რა მოხდა წამლის სააგენტოში _ ჯანდაცვის სამინისტრომ თავისივე თანამშრომელი დააჭერინა?

ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული დავით მაჭარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი არ ყოფილა. უცნაურია, რომ მაჭარაშვილის ამ პოსტზე ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში არსად და არასოდეს დაწერილა, რომ იგი იყო არა უფროსი, არამედ უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ასე არის იგი მითითებული ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ამ სტატუსით განისაზღვრება მისი თანამდებობა.

მეორე _ დავით მაჭარაშვილის უფროსი არის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე. დიდი ალბათობაა, რომ მაჭარაშვილის დაჭერა ან თვალავაძის სკამს ურტყამს, ან ყველა გზა აქეთკენ მიემართება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: სამინისტროდან გია თვალავაძის მოშორება უნდათ და მისი ერთ-ერთი რგოლით დაიწყეს.

რა დეტალები მოიპოვა `ქრონიკა+”-მა საქმესთან დაკავშირებით:

გავრცელებული ინფორმაციით (ვახდენთ ციტირებას): „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი დააკავა, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი“.

აი, ეს არის ნათქვამი ოფიციალურ  განცხადებაში, რაც სხვა არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თავისივე თანამშრომელი დააჭერინა. მაშინ, როგორ გავიგოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გატარებული ერთობლივი „ღონისძიებები“? ან რა ერთობლივ „ღონისძიებებს“ ატარებს ჯანდაცვა ფინანსურ პოლიციასთან ერთად? და, საერთოდ, როცა ადამიანს იჭერ, ეს ღონისძიება კი არა, ოპერაციაა.

„ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაცით, არსებობს „დამადასტურებელი“ ვიდეო.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები“, _ ვკითხულობთ ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ ამის დამადასტურებელი ვიდეოს არსებობაზეა საუბარი. როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, „იმპორტიორისთვის“ უპირატესობის მინიჭება სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა გარიგებას. და თუ ვიდეო ჩაიწერეს, ე. ი. დაგეგმილი ოპერაცია იყო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

რა მოხდა სინამდვილეში?

„ქრონიკა+“ მიზეზებში გარკვევას შეეცადა.

2016 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე და 2017 წლის პირველ იანვრამდე ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი საქართველოში 63%-ით შემცირდა, რაც, ერთი მხრივ, კონტროლის, მეორე მხრივ კი რეცეპტების შემოღების შედეგია. ეს გახლავთ „ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებული სტატისტიკური  მონაცემები. ამავე წლების დეტალური ანგარიში არ არსებობს, მაგრამ არსებობს 2013-14 წლების პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე ქართული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ“ ჩაატარა. კვლევაში მოყვანილი ციფრები ძალიან მნიშვნელოვანია.

2013 წლის პირველი იანვრიდან პირველი სექტემბრამდე იმპორტირებულია 23 517 895 ერთეული (2012 წელს 126 მლნ აბი) მზა წამლის ფორმა (2013 წლის განმავლობაში მთლიანად იმპორტირებულია 28 410 196 ერთეული), ხოლო 2014 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში _ 5 800 224 ერთეული (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებამდე, მიმდინარე წლის 24 იანვრამდე _ 970 404, ხოლო 24 იანვრის შემდეგ _ 4 829 820). 2014 წლის 24 იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, სპეციალური რეცეპტის (ფორმა #2) გარეშე აფთიაქებიდან გაცემულია 1 905 335 ერთეული ზემოთ მითითებული 6 ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალება.

ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ შეინიშნება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის მკვეთრი, 75%-იანი კლება. ეს ციფრები იმიტომ მოგვყავს, რომ ამ პროცესს მთლიანად განაგებდა და ხელმძღვანელობდა დავით მაჭარაშვილი.

ამავე დროს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2016 წლის 15 მარტს საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, კოდეინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტი ბრუნვისთვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიას მიაკუთვნეს. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რეცეპტის გარეშე რეალიზება კი აფთიაქებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუქვემდებარეს.

ცვლილებები ასევე განხორციელდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“. ჯანდაცვის მინისტრის #22 ბრძანებაში დამტკიცებულ ნუსხას დაემატა ექვსი ნივთიერების (ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანი, ზოპიკლონი, ზალეპლონი, ტროპიკამიდი) შემცველი სამკურნალო საშუალებები და მათზე დაწესდა ისეთივე კონტროლის რეჟიმი, როგორც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად შედგენილია 129 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის, 88 დარღვევა გამოვლინდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევის ფაქტზე.

ამავე (დავით მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით) პერიოდში 11 აფთიაქი გაუქმდა. წინა წელს 13 აფთიაქი გაუქმდა და 2015 წელს 12 აფთიაქი დაიხურა.

„პირველ ჯგუფზე თუ ვისაუბრებთ, გასულ წელთან შედარებით, ასეთი მაჩვენებელი გვაქვს: 2015 წელს ურეცეპტოდ გაცემულია 6 მლნ. 400 ათასი ტაბლეტი, ხოლო წელს _ 5 მლნ. 400 ათასი ერთეული. სხვაობა, დაახლოებით, ერთი მილიონი ტაბლეტია. „ჩვენ არ დავუშვებთ „შავი ბაზრის“ გაჩენის პრეცედენტს, თუმცა თუკი ეს იშვიათი შემთხვევა დადგება, დამერწმუნეთ, რომ რეაგირება სწრაფი, დაუყოვნებლივი და ეფექტიანი იქნება“, _ ეს არის ამონარიდი დავით მაჭარაშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე მისცა.

 

„ქრონიკა+“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვალერი კვარაცხელიას დაუკავშირდა:

_ ბატონო ვალერი, დავით მაჭარაშვილი წლებია, ფარმაცევტულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და რამ გამოიწვია მისი ახლა აყვანა?

_ ამაზე განცხადებას სამართალდამცველები გააკეთებენ.

_ სამართალდამცველებმა უკვე გააკეთეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ  ერთად დავგეგმეთ და ერთად ავიყვანეთო. შინაარსი ასეთია.

_ სწორად გამიგეთ, მე არ ვარ უფლებამოსილი, ამაზე გიპასუხოთ. ძალიან მძიმე ფაქტია. ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ რაღაცებს არ გეგმავს.

_ რომელ ორ კომპანიაზეა საუბარი?

_ ამის შესახებ ჯერ ჩვენც არ ვიცით.

 

„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

 

თამარ როსტიაშვილი