რატომ ხვდება ტრამპი პუტინს?

16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაიმართება პირველი სრულყოფილი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის „მარად პრეზიდენტ“ ვლადიმირ პუტინს შორის. ისინი მანამდეც „გადაკვეთილან“, მაგრამ ისე… „ალაფურშეტებზე“.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ადგილი. რატომ ჰელსინკი? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის ეპოქიდან დაწყებული, მოსკოვში ფინეთის დედაქალაქს განიხილავდნენ, როგორც „ნეიტრალურ ლოკაციას“ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მიმდინარე „ცივ ომში“.
ერთი შეხედვით უცნაურია, ხომ? განა ფინეთი „კაპიტალისტური სახელმწიფო“ არ იყო? ან განა შვეიცარია ასევე „ნეიტრალური“ სახელმწიფო არ არის? დიახ, მაგრამ ფინეთს შვეიცარიასთან ის უპირატესობა ჰქონდა (წითელი იმპერიის ხელმძღვანელთა თვალში), რომ ამ ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „სტალინის რუსეთთან“ (აი, „საბჭოთა კავშირი“ რომ ერქვა) გააფორმა საგანგებო ხელშეკრულება, რითაც შეიქმნა გეოპოლიტიკური ფენომენი, რომელსაც „ფინეთიზაციას“ უწოდებდნენ. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ გასული საუკუნის 1950-იან წლებში შიშნეულ, კაპიტულანტურ, შემრიგებლურ დამოკიდებულებას აგრესიული მეზობლის მიმართ. შვეიცარიელებს კი ამგვარი ხელშეკრულება სსრკ- სთან არ გაუფორმებიათ… ალბათ იმიტომ, რომ მასთან ომი არ წაუგიათ, პატარა ფინეთისგან განსხვავებით.
აქედან თითქმის 100%-იანი სიზუსტით შეიძლება დავასკვნათ, რომ „ჰელსინკში შეხვედრა“ სწორედ რუსული მხარის მოთხოვნა იყო და არა _ ტრამპის იდეა.
ისე, სხვათა შორის, 2008 წლის „დღენახევრიანი ომის“ დასრულების შემდეგ, ამერიკის სამხედრო შტაბების გაერთიანებული კომიტეტის (იგივე „გენერალური შტაბის“) უფროსმა რუსეთის გენშტაბის უფროსს შეხვედრა შესთავაზა და ეს უკანასკნელიც, მხოლოდ და მხოლოდ, ჰელისინკში დასთანხმდა ამგვარ „სამხედრო სამიტს“.

***
რა ძალა დაადგა ასეთი ტრამპს, რომ პუტინს ხვდება? მით უმეტეს ისეთი წინაპირობებით, რომ გასაოცარ განცხადებებს აკეთებს: „ყირიმი რუსულია, რაკი იქ რუსულად ლაპარაკობენ“, ხოლო დამაზუსტებელ კითხვას: „პუტინთან შეხვედრის მერე მზად იქნებით თუ არა ოფიციალურად აღიაროთ, რომ ყირიმი რუსულიაო?“ პასუხობს: „ვნახოთ“.
წარმოგიდგენიათ? _ „ვნახოთო“!
კი, ტრამპს ყირიმის „რუსულობას“ არავინ აღიარებინებს არც ამერიკაში და არც ევროპაში. ეს გამორიცხულია! ისიც ნათელია, რომ ამგვარი განცხადებები დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინის „დასაბოლებლად“ სჭირდება; თუმცა ამგვარი „დაბოლებით“ უკრაინელებს გული უკვდებათ, თანაც უკრაინაში პრორუსული ძალები უფრო ძლიერდებიან. უკრაინელები კი ამბობენ: „ამერიკამ მიგვატოვა და ისღა დაგვრჩენია, მოსკოვს ჩავბარდეთო“.
მით უმეტეს, დონალდ ტრამპს ხომ ისედაც ლამის იმპიჩმენტით ემუქრებიან მტრები ამერიკაში: ამტკიცებენ, თითქოს პუტინის „ტროლთა არმიამ“ და სპეცსამსახურებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი მის გაპრეზიდენტებაში და იმასაც კი ამბობენ: „პუტინს ვიდეოკომოპრომატი აქვს ტრამპზე: თუ როგორ ერთობოდა მოსკოვში ყოფნისას 2000-დოლარიან პუტანებთან ელიტური სასტუმროს იმ საწოლზე, სადაც მანამდე პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ცოლი ისვენებდნენო.
თან ამ ვიდეოს (იმავე წყაროთა მტკიცებით) „ვერცხლისფერი წვიმაც“ აღუბეჭდავს ტრამპისა და „გოგონების“ მონაწილეობით.
ხოლო ეს „ვერცხლისფერი წვიმა“ რას ნიშნავს, ამის ახსნა აქ უხერხულიც კია.
შესაძლოა, ყოველივე პირწმინდა ტყუილიც იყოს (დიდი ალბათობით, ტყუილია!), მაგრამ ხომ ამბობენ ამას და უარესებს ტრამპის ამერიკელი მტრები?
მაშ, რა ჯანდაბა უნდა ჰელსინკში?

