რა მისიით იმყოფებოდა საქართველოში ავღანეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი
საქართველოში, ავღანეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, რუჯულაჰ ქარიზადა ადვოკატებთან ერთად ჩამოვიდა. მათ სურდათ ბრძოლის იმ მეთოდებს გასცნობოდნენ, რომლითაც საქართველოში კორუფცია დამარცხდა.
პირველი შეხვედრა სტუმრებმა პროკურატურისა და იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლებთან ვიზიტით დაიწყეს. მოსმენილით გაოგნებული და აღფრთოვანებული ავღანელი ადვოკატები სანამ საქართველოს დატოვებდნენ, „ქრონიკა+“-მა შეძლო და მათ ხელმძღვანელთან ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენი საუბრიდან სრულიად სხვა რამ გამოიკვეთა: ჯერ ერთი, ავღანეთის კანონმდებლობა ბევრ შემთხვევაში ჩვენსას სჯობს და კიდევ, ზოგიერთ საკითხში ჩვენთანაც იგივე, ან უარესი მდგომარეობაა, როგორც იმ ქვეყანაში, სადაც თალიბანი ბობოქრობს და ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება რუჯულაჰ ქარიზადა _ ავღანეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი:
_ ავღანეთში 3500 ადვოკატია და ადვოკატთა ერთადერთი ასოციაცია არსებობს. მათი დაყოფა სისხლის, ან სამოქალაქო სამართლის სპეციალისტებად, როგორც ეს თქვენთან არის, არ ხდება. ყველა ადვოკატს შეუძლია ნებისმიერ სფეროში მუშაობა. რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. ავღანელი ადვოკატების ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ისინი ვერ თანამშრომლობენ სასამართლო ინსტიტუტებთან. მოსამართლეები ადვოკატებს უყურებენ, როგორც დამნაშავეების მეგობრებს. ამის გამო ჩვენი ორგანიზაციის წევრებს საქმის გაცნობის დროს პრობლემები ექმნებათ და დაცვის ქვეშ მყოფებთან მათ შეხვედრებსაც ხელს უშლიან. ისინი ვერც გამოძიების პროცესებში მონაწილეობენ სათანადოდ და ადვოკატმა რაც უნდა კარგი დაცვა განახორციელოს, მოსამართლე ნაკლებად იზიარებს მის მოსაზრებებს გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
_ ავღანელ ადვოკატებს მხოლოდ მოსამართლეებისგან ექმნებათ პრობლემები? პროკურორებთან, პოლიციელებთან არ აქვთ იგივე სახის პრეტენზიები?
_ რა თქმა უნდა, პროკურატურასთან, პოლიციასთან და განსაკუთრებით უშიშროებასთან გვაქვს პრობლემები. ადვოკატები ვიცავთ ბრალდებულებს, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ სასჯელი. ჩვენი კლიენტები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ტერორისტებად მიიჩნევიან. ექიმთან რომ მიდის ვინმე, მედიცინის მუშაკისთვის მის წარსულსა და საქმიანობას ხომ არ აქვს მნიშვნელობა? ვინც არ უნდა იყოს, ის მკურნალობს მას. ასე ვართ ჩვენც, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანმა რა სახის დანაშაული ჩაიდინა _ ვალდებულები ვართ, რომ ისინი დავიცვათ.
ჩვენს ქვეყანაში სამართალდამცველი სტრუქტურები და მოსამართლეები ადვოკატებს ასე იმიტომ ექცევიან, რომ ამ სისტემებში კორუფცია მძვინვარებს. მოსამართლე, პოლიციელი, თუ პროკურატურისა და უშიშროების თანამშრომელი, რომელიც გასვრილია კორუფციაში, არ არის დაინტერესებული, ბრალდებულის გვერდით იდგეს იურისტი, იურიდიულად მიუდგეს გარკვეულ საკითხებს და მათი კორუფციული მიზნები გამოავლინოს. ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმია, ასევე ეკონომიკური პრობლემები, ამიტომ მთავრობას არ სცალია, დაჯდეს, იმუშაოს, ადვოკატის როლი გამოკვეთოს და ურთიერთობები დაარეგულიროს. პროკურატურაში და პოლიციაში არ აქვთ გაცნობიერებული, რომ ადვოკატი დამნაშავეს კი არ ამართლებს, არამედ მის უფლებებს იცავს.
