„რა მნიშვნელობა აქვს, მტერს ვანია ერქმევა თუ პეტია?“

რუსული მედიის ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის“ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს იქაური „პარლამენტის თავმჯდომარე“ ანატოლი ბიბილოვი იგებს. ცესკოს თავმჯდომარე ბელა პლიევას განცხადებით, ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 57,98% მიიღო, ხოლო ე. წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა _ 30%.

საბოლოო შედეგები ხუთ დღეში გამოქვეყნდება. მანამდე, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ოსური მხარე რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე განხილვებს აგრძელებს.

9 აპრილს ცხინვალში „არჩევნების“ პარალელურად „რეფერენდუმიც“ ჩაატარეს და ისტორიულ სამაჩაბლოს _ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა _ ალანიის სახელმწიფოც“ _ დაარქვეს.

ამ ყველაფერმა თბილისში გამოხმაურება გამოიწვია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებულ ე. წ. სამხრეთ ოსეთში ე. წ. არჩევნები და რეფერენდუმი მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები და ე. წ. რეფერენდუმი საქართველოს ძირძველი ტერიტორიისთვის სახელის ცვლილების მოთხოვნით.

ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის, ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ.

ე. წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებით. ამგვარი ქმედება წარმოადგნეს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ. „ყირიმის პრეცედენტის“ დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქრთველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი“, _ აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ „მკაფიოდ აცხადებს“, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე. წ. არჩევნები, ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მისივე თქმით, ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვანი არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე. წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.

საქართველოს უძველესი რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე. წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას.

სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს _ საქართველოს მშენებლობისთვის“, _ აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.

„საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი ე. წ. არჩევნები, ან რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

საქართველოს უძველესი რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის _ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა _ ალანიის სახელმწიფო“ _ დარქმევასთან დაკავშირებით ე. წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას. ეს განზრახვა მკაფიოდ წარმოჩინდა ახლახან ხელმოწერილი ე. წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს.

მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე. წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან“, _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გმობს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს. პარტიის შეფასებით, აღნიშნული „რეფერენდუმი“ და „არჩევნები“ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას და, შესაბამისად, ცნობილია არალეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

„ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელება _ ეთნიკური წმენდისა და სამხედრო აგრესიის, ასევე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამხედრო-საჯარისო შენაერთების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანებისა და ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსიის დაკანონების მცდელობა. ის ხელს უშლის საერთაშორისო ფორმატებში მიმდინარე მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა; გააძლიეროს ძალისხმევა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისთვის და მკვეთრი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ ღია ანექსიის პროცესზე. ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობებში ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ხარჯზე გატარებული შეგუების პოლიტიკა მხოლოდ უმარტივებს რუსეთს დასახული მიზნების მიღწევას“, _ ნათქვამია „ენმ-ს“ განცხადებაში.

აშშ და ევროკავშირი ასევე არ აღიარებენ და გმობენ „სამხრეთ ოსეთში“ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას. ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 

მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება:

_ ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ სამაჩაბლოში ე. წ. პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმს?

_ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნები“ წარმოადგენს ოსი სეპარატისტების მიერ სახელმწიფოებრიობის თამაშის გაგრძელებას. ეს ის პროცედურაა, რომელიც წინასწარ არის ხოლმე გაწერილი და, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის ატრიბუტს წარმოადგენს. ისინიც ცდილობენ ამ წესებით ითამაშონ, ამიტომაც ამ „არჩევნებში“ რაიმე ახალი ან საინტერესო ჩვენთვის ნამდვილად არაფერია. რა მნიშვნელობა აქვს, მტერს ვანია ერქმევა თუ პეტია?

არც რაიმე განსაკუთრებულად საინტერესო იქნებოდა ეს პროცესი ცხინვალის რეგიონში, რომ არა მორიგი მცდელობა კანდიდატების მიერ ამ ვითომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოეყენებინათ „ქართული ელემენტი“. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კანდიდატები ერთმანეთს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს და ამის ვითომ დამადასტურებელ მათივე შეთხზულ დოკუმენტებს აფრიალებდნენ.

