რა დაიტოვა „ოცნებამ“ სავაჭროდ?..

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოებას ჯერ ბოლომდე არც კი გაუაზრებია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ პარტიებს უკვე ვაჭრობა დაუწყო. ვაჭრობის იარაღი მაჟორიტარები არიან, _ ყველამ ნახა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი მაჟორიტარები არ ეთანხმებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ისევ მაჟორიტარული სისტემა უნდათ. რამდენიმე მათგანი ტელევიზიითაც გამოვიდა და გულის ტკივილს ვერ მალავდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარებს, თურმე, ამერიკაშიც ირჩევენ და ჯერ ამერიკელებმა გააუქმონ და მერე გავაუქმოთ ჩვენო.

ეს გენიალური შედარება დმანისის მარადიულმა მაჟორიტარმა, „მოქალაქეთა კავშირ“ და „ნაციონალურ მოძრაობა“ გამომოვლილმა, ამჯერად, „ოცნების“ წევრმა,PSP -ს სააფთიაქო ქსელის დამფუძნებელმა, კახაბერ ოქრიაშვილმა გააკეთა, ადამიანმა, რომელსაც, ალბათ, თვითონაც აღარ ახსოვს, მერამდენეჯერ არის პარლამენტის წევრი, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ მან, მისმა კოლეგებმა და ჟურნალისტებმა თუ ვიცით. ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი უცნობია, რადგან მარადიული დეპუტატი არავის უნახავს პარლამენტში მიკროფონთან მისული, არავის ახსოვს მისი დებატები, ან, თუნდაც, უბრალო აქტიურობა პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით.  მოკლედ, ესაა ტიპური მაჟორიტარი, რომელიც პარლამენტში იმყოფება ერთადერთი მიზნით, _ თავისი ბიზნესის ლობირებისთვის. ბიზნესი რომ გარანტირებულად დაცული ჰქონდეს, მაჟორიტარი, უმჯობესია, ხელისუფლების წევრი იყოს, ამიტომ ოქრიაშვილისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოდის ხელისუფლებაში. მთავარია, ამ ხელისუფლებაში გადასვლა მოასწროს. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, ყვარყვარეს რომ ეკითხებიან, რომელ პარტიას ეკუთვნიო და ყველა პარტია მე მეკუთვნისო, რომ პასუხობს. როგორც ჩანს, ოქრიაშვილსა და მისნაირ მაჟორიტარებს არ აქვთ იმედი, რომ მომავალში პარტიულ სიაში მოხვდებიან, რადგან სიაში, ძირითადად, პოლიტიკოსები ხვდებიან და არა პოლიტიკურად არაფრის მომცემი ბიზნესმენები. მაჟორიტარული არჩევნები თუ გაუქმდა, დეპუტატობას შეჩვეული ასეთი ბიზნესმენების საჭირობა გაქრება, _ აღარ იქნება საყიდელი მაჟორიტარული ოლქები, აღარ იქნება არჩევნების წინ მოსახრეში გზა და, ზოგადად, აღარ იქნება საჭირო მაჟორიტარული ოლქის მოსაგებად ამომრჩევლის მოსყიდვა, რაშიც იყვნენ ხოლმე საჭირო ეს ბიზნესმენები. რა თქმა უნადა, ოქრიაშვილი მარტო არაა, ყველა მაჟორიტარი დღეს „ქართული ოცნებისაა“ და ყველა მათგანს 2020-შიც ისევ პარლამენტარობა უნდა.

პოლიტიკოსის გამჭრიახობა არ დაიშურა და მაჟორიტარიზმის დასაცავად ხმალი იშიშვლა მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა, დღეს კი სიით გასულმა ოცნებელმა ვიქტორ ჯაფარიძემაც. გაგიგიათ ასეთი დეპუტატი?.. არა?.. მერე რა? სამაგიეროდ, ის რამდენჯერმე იყო უკვე პარლამენტარი და კიდევ უნდა. მართალია, არც ის უნახავს ვინმეს მიკროფონთან, მაგრამ უნდა ეს დეპუტატობა და მოკალით. იმის გარანტია, რომ კვლავ სიაში ჩასვამენ, როგორც ჩანს, არ აქვს, ამიტომ ერთადერთი მოსაჭიდებელი ხავსი ისევ მაჟორიტარობაა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კვოტით.