_ სამწუხაროა, რომ თქვენს ქვეყანაში სამართალდამცველ სტრუქტურებში კორუფციაა. ქართველი ადვოკატებისგან გამიგონია, რომ საქართველოშიც არის კორუფცია, მაგრამ ლეგალური. ამის მაგალითად ისინი ასახელებენ საპროცესო გარიგებებს. ამ მექანიზმით შესაძლებელია, რომ მკვლელი გარეთ დადიოდეს და პურისა და ძეხვის ქურდი ციხეში იყოს. ავღანეთშიც ხდება დამნაშავეების განთავისუფლება საპროცესო გარიგებებით?
_ კორუფციული გარიგებები ჩვენთანაც არ ხდება ღიად და ის დამალულია. პირდაპირ კი არ სთხოვენ ძალოვნები თანხებს, მათი მეგობრების, ახლობლების წრეებიდან ხდება თანხების მოთხოვნა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ციხეში მოხვდა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დამნაშავეების ნათესავები მაქსიმალურად ეძებენ მოსამართლესთან, პოლიციელებთან და პროკურორებთან მისასვლელ გზებს, საქმე რომ ჩააწყონ. ასევე ხდება ამ პროცესებში ადვოკატების ჩართვა. კორუმპირებული ადამიანები მათ ეუბნებიან, წადი, დაელაპარაკე და რაღაც თანხა გაიღონ ჩვენს სასარგებლოდ, სხვანაირად, საერთოდ არ შემოგიშვებთ სასამართლოშიო. ხდება ისე, რომ თავისი ნებით ერთვებიან კორუფციულ პროცესებში ადვოკატები და ფულის აღებ-მიცემის დროს შუამავლები ხდებიან. საზოგადოების მოთხოვნაც ასეთია: როცა ვინმე დანაშაულს ჩაიდენს და დააპატიმრებენ, მივლენ მისი ნათესავები ადვოკატთან და იურიდიულად კი არ სთხოვენ საკითხისადმი მიდგომას, განხილვას, უდანაშაულობის დამტკიცებას, არამედ ითხოვენ, რომ გამოუშვან მათი ოჯახის წევრი და ფულს გადაიხდიან. ადვოკატი იძულებულია, იგივე მოთხოვნით მიმართოს სამართალდამცველებს და შესთავაზოს ის, რასაც დამნაშავის ნათესავები სთხოვენ. ვინც კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს, მას უფრო მეტი დაინტერესება აქვს, ვიდრე იმათ, ვინც ადამიანის უფლებების აღსადგენად იურიდიული და სამართლიანი ფორმებით იბრძვის.
ოფიციალურად, საპროცესო გარიგებები ჩვენთან არ არსებობს. ავღანეთის კანონში არ დევს დანაშაულის ფულით გამოსყიდვის შესაძლებლობა, თუმცა ხომ გითხარით, არაოფიციალური აღებ-მიცემობაა გაჩაღებული. სამთავრობოთაშორისი კომისიის წევრი ვარ და იქ ხშირად დაისმება ხოლმე საკითხი ჩვენთან საპროცესო გარიგებების შემოღების თაობაზე. ბევრს უნდა მისი შემოღება, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ და ბევრი მხარდამჭერიც მყავს. ჯერჯერობით, იმას ვერ მიაღწიეს, რომ კანონში ჩაწერონ: მდიდარს შეეძლოს ფული გადაიხადოს და გამოვიდეს გარეთ, მაგრამ იგივე დანაშაულზე ფულს ვინც ვერ გადაიხდის, ის ციხეში დარჩეს. ეს თუ მოხდა, დიდი უსამართლობა იქნება და ამის დაშვება არ შეიძლება.
