რევაზ შატაკიშვილი: „რომ არა ეკა მაზმიშვილი, არც „სისხლიანი ქორწილი“ იქნებოდა, არც _ უსისხლო“

გიორგი საკარული

ამბობენ, როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იხსნებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული თეატრის ყველა კარი რეჟისორ რეზო შატაკიშვილისთვის დახურული აღმოჩნდა. ბევრი უარისა და იმედგაცრუების მიუხედავად, რეჟისორს ხელი არ ჩაუქნევია და ბრძოლა მაინც გააგრძელა პროფესიის შესანარჩუნებლად.

სწორედ მისი უდიდებულესობა მაყურებლის დახმარებით რეჟისორმა შეძლო, შეეგროვებინა ის ელემენტარული თანხა, რომელიც დეკორაციის,  რეკვიზიტისა და კოსტიუმების ხარჯს დაფარავდა.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც რეჟისორი უარით არ გაისტუმრა, აღმოჩნდა მარჯანიშვილის თეატრის მმართველი, ეკა მაზმიშვილი, რომელმაც რეზო შატაკიშვილის თეატრალურ კომპანიას _ მინის თეატრს _ სასცენო მომსახურების ხელშეკრულება გაუფორმა, მკითხველისთვის გასაგებად რომ ვთქვათ _ სცენა დაუთმო. მარჯანიშვილის თეატრის სხვენში რეჟისორმა ესპანელი დრამატურგის, ფედერიკო გარსია ლორკას, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა, „სისხლიანი ქორწილი“ დადგა. 

მაყურებლის დონაციით დადგმულმა სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. როგორც რეჟისორმა „ქრონიკა+“-თან საუბრისას აღნიშნა, სპექტაკლი იცოცხლებს და იარსებებს მანამ, სანამ მას მაყურებელი ეყოლება და თეატრის ელემენტარულ ხარჯს დაფარავს.

დიდი ესპანელი დრამატურგის ამ პიესას საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი. ქორწილიდან პატარძალი ძველ სატრფოსთან ერთად გაიქცა. გაქცეულმა სატრფომ და დადევნებულმა ქმარმა ერთმანეთი დახოცეს. გაზეთში ამოკითხული ეს ამბავი  ფედერიკო გარსია ლორკამ მსოფლიო დრამატურგიის მარგალიტად აქცია.

მინის თეატრი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ლორკას სწორედ ამ სახელგანთქმული პიესის ახალ ინტერპრეტაციას გთავაზობთ. მინის თეატრის ლაკონიურ სპექტაკლში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და გვიამბობს იმაზე, თუ რა გვემართება ადამიანებს, როდესაც მძვინვარე ვნებები და შურისძიება გვმართავს? რას უნდა ვძლიოთ და რას უნდა დავნებდეთ?

„რატომ მაინცდამაინც ლორკას „სისხლიანი ქორწილი“? ერთ-ერთი და, ვგონებ, გადამწყვეტი მიზეზი იყო ის, რომ დედის როლში ვხედავდი კონკრეტულ მსახიობ ნანუკა ლითანიშვილს. მიხარია, რომ ახლა მხოლოდ მე კი არა, მაყურებელი ხედავს მას ამ როლში და მოსწონს ის“, _ ამბობს რეზო შატაკიშვილი. თუმცა სპექტაკლამდე იყო გზა, რომელიც არცთუ ისე იავარდით მოფენილი აღმოჩნდა.

დასაწყისში ვახსენეთ დახურული კარი, თუმცა ინტერვიუში ვსაუბრობთ ყველაფერ იმაზე, თუ ვინ დგას ამ კარის მიღმა, რა ვითარებაში უწევთ რეჟისორებს, მსახიობებს ცხოვრება და მუშაობა და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევაში რეჟისორს გვერდით დაუდგნენ?

ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი:

_ ძალიან ბევრმა თეატრმა, როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძომ, უარი მითხრა სპექტაკლის დადგმაზე და აღმოვჩნდი დილემის წინაშე, თუ როგორ შემენარჩუნებინა პროფესია.

_ უარი რატომ გითხრეს?

_ გეუბნებიან, რომ მთელი წლის გეგმა გაწერილი აქვთ. თუმცა თუ ასე წინასწარ გეგმავენ წელს, მაშინ უნდა ეთქვათ, რომ მომავალ წელს გამითვალისწინებდნენ, მაგრამ არც ეს უთქვამს არავის და ისედაც, ვინც ამ სფეროშია, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ასე წინასწარ მთელი წელი არც ერთ თეატრს არ აქვს გაწერილი. მაქსიმუმ, მომდევნო ორი-სამი სპექტაკლი იცოდნენ. ისე, რომ იცოდეთ, ეს უარიც დიდი პატივია, ზოგი ამაზეც არ იწუხებს თავს _ „დაგსინავს“ და არ გცემს პასუხს… იყო შემთხვევები, როდესაც მითხრეს, რომ მაძლევდნენ დადგმას, მაგრამ დათქმული დრო რომ მოახლოვდა, საერთოდ გაქრნენ _ აღარც ტელეფონზე მპასუხობდნენ, აღარც სოცქსელებში. ისევ მე შევუნახავ ნამუსს და არ დავწერ მათ ვინაობას…

სახელმწიფო თეატრების გარდა, რამდენიმე კერძო თეატრს ვთხოვე, რომ სივრცე მაინც დაეთმოთ და ამაზეც უარი მივიღე. სამწლიანი კოვიდის პერიოდი იყო, ისედაც დიდი პაუზა გამომივიდა პროფესიაში და ეს ხელოვანისთვის ნამდვილად რთულია. გაზაფხულზე კი დავდგი ჭიათურის თეატრში საბავშვო ზღაპარი „წითელქუდა და ბრემენელი მუსიკოსები“ (რომლის პიესაც თავად დავწერე სპეციალურად ჭიათურის თეატრისა და ჭიათურელი ბავშვებისთვის), მაგრამ იმის შემდეგ ისევ იწყებოდა პაუზა, თუმცა ამჯერად  არა „კოვიდის“ გამო, არამედ იმ „კოვიდის“ გამო, რაც სჭირს ქართულ თეატრს.

_ შემოქმედებითი პაუზა ხომ ძალიან დამანგრეველია ადამიანისთვის?..

_ რა თქმა უნდა და ამიტომაც დავიწყე გამოსავლის ძიება, თუ როგორ შემენარჩუნებინა პროფესია. ამ პროფესიაში თუ ერთი წელი არ ხარ, ორი ან სამი, მერე მოგიტრიალდებიან და გეტყვიან, რომ შენ არაფერი დაგიდგამს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში და შენ ვერც პროექტს დაგიფინანსებთ და ვერც დადგმას მოგცემთ. ეს ობიექტური საფუძველი შეიქმნება იმისა, თუ როგორ გაგწიონ განზე. ამასთან, ფორმიდანაც ვარდები.

_ და მაშინ, როდესაც ყველა თეატრის კარი თქვენთვის დახურული აღმოჩნდა, რა მოიმოქმედეთ?

_ გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის მიმემართა დონაციის თხოვნით, ჩემს ფეისბუქფრენდებისთვის, რადგან მოგროვილიყო სპექტაკლისთვის საჭირო თანხა. ელემენტარული რეკვიზიტებისთვის, დეკორაციისთვის და კოსტიუმებისთვის საჭირო თანხა, მაგრამ აქ იყო მთავარი დეტალი, თუ სად უნდა დამედგა სპექტაკლი.

_ და როგორ გადაჭერით ეს პრობლემა?

