რა შედეგები მოჰყვება მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს?!

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, მეუღლითურთ, ეწვია. მაიკ პენსს აეროპორტში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლესა და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა ოფიციალურ ვახშამზე. 1-ლ აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებსაც. სწავლებაში, რომელიც ვაზიანის ბაზაზე 30 ივლისს გაიხსნა, მონაწილეობს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2800-ზე მეტი სამხედრო. თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა ტალინში, სადაც შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს და ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებს. საქართველოდან მაიკ პენსი 1-ლ აგვისტოს ჩერნოგორიაში გაემგზავრება.

მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე და მის სავარაუდო შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ქართველი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ესაუბრნენ:

 

ვაჟა ბერიძე _ პოლიტოლოგი:

_ ნამდვილად არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. უკვე მესამედაა, როცა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ხვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ ახლანდელი ადმინისტრაცია კიდევ უფრო საფუძვლიანად და ღრმად აცნობიერებს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობას. საერთოდაც კარგია, როცა არა მახოლოდ შენთვის არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი, არამედ, მისთვისაც შენ წარმოადგენ გარკვეულ ღირებულებას გეოსტრატეგიული, სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით. ეს ურთიერთობის გაღრმავების წინაპირობაა, რაც, პრინციპში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის დამოკიდებულება იყო აშშ-ს წინა ადმინისტრაციასთან, ასევე საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიმართულების პრიორიტეტს ეჭვქვეშ არ აყენებდა, მე მაინც მეჩვენებოდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო იყო ერთი რიგითი რეგიონული მნიშვნელობის მოკავშირე და მეტი არაფერი, თითქოსდა ეს ყველაფერი მიდიოდა თვითდინებით და გარკვეული თვალსაზრისით იმპროვიზაციებისა და სპონტანური ურთიერთობის ბაზაზე. ჯერ იყო შევარდნაძის ფაქტორის გათვალისწინებით, მერე სააკაშვილს უყურებდნენ ისინი, როგორც თავიანთი გავლენის მნიშვნელოვან მატარებელს, მაგრამ ამ მთავრობის დროს ეს მაინც თვითდინებით მიდიოდა. რეგიონში ახალი გეოსტრატეგიული ვითარებიდან გამომიდნარე, რეგიონში რამდენად საფუძვლიანია ეს რეალობა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვგულისხმობ თურქეთთან და აზერბაიჯანთან აშშ-ს ადმინისტრაციისა და იქაური პოლიტიკური კლასის მხრიდან, ასევე ვინც არის ამ ქვეყანაში პოლიტიკის განმსაზღვრელი, დამოკიდებულების შეცვლას. ურთიერთობების სიმყარე, რაც სტრატეგიულ მოკავშირე თურქეთთან ათწლეულობის განმავლობაში ჰქონდათ, გარკვეული ეჭვის ქვეშ დადგა. პარალელურად, აზერბაიჯანთან ურთიერთობები შედარებით გაცივდა. ამან შეერთებული შტატების მიერ გამოიწვია რეგიონული სტრატეგიის გადახედვა. დასავლეთში ბევრი მიხვდა, რომ ყველაზე საიმედო პარტნიორი მათთვის საქართველოა. შესაბამისად, კიდეც აიჭრა მანქანა და ეს ვიზიტიც ამის გამოვლინებაა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ფაქტორი ჯერ გარკვეული არ არის შეერთებული შტატებისთვის და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ამერიკის პოლიტიკური კლასი ცდილობს, გარკვეული თვალსაზრისით, ტრამპის მოთვინიერებას და მის ჩვეულ ამერიკულ-დასავლურ სტანდარტებში ჩასმას. ეს წინააღმდეგობრივი პროცესია, მაგრამ გარდა ამისა, ვინც საგარეო პოლიტიკას გეგმავს და ხედვებს გამოიმუშავებს, უფრო რეალისტურად ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვიქნებოდით მოწმე, ფაქტობრივად, იმ მარშის, რომლითაც შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკამ მთელი საქართველო გადაიარა, დემონსტრაციულად აუარა იმ ადგილსაც, სადაც 500 მეტრში დგანან ოკუპანტები და იმ ადგილს, საიდანაც რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ, საზეიმოდ გვამცნეს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტული, სეპარატისტული რეჟიმი მოითხოვს ბაქო-სუფსის ნავთობსადენში გამავალი ნავთობის გატარებისთვის გარკვეულ საფასურს. რამდენად ადეკვატურად მოიტანეს ჩვენამდე ეს ინფორმაცია, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ასეთი გზავნილი მივიღეთ და ბუნებრივია, ჩვენმა მოკავშირეებმა. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ეს არის ამ ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტის გამოხატულება და მეორე მხრივ, თუ აშშ-ს ინტერესები დროებითია ამ რეგიონში და მის გარშემო, მოგეხსენებათ, ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთთან მეზობლობის მხრივ, თურქეთთან, ირანთან, ცენტრალური აზიისკენ მიმავალი მაგისტრალია, ვფიქრობ, რომ მხედველობის არიდან არ უნდა გამორჩეთ აშშ-ს პოლიტიკურ სტრატეგებს, რამდენადაც, პროგრესი, კაცობრიობის, მსოფლიოს მომავალი ამაზეა დამოკიდებული. მინდა, რომ ეს იყოს სტაბილური ხედვების მაჩვენებელი, რადგან ამერიკული ტვინის ტრესტებს სჩვევიათ ზედაპირულობა საგარეო პოლიტიკურ ვექტორებთან და ფაქტორებთან მიმართებით. ამჯერად ისინი უკვე ოპერატიულად რეაგირებენ ახალ რეალიებზე და აგრძელებენ ამ მიმართულებით სწორად სვლას.