ამგვარად, არც ამ ორსოფლიან რეგიონში ჩატარდა პოლიტიკური პროცესი ისე, რომ ერთმანეთისთვის ტალახი არ ესროლათ.

რაც შეეხება „რეფერენდუმს“ რეგიონისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით, აქ მე უფრო ვხედავ ადგილობრივი ცხელთავიანი ჩინოვნიკების მცდელობებს, რამენაირად თავი მოაწონონ რუს ხელმძღვანელობას. როგორც არჩევნების შემთხვევაში, ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დაარქმევენ ოკუპირებულ ტერიტორიას „იუჟნაია ოსეტიას“, თუ „ალანიას“, ან კიდევ სხვა რამეს მოუფიქრებენ. ამით არც არსებული ფაქტი იცვლება, არც ზოგადი სიტუაცია, მათ შორის, მათთვისაც.

_ როგორ უნდა განვიხილოთ ამ პროცესების 9 აპრილის ტრაგედიის დღესთან დამთხვევა?

_ დიახ, საინტერესოა, რომ მთელი ეს პროცესი მათ სწორედ 9 აპრილს დაამთხვიეს, დღეს, როდესაც საქართველოში ყველაზე ტრაგიკული თარიღი აღინიშნება. თეორიულად, შესაძლოა, რომ ეს შემთხვევითობა იყოს, მაგრამ ვიცით რა, როგორ უყვარს ცხინვალელი სეპარატისტების დამქაშს სიმბოლიზმი, ვფიქრობ, ეს სპეციალურად გაკეთდა და სწორედ იმისთვის, რომ, მათი ჭკუით, კიდევ ერთხელ გაეწნათ სილა ქართული საზოგადოებისთვის.

ვფიქრობ, არ ღირს ამაზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრაცია, რადგან ყველაფერი, დაწყებული მათი არსებობით, ერთი დიდი ბუტაფორიაა და როდესმე ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება. ხოლო 9 აპრილს გაგვაწნავენ სილას, თუ 10 ნოემბერს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

_ როგორია მიმდინარე პროცესზე საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება?

_ შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის? ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ევროკავშირმა და აშშ-მ სპეციალური განცხადებები გააკეთეს, რომლითაც დაგმეს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები და მათი არაღიარების შესახებ განაცხადეს.

სხვა ბერკეტი დღეისთვის არც ქართულ სახელმწიფოს, არც საერთაშორისო საზოგადოებას არ გააჩნია და ეს იყო იმის მაქსიმუმი, რა ყურადღებასაც ეს პროცესი იმსახურებდა. ეს „მორიგე განცხადებები“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონი იყო და რჩება მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიად.

_ დღეს, რეალურად, საით მიდის პროცესები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში?

_ ზოგადად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრო გაჩერებულია. მთელი ეს ბუტაფორიული პროცესები, რომელთაც დროგამოშვებით ვაკვირდებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არის მხოლოდ რუსეთის მცდელობა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ის სტატუს კვო, რომელიც დღეისთვისაა.

რეალურად, ცხინვალის რეგიონი შეიძლება განვიხილოთ ერთ დიდ სამხედრო ბაზად, ხოლო რეგიონში მცხოვრებლები _ ამ ბაზების მოსამსახურეებად. სხვა დანიშნულება მათ არ გააჩნიათ. და ამას წინათ ცხინვალსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი შეთანხმება იმის შესახებ, რომ ოსური ბანდფორმირებები ოფიციალური რუსული ჯარის ნაწილი გახდება, ჩემს მოსაზრებას მხოლოდ აძლიერებს.

არანაირი პერსპექტივა რაიმე დამოუკიდებლობის, ან, უბრალოდ, დამოუკიდებელი განვითარების, ან თუნდაც დამოუკიდებელი აზროვნების, რომ არაფერი ვთქვათ მოქმედებაზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას არ აქვს და არც პერსპექტივაში ექნება.

ცოტა განსხვავებულია სიტუაცია აფხაზეთში, სადაც არსებობს გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები, რომ სეპარატისტებმა თუნდაც ნაწილობრივ შეარბილონ რუსეთზე დამოკიდებულება. თუმცა ეს მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში, ვინაიდან პოლიტიკური დამოკიდებულება იქ იმხელაა, რომ ვერც ერთი ეკონომიკა მას ვერ გადასწონის.

