რა მოხდა სირიაში 7-8 თებერვალს, ანუ როგორ დასცხო აშშ-ის ავიაციამ რუს ვაგნერელებს?..

ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში არალეგალურად მყოფი რუსი სამხედროების დაჯგუფებებზე მიტანილი იერიშია აღწერილი. ჩანაწერის გავრცელება იერიშის სავარაუდო თვითმხილველებს, თავად რუს სამხედროებს მიეწერებათ, რომლებიც სირიაში „ვაგნერის ჯგუფს“ წარმოადგენენ.

„ვაგნერის ჯგუფი“ კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც დონის როსტოვში მოქმედებს და სირიაში ანაზღაურების საფუძველზე რუს ყოფილ თუ მოქმედ სამხედროებს ამზადებს და აგზავნის. კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთში კანონით აკრძალულია, მაგრამ არის ცნობები, რომ ისინი არალეგალურად მაინც მუშაობენ და კრემლისგან ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მოქმედ კერძო სამხედრო კომპანიებს შორის ყველაზე პოპულარული სწორედ „ვაგნერის ჯგუფია“, რომელსაც რუსეთის ГРУ-ს გადამდგარი სამხედრო პირი, დიმიტრი უტკინი ხელმძღვანელობს. ის პირველად საბრძოლო მისიით იმყოფებოდა სირიაში, შემდეგ კი ყირიმის ოკუპაციაში მონაწილეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კერძო სამხედრო კომპანიების წევრთა შერჩევა ხდება ნებაყოფლობით, პრიორიტეტი ენიჭება ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს. გასაუბრებისა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მიმდინარეობს მათი საბრძოლო მომზადება როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე თავად კონფლიქტის ზონაში. ყოველთვიური ანაზღაურება მერყეობს 3000-5000 ევროს ფარგლებში. აქვთ დაზღვევა და მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს ეძლევა კომპენსაცია 40 000 ევროს ოდენობით.
უკრაინულ პროექტ «InformNapalm»-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთში ათამდე კერძო სამხედრო კომპანია შეიქმნა. ესენია: «РСБ-Групп», «Антитеррор», «МАР», «Moran Security Group», «Центр R» და სხვ. ყველა მათგანი უკრაინაში, სირიასა თუ კონფლიქტის სხვა ზონაში მებრძოლთა გაგზავნას უარყოფს. მიუხედავად ამისა, რუსი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული არაერთი გამოძიება ცხადყოფს, რომ კსკ-ების ხელმძღვანელებს კავშირები უშუალოდ რუსულ სპეცსამსახურებთან აქვთ.
ღია წყაროებიდან ყველაზე მეტი ინფორმაცია სწორედ «ვაგნერის ჯგუფზე» მოიპოვება. დე იურე არარსებული «ვაგნერის ჯგუფის» წევრები 2014 წლის გაზაფხულიდან დონბასსა და სირიაში იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ «ვაგნერის ჯგუფს», ოფიციალურად, ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და კრემლი მათთან ურთიერთობას არ ადასტურებს, «ვაგნერის ჯგუფის» მებრძოლები მომზადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტებზე გადიან.
საუბარია ГРУ-ს სპეცრაზმის მე-10 ცალკეული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, რომელიც კრასნოდარის ოლქში, სოფელ მოლკინოში მდებარეობს. გამოცემა «გაზეტა.რუ»-ს ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 2015 წლის დასაწყისში, მოლკინოს პოლიგონის მოდერნიზებისთვის 50 მილიონზე მეტი რუბლი დახარჯა. პოლიგონის მიმდებარედ, საჯარისო ნაწილების კეთილმოწყობისთვის კი, 2013-2016 წლებში ერთი მილიარდი რუბლი გამოყო.
2015 წლის ზაფხულიდან «ვაგნერის ჯგუფის» მებრძოლთა სირიაში გადასროლა დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით, სირიის მთავრობისთვის განკუთვნილ სამხედრო და ჰუმანიტარულ ტვირთებთან ერთად ჩადიოდნენ, ჭრილობის მიღების შემთხვევაში კი «ვაგნერის ჯგუფის» მებრძოლები მკურნალობას რუსეთის სახელმწიფო სამხედრო ჰოსპიტლებში გადიან, დაღუპვის შემთხვევაში კი სახელმწიფო მათ აჯილდოებს. როგორც «ფონტანკა» წერს, მაგალითად, 2015 წლის იანვარში დონბასში დაღუპული კსკ-ს 2 წევრი _ ანდრეი ელმეევი და ანდრეი შრეინერი, დაღუპვის შემდეგ, სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ.