_ ყველამ რომ უარი მითხრა, დახმარება ვთხოვე ქალბატონ ეკა მაზმიშვილს. ჩვენ ადრეც გვითანამშრომლია, მან, ჯერ კიდევ, 2014 წელს დაგვითმო სცენა მინის თეატრს და სხვენში ვთამაშობდით სპექტაკლს _ ეჟენ იონესკოს „მაკბეტტ“. შემდეგ, 2016 წელს, ანჯელინა როშკას „მესაფლავეს“ ვთამაშობდით. ახლაც ვთხოვე, რომ ამჯერადაც გამოეყო სასცენო სივრცე ჩვენთვის, ანუ გაეფორმებინა სასცენო მომსახურების ხელშეკრულება. ქალბატონმა ეკამ მომენტალურად გამომიცხადა მხარდაჭერა და ეს იყო მისი ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მარჯანიშვილის თეატრის მმართველის პოსტზე. მისი დაწყებული საქმე შესანიშნავად გააგრძელა სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა თინა კალატოზიშვილმა და სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ეს სპექტაკლი შედგა, თორემ ვერც „სისხლიანი ქორწილი“ დაიდგმებოდა და ვერც _ უსისხლო.

_ ისევ ხალხის დახმარება…

_ დიახ, რაც მთავარია, ის სოლიდარობა, რომელიც საზოგადოებამ გამოგვიცხადა, იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოგროვდა მინიმალური თანხა სპექტაკლისთვის. ასევე გვქონდა სცენა, რომელიც გამოგვიყო მარჯანიშვილის თეატრმა და რაც მთავარია, უღრმესი მადლობა მსახიობებს, რომლებმაც გამომიცხადეს სოლიდარობა და ყოველგვარი სარეპეტიციო ანაზღაურების გარეშე იმუშავეს როლებზე მთელი ორი თვის განმავლობაში.

_ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის შრომის დაფასება. გაგვაცანით მსახიობთა გუნდი, ვინ მონაწილეობდა სპექტაკლში?

_ ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომისა და გვერდით დგომის გარეშე არ ვიცი, რა იქნებოდა, დიდ მადლობას ვუხდი მთელ შემოქმედებით ჯგუფს. აღსანიშნავია და საამაყოა, რომ აქ საუბარია ქართული თეატრის ისეთ ოსტატებზე, როგორებიც გახლავთ აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი. ქალბატონი ზეიკო წულუკიძე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა სცენაზე სწორედ ჩვენს სპექტაკლში. სოლიდარობა გამომიცხადეს ახალგაზრდა მსახიობებმაც: ნათია ქარუმიძემ, ოთო ჩიქობავამ, ნოდარ მელაძემ, ნათია გორდაძემ, ელდარ ფუტკარაძემ, გიორგი ონიანმა, ლევან მამასახლისმა, ასევე სტუდენტებმა ნიკა ნიკურაძემ და ნიკა გუგუნავამ; მსახიობების გარდა, სოლიდარობა გამომიცხადა ჩემმა კოლეგამ, გიორგი სავანელმა, რომელმაც სპექტაკლში სიკვდილის როლი განასახიერა; ასევე ჩემი სპექტაკლის ქორეოგრაფი არის ლაშა მძინარაშვილი, რომელიც დამთანხმდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარშე მიეღო მონაწილეობა და მეტიც, თავად ცეკვავს უშუალოდ სპექტაკლში. რომ არა მსახიობები, სცენა და მაყურებლის თანადგომა, ამ სამი კომპონენტის გარეშე ვერ განხორციელდებოდა ეს პროექტი. სპექტაკლი იარსებებს მანამ, სანამ მაყურებელი ივლის მასზე. თუ მაყურებელი არ ივლის და ვერ გადავიხდით ტექნიკური პერსონალის ელემენტარულ ანაზღაურებას და სასცენო მომსახურების მიზერულ თანხას, სპექტაკლი, უბრალოდ, მოკვდება.