_ თქვენი კანონმდებლობა ამ მხრივ უფრო სამართლიანი ყოფილა, ვიდრე ჩვენი. საქართველოში ყოფილ პროკურორებს, მოსამართლეებსა და პოლიციელებს შეუძლიათ გახდნენ ადვოკატები და ისინი, სხვა მსურველების მსგავსად, გამოცდებს არ აბარებენ, ანუ სხვებისგან გამორჩეულები არიან და იოლად შეუძლიათ საადვოკატო საქმიანობის დაწყება. როგორც ამბობენ, საპროცესო გარიგებებში, უმეტესად, ასეთი ადვოკატები არიან ჩაბმული, რადგან პროკურატურის წარმომადგენლებთან მათ უფრო მეტი კავშირები აქვთ და ყოფილ თანამშრომლებსაც ადვილად დაიყოლიებენ მსგავს საკითხებზე. თქვენთან ეს საკითხი როგორ რეგულირდება?
_ კანონმდებლობის თვალსაზრისით მართლაც წავიწიეთ წინ ბოლო 15 წელია, რაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოება გვერდით დაუდგა. როცა მთავრობა რაიმე კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციები მათ დასაყოლიებლად ეკონომიკურ იძულებას მიმართავდნენ. მათ ეუბნებოდნენ, რომ დახმარებას შეუწყვეტდნენ. ჩვენს რეგიონში კანონმდებლობის კუთხით პირველ ადგილზეც კი ვართ, თუმცა რეალობა რაც არის, უკვე გითხარით. ავღანეთში არის ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა. პარლამენტიც გვაქვს, მაგრამ ძირითადი როლი მაინც პრეზიდენტს უკავია. ზეწოლაც სწორედ პრეზიდენტზე ხდება. ახლახან მოხდა ასეთი რამ: ჩვენი მთავრობა არ იყო მონდომებული, რომ სავაჭრო სფეროში ცვლილებები მიეღო, რადგან არ აწყობდა. ავღანელი ხალხისთვის ძალიან კარგი იყო ეს კანონი, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება დაგვეხმარა და გავლენა მოახდინა მთავრობაზე, პრეზიდენტზე… დაემუქრნენ, რომ შეუწყვეტნენ დახმარებას და აქედან გამომდინარე, იძულებული გახდნენ, კანონმდებლობა შეეცვალათ. ასე მივაღწიეთ იმ კანონების შემოღებას, რომელიც თქვენ მოგეწონათ და ჩვენც მოგვწონს, მაგრამ ამჯერად გვინდა, რომ ეს ყველაფერი რეალობაშიც განხორციელდეს.
ავღანეთში, ვისაც ადვოკატობა უნდა, აუცილებლად მოუწევს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება: უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, არ იყოს ნასამართლები, უნდა გაიაროს სტაჟირება და ადვოკატურაში მისაღები გამოცდაც უნდა ჩააბაროს. ერთადერთი პრიორიტეტი, რაც ყოფილ სამართალდამცველებსა და მოსამართლეებს აქვთ, არის ის, რომ მათი სტაჟირება აღარ ხდება და როცა მოისურვებენ, შეუძლიათ, პირდაპირ გამოცდაზე გავიდნენ. როცა სამართალდამცველს სამსახურიდან გაათავისუფლებენ, მას ჩვენს რიგებშიც არ ვიღებთ, რადგან ასე ვფიქრობთ: თუ სახელმწიფო არ ენდო და გამოუშვა, ჩვენთან რაღა უნდა? ანუ იმასაც გააჩნია, რა მიზეზით ხდება ადამიანი ადვოკატი. ამიტომ ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები ჩვენს რიგებში იშვიათად არიან. თავისი ნებით წამოსულს ვიღებთ, მაგრამ სასამართლოში, პროკურატურასა და პოლიციაში დასაქმებულ ადამიანებს იმ დონის იურიდიული განათლება არ გააჩნიათ, რომ ადვოკატის გამოცდა ჩააბარონ. უმეტეს შემთხვევებში ისინი ამ გამოცდებზე იჭრებიან და ადვოკატები ვერ ხდებიან. არ გეგონოთ, რომ ძალიან რთული გამოცდაა, მაგრამ ჩვენთვის უმაღლესი, კვალიფიციური განათლება არის ერთ-ერთ მთავარი პირობა ადვოკატად გახდომის.
