რატომ სცემენ საქართველოში ექიმებს, რატომ მალავენ ამ ფაქტებს და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?!

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტმა მკურნალი ექიმი სცემა. ექიმს თვალზე შვიდი ნაკერი დაადეს და ეს ამბავი ისე მიიჩქმალა, რომ არა ექიმთა დაცვის ასოციაციისა და „ქრონიკა+“-ის ჩართულობა, ვერც ამ ინტერვიუს მივიღებდით.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნაცემ ექიმ ნოე ბერიშვილთან:
_ კლინიკაში პაციენტი კერძო კატასტროფის ბრიგადამ, დაახლოებით, 11:30 სთ-ზე მოიყვანა, პროცედურა კლინიკასთან შეთანხმებული იყო. შემოიყვანეს გრიპით. უმცროსი ექიმი ანამნეზის გამოსაკითხად მივიდა. პასუხისმგებელი პირი იმ მორიგეობაზე მე გახლდით. შემოსვლიდან ორი წუთი არ იყო გასული (ამ დროს პაციენტს ჩემი ექიმი, შალვა ბესტავაშვილი ესაუბრებოდა), რომ არასასიამოვნო საუბარი და რაღაც ხმაური მესმის. მივედი და ჩემს ექიმს ვეკითხები, _ რა ხდება-მეთქი? რაზეც ექიმისგან ვიღებ პასუხს (პაციენტმა თვითონ არ მიპასუხა), _ პაციენტი ირწმუნება, თავის ტკივილები მაქვს და მორფი გამიკეთეთო.
_ ანუ მორფს მოითხოვდა?
_ დიახ, პირდაპირ ამ სიტყვებით. მე ვუთხარი, რომ მორფის გაკეთება ასე არ ხდება-მეთქი. პაციენტმა დაიწყო, _ აბა, რა უნდა გამიკეთოთ, ტორადოლი მაქვს დალეული და შენ რა უნდა გამიკეთო ამაზე ძლიერიო?! ექთანს მითითება მივეცით, რომ პაციენტისთვის ტკივილგამაყუჩებელი გაეკეთებინა, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა, _ მორფი გამიკეთეთო!
_ არ აუხსენით, რა დროს კეთდება მორფი?
_ რა თქმა უნდა. მიპასუხა, _ მე ვღიზიანდები შენი ლაპარაკით და საერთოდ ნუ მელაპარაკები, თუ არა, ავდგები და წავალო. ვუპასუხე, _ მორფს არ გაგიკეთებ და ამიტომ უნდა წახვიდე-მეთქი?! თან, ვეკითხებოდი, რა აწუხებდა. პასუხად ვიღებდი, _ ნუ მელაპარაკებიო. ვუხსნიდი, რომ ჩემი მოვალეობაა, ანამნეზი გამოგკითხო-მეთქი. მითხრა, რომ ჰაიმორიტი მაქვს, რენტგენიც გადავიღეო. ავუხსენი, რომ მაშინ ჰაიმორიტზე სჭირდებოდა მკურნალობა, ანტიბიოტიკოთერაპია და პირველ რიგში ყელ-ყურის ექიმის კონსულტაცია. გამოვედი, უმცროს ექიმსა და ექთანს ვუთხარი, რომ სისხლის საერთო ანალიზი აეღოთ, კვლევები ჩაეტარებინათ, გაესინჯათ წნევა, პულსი და სიტუაცია მონიტორინგზე აეყვანათ. საორდინატოროში შევედი. კარი ღია მქონდა, პირდაპირ ვუყურებდი ობსერვაციას, სადაც პაციენტები იწვნენ.
_ სიტუაცია როდის დაიძაბა?
