რა სკანდალურ კვლევას აქვეყნებს „ახალგაზრდა დვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამართლებრივ ანალიზზე?

როგორ გაიმარჯვა ტენდერში თბილისის მთავრობასთან დაახლოებულმა კომპანიამ? რამდენად გამჭვირვალედ დაიხარჯა 2 მლნ 800 ათასი ლარი? ეწირება თუ არა საჯარო ინტერესები კერძო ინტერესებს?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამართლებრივი ანალიზი სამთავრობო წრეებში განხილვისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. კვლევამ, რომელმაც პირუთვნელად წარმოაჩინა 2 მილიონ 800 ათასი ლარის განკარგვის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ასევე დაუფარავად გადმოსცა იმ ფარული გარიგებებისა თუ ინტერესების თაობაზეც, რომელიც თბილისის მთავრობასა და კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას აერთიანებს.

„ქრონიკა+“ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, გამოქვეყნებული კვლევის ერთ-ერთ ავტორს, არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა:

_ არჩილ, რატომ გახდა თქვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა დისკუსიისა და განხილვის საგანი? რა არის ის მთავარი მიგნებები და აღმოჩენები, რომლითაც ეჭვქვეშ დგება ტენდერის თუ კონკურსის გამჭვირვალობა?

_ ორგანიზაცია საპროექტო მომსახურების _ ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიზნით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2015-2017 წლებში წარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სამი კვარტალური ანგარიშის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ ეტაპზე, დოკუმენტი ჩატარებული საქმიანობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის პროცესის შედეგს და მას აშკარად აკლია საჯარო დისკუსიის კომპონენტი. მსგავსი მიდგომა კანონის მოთხოვნაა და აშკარაა მისი უგულებელყოფა. საჯაროობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს შემუშავებული დოკუმენტის ხელმისაწვდომობის ფაქტი. ორგანიზაცია დოკუმენტის საჯაროობის კომპონენტის მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილავს არა ავტორი ორგანიზაციის მხრიდან დოკუმენტის შექმნაზე მუშაობის პროცესში პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ დამხმარე სპეციალისტების მონაწილეობით გამართულ თემატურ შეხვედრებს ან/და გამოფენების მოწყობას, არამედ პროცესსა და თემატურ დისკუსიაში საჯარო უწყებების მონაწილეობის საკითხსაც. ამ თვალსაზრისით, მონიტორინგმა შეისწავლა დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის საკითხი. სამწუხაროდ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის პროცესში არ გამოიკვეთა საქართველოს მთავრობის (შესაბამისი სამინისტროების, გარდა ეკონომიკისა და კულტურის სამინისტრების), არც საქართველოს პარლამენტის (შესაბამისი კომიტეტების) და არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა და თანამშრომლობის ფორმატი. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, დოკუმენტის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ჩვენ ყურადღება დავუთმეთ 2015 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპროექტო მომსახურების _ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსის პირობებს, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილების თავსებადობას საკონკურსო მოთხოვნებთან და სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილობის საკითხს. აღმოჩნდა, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნდა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებული კონკურსიდან 41-ე დღეს. საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1-ლ აგვისტოს, ხოლო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა  2015 წლის 13 სექტემბერს. ასეთი ფაქტობრივი გარემოება ლეგიტიმურად აჩენს ვარაუდს, სახელმწიფო შესყიდვასთან გამარჯვებული კომპანიის ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოისლი პირების წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების თაობაზე.

_ რა გაძლევთ ასეთი დასკვნისა და შეფასების საფუძველს?