_ რეზო, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არის ამ სფეროში, თუნდაც, კონკრეტულად, თქვენ ირგვლივ. რა ხდება, რატომ იხურება თეატრის ყველა კარი რეჟისორისთვის, რომელსაც უნდა ახლის თქმა, სპექტაკლის დადგმა, განვითარება? მით უმეტეს, თქვენ არ ხართ ორი დღის მოსული ამ სფეროში. 10 წელი თეატრალურში ლექციებს კითხულობდით. მოკლედ, არის თუ არა ეს არასწორი კულტურის პოლიტიკის ბრალი, სამინისტროსა და მინისტრის როლს ვგულისხმობ?

_ ნამდვილად არ ვარ შეპყრობილი დევნის მანიით, თუ როგორ არის ჩემ წინააღმდეგ შეთქმული მთელი თეატრალური საზოგადოება ან ზოგადად სამყარო. მსგავსი დამოკიდებულებაა არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ, ზოგადად, ყველას მიმართ. სწორედ ამ პიესიდანვეც შეგვიძლია მოვიტანოთ მაგალითი, სარძლო გარდაცვლილ დედაზე ამბობს, რომ ის იმ მხარეში მოინელეს, დაჭკნა, რომ ეს არ იყო მისი ხვედრი, რომ აქ ყველა ასე ჭკნება და ნადგურდება.  ანალოგიურად, ეს მხოლოდ მე კი არ მჭირს და ჩემი ხვედრი კი არ არის, მე კი არ მიკეტავენ მხოლოდ კარს, არამედ ძალიან ბევრს, აქ ეს წესია და მეც ამ წესის მსხვერპლი ვარ სხვებთან ერთად. ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი არის ორკესტრირებული ან ხელისუფლების მხრიდან ან უშუალოდ ქალბატონი მინისტრის მხრიდან. არ არის ეს ასე მარტივად.

_ ვისგან არის ორკესტრირებული?

_ ეს არის ის წესი და ნორმა, რომელიც გაბატონებულია ამ სფეროში. თავად ჩემი კოლეგები იყენებენ სარფიანად ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, რომ ამ ეგიდით გამწიონ გვერდზე. სხვა შემთხვევაში თუ მიზეზების ძებნა სჭირდებათ, განსხვავებული შეხედულებების მქონე კონკურენტის შემთხვევაში, გაცილებით იოლია მისი გზიდან ჩამოშორება. თან ისე გამოჰყავთ საქმე, თითქოს ისინი კი არა, რეჟიმი და წულუკიანია დამნაშავე. სწორედ მათ აწყობთ, რომ მე ხელი დავადო წულუკიანს და თავი გამოვაცხადო მის მიერ დევნილად, ასე ხომ თავად გაცილებით მორალურები გამოჩნდებიან? არანაირად არ ვაპირებ, მათი ცოდვები სხვას, თუნდაც, თეა წულუკიანს ავკიდო და შევუნახო ნამუსი მათ, რომელნიც შორს არიან ელემენტარული კოლეგიალობისგან.

მათთვის ასე გაცილებით კომფორტულია, იშორებენ გზიდან კონკურენტებს და მეტი საბიუჯეტო სახსრები რჩებათ თავისთვის და თავისი გარემოცვისთვის. ამ უარების ფონზე მეც შემეძლო მეფიქრა, რომ ეს იყო უშუალოდ დავალება სამინისტროს მხრიდან სამხატვრო ხელმძღვანელებისთვის, რომ არ გავეკარებინეთ არცერთი თეატრისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჭიათურის სახელმწიფო თეატრში დავდგი სპექტაკლი და ხელშეწყობის გარდა მე იქ არაფერი მქონია. იბადება კითხვა, თუ მინისტრი წულუკიანი ან ხელისუფლება მდევნის, ჭიათურამ ავტონომია გამოაცხადა? არ ჯდება ლოგიკაში. შესაბამისად, ეს არ ყოფილა არანაირად ზემოდან ზეწოლა. ამას დავარქმევდი ქვეწოლას, რადგან ვიღაცა ამით თავს იწონებს ზემოთ, რომ აი, ნახე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს არ ვიკარებთ არავის, ვიღაც კი უბრალოდ გზიდან გიშორებს, როგორც კონკურენტს და პირადად მისთვის არასასურველ პირს. ასეთ დროს ის, რომ დიდი სანაცნობო წრე გყავს, ბევრი გიცნობს და ბევრს იცნობ, ვერაფერს გშველის. ამ სფეროში არის ერთგვარი დახავსებული მოდელი, სისტემა, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებებს, პროგრესს. რეალურად, ეს არის საბჭოთა სისტემა, როდესაც სახელმწიფო თეატრებში ფეოდალად ხან მმართველია მომჯდარი, ხან _ სამხატვრო ხელმძღვანელი. თვითონ განაგებენ ყველაფერს, როგორც უნდათ, ჩაკეტილი წრე აქვთ, რომელსაც არავის აკარებენ. არ ვიცი, რისი ეშინიათ ან ვისი. ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც და ასე ხდება დღესაც.