_ უცებ ყვირილი მესმის, _ ახლა თუ ავდექი და შემოგივარდით მანდ, დაგილეწეთ თავ-ყბას და თქვენ დაგჭირდებათ მორფიო! შეიგინა კიდეც. ამ შეგინებაზე გავედი და ვკითხე, _ ვის ეუბნები-მეთქი? და _ შენ გეუბნებიო (რაღაც ძველბიჭურად). დაცვას დავუძახე. ვუხსნით, _ დამშვიდდით, ხომ უნდა ავიღოთ ანალიზები-მეთქი. ახლოს ჩამოვუჯექი და სიტუაცია განვუმარტე, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ აქვს, უფრო აგრესიული ხდება და შეურაცხყოფაზე გადადის. ავდექი, უნდა გამოვიდე, ვტრიალდები და ამ დროს თვალში ხელი მომარტყა. ქუთუთო გადამისკდა და სისხლი წამომივიდა. როცა გადავვარდი, გვერდით პაციენტ გოგონას დავეცი და ის საწოლიდან გადავარდა. ყბა-სახის ქირურგმა ნაკერები დამადო. დაცვა მეუბნებოდა, _ როცა გადავარდი და წაიქეცი, კიდევ იწევდა შენკენო. მერე დედამისი მოვიდა, _ ბავშვს თავი სტკიოდა და რა მოხდა, მორფი რომ გაგეკეთებინათო. იმიტომ არსებობს მორფი საავადმყოფოში, რომ ავადმყოფს გაუკეთდესო. დედამისი და თიკა ჯამბურია აქტიურობდნენ ძალიან.
_ თიკა ჯამბურია როდის მოვიდა?
_ თიკა ჯამბურია საერთოდ არ გვინახავს თვალით. გარეთ იყო, სიგარეტს ეწეოდა და აქეთ-იქით დადიოდა. შიგნით არ შემოუშვეს, ამ დროს დაცვისგან დაჟინებით მოითხოვდა, შემიშვით, შიგნით ჩემი საქმრო წევსო. მოგვიანებით, თიკა ჯამბურიამ განცხადება გააკეთა, როცა რევაზ ნასიძე შემოიყვანეს, ის ვითომ შიგნით იწვა ობსერვაციაში, გადასხმაზე იყო მოსული და ყველაფერი თავისი თვალით ნახა. მოკლედ, ვითომ გადასხმას იკეთებდა და თავისი ყურით მოისმინა და საკუთარი თვალით ნახა, რომ ჩვენი პაციენტი (ეს ბიჭი, რომელსაც არ იცნობს) არაფერ შუაში იყო, ნარკოტიკს არ ითხოვდა, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელს და 10-13 სთ-მდე უპატრონოდ იყო. როგორც ჩანს, მას არ განუმარტეს მუხლი ტყუილი ჩვენების მიცემაზე. როგორ იკეთებდა გადასხმას, როცა კამერებში ჩანს, როდის მოვიდა და სად იმყოფებოდა და კიდევ, არანაირი ავადმყოფობის ისტორია არ აქვს გახსნილი. ჩემი ადვოკატი აუცილებლად აღძრავს საქმეს ამ ტყუილ ჩვენებაზე და მას მოუწევს დაამტკიცოს, სად იკეთებდა გადასხმას და საქვეყნოდ მოიხადოს ბოდიში.
_ პოლიცია ვინ გამოიძახა?
_ პოლიცია საავადმყოფოს დაცვამ გამოიძახა. როცა პოლიცია მოვიდა, ინციდენტი დასრულებული იყო. მე ნაკერების დასადებად ვიყავი გასული სხვა განყოფილებაში. პოლიციამ ყველა გამოგვკითხა: მეც, სხვებიც, პაციენტებიც, ვინც იქ ვიყავით. მერე გამომძიებელი მოვიდა. რევაზ ნასიძე სახლში გაუშვეს. როცა ერთ-ერთმა ექიმმა იკითხა, როგორ გაუშვით სახლშიო, გამომძიებელმა უპასუხა, რაც მიბრძანეს, ის გავაკეთეო, ანუ პროკურორმა როგორც მითხრაო. ეს ყველას გაუკვირდა. მე რომ ანალოგიური გამეკეთებია, სახლში ვინ გამიშვებდა? _ დამაკავებდნენ. მოწმეები იყვნენ როგორც პაციენტები, ისე სამედიცინო პერსონალი.
_ რამდენი ნაკერი დაგადეს?
_ შვიდი ნაკერი. სახეზე ჰემატომა მაქვს. ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ვიყავი, ტვინის შერყევა მქონდა მსუბუქ ფორმებში. გონების დაკარგვის ეპიზოდიც დაფიქსირდა. მეორე თვალზე ბავშვობაში ტრავმა მაქვს მიღებული, მხედველობა დაქვეითებულია, 60-70%-ია მხოლოდ.
_ ანუ ჯანმრთელ თვალში მოგარტყეს და დაგიზიანეს?
_ დიახ.
_ თქვენი მეუღლე