73-ვე მაჟორიტარს დღეს ვერ ჩამოვყვებით, მაგრამ ყველამ შესანიშნავად იცის, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, სადაც, უპირველს ყოვლისა, პოლიტიკოსები უნდა ირჩეოდნენ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ბიზნესმენები კი უნდა იყვნენ ბიზნესში და თუ მაინც აინტერესებთ პოლიტიკა, მაშინ პოლიტიკურ პარტიებს უნდა აფინანსებდნენ და მხოლოდ ამ ფორმით იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მსახიობები და მომღერლები სცენაზე უნდა იდგნენ, ხოლო სპორტსმენები _ სტადიონებსა და ტატამებზე.

ახლა კი რაც შეეხება პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მაჟორიტარები ამერიკაშიც ყოფილან… ბატონმა ოქრიაშვილმა, ალბათ, არ იცის, რომ შეერთებულ შტატებში ორპალატიანი პარლამენტი აქვთ. და არა მხოლოდ აშშ-ში, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც მაჟორიტარული წესით ირჩევენ დეპუტატებს, ორპალატიანი პარლამენტი მოქმედებს ზედა და ქვედა პალატით. ქვედა პალატა, როგორც წესი, პროპორციული სისტემით დაკომპლექტებული ორგანოა, ხოლო ზედა პალატა, _ მაჟორიტარებით. და რაც მთავარია, არც შეერთებულ შტატებში, არც სადმე ევროპაში არ არსებოს ისეთი უსამართლო სისტემა, სადაც პარტიას, რომელმაც ამომრჩევლის მხოლოდ 48% მიიღო, საპარლამენტო მანდატების 80% მიჰქონდეს. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ გამორიცხულია, საქართველოში კი ეს უსამართლობა უკვე 22 წელია, ჩვეულებრივი მოვლენაა. სწორედ მაჟორიტარების წყალობით მიაქვს ყველა ხელისუფლებას დაუმსახურებელი ადგილები პარლამენტში და ამ მაჟორიტარებს უნდათ, რომ ეს დანაშაულებრივი სისტემა მხოლოდ იმიტომ შენარჩუნდეს, რომ თვითონ მუდმივად იყვნენ დეპუტატები.

თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინათ ვწერდი, რომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა საკუთარი წარმოების, ერთგვარი, „კვლევა“ წარმოადგინა მსოფლიო საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. ყველაზე საინტერესო ამ კვლევის პირველსავე გვერდზე, პირველსავე აბზაცში წერია. ვინმე რომ არ შემომედავოს, ზუსტ ციტირებას მოვახდენ:

„ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების სწორი და დაბალანსებული კონცენტრაცია. პროპორციული საარჩევნო სისტემა აღნიშნულის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს და ამის თვალსაჩინო მაგალითია ფინეთი, ბელგია, ჩეხეთი, ისრაელი, ესპანეთი და სხვა…“

როგორია, ჰა?.. ხომ არის პოლიტიკური ანალიზის შედევრი?.. როგორც „ოცნებაში“ გენიალურად ამბობენ ხოლმე, ჩაანალიზებულია.

რატომ გავიხსენე ახლა ეს შედევრი? იმიტომ, რომ მისი ავტორი სწორედ ბატონი ოქრიაშვილია, რომელიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოში კვლავ ყველაზე უსამართლო საარჩევნო სისტემა იყოს დამკვიდრებული მსოფლიოში, სადაც  მანდატების ქურდობა კანონითაა დაშვებული.