_ ორგანიზაცია მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. 2015 წლის 7 ივლისსა და 10 ოქტომბერს, თბილისის მერი ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის  „ფრაუნჰოფერისა“ და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც გაეცნენ პროექტს „მომავლის ქალაქი“ და ამ პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს რვა საპროექტო წინადადება საკითხებზე: ქალაქის ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები, ჩO2-ის შემცირების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების დაცვა, ენერგოეფექტიანი ქალაქის მოდელი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ყველა ის საკითხი და თემატური მიმართულება, რომელიც „მომავლის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში წარმოადგინეს, არსებითად, ორგანულად და შინაარსობრივად აჩვენებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების მიზნებსა და ამოცანებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ წინამძღვრებითა და გარემოებების გათვალისწინებით, სავსებით ობიექტურად დაისმის კითხვა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების წარმოდგენისთვის გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის თაობაზე, კონკურსში მონაწილე სუბიექტების თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის შესახებ, როდესაც ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მდგომარეობა თბილისის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტებისა და მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბუნებრივად აღმოჩნდა დომინანტური სტატუსით და საკონკურსო პროცესი მთლიანად გახლდათ ცალმხრივი, რითაც მნიშვნელოვნად დაირღვა შეჯიბრებითობისა და კონკურენციის პრინციპები. სწორედ ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნაკლები ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის გამოცდილებას და უპირატესობა მიენიჭა გამარჯვებული ორგანიზაციის კონტრაქტორ და პარტნიორ უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც ინსტიტუციური თანამშრომლობა უკვე აკავშირებდათ ქალაქ თბილისის მერიასთან პროექტ „მომავლის ქალაქის“ განხორციელების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ასკვნის, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესების პროექტია, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. ამასთან, მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო იმ გარემოებას, რომ პროექტ: „მომავლის ქალაქის“ ნაწილობრივ დამფინანსებელ ორგანიზაცია KFჭ-სა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაში გამარჯვებულ კომპანიის პარტნიორ, ასევე გერმანულ ორგანიზაცია Dრ. Bრენნერ Iნგენიეურგესელლსცჰაფტ MბH-ს შორის ჩამოყალიბებულია სათანამშრომლო გარემო და მათ ერთობლივი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს ეროვნული საავტომობილო გზების შეფასებისა და აღრიცხვის მომზადებული დოკუმენტი. ამასთან, პროექტი „მომავალი ქალაქი“, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25%-იანი და გერმანული ორგანიზაცია KFჭ-ის 75%-იანი ფინანსური კონტრიბუციით უნდა განხორციელებულიყო, მონიტორინგისთვის დაუდგენელია, კვლავ ხორციელდება თუ არა, ვინაიდან „მომავლის ქალაქის“ კონცეფციის ყველა მიმართულება უკვე წარმოდგენილი და გაერთიანებულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების იმ დოკუმენტში, რომელიც გამარჯვებულმა ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ 2015-2017 წლებში შექმნა და წარმოადგინა.

_ თქვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა და სამართლებრივი დასკვნები მოამზადა 2 მილიონ 800 ათასი ლარის ტენდერის საკითხებზე. რა საეჭვო მოვლენები დაფიქსირდა ამ შემთხვევაში?

_ მოცმეულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #2212 განკარგულების თანახმად, ხელი მოეწერა თანხმობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორცილების შესახებ და 2 800 00 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა საპროექტო წინადადების განმახორციელებლ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუმცა ყურადღებას იმსახურებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების შესყიდვის პერიოდი და ამ პერიოდში კანონში შესული იმ ცვლილებების ანალიზი, რომელიც ტოვებს გარკვეულ ეჭვებს იმისთვის, რომ კანონმდებლობაში გამარტივებული შესყიდვის პროცესში შესული ცვლილებების დროსა და სივრცეში ამოქმედება გადავადდა. როგორც ცნობილია, 2015 წლის 21 მაისს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების შესყიდვისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა 2015 წლის 1-ლ აგვისტოს, ხოლო გამარჯვებული გამოცხადდა 2015 წლის 13 სექტემბერს. ამ პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, „შესყიდვების შესახებ კანონში“ განხორციელდა ცვლილება და კანონს დაემატა 101-ე მუხლის შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი: „შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს“. განხორციელებული ცვლილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს დაევალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფო შესყიდვის წესებსა და პირობებს. კანონის მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო #13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ მოცემულობას, რომ კანონში განხორციელებული ზ/აღნიშნული ცვლილებაც და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ბრძანებაც ძალაში შევიდა 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან. რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო #2212 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გამარტივებული შესყიდვის თანხმობის თაობაზე და ამავე დღეს, „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი კანონი არ გაითვალისწინებდა ცვლილებების 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შესვლის საკითხს, საქართველოს მთავრობა, კანონის საფუძველზე, არ იქნებოდა უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მიეღო გამარტივებული შესყიდვის თანხმობაზე განკარგულება და საჭიროებდა გაცილებით გართულებული, საჯარო და პროცედურულად გამართული წესით ასეთი თანხმობის დადასტურებას. ამასთან, ახალი ცვლილებებით უკვე დაზუსტდა, რომ პირდაპირი შესყიდვის გამოყენება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საჯარო ინტერესებთან და მომსახურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს რეალურ დროში, მკაფიო ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ პროცესში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემსრულებელი ორგანიზაციის გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობის ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც დაკავშირებულია საბანკო გარანტიების წარმოდგენასთან. მოცემულ შემთხვევაში, დაუდგენელია, გამარჯვებულმა კომპანიამ წარადგინა თუ არა საბანკო გარანტია, როდესაც მომსახურების ხელშეკრულება აღემატებოდა 200 000 ათას ლარს. გამოცხადებულ ტენდერში, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საბანკო გარანტიის სახით, უნდა წარედგინა, მაქსიმუმ, 140 000 ათასი ლარი და, მინიმუმ, 56 000 ათასი ლარი.