 

ვასილ კაჭარავა _ ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

_ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ბუშის ვიზიტის შემდეგ ბაიდენიც იყო აქ, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტია, რომელიც ასევე გვიჩვენებს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ვექტორი საქართველოსკენ შემობრუნდება. პრინციპში, მიტრიალებული არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩვენ ამ რამდენიმე თვეში დიდი ინტენსივობა დავინახეთ, ასე მარტივად და შემთხვევით არაფერი ხდება. ასე რომ, აქ არის გზავნილებიც, რომელიც მას ჩამოაქვს ჩვენთან, ერთგულების, დახმარების, მხარდაჭერის, იქნება ეს ეკონომიკური კავშირები,  უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და თქვენ  ხედავთ, ამ მხრივ, როგორი პრობლემაა.  რუსეთის ავანტიურისტული პოლიტიკისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ, ამავდროულად, როდესაც რუსეთი ხედავს ძალას, საერთაშორისო საზოგადოების ერთობლიობას და საქართველოსთვის გვერდში დგომას, იმედია, უფრო საღ გონებას მოუხმობს და ამ ავანტიურისტულ ნაბიჯებს შეანელებს მაინც. გახსოვთ, ბოლო რამდენიმე წელიწადი, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად პრაგმატულ პოლიტიკას იყენებს და ცდილობს დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ მაინც ყველაფერი ისე მიდის, _ კედელს ცერცვი შეაყარეო. აფხაზეთში, ცხინვალში რეგიონების მიტაცება ხდება და საბოლოო გაფორმება. რა გარანტია გვაქვს, რომ აღარ გადმოწევენ საღვრებს კიდევ?! ამით იმის თქმა მინდა, რომ აქ ავანტიურიზმის რისკები არის, მაგრამ პოზიტიური გათვლები მეტია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება და გარანტირებული. რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების გასაკეთებელია, მისი კონსოლიდაციაა აუცილებელი, ამ ისტორიული შანსის გამოყენება აუცილებელია. ვნახოთ, იმედია, ეს ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იქნება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს კაცი არის ტრამპის უახლოესი თანამებრძოლი. ყოფილან ამერიკაში ვიცე-პრეზიდენტები, რომლებიც ძალიან ფორმალურ როლს თამაშობდნენ. ეს მისი აქტიური თანამოაზრე და მეგობარია, მის სიტყვას დიდი ფასი აქვს იმიტომ, რომ ნამდვილად გადმოსცემს ტრამპის პოზიციას. ტრამპის ნდობითაა აღჭურვილი და თვითონაც ძალიან საინტერესო კაცია. ამერიკის იმიჯი ბევრის თვალში არასწორია და მორალურ-პოლიტიკური კრედო არსებობს, რომლითაც თავის თავს ახასიათებს: პენსი არის ქრისტიანი, კონსერვატორი, რესპუბლიკელი. ამ საფუძველზე დგას ეს პიროვნება და ჩვენთან დღეს, სამწუხაროდ, არ ვიცი, რატომ ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. ეს არის მაღალზნეობრივი ქვეყანა, სერიოზულად მდგარი ცხოვრებისეულად დიდ ფასეულობებზე, ჩვენთვისაც ეს ძალიან ახლობელია, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ეს პიროვნებაც.