ერთია „ოცნებისტი“ მაჟორიტარების დაუოკებელი სურვილი, ისევ მაჟორიტარები გახდნენ და მეორეა ხელისუფლების მხრიდან ამ მაჟორიტარების სავაჭროდ გამოყენების გეგმა. როგორც ნახეთ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მტკივნეულად განიცადა ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირება. როგორც კი ხელისუფლება კომისიაში მარტო დარჩა, „ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ კომისიას აზრი დაეკარგა და მაშინვე პოლიტიკური ოპონენტების ლანძღვაზე გადავიდნენ, პოლიტიკურ ლანძღვას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: ავანტიურისტები, „საბოტაჟნიკები“, უმწიფრები და ა. შ. გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო კომისია და „ოცნებაზე“ გამოჭრილი კონსტიტუცია არ „გაუპრავეს“, ოპოზიციის „დასჯა“ გადაწყვიტოს. სადამსჯელო გეგმა კი შეიძლება ასეთი იყოს: როგორც კი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის განხილვა დაიწყება, უცებ გაირკვევა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვეღარ აგროვებს; რომ მაჟორიტართა გარკვეული ნაწილი, მაგალითად, პატარა ჯგუფი, ოქრიაშვილის მეთაურობით, პარტიულ დიციპლინას არ ემორჩილება და უარს აცხადებს პროპორციული სისტემისთვის ხმის მიცემაზე. უმრავლესობის ლიდერები კი, ამ დროს, ხელებს შლიან და ნახევრად შეშფოთებული სახეებით იძლევიან კომენტარს, _ რა ვქნათ, მაჟორიტარების ნაწილს თავისი პრინციპული პოზიცია აქვს და მათ გარეშე საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გროვდებაო. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს საპარლამენტო ოპოზიციას, _ თქვენს ხმებს თუ მოგვაშველებთ, პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, თუ არადა, მაჟორიტარულზე დავრჩებითო. საპარლამენტო ოპოზიცია ისტორიული არჩევანის წინაშე დადგება (ისტორიული იმიტომ, რომ ქვეყანა ოც წელიწადზე მეტია, ამ სისიტემის გასაუქმებლად იბრძვის), მისცეს თუ არა ხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას?.. ოღონდ ისეთ სისტემაზე, სადაც ყველაფერი „ქართულ ოცნებაზეა“ მორგებული; სადაც ყველა გადაუნაწილებელი მანდატი „ოცნებას“ მიაქვს; სადაც პარტიებს ბლოკების შექმნა ეკრძალებათ, ხოლო ბარიერი ისევ ხუთი პროცენტია; სადაც პრეზიდენტი აღარაა პირდაპირი წესით არჩეული და ა. შ., ანუ მისცეს ხმა სრულიად უსამართლო, მაგრამ მაინც პროპორციულ სისტემას?.. თუ უარი განაცხადოს და ქვეყანა კიდევ უარეს, 73 მაჟორიტარის პირობებში  დატოვოს?

ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით კომისიის საყოველთაო ბოიკოტირების შემდეგ, ღირსების საკითხია, აიძულოს ოპოზიცია, კონსტიტუციას ხმა მისცეს. ოპოზიციის მცირე ნაწილმაც რომ  მისცეს ხმა კონსტიტუციას, „ოცნება“ ერთპარტიულობის დამღას მოიშორებს და „ვენეციის კომისიას“ უპატაკებს, _ კონსტიტუცია პოლიტიკური კონსენსუსით მივიღეთო. მიზნის მისაღწევად ხელისუფლებისთვის ნებისმიერი ოპოზიციური ფრაქციის მხარდაჭერა მისაღები იქნება, თუმცა ორიდან ერთი „ნაციონალის“ მიმხრობა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. გარიგების ყველაზე მეტი შანსი ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ბოკერიას „ნაციონალებთან“ აქვს. „გაპრავებული“ საპარლამენტო არჩევნები და ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ციხიდან გამოშვებული გიგი უგულავა, სწორედ, ამაზე მეტყველებს. არაა გამორიცხული, მორიგი სამსახურისთვის ბოკერია დააჯილდოონ და ვანო მერაბიშვილის, ჯერ კიდევ, თებერვალში დაანონსებული განთავისუფლება, ივნისში ვიხილოთ, ან მესამე მოსმენის შემდეგ შემოდგომაზე. შესაძლოა, ყოველივე ზემოთქმული, მხოლოდ მოსაზრებებად დარჩეს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები მშვიდად და ტკბილად რომ არ ჩაივლის, ამას მარჩიელობა ნამდვილად არ სჭირდება. ხელისუფლება მაჟორიტარების კარტის გათამაშებას და მათი პოზიციით ვაჭრობას რომ შეეცდება, ეს უკვე გამოჩნდა. სავაჭროდ „ოცნებას“ კიდევ რამდენიმე კოზირი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებში გადამალული. პირველია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების ძალაში შესვლის ვადები. როგორც ცნობილია, თავიდან ხელისუფლებას პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა უკვე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2018 წელს უნდოდა. თუმცა ეს ასე იოლად არ გამოვიდა. ჯერ ერთი, ეს იდეა საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა, მეორე ის, რომ „ვენეციის კომისიამ“ კითხვა დასვა, _ რას ერჩით პრეზიდენტის არჩევის წესსო?.. და მესამე, ძალიან ჰგავდა ყველაფერი მარგველაშვილზე შურისძიებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ოცნებაში“ გადაწყვიტეს, შეერბილებინათ პოზიციები და პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება 2023 წლისთვის გადადეს, თან დაგვაყვედრეს, _ აი, ნახეთ, როგორი კომპრომისი გავაკეთეთო… პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ უფრო შორს წავიდა და პრეზიდენტს დაემუქრა, თან რამდენჯერმე, _ ჭკვიანად თუ არ მოიქცევი, 2018-შივე გავაუქმებთო. თუმცა, როგორც ჩანს, თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. რამდენიმე დღის წინათ ირაკლი კობახიძემ ნათლად მიანიშნა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის არჩევის წესით ვაჭრობას სერიოზულად აპირებს. გასული კვირის ბოლოს კობახიძემ სრულიად უაპელაციოდ დაადანაშაულა პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები მორიგ კონსპირაციულ შეთქმულებაში. თუ ერთი თვის წინათ ეს ორი „ბნელი“ ძალა საკონტიტუციო კომისიის წინააღმდეგ ხლართავდა რაღაც ინტრიგებს, ამჯერად მათი სამიზნე პარლამენტი გამხდარა. შეშფოთებული თავმჯომარის მუქარამაც არ დააყოვნა და კიდევ ერთხელ დაუქნია თითი კონსპირატორებს. თუ ჭკუით არ მოიქცევით, პრეზიდენტს 2018-შივე დავნიშნავთ ხმოსნების კოლეგიით, დებატების გარეშეო. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში და არც გარდამავალ მუხლებში, ვადებთან დაკავშირებით, არაფერი წერია, ადვილი მისახვედრია, რომ „ოცნება“ ამით კიდევ ბევრჯერ ივაჭრებს.

ასევე სავაჭრო თემად შეიძლება იქცეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადებიც. არც ამის შესახებ წერია რამე პროექტში. მით უმეტეს, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე 2024 წელიც გაჟღერდა. ასე რომ, თუ მაჟორიტარებთან დაკავშირებული გეგმა A არ იმუშავებს, ხელისუფლებას თადარიგში აქვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადებზე გათვლილი გეგმა B.

ამ გეგმების მოგონება ხელისუფლებას მას შემდეგ დასჭირდა, რაც  საყოველთაო ბოიკოტმა საკონსტიტუციო კომისიას აზრი დააკარგვინა. „ოცნებაში“ ცხელ გულზე ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რომელსაც მხოლოდ სულელურს ვერ უწოდებ, ეს უფრო კანონდარღვევად შეიძლება შეფასდეს. საუბარია კობახიძის ბრძანებაზე, რომლითაც საკონსტიტუციო კომისიის წევრობიდან გაათავისუფლეს ყველა ის ოპოზიციონერი წევრი, რომელმაც კომისიას პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა. ასეთი შინაარსის ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ საბოლოო კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე გამოსცა და მხოლოდ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვა. მოკლედ, როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. რა კანონი, რის კანონი? მერე რა, რომ ეს კანონის დარღვევაა? მერე რა, რომ კომისიის წევრის გასათავისუფლებლად ან მისი პირადი განცხადება უნდა არსებობდეს, ან მისმა წარმდგენმა პარტიამ კომისიიდან მისი გამოწვევა უნდა მოითხოვოს? არ აინტერესებს კანონი პარლამენტის თავმჯდომარეს და არც ის ადარდებს, კანონის დარღვევისთვის პასუხს მოსთხოვს თუ არა ვინმე. როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ კულულიც არ ჩამოუვარდება. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი სწყალობს.

