწერილი რაღაც, უბრალოდ, ფანტასმაგორიული კონსტიტუცია არ უნდა მივიღოთ.

_ ბატონო რენო, ხელისუფლება არჩევნებით წავა, თუ სახალხო პროტესტი დასჭირდება? თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ მე მგონი, სახალხო პროტესტი დასჭირდება, უნდა იგრძნონ ხალხის ძალა. ყველაფერი, რა თქმა უნდა, რასაც ესენი სჩადიან, შიშის სიმპტომებია, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, უნდა იგრძნონ, რომ თუ სხვანაირად წავიდნენ, ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს. ამ ხალხმა ერთი რამ ვერ გაიგო, რომ როცა პოლიტიკაში პარტიიდან არის, დავუშვათ, მიშაა ეს თუ გრიშა, როცა ოპოზიციაში გადადიან, ამას არ ჰქვია ის, რომ პოლიტიკოსი სამუდამოდ მოვიშორეთ, დასავლეთის დემოკრატია ასე არ არის, სამუდამოდ არავინ არავის იშორებს, ისინი გადავიდნენ ოპოზიციაში იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს არის პოლიტიკური პარტიის მიზანი. მიშა ერთხელ იყოო და უნდა წავიდეს, უნდა გაქრესო… კაცო, ადამიანი პოლიტიკოსია, მისი ასაკი, როგორც პოლიტიკოსის, ახლა უნდა იწყებოდეს, რატომ უნდა წავიდეს, სად უნდა წავიდეს? როგორ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში პირველი პრეზიდენტი მოკლეს, მეორე სადღაც ჰყავდათ, როგორც იყო და როგორც მოვიდა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ კრწანისის ნაკრძალიდან არ უშვებდნენ, ნადირივით იქ იყო, არა? მესამე დევნილობაშია პიჯაკების გამო და მეოთხე, კიდევ, ღმერთმა იცის. ასეთი ქვეყანა მე არ ვიცი, უნიკალური ქვეყანა ვართ…

ჩემს მეგობრებს რომ ვუყვები, ვერ გებულობენ, როგორ შეიძლება, ფინელმა, თუ გინდა, კომუნისტი ყოფილიყო, რომ მანერჰეიმისთვის დაებრალებინა, საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი, ეს წარმოუდგენელია. მაშინ ფინელებმა კარელია დაკარგეს და ჩრდილოეთში, ჰეცაგო ჰქვია, საკმაოდ დიდი რაოდენობით, მიწების 8% აქვთ დაკარგული. როგორ შეიძლება, ეს ფინელმა მანერჰეიმს დააბრალოს? შეუძლებელია, მაგაში განვსხვავდებით ძალიან, კიდევ.

_ თვითმფრინავის ბიჭებზე მინდა გკითხოთ, თქვენ თევდორე ჩიხლაძის შვილის წერილი გამომიგზავნეთ.

_ თედო ჩემი კარგი მეგობარი იყო, ეს ის პერიოდია, 70-იანი წლები, _ 1974-1975… მაშინ სიონის ახალგაზრდა მრევლი ყველანი დისიდენტი ვიყავით, თამრიკო ჩხეიძე და ისინი მერე მოვიდნენ. ჩვენ უფრო წინა თაობა ვართ. 1978 წელს, როცა 14 აპრილს, ჯერ კიდევ, აქ ვიყავით, როცა ენის დასაცავად გამოვედით, მაშინ დაიწყეს სხვებმა გამოსვლა, მანამდე ვერც ბედავდნენ. ტყუილად ნუ იბრალებენ ბერძენიშვილები და სხვები, სადღაც რაღაც პარტია ჰქონდათ, ეს არის ზღაპარი, მაგათ არანაირი პარტია არ ჰქონიათ მაშინ… თემური სწორედ იმ დროს გავიცანი სიონში, ჯერ მღვდლად არ იყო კურთხეული. ჩემი მეგობარი იყო და ჩვენ კიდევ ერთი მეგობარი  მოგვიკლა სუკ-მა _ გია მაჩაბელი…

_ როგორ?

_ მოგვიკლეს, აი, მოკლეს და მითხრეს კიდეც „კაგებე“-ში დაკითხვაზე, გიას ბედს გაიზიარებო. გია შიშველი იპოვეს ბეთანიასთან, ხევი რომ არის. ზევიდან რომ გადახედავ, იქ იყო შიშველი გადაგდებული, ნადირს გადაუგდეს… ვის ახსოვს ახლა გია მაჩაბლის სახელი?!.

_ არც არავინ იცის, მე მგონი, არც მე გამიგია, პირველად მესმის.

_ არც გაგიგონიათ, აი, გეუბნებით, გია მოგვიკლეს ჩვენ. თემურთან ბოლოს ძალიან ხშირად გვქონდა საუბრები ამ თემაზე და ვუთხარი, _ მე წავალ-მეთქი, დავქორწინდი და ქორწილზეც იყო, ჩვენს ქორწილს დაესწრო, კარგადაც დალია, „გაზ-21“ ჰყავდა „ვოლგა“ და ძლივს გაეტია ჩვენი ეზოდან სულხან-საბაზე. ბოლო სიტყვები რა მითხრა, იცით? _ შენ კი უშველე თავს, მაგრამ მე რა მეშველება, მომკლავენ ესენიო. აი, ეს სიტყვები დამამახსოვრდა. მერე რაც მოხდა, იქით ვიყავი და გადმოცემით გავიგე. მერე მისმა შვილმა მომწერა და რაც შემეძლო, ხელი შევუწყე, წასვლა უნდოდა. ძალიან გული დამწყვიტა თემურმა, ძალიან კარგი ბიჭი იყო.

 

 

ელისო კილაძე