აფხაზები უფრო ჭკვიანურად იქცევიან რიგ საკითხებში, უფრო მეტად ცდილობენ, არ შესციცინონ რუსებს თვალებში და თავად მიიღონ შემოსავლები, რომელიც მათ დაეხმარება წარმოსახვითი „ქვეყნის“ შენებაში.

მიუხედავად ამისა, სიტუაცია იქაც გაყინულია. რუსეთი მთლიანად არის გადართული სხვა, მისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ისეთი, როგორც სირიაა. მანამდე და პარალელურად ახორციელებს მცდელობას, გავლენა მოახდინოს აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სივრცეზე, რაზეც უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ. მხედველობაში მაქვს პროპაგანდა, დეზინფორმაცია და პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, არჩევნებზე, გავლენის მცდელობები.

სამწუხაროდ, დასავლეთს სანამ თავად არ მოხვდა თავში რუსული იატაკის ჯოხი, ვერაფერი ისწავლა და ვერაფერი გაიგო, როდესაც ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლება ეუბნებოდა.

შესაბამისად, ამ პროცესების გადამკიდე რუსეთს სულაც არ სცალია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალისთვის. მინიმალური მოთხოვნები მას იქ დაკმაყოფილებული აქვს და, ამ ეტაპზე, მეტი არც უნდა, შესაბამისად, სიტუაცია გაყინულია და რაიმე განსაკუთრებული პროცესები არ ხდება, თუ არ ჩავთვლით ახალი შეიარაღების შეტანას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც, ჩემი აზრით, ნატოს მხრიდან შავ ზღვაში გაძლიერებას უკავშირდება.

_ დღევანდელი რეალობიდან გამოსავალი?..

_ სამწუხაროდ, დღეისთვის რაიმე გამოსავალი ამ ტერიტორიების დაბრუნების, ან სიტუაციის შეცვლის არ არსებობს. არც საქართველოს, არც უფრო გლობალური პრობლემებით დატვირთულ დასავლეთს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.

სიტუაციის შემოსატრიალებლად საჭიროა, რომ რუსეთი საკმაოდ დასუსტდეს და ჩვენი ტერიტორიები მისთვის, თუნდაც, ვაჭრობის საგნად იქცეს დასავლეთთან ურთიერთობებში. ჯერ ეს არ ხდება და უახლოესი პერიოდი ამის პერსპექტივა არ შეინიშნება.

თუმცა რუსეთი ისე იქცევა, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები უფრო მეტ სანქციას და ზეწოლას მოახდენენ მასზე. ეს არ ეხება პირდაპირ საქართველოს, ეხება, პირველ რიგში, სირიასა და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, მაგრამ ირიბად ჩვენს ინტერესებშიცაა. რაც მეტი იქნება რუსეთზე წნეხი, მით ნაკლებია შანსი, რომ მან აფხაზეთისთვის და ცხინვალისთვის მოიცალოს. თანაც არ დაგვავიწყდეს, თუ რამხელა ტვირთი აწევს რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ანექსიითა და ოკუპაციით.

მე არ ვამბობ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია, უბრალოდ, დღეს ამისთვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს და, შესაბამისად, ჩვენ გვიწევს დაველოდოთ უფრო მოსახელთებელ დროს.

ლოდინი არ ნიშნავს, რომ ფეხი ფეხზე გადადებული უნდა ვისხდეთ _ პირველ რიგში, საჭიროა, ჩვენ თავად, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევქმნათ ისეთი დემოკრატიული საზოგადოება, ისეთი დემოკრატიული პროცესები წარვმართოთ, რაც, თუნდაც, საქართველოს ამ ნაწილს წასწევს წინ, თან უნდა ვიაროთ, დიდი ნაბიჯებით. ის პერიოდი, სანამ არ გვაქვს შესაძლებლობა, რამენაირად მოვახდინოთ გავლენა ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებულ სიტუაციაზე, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო მშენებლობისთვის, ისეთი ინსტიტუტების გასამართავად, როგორიც, პირველ რიგში, არის სასამართლო.

დღეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში კი, რომელმაც ისიც კი დაანგრია, რაც გამართულად მუშაობდა, ამის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია.

გელა მამულაშვილი