და მაინც, რა საჭირო იყო ისედაც უმცირესობაში მყოფი ოპოზიციის კიდევ უფრო შემცირება კომისიაში?.. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, _ კენჭისყრაზე საკითხების გასატანად, კვორუმის დაწევა დაგვჭირდაო. ანუ 73-წევრიან კომისიაში კვორუმი 37-ია, ნახევარზე მეტი. 13 ოპოზიციონერი წევრის ამოგდების შემდეგ კვორუმიც, ბუნებრივია, შემცირდა და 31 წევრი შეადგინა. ნუთუ, „ოცნებას“ ისე გაუჭირდა პარტიულ დისციპლინაში, რომ, უმრავლესობაში ყოფნის მიუხედავად, ცვლილებების გასატანად მაინც კვორუმის დაწევა დასჭირდა და ამისთვის კანონის დარღვევასაც არ მოერიდა? ეს კი უკვე სერიოზულ შიდა აშლილობასა და შეუთანხმებლობაზე მიუთითებს. მკითხველისთვის უფრო მარტივი რომ იყოს იმის გაანალიზება, რა გააკეთა ირაკლი კობახიძემ თავისი ბრძანებულებით, გეტყვით, რომ ეს იგივეა, პარლამენტარი, რომელმაც, პროტესტის ნიშნად, პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა კანონს, ან სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტართა სიიდან ამოშალოს და დეპუტატობა ჩამოართვას. საინტერესოა, რას გადაწყვეტს სასამართლო, რომელსაც ოპოზიცია აპირებს, მიმართოს? სიმართლე ვთქვათ, ოპოზიციის სარჩელი რომც დაკმაყოფილდეს და კობახიძის ბრძანება უკანონოდ გამოცხადდეს, საკონსტიტუციო კომისია თავიდან მაინც ვერ შეიკრიბება და კენჭისყრას თავიდან ვერ ჩაატარებს, მაგრამ იმას ხომ მაინც დაინახავს ჩვენი ახალგაზრდა და გამოუცდელი პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ეს ქვეყანა მისი სათამაშო არაა და ჯერ ასჯერ უნდა გაზომო და მერე გაჭრა, მით უმეტეს, როცა კანონის დარღვევას აპირებ?