მესმის, რომ თქვენც გაქვთ პრობლემები და ბევრი საკითხი თქვენთანაც მოუგვარებელია, მაგრამ კორუფციის მიმართულებით თქვენ არა მარტო კანონმდებლობა დახვეწეთ, არამედ მიზეზებიც მოიკვლიეთ და ამ მიმართულებით უფრო განვითარდით, რაც ჩვენთვის, ჯერჯერობით, ოცნების დონეზეა.
_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე რჩევები საქართველოში მიგეღოთ? რა ინფორმაცია გაქვთ ჩვენი ქვეყნის შესახებ?
_ საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის ორგანიზატორი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათ რამდენიმე ქვეყანა დაგვისახელეს და იქიდანაც საქართველო გვირჩიეს: ეს ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში ყველაზე წარმატებული და კარგი იქნება, მათ გამოცდილებას თუ გაიზიარებთო. ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი უცხო ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. ჩვენ გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც ცოტა ხნის წინათ ვიყავით ავსტრიაში. მათაც მოგვაწოდეს ინსტრუქცია, როგორ უნდა დავსახოთ ბრძოლის გეგმა და განვახორციელოთ. ამ პროექტზე მუშაობისას ეს ვიზიტი შემოგვთავაზეს.
_ საქართველოში 4 წლის უკან ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. მაშინდელი ოპოზიციისა და ხალხის პრეტენზიები იყო ისიც, რომ პროკურატურაში საქმეები `იკერებოდა” და უდანაშაულო ადამიანები ციხეებში იტანჯებოდნენ, სასამართლო მიკერძოებული იყო და იქ სამართალს ვერ იპოვიდი, პოლიცია ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებით იყო დაკავებული… ახალ ხელისუფლებას ეს ყველაფერი უნდა შეეცვალა, მაგრამ როგორც ადვოკატები ამბობენ, დღესაც ადგილი აქვს მსგავს დანაშაულებს. უფრო მეტიც, სამართლიანი სასამართლო, როგორც ამბობენ, ისევ არ გვაქვს…
_ ავღანეთის სამართლებრივ სქემაში ყველაზე დაბალ ფენას წარმოადგენს ადვოკატი, მერე მოდის პროკურორი, რომელიც ისეთი ძლიერი არ არის, როგორც თქვენთანაა. მოსამართლეები ყველაზე გავლენიანი ფენაა და როგორც გაუხარდებათ, შეუძლიათ, ისე გადაწყვიტონ ყველაფერი. როცა ერთმანეთს ხვდებიან, შეიძლება მოსამართლემ და პროკურორმა ერთად ისადილონ და დაისვენონ, ადვოკატი კი კუთხეში უნდა იჯდეს და ელოდოს, როდის მოიცლიან მისთვის. თუმცა თქვენგან განსხვავებით, ჩვენთან, სასამართლოზე, პროკურატურის გავლით სახელმწიფო დაკვეთები არ ხდება. მათ უკვეთენ ცალკეული პირები, ან გავლენის ჯგუფები. მოსამართლეს ვინც მოეწონება, მის მოსაზრებას გაიაზრებს. პროკურორების პრობლემა არ დგას, რადგან უფრო დიდი გავლენა ავტორიტეტულ მოსამართლეებს აქვთ. ჩვენს ქვეყანაში ყველა გასვრილია და იმის საჭიროება, რომ ვინმეს რაიმე შეუკერონ და დააბრალონ, არ დგას. სანამ მათ თამაშს თამაშობენ, მათთან პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ თუ ამ გზას გადაუხვიეს, მერე მას იმ საქმეებს ამოუქექავენ, რომელზეც ხმას არ იღებდნენ. გენერალი დუსტუნი სანამ მთავრობასთან იყო, ყველა კარგ კაცად მიიჩნევდა, მაგრამ როგორც კი პირადი ინტერესების მიმართულებით გადაუხვია, გაახსენდათ, რომ მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობდა და არაკანონიერ საქმეებს სჩადიოდა. მასზე შეგროვილი მასალები უკვე არსებობდა და არაფერი შეუკერავთ, მაგრამ სანამ მისი განადგურება არ დასჭირდათ, მანამ არ გაახმაურეს.