«ვაგნერის ჯგუფის» კრემლთან ახლო კავშირებს ადასტურებს 2016 წლის 9 დეკემბერს, «სამშობლოს გმირების დღესთან» დაკავშირებით კრემლში გამართული მიღებაც. მიწვეულ სტუმრებს შორის აღმოჩნდნენ «ვაგნერის ჯგუფის» ხელმძღვანელი დიმიტრი უტკინი და მისი მოადგილე ვადიმ ტროშევი. მოგვიანებით, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ვლადიმირ პუტინთან გადაღებული ფოტოსურათი, რომლის ავთენტურობაც კრემლის პრესსამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. კრემლში «ვაგნერის ჯგუფის» წევრებმა სირიაში მიღწეული წარმატებებისთვის მაღალი სამხედრო ჯილდოები მიიღეს.
აუდიოჩანაწერი, სადაც 7-დან 8 თებერვლის ღამის იერიშზეა საუბარი, „ტვიტერზე“, Necro Mancer-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„კოლონის განადგურების სამი დადასტურება. წყაროების საიმედოობაზე ვერაფერს ვიტყვი“, _ წერია ტვიტის კომენტარში, სადაც, ასევე, ნათქვამია, რომ დაქირავებულ „ბოევიკებს“ გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ.
„იქ 177 მოკლულია, ეს მხოლოდ მეხუთე ასეულიდან. მათ ავიაციიდან დასცხეს, „ვერტუშკებიდან“, არტილერიიდან, იქ ქურთებმაც იმუშავეს ამერიკელების დახმარებით. ბიჭებს, უბრალოდ, შანსიც არ ჰქონდათ“, _ ნათქვამია ჩანაწერში.
ამას გარდა, თვითმხილველი ამბობს, რომ ტექნიკიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ტანკი და საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა, დანარჩენი კი შეტაკების პირველივე წუთებში განადგურდა.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის ჯგუფიდან“ დაღუპულთა რიცხვი 644-მდე გაიზარდა.
„ობოზრევატელის“ ინფორმაციით, დაღუპულია 215 დაქირავებული მებრძოლი.
სირიაში მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით „ვ კონტაქტეში“, საკუთარ გვერდზე დაწერა ასევე თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის გადამდგარმა სამხედრო პირმა, იგორ გირკინმა, იგივე სტრელკოვმა.
„სხვათა შორის, კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენელთა განადგურებაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, რადგან მათგან მივიღე ინფორმაცია, ვინც იქ ნამყოფია, ან ტრაგედიის დროს იმყოფებოდა. ვწუხვარ დონბასელ თანამებრძოლთა უაზრო მსხვერპლის გამო, რომლებმაც ყურად არ იღეს ჩემი გაფრთხილება, რომ ყველაფერი, შესაძლოა, სწორედ ასე ტრაგიკულად დასრულებულიყო.
ამ ტრაგედიის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ცნობა 600 თუ 644 დაღუპულის შესახებ, შესაძლოა, გადაჭარბებულია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია 215-217 „გრუზ-200“-ის (ასე უწოდებენ „ცინკის“ კუბოებში ჩასვენებულ სამხედროთა ცხედრებს სამხედრო ჟარგონის მიხედვით, _ რედ.) შესახებ. რაც ამ დროისთვის დანამდვილებით ვიცი, მოკლული ასეულობითაა, რამდენიმე ასეული.
ასეთი დანაკარგის შესახებ ინფორმაციის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე პლაცდარმი, რომელიც ვაგნერელებს ეჭირათ, ფაქტობრივად, განადგურებულია აშშ-ის ავიადარტყმების შემდეგ. როგორც ჩანს, დარტყმის ქვეშ, ვაგნერელებთან ერთად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების სამსახურის რომელიღაც განყოფილებაც მოხვდა“, _ წერს გირკინი (სტრელკოვი).
შეგახსენებთ: საერთაშორისო ვოლონტიორთა საზოგადოება InformNapalm-ის მონაცემებით, 2015 წლის სექტემბრიდან რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, სირიაშიც, გაუხმაურებელ სახმელეთო ოპერაციებს ატარებს.
ამ დასკვნამდე ჯგუფი ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) შედეგების მიხედვით მივიდა.