***
რა უნდა და… ბიზნესმენია, ამიტომ სულ „გაცვლები“ ელანდება… „დიდი და მცირე გაცვლები“, „ყიდვა-გაყიდვები“, „ბიზნესგარიგებები“… იმ აზრით, რომ გეოპოლიტიკას უყურებს, როგორც წარმატებული, „მტაცებელი“ ბიზნესმენი.
ნორმალური ბიზნესლოგიკაა: „ვიყიდო იაფად, გავყიდო ძვირად“. ანუ ტრამპი, რასაკვირველია, რეალურად არ აპირებს არც ყირიმის „ცნობას“ რუსეთის ფედერაციის ნაწილად, არც საქართველოს „გაყიდვას“, არც ბაშარ ასადის პირსისხლიანი რეჟიმის აღიარებას, არც სანქციების გაუქმებას რუსეთის წინააღმდეგ… ვიმეორებ: რომც უნდოდეს, ამას არ გააკეთებინებენ _ ამერიკა არ არის რუსეთი, ერთმა კაცმა მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგრამ იმედი აქვს პუტინის მხარდაჭერისა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბირთვული იარაღის შემცირება (ეს ყველა ამერიკელი პრეზიდენტის საყვარელი PR-თემაა), ასევე ირანის ბირთვული პროგრამა, ჩრდ.კორეა და ა. შ.
რეალურად, პუტინი მხოლოდ ბირთვული იარაღის შემცირებას თუ დაუთმობს, რადგან ამჟამად 10 000 ბირთვული მუხტი აქვს, რომელთა გამოყენებით რუსეთს (ისევე როგორც ამერიკას) 20-ჯერ(!) შეუძლია მოსპოს ყოველი ცოცხალი დედამიწაზე.
თუ ამ არსენალს 5000 მუხტამდე შეამცირებენ, მაშინ შეეძლებათ ათჯერ ზედიზედ მოსპონ დედამიწა და… რა მნიშვნელობა აქვს, ოცჯერ იქნება, ათჯერ თუ ორჯერ?
რაც შეეხება სირიას, ჩრდ.კორეასა და ირანს, აქ არანაირ დათმობაზე პუტინი არ წავა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ამერიკა უკრაინას (და საქართველოს, როგორც კავკასიის გასაღებს) არ ჩააბარებს, რასაც ტრამპი არ გააკეთებს და არც გააკეთებინებენ.
და პუტინს რაღა უნდა ჰელსინკში?
ეს ბევრად იოლი კითხვაა: ამერიკის პრეზიდენტისთვის ოფიციალურ, სრულფასოვან შეხვედრაზე „ხელის ჩამორთმევა“ პუტინისთვის „დასავლური იზოლაციის“ გარღვევა და საკუთარი რეჟიმის „გაპრავებაა“!
ამას კი ნამდვილად მიაღწევს „ნეიტრალურ“ ჰელსინკში დემოკრატიული სამყაროს ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევით.

მალხაზ ჩაჩავა