_ ჩვენთან ასეთი კანონი არის: პოლიციელი შეიძლება მოწმედ დაიკითხოს სასამართლოში და მისი ჩვენებების შემდეგ ადამიანი ისე გაუშვან ციხეში, არავინ სინამდვილით არ დაინტერესდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პოლიციელის ჩვენება უფრო სანდოა, ვიდრე სხვა ადამიანის, რაც იწვევს იმას, რომ პოლიციელს თუ ვინმეს დაინტერესება აქვს, ძალიან ადვილად შეუძლია, ის პატიმრად აქციოს. ავღანეთშიც შეუძლია პოლიციელს, რომ სასამართლოზე მოწმედ წარდგეს?
_ ჩვენთან პოლიციელს მოწმის სტატუსი არ აქვს. შეიძლება, მოსამართლემ მოითხოვოს მისი, როგორც დანაშაულის პირველი შემსწრის დაკითხვა, მაგრამ პოლიციელს მოწმის სტატუსი არ ენიჭება.
_ თქვენ საქართველოში შეგხვდნენ პროკურატურის თანამშრომლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი… რა მოგეწონათ მათთან საუბრისას?
_ იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლის საუბარში მომეწონა ის, რომ ისინი ყოველწლიურად ახდენენ მოსამართლეების შეფასებებს; ასევე ისაუბრეს მოსამართლეთა კომუნიკაბელურობასა და განაჩენის გამოტანის დროს მათ გულწრფელობასა და გულისხმიერებაზე _ კარგია, რომ ეს კონტროლდება; ასევე მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესების ჩაწერა რომ ხდება და ელექტრონულ სისტემაზე გადადის სასამართლო, ანუ სახლიდან შეეძლება ადამიანს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში; ასევე მომეწონა პროკურატურაში ჩამოყალიბებული საბჭო, რომელიც ზედამხედველობას უწევს მიმდინარე პროცესებს; მისაბაძია, 6-წლიანი ვადით რომ ხდება მთავარი პროკურორის არჩევა; იუსტიციის საბჭოს რომ აქვს საშუალება, დასჯის მექანიზმიც გამოიყენოს მოსამართლეების მიმართ; შეფასება რომ ხდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროცესია; ქონებრივი დეკლარაციების ყოველწლიური წარდგენა და გამოქვეყნებაც მომეწონა; იუსტიციის საბჭოსა და ეთიკის კომისიაში საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვაც საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალი იყო და აუცილებლად გავითვალისწინებთ.
_ თქვენს ქვეყანაშიც არიან პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები?
_ ჩვენთან პოლიტიკური პარტიებიც არ არის იმ სახით, როგორც თქვენთანაა. თალიბანი და მსგავსი ორგანიზაციები არ ითვლებიან პოლიტიკურ პარტიებად. ისინი არიან ჯგუფები, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობებს ეწევიან. აქედან გამომდინარე, არ გვყავს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. არის ხალხი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ისინი ხვდებიან ციხეში, მაგრამ პოლიტიკური მიმართულებების გამო არავინ იდევნება. არც მუხლი არსებობს, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ დანაშაულს და არც ასეთი პატიმრები გვყავს. გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მთავრობის საქმიანობას აკრიტიკებენ. მედია ჩვენთან თავისუფალია და იქიდან დასცინიან მთავრობას. მათი ლაპარაკი არ ისჯება. ილაპარაკონო, _ ასე უდგებიან საკითხს და პოლიტიკური კრიტიკის გამო არავის ათავისუფლებენ.