 

ნიკა ჩიტიძე _ პოლიტოლოგი:

_ ამ ვიზიტისგან დადებითი და ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის, ვიცე-პრეზიდენტი, ქვეყნის მეორე პირი სტუმრობს ქვეყნას. ბუნებრივია, ეს არის დადასტურებია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, დემოკრატიის განმტკიცებით, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა კვლავ გადმოწია საოკუპაციო ხაზი და მით უმეტეს, როდესაც ეს ვიზიტი ემთხვევა ნატოს სწავლებებს სწორედ „პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ორმაგად სასიამოვნოა, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს საზღვაო ნავსადგურებიდან შემოდის ამერიკული ჯავშანტექნიკა, რომელიც საქართველოს მთავარი მაგისტრალით მიემართება საქართველოს დედაქალაქისკენ და მეორე მხრივ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება თვითმფრინავი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება.

 

პაატა დავითაია _ „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“:

_ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა. ამ ფონზე მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ როდესაც პენსის ტურნე იგეგმებოდა, საქართველო არ იყო იქ გათვალისწინებული, ანუ მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოში ჩამოსულიყო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რა მხარდაჭერა აქვს ქვეყანას. მან უკვე წინასწარ გააკეთა განცხადებები და თქვა, რომ თავის სტრატეგიულ პარტნიორთან და თავის მოკავშირესთან მიდის. პირველ რიგში, მოკავშირესთან მისვლა ნიშნავს სერიოზულ მხარდაჭერას. ეს ნიშნავს დემოკრატიის დამტკიცებას ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ რომ დემოკრატიას საფრთხე შეექმნას, ან სხვა რაიმე ფაქტორს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ძალიან რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული ჩვენი მოკავშირის მხრიდან. ეს არის მთავარი მესიჯები, რაც შეერთებული შტატებისგან მივიღეთ მანამდე, სანამ ბატონი პენსი განცხადებას გააკეთებს. მთავარი მომენტი არის ის, რომ მე მისი მხრიდან ძალიან სერიოზული განცხადებების გაკეთებას ველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაღაც მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება. მნიშვნელოვანია, მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ, როგორც პარტნიორები, დღის წესრიგში უკრაინასთან ერთად ვიდგეთ ოკუპაციის საკითხში. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მკვეთრი ამ მიმართულებით. აგრეთვე ცალსახად ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი განცხადებებს გააკეთებს კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი დღემდე არ მიღწეულა და დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსი აღდგება. არ ვამბობ იმას, რაც იქნება კულუარებში, ოკუპანტებთან დაკავშირებით დემოკრატიის მიმართულებთ და საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე. ამაშიც ეჭვი არ მეპარება, რომ ამ შენიშვნებს ხელისუფლება მიიღებს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი მეგობრის ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში.