იმის ფონზე, რომ ხელისუფლება არც კანონის დარღვევას ერიდება და არც, ერთპარტიულად, კონსტიტუციის საკუთარ თავზე გამოჭრას, ერთადერთი, რისი იმედიც დარჩა, ესაა „ვენეციის კომისიის“ კრტიკული დასკვნა. რამდენიმე კვირის წინათ თბილისში ვიზიტით მყოფმა „ვენეციის კომისიის“ სამუშაო ჯგუფმა, როგორც ჩვენი სანდო წყარო იუწყება, ოპოზიციასთან შეხვედრისას მკაფიოდ გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებასთან დაკავშირებით. მათთვის ასევე მიუღებელია ყველა გადაუნაწილებელი მანდატის პირველ ადგილზე გასულისთვის მიკუთვნება. ამ ფორმულას  ინგლისურად ქვია:The winner takes all … ანუ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. ეს ფორმულა ცივილიზებული სამყაროსთვის კატეგორიულად მიუღებელია. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც „ვენეციის კომისია“ საარჩევნო სისტემის ცვლილებისას იძლევა, ესაა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის აუცილებლობა. დაუშვებელია, მხოლოდ ერთმა პარტიამ შეიმუშაოს და დაამკვიდროს წესები, რომლითაც მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იმოქმედოს. როცა სახელისუფლებო პარტია საკუთარ ინტერესებს არგებს საარჩევნო სისტემას და ცდილობს, ამით ხელოვნურად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, ამას იმავე ცივილიზებულ სამყაროში ავტორიტარიზმს უწოდებენ. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობამ „ვენეციის კომისიას“ შესანიშნავად დაანახვა, რომ არავითარი პოლიტიკური თანხმობა და კონსენსუსი საქართველოში არ მიღწეულა, ოპოზიციის არც ერთი მნიშვნელოვანი წინადადება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ გაზიარებულა. შედეგიც შესაბამისი დადგა, _ საყოველთაო პოლიტიკური ბოიკოტი და ერთი პარტიის მიერ ჩატარებული კენჭისყრა. „ვენეციის კომისიისთვის“ სურათი ნათელია, მთავარია, რა დოზით ჩაერევა კომისიის გადაწყვეტილებაში პოლიტიკა და რამდენად პოლიტკორექტული იქნება დასკვნა? მიუხედავად იმისა, რომ „ვენეციის კომისია“ სარეკომენდაციო ორგანოა და არა ბრძანების გამცემი, მისი რეკომენდაციები მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, „ვენეციის კომისია“ ევროსაბჭოს სტრუქტურაა და თუ მისი რეკომენდაციები უყურადღებოდ დარჩა, ამის შესახებ აუცილებლად გაჩნდება კრიტიკული ჩანაწერი ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაში, ეს რეზოლუციები კი, ამ ბოლო დროს, არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

ყოველ შემთხვევაში, ყველას გვახსოვს, რომ „ოცნების“ ლიდერები საზეიმოდ დაგვპირდნენ, რომ „ვენეციის“ კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთო. ვნახოთ, ერთი თვეც მალე გავა.

სანამ ვენეციიდან დასკვნა ჩამოვა, ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა აქვს ჩასატარებელი. ვინმეს შემთხვევით არ ეგონოს, რომ ამ განხილვას რამე საერთო აქვს მოსახლებასთან და ხალხის აზრთან, არა _ ესაა ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელსაც თქვენი მონა-მორჩილი არაერთხელ დასწრებია, როგორც ჟურნალისტი. უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ უსახური სანახაობაა. იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაატაროს, სხვადასხვა ქალაქის მერებსა და გამგებლებს დავალება ეძლევათ, 30-40-ადგილიანი დარბაზები იქირაონ, რომლებიც „ოცნების“ აქტივისტებით უნდა შეავსონ. ეს, ძირითადად, გამგეობის თანამშრომლების ხარჯზე ხდება. შეკრებილებს კი პარლამენტიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები უყვებიან, თუ რაოდენ  მნიშვნელოვან და კარგ საკონსტიტუციო ცვლილებას იღებს ხელისუფლება. საბოლოო ჯამში, კრება რჩება მხიარული, რადგან ყველა ბედნიერია, საპარლამენტო უმრავლესობაც, რომელმაც „განხილვა“ ჩაატარა და შეკრებილი საზოგადოების წევრებიც, რომლებმაც გამგებლის დავალება პირნათლად შეასრულეს და მშვიდად შეუძლიათ სამსახურში დაბრუნება.

პრობლემა ისაა, რომ სწორედ ასეთი ვითომ განხილვები, ვითომ ქვეყნისთვის სასარგებლო საკონსტიტუციო ცვლილებები, ვითომ საკონსტიტუციო კომისიები და ვითომ პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილი საკითხები, საბოლოო ჯამში, ნათლად წარმოაჩენს, რომ ქვეყანაც ვითომ იმართება და ქვეყნის სათავეშიც ვითომ ხელისუფლება დგას. თუ საით მივყავართ ასეთ მმართველობას, ორჯერ უკვე ვნახეთ. როგორც ჩანს, მესამე სერიაც დაგვრჩა სანახავი. არადა, ამბობენ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ,  სულელები კი თავისაზეო. საინტერესოა, ჩვენ რა გვჭირს ასეთი, საკუთარ შეცდომებზეც რომ ვერ ვსწავლობთ ვერაფერს(?!!).

 

დემნა ვეშაპიძე