_ ამას ხომ უნდა აკონტროლებდეს ვინმე, თუნდაც სამინისტრო?

_ თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში, მათ აკონტროლებდა სამინისტრო და ასე თავგასულ ფეოდალებად ვერ გვევლინებოდნენ, მაგრამ ახლა იმ კონტროლის დაბრუნება კიდევ უფრო საშინელს გახდის სისტემას. სახელმწიფომ ის კი არ უნდა აკონტროლოს, ვინ დადგას და რა დადგას, არამედ უნდა შეცვალოს მართვის სისტემა და მოდელი. უნდა მოისპოს საბჭოთა მოდელი და გადავიდეთ დასავლურ პრინციპებზე. რაკი ვიღაცები თავს არიან გასული, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ვინმემ აკონტროლს სამინისტროდან, უკან, კიდევ უფრო საბჭოეთში კი არ დავბრუნდეთ, წინ წავიდეთ, შემუშავდეს დემოკრატიული მოდელი, რომელიც გამორიცხავს ვიღაცების მხრიდან კონკრეტული პიროვნებების ჩაგვრას ამ პროფესიაში. არც წინა ხელისუფლებას უღირდა ამის გამო ნერვებისა და დროის კარგვა, არც ამ ხელისუფლებას უღირს. დიდი ალბათობით, მომდევნო ხელისუფლებისთვისაც სულერთი იქნება. კი, ვითომ რაღაც იცვლება, წამოვიდა დამოუკიდებელი თეატრები, მაგრამ ბევრი ისევ სახელმწიფოს დაფინანსებასა და გრანტებზე არის და ისევ ხელისუფლებასთან ბრძანდებინ უმეტესწილად ანგარიშვალდებულები… ისედაც, არიან თუ არ არიან ანგარიშვალდებულები, ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც სახელმწიფო თეატრები. მეტიც, თავის პოზიციებს იმითაც იცავენ, რომ თეატრი მათია და რასაც უნდა, იმას გააკეთებენ.

_ თქვენს მდგომარეობაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი რეჟისორი იქნება…

_ ძალიან ბევრია.

_ ე. ი. რეჟისორი, რომელიც უნდა ფიქრობდეს სპექტაკლის დადგმაზე, შემოქმედებაზე, ის ფიქრობს სპონსორების მოძიებაზე ან უწევს თეატრის ხელმძღვანელობასთან ხვეწნა, რომ სპექტაკლი დაადგმევინონ?

_ სამწუხაროდ, ასეა.

_ იმედგაცრუება არ გქონიათ ამდენი წინააღმდეგობის მერე?