 

ბაჩუკი ქარდავა _ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“:

_ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღეს ხდება თბილისში და ზოგადად, საქართველოში _ ერთი ეს არის აშშ-ს ვიცე- პრეზიდენტის ვიზიტი და მეორე _ ნატოს სამხედრო წვრთნები. თვითონ ფაქტი, რომ მთელი საქართველო გაიარა და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოს ჩაიარა ამ სამხედრო ტექნიკამ, ვფიქრობ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური განაცხადი სწორედ იმისა, რაც პენსმა გააკეთა საქართველოში ჩამოსვლამდე ბალტიისპირეთში, რომ მონტენეგრო, ბალიტიის ქვეყნები და საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ არის ნატოს წევრი ქვეყანა. ფაქტობრივად, აშშ-მ უკვე გააცხადა მთავარი მიზანი, რომ ის რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მოკავშირედ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ გარდაუვალია. ძალიან ბევრს სურს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და თუნდაც მის დამქაშებს, როცა აცხადებენ, ეს უტოპიური აზრიაო. საქართველო ძალიან ახლოს არის თავის სტრატეგიულ ინტერესებთან, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან. სწორედ ამ კონტექსტში ვხედავ ამ ვიზიტს და მეორე: აუცილებლად ქვეყნის საშინაო საკითხებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სწორედ იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობასა და კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებს ხელისუფლება, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებასთან მისი დიალოგის დროს ეს საკითხები აუცილებლად წამოიწევს. იქნებ, ამან მაინც იქონიოს გავლენა, რომ დემოკრატია არ ხელყონ საქართველოში. თუ ჩვენ დემოკრატიული საზოგადოებისკენ ვისწრაფვით, ეს შეუძლებელია. აი, ამ ორ ჭრილში ვხედავ ამ ვიზიტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული ვიზიტია და თან დამთხვევაა, პოლიტიკაში ასეთი რამ არ ხდება, ეს არათუ შემთხვევით არის შერჩეული, არამედ ზუსტად. ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ხელისუფლება ძალიან უხვევს დემოკრატიულ გზას და მეორე _ რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ რადიკალურად აქტიურდება. აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

კონსტანტინე გამსახურდია _ პარტია „თავისუფლება“:

_ ზოგადად, ქვეყნისთვის ასეთი ვიზიტები გადამწყვეტი არ არის და ნამდვილად ვერ მოუტანს რაიმე სიახლეს. ეს არის გარკვეული ურთიერთობების ეტაპის კონკრეტული გამოხატულება. მაგალითად, ასეთი იყო ამერიკის პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი 2005 წელს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი 2008 წელს და ახლა, 2008 წლის შემდეგ, პირველად განხორციელდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი. ეს გამოხატავს იმ გაცხადებულ და შორსწასულ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს და აშშ-ს აქვთ. აქ არ ვიქნები ორიგინალური, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთთან ურთიერთობები გამწვავებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და გზავნილია. ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გულგრილი არ დარჩება ამ ყველაფრის მიმართ, თუმცა მათ რა რესურსები ექნებათ იმისა, რომ ჩვენ დაგვეხმარონ, ეს ცალკე საკითხია და მეორე მხრივ, თავად რუსეთის მიმართ არის გზავნილი, განსაკუთრებით დღევანდელი დიპლომატიური ომის ფონზე, როდესაც პუტინმა ამერიკელი დიპლომატები გააძევა ქვეყნიდან. ამ მხრივ, სწორედ პარტნიორობის გამოხატულებაც არის, რომ სწორედ ახლახან ჩამოვიდა საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა, ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი სამხედროების აქ ყოფნით სწორედ ამას უსვამს ხაზს. საქართველოში ყოფნა ეს კავკასიის რეგიონში ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ერთია, შენი პარტნიორი რას აკეთებს და მეორეა, ამას ჩემს თავსაც ვეუბნები, ასევე საქართველოს პოლიტიკოსებსაც, არაპოლიტიკოსებსაც, ჩვენ რამდენად ვვარგივართ პარტნიორებად. აი, ეს არის ძირითადი საკითხი. აქ უკვე პესიმისტურად ვარ განწყობილი, თორემ რაც შეეხება ამერიკის სურვილს _ იყოს ჩვენ გვერდით, ამ მხრივ ეჭვი არ მეპარება.

 

თამარ ბატიაშვილი