_ თქვენი კვლევის ფარგლებში, საუბარი შეეხო კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საკითხის დასმას. იქნებ, განმარტოთ, თუ რა იგულისხმება კერძო და საჯარო ინტერესის დაცვის საჭიროებაში და რას აჩვენებს საკითხის მიმართ პროპორციულობის დაცვა?

_ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, უნდა გამოიყენონ პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, შესაბამისად, მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, მის მიერ განხორციელებული მოქმედება კანონშეუსაბამოა და სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და სამართლებრივი პრინციპის დარღვევა. ამდენად, თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. წარმოდგენილ დოკუმენტი მკაფიო არ არის და არც რომელიმე კვლევის საფუძველზეა დასაბუთებული მოსალოდნელი ქალაქგეგმარებითი წინადადებების განხორციელების პროცესში, რამდენად იქნება დაცული კერძო სამართლებრივი სიკეთის ხელშეუხებლობის პრინციპი და რა წარმოადგენს გარანტს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და სანდოობის საჯარო სამართლის სიკეთისთვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში. საჯარო და კერძო ინტერესების პრპორციულობის საკითხი, ყველა არგუმენტის გათვალისწინებით და მიუხედავად, დგას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით წარმოდგენილ, განსაკუთრებით სამი მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული ცვლილების შემთხვევაში. რაც ეხება რკინიგზის გადატანას, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოებას, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისებას მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის. ამასთან, ორგანიზაცია მონიტორინგის ფარგლებში ასკვნის, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის აღსრულება არ ითვალისწინებს შესაბამისი ფინანსური დანახარჯის მონაცემს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროცესის ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს, ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის 2017 წლის ბიუჯეტი კი, მსგავსი მასშტაბური პროექტების დაფინასნებას არ ითვალისწინებს და თუკი მისი ფინანსური დაზუსტება მოხდება, მნიშვნელოვანია რომელი პრიორიტეტული სფეროსა და მიმართულების ხარჯზე შემცირდება ბიუჯეტი ან/და რა ალტერნატიული დაფინანსების წყარო იქნება მიჩნეული დოკუმენტის აღსრულებისთვის?

 

_ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ რა რეკომენდაციები და წინადადებები წარმოადგინეთ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემდგომ მიღებასთან და განხორცილებასთან დაკავშირებით?

_ ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის მოხდეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო დოკუმენტის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით, დოკუმენტი გამოქვეყნდეს და მოქალაქეებს გონივრული ვადა მიეცეთ წინადადებების, შეფასებებისა და ალტერნატიული ხედვების წარმოდგენისთვის. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფორსირებულად, დაჩქარებული წესით, საზოგადოებრივი აზრისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, არ მიიღოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი, გასწორდეს და არსებულ საკანონმდებლო-რეგულაციის წესებთან შესაბამისობაში მოვიდეს დოკუმენტის ხარვეზული მხარეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტებს შეექმნათ მეტი დაცულობის საფუძვლები. ორგანიზაცია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის მნიშვნელობისა და ცვლილებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დოკუმენტის მისაღებობის საკითხზე თბილისის მოსახლეობის აზრის დადგენას. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციას საჭიროდ მიაჩნია, დოკუმენტის მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური დამოკიდებულება დადგინდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ქალაქ თბილისში მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვით _ პლებისციტის ჩატარების უზრუნველყოფით. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის კენჭისყრის საკითხი დადგეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული, ახალი ლეგიტიმაციის შედეგად ფორმირებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირობებში. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის იმპლემენტაციამდე, აუცილებელია მომზადდეს ანალიზი, რომელიც შეეხება საქართველოს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ზემოქმედების ფარგლების მიზანშეწონილობასა და მათი თავიდან არიდების, საფრთხის აღმომფხვრელ წინაპირობებს. ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია, სათანადოდ დასაბუთდეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით შემოთავაზებული ისეთი ინსტიტუციური ცვლილებების მიზანშეწონილობა, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებით სამ მოსალოდნელ ინფრასტრუქტურულ ცვლილებასთან: რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის. ორგანიზაცია აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის იმპლემენტაციამდე, ცვლილებების სათანადო ფინანსური დოკუმენტის შექმნას, სადაც მკაფიო გახდება მგგ-ის ფინანსური მხარე, ასევე კერძო ინტერესების შეზღუდვის შემთხვევებისთვის წინასწარი, სრული და სამართლიანი  კომპენსაციის პირობები, სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევაში ალტერნატიულ წინადადებათა დასაბუთებისა და მათ ეკონომიკურად მომგებიან სივრცეებად გადანაწილების საკითხი. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ინსპექტირების ან/და საზედამხედველო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს გეგმით გათვალისწინებული პირობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების თაობაზე და, იმავდროულად, უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის შუალედური და საბოლოო ანგარიშების წარდგენას.

 

თამარ ბატიაშვილი