_ გათვლაც სწორედ მაგაზეა, რომ დაიღალო, ჩაიქნიო ხელი და გაიწიო გვერდზე. ძალიან ბევრი დაიღალა, ბევრმა ხელი ჩაიქნია, ბევრი რეჟისორი, ბევრი მსახიობი საერთოდ ჩამოშორდა თეატრს. როდესაც სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე, რამდენიმე მსახიობს შევეხმიანე და მათ მითხრეს: _ გვაპატიე, მაგრამ არათუ თამაში, თეატრისკენ გახედვაც კი არ გვინდაო. ისეთი ტკივილით გაუშვეს ისინი სახლში, რომ ამ სფეროში გამოხედვაც კი არ უნდათ. მსახიობთა რაღაც ჯგუფს თუ აქვს 5 შტატი თეატრებში, სხვებისთვის, სამწუხაროდ, არ გამოიძებნა არათუ შტატი, უბრალოდ, როლიც კი, თუნდაც ერთჯერადი მიწვევით რომ ეთამაშათ. შესაბამისად, ეს ხალხი წავიდა სხვა პროფესიებში, თან დიდი ტკივილით. ვისაც სცენაზე ხედავთ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მათზე ბევრად უკეთესი მსახიობები არიან დღეს თეატრისა და სცენის მიღმა დარჩენილები. ისინი გამოირჩეოდნენ როგორც ვიზუალურად, ისე ემოციურად და ნიჭიერებით, უბრალოდ, მათ არ მიეცათ გასაქანი. არ აღმოჩნდნენ საჭირო დროს საჭირო ადგილას, არ ჰყავდათ გარემოცვაში მარიფათიანი ადამიანები, რომლებიც გზას გაუკვალავდნენ. მე ვიცი, ვინც იყვნენ ისინი და ამიტომ ვსაუბრობ ასე, ბევრი მათგანი ჩემი სტუდენტი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც 10 წლის მანძილზე ვკითხულობდი ლექციებს და ძალიან კარგად ვიცნობ იმ თაობას. გული მწყდება, რომ ისინი არ დგანან ქართული თეატრის სცენაზე.

_ და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, მსახიობების უმრავლესობას უწევს ენთუზიაზმით თამაში.

_ ზოგჯერ მაგის საშუალებაც არ გეძლევა. იმის საშუალებაც არ გეძლევა, რომ უანგაროდ ემსახურო შენს პროფესიას, შენს საყვარელ საქმეს. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფიდან მხოლოდ აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი და ოთო ჩიქობავა არიან სხვადასხვა თეატრში, სხვა ყველა თეატრს გარეთაა დარჩენილი და ბევრ მათგანს სწორედ ის დილემა ედგა, რაც მე მიდგას _ პროფესიის შენარჩუნების. ასე რომ, ჩვენ ერთად ვინარჩუნებთ პროფესიას. ნათია ქარუმიძე ლაურას თამაშობდა ჩემ მიერ დადგმულ „მინის სამხეცეში“, რომლის პრემიერაც მოლდოვაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე შედგა, შემდეგ ბლანში ითამაშა ჩემსავე „ტრამვაი, სახელად სურვილში“. ოთო ჩიქობავა ჩემს მონოსპექტაკლში (ანჯელინა როშკას „მესაფლავე“) თამაშობდა, ელდარ ფუტკარაძე „მაკბეტტშიც“, „ტრამვაიშიც“, ნათია გორდაძე ასევე სტელას თამაშობდა „ტრამვაიში“. ეს იყო მსახიობების გუნდი, ვისთანაც მიმუშავია. ისინი, ასე ვთქვათ, ჩემი თანამოაზრეები არიან. ლაშა მძინარაშვილთან არაერთხელ მიმუშავია, ის იყო „ორი ძმის“, „აივნის“, „მინის სამხეცის“, „მესაფლავის“ ქორეოგრაფი. ცხადია, ამ სპექტაკლში ახალი მსახიობებიც დაგვემატნენ: ნოდარ მელაძე, ნიკა ნიკურაძე, გიორგი ონიანი, ლევან მამასახლისი, ნიკა გუგუნავა, ჩვენ თანამოაზრეები გავხდით. მოკლედ, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვთამაშობთ და იმედია, კვლავაც ვითამაშებთ.