გამოვლენილია 291-ე საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო ქვედანაყოფი (სამხედრო ნაწილი 64670, ინგუშეთი, სოფელი ტროიცკაია), რფ-ის 58-ე არმიის შემადგენლობაში, რომელიც, მიუხედავად კრემლის არაერთი განცხადებისა, რომ რუსი სამხედროების მონაწილეობა სირიაში სახმელეთო ოპერაციებში აბსოლუტურად გამორიცხულია, 2015 წლის სექტემბრიდან გაუხმაურებელი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ფარგლებში იმყოფება ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში.
სულ გამოვლენილია 29 სამხედრო მოსამსახურე ინგუშეთის 291-ე საარტილერიო ბრიგადიდან, რომლებიც სირიაში „ინტერნაციონალური მისიით“ გაგზავნეს.
ამ ქვედანაყოფის გადასროლა 152 მმ-იან ჰაუბიცებთან ერთად განხორციელდა 2015 წლის სექტემბრიდან ზღვით, ქ. ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან, რფ-ის დიდი სადესანტო გემებით.
მივლინების ვადა განსაზღვრული იყო 3-4 თვით, შესაძლო გაგრძელებით. სირიაში გაგზავნილი პირადი შემადგენლობა, ძირითადად, ახლად გამომცხვარი სამხედრო-მეკონტრაქტეები არიან, რომელთაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს ნებაყოფლობით-იძულებით რეჟიმში ნახევარი, ან ერთი წლის სამსახურის შემდეგ ამ საარტილერიო ქვედანაყოფში, რომელიც არაერთხელ ფიგურირებდა „ინფორმნაპალმის“ მასალებში „როსტოვ-უკრაინული“ მივლინებების კონტექსტში.
ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში, მასალაში: „რუსეთმა დაიწყო შენიღბული სახმელეთო ოპერაცია სირიაში“, „InformNapalm“-მა გამოთქვა დადასტურებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ სირიაში შემჩნეული საარტილერიო ტრაქტორები КамАз-63501 და მათ მიერ ბუქსირებული ჰაუბიცები Мста შეიძლება ეკუთვნოდეთ სწორედ 291-ე საარტილერიო ბრიგადას. ერთი თვის შემდეგ ვარაუდი სავსებით დადასტურდა OSINT-გამოძიების შედეგად.
InformNapalm-ის მზვერავების მიერ სირიაში გამოვლენილი რუსი არტილერისტები, ძირითადად, ფიქსირდებიან ლატაკიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ფოტომასალებიდან ჩანს, რომ 291-ე საარტილერიო ბრიგადის არტილერისტები იყენებენ „მოხეტიალე ბატარეების“ იმ ტაქტიკას, რასაც ისინი 2014 წლის ზაფხულ-შემოდგომის კონფლიქტის დროს იყენებდნენ დონბასში.
291-ე საარტილერიო ბრიგადის პასუხისმგებლობის რაიონი განლაგებულია ასადის ჯარებისა და ზომიერი ოპოზიციის შეხების ხაზზე. სროლის მაქსიმალური სიშორე შეადგენს 28900 მეტრს. რადგანაც 30 კმ-ის რადიუსში იმყოფებიან მხოლოდ აჯანყებულთა ჯარები, გამოდის, რომ რფ-ის სამხედრო ძალები მონაწილეობენ სირიის სამოქალაქო ომში და არა _ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფოტოებზე გამოსახული 291-ე ბრიგადის სირიაში მყოფი ყველა არტილერისტი იდენტიფიცირებული არის სტატუსების, კომენტარების, ფოტოგრაფიების, კონტაქტების, ტეგებისა და სხვ. შესწავლის შედეგად. საერთო ნიშნები, რაც აერთიანებთ „არტილერისტ-ინტერნაციონალისტებს“, ესაა სამუშაო ადგილი და ფოტომასალის მსგავსება, ერთნაირი ეკიპირება (მათ შორის, ე. წ. ქვიშისფერი ფორმა ცხელი ჰავის პირობებში), არასაწესდებო გარეგანი სახე და სირიაში გამოყენებული ტანსაცმლის ფორმა და ა. შ., აგრეთვე, აღმოსავლური ეგზოტიკა, ფოტოები ადგილობრივ მცხოვრებლებთან ზეთისხილის პლანტაციებსა და სხვ.
InformNapalm-ის გუნდის მიერ გამოქვეყნებული მთელი ინფორმაცია წარმოადგენს ღია წყაროების, მათ შორის, სოციალური ქსელების შესწავლის შედეგს, რომლებშიც წინდაუხედავი რუსი სამხედროები საკმარისი რაოდენობის კვალს ტოვებენ.

ლაშა ბერულავა