_ მე ვგულისხმობ იმას, რომ ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლას საქართველოში თან სდევს პოლიტპატიმართა ცვლილებები. ერთნი მოდიან და მეორენი მიდიან ციხეში. ახალი ხელისუფლება ძველს იჭერს და ა. შ. ამ კუთხით თქვენთან როგორი მდგომარეობაა?
_ მთავრობაში ერთი კონკრეტული ჯგუფი არ არის, ამიტომ ეს პრობლემაც ნაკლებად დგას. ჩვენი მთავრობა არის კოალიციური და მასში სხვადასხვა ჯგუფის წევრები შედიან. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე საინტერესოა ის, რომ მთავრობას ძალიან ეშინია მასმედიის. მე გითხარით, რომ ხდება ფარული გარიგებები და ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მაგრამ ეს იქამდეა შესაძლებელი, სანამ ინფორმაცია მედიაში გაჟონავს. თუ ინფორმაცია გავრცელდა, მილიონერიც რომ იყოს, ვერავინ გაბედავს, ხელი მოკიდოს მის საქმეს და სხვაგვარად შეცვალოს. მედიასაშუალებებს შეიძლება თავისი მფარველებიც ჰყავს, მაგრამ ბევრნი არიან. 34 მარტო ტელევიზიაა და ამდენის მოსყიდვას ვერავინ ახერხებს. პირველ რიგში, ხალხისთვის და მერე ადვოკატებისთვის მედია კარგი დასაყრდენია. მედიის სიძლიერის ერთ მაგალითს მოგიყვანთ: გენერალი დუსტუმ ლავე პრეზიდენტის დონის მოთამაშეა ავღანეთში. მან თავისი ერთ-ერთი ოპონენტი მოიტაცა და შიდაპატიმრობაში ამყოფებდა. ცხადია, მას რაღაც ცუდს უპირებდა, მაგრამ მეორე დღეს ინფორმაცია გავრცელდა და გატაცებულის ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ მათი ახლობელი დუსტუმმა მოიტაცა. მოუხედავად იმისა, რომ ამხელა გავლენა ჰქონდა და მთელ ავღანეთს მართავდა, დუსტუმი იძულებული გახდა, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში გამოეშვა, რადგან ყველამ უთხრა, სკანდალის ნაცვლად ჯობს, გამოუშვა და რაც უნდა, ის ილაპარაკოსო. ასე რომ, თქვენი კოლეგები დიდ საქმეს აკეთებენ.
_ ავღანეთში დოლარის კურსის საქმე როგორაა? თქვენს მთავრობასაც ხომ არ გაექცა დოლარი და ეროვნული ვალუტა არ გაუუფასურდა?
_ არა, ჩვენთან კურსს იჭერენ, რადგან ძირითადი დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოდის, დოლარიზაციის დონე ავღანეთში მაღალია და დიდი ცვლილებები არ ხდება. თუმცა სხვა სახის საფრთხეები დიდია. არავის ვურჩევ ავღანეთში წამოსვლას, თუნდაც იმიტომ, რომ მინისტრს, რომელსაც თავი ყველაფერი ჰგონია, შეიძლება, რომელიმე მოსყიდული, კამიკაზე-ადამიანი დაუდგეს გვერდით და ააფეთქოს იმის გამო, რომ მის ოჯახს 800 დოლარი გადაუხადეს. ასე რომ, იქ ადამიანები დაუცველები არიან და ძალიან საშიშია.
ნელი ვარდიაშვილი