რა ღირს ჩინოვნიკის საჯდომი… ავეჯი?

დაიმახსოვრეთ, ბოსი ყოველთვის მართალია. ბოსს არ სძინავს, იგი, უბრალოდ, ისვენებს. ბოსი არასდროს იგვიანებს, იგი ყოვნდება. ბოსი არასდროს ტოვებს სამუშაოს, უბრალოდ, მისი ყურადღება საჭიროა სხვა ადგილას. ის სამუშაო დროს გაზეთს კი არ კითხულობს, არამედ საჭირო ინფორმაციას აგროვებს. ბოსი არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, „თავისუფლად“ მოეპყრას მდივანს, _ ის მას მხოლოდ აღმზრდელობით სამუშაოებს უტარებს. ბოსი ყოველთვის რჩება ბოსად, მაშინაც კი, როცა მას საცურაო ტრუსების მეტი არაფერი აცვია. თუ ვინმე შედის ბოსის კაბინეტში საკუთარი იდეებით, ის იქიდან ბოსის იდეებით უნდა გამოვიდეს.
თუ თქვენ ეს წესები წაიკითხეთ და მის აზრს ვერ მიხვდით, ნუ იდარდებთ, უბრალოდ, დაუბრუნდით მთავარ წესს, _ ბოსი ყოველთვის მართალია.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში 18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო იქნება. გაუქმდა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროები. 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა.
ამასთან, მოხდა რამდენიმე უწყების რესტრუქტურიზაცია და გამსხვილება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო საგარეო დაზვერვა _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდა. ასევე გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ეკონომიკის მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი დარჩა. ქუმსიშვილი ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც და მთელი ეკონომიკური გუნდის კურატორიც იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდა. თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციებიც იცვლება _ ამ სამინისტროს პრეროგატივა აღარ იქნება ბუნებრივი რესურსების მართვა. ამ კომპონენტზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტრო ხდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება. საქართველოში აღარ იქნება არც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ამ უწყების ფუნქციები კულტურისა და განათლების სამინისტროებმა გადაინაწილეს. სპორტი კულტურის სამინისტროს პრეროგატივა იქნება, ხოლო ახალგაზრდობის ნაწილს განათლების სამინისტრო შეითავსებს. კულტურის მინისტრად კვირიკაშვილმა მამუკა გიორგაძე დატოვა, რაც შეეხება განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, ის მთავრობის წევრი აღარ იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს ცვლილებები უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატისა და ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება.
კვირიკაშვილის თქმით, ამ რეორგანიზაციის წყალობით შემცირდება ბიუროკრატია და ადმინისტრაციული ხარჯები.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“

აბა, რის ქართველი მოხელე ხარ, თუ შენს კაბინეტს არ დაამშვენებს მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგან დამზადებული სავარძლები გორგოლაჭებზე, საზურგის სიმაღლის რეგულირებითა და ქანაობის რეჟიმით, ორთოპედიულად გათვლილი თავის მისადები ბალიშით, სიმაღლე, სიღრმე, სიგანე _ ყველაფერი წინასწარი შეთანხმების შესაბამისად.
ოდნავ განსხვავებული ნაჭრის სავარძლები განსხვავებული პარამეტრებითა და ხარისხით, შედარებით ნაკლებფასიანი _ ახალი სავარძლები ხელმძღვანელი პირებისთვის და სავარძლები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლებისთვის.
ასე სპონტანურად მომინდა გადამეთვალიერებინა, რომელი სახელმწიფო უწყებები ყიდულობდნენ ბოლო პერიოდში ავეჯს, ბოლოს კი ციფრებმა თვალები ისე ამიჭრელა, რომ მივხვდი, ეს ამბავი მკითხველისთვის უნდა გამეზიარებინა.
რა საჭიროა კარგი სავარძელი? ან კარგი საზურგე? ან კარგი დივანი? რა აუცილებელია საწოლი მასაჟორიანი მატრასით? სხეულის რა ნაწილი იღლება ასე ძალიან, რომ ამისთვის ადამიანები ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარს ხარჯავენ?
რა ნაწილი იღლება და საჯდომი, ჩემო ბატონებო!
ყველაზე მთავარი კი რა არის ცხოვრებაში? საჯდომი გქონდეს და თუ უსაჯდომო ხარ, მაშინ არც სავარძელი გჭირდება და არც მასაჟორიანი „კრესლო“…

რა ჯდება საჯარო მოხელეების საჯდომი ავეჯი?..

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20.09.2017 წელს კომპანია „ჯეოსტილისგან“ შეიძინა 31 750 ლარის ავეჯი;
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, იგივე კომპანიის მეშვეობით, ბიუჯეტიდან 21 660 ლარის ავეჯს ყიდულობს (07.06.2017);
აღსრულების ეროვნული ბიურო _ 67 240 ლარის რბილ ავეჯს მაგიდა-სკამებით და ა. შ. ყიდულობს (07.06.2017 წელი);
05.04.2017 წელს მთავარი პროკურატურა 13 500 ლარის ავეჯს ყიდულობს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამავე წელს 31 750 ლარიც ავეჯში დახარჯა;
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი (20.03.2017) 7000 ლარის ავეჯს ყიდულობს;
პარლამენტის აპარატი _ (22.02.2017) 19 420 ლარის ავეჯს;
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური _ 50 900 ლარის ავეჯს (02.02.2017);
შპს საქართველოს ფოსტა _ 103 840 ლარის ავეჯს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ფოსტა სახელმწიფო შპს არის;
თბილისის მერია _ 139 800 ლარის ავეჯს (07.10.2016);
თბილისის პოლიციის დეპარტამენტი _ 110 000 ლარის ავეჯს (19.08.2016);
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიც არავის ჩამორჩება ავეჯის ყიდვაში და 159 950 ლარის ავეჯს ყიდულობს;
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 327 950 ლარს ხარჯავს ავეჯში;
კვლავ სუს-ი 2016 წლის 20 ივლის 146 980 ლარის რბილ და შერეულ ავეჯს ყიდულობს;
2016 წლის 5 მაისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 139 999 ლარის ავეჯს ყიდულობს;
2016 წლის 3 მაისს შპს „საქერონავიგაცია“ 359 750 ლარის ავეჯს ყიდულობს.
ამ ეტაპზე:
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ყიდულობს 124 700 ლარის ავეჯს;
საქართველოს შს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო _ 84 499 ლარის ავეჯს;
საქართველოს ეროვნული ბანკი _ 421110 ლარის ავეჯს;
ასევე შსს სხვა ტენდერით _ 34 790 ლარის რბილ ავეჯს;
და ყველაზე საინტერესო _ საქართველოს დაზვერვის სამსახური 308 000 ლარის რბილ, მოქნილ, კომფორტულ ავეჯს ელოდება.
ზემოთ ჩამოთვლილი ავეჯის შემომტანის ტენდერში გამარჯვებული ყველგან შპს „ჯეოსტილია“, რომლის დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც კოტე მელაძეა.
ასე რომ, პრემიერის განცხადება ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე უფრო ზღაპარსა ჰგავს, ზღაპარს სავარძლების სიყვარულზე.
ჯამში კი თუ დავიანგარიშებთ, რა გვიჯდება მოქალაქეებს მავანთა საჯდომის შენახვა, 2016-2017 წლებში, მხოლოდ ამ მცირე ჩამონათვალით, ბიუჯეტიდან 2 მილიონ 621 938 ლარი დაგვიჯდა.
ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ისე გაიტაცეს ქალაქის ცენტრიდან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ შეძლო, ან არ შეძლო, ჟურნალისტი დაეცვა!
ეს მაშინ, როცა საქართველოს დაზვერვის სამსახური 308000 ლარის ავეჯს ყიდულობს ბიუჯეტის ფულით, ხოლო დაზვერვა ნულს ქვევით არის და დღემდე ვერ უპასუხეს კითხვას, ვინ და როგორ მოიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი?!
მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბოლო ერთი წელი, მხოლოდ ნარკოტიკების ჩადებით საქმიანობდა და ასიათასობით ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ მათი საჯდომი რბილად ყოფილიყო!
მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი 240 ლარია, პენსია _ 180 ლარი, სოციალური დახმარება _ 60 ლარი, ჩვენ ვხარჯავთ მილიონებს, რომ მაღალჩინოსნებს ხერხემალი არ გაუმრუდდეთ შრომით და ავტომასაჟორიან სავარძელზე იყონ მსუბუქად.

გაგრძელება იქნება…

მაკა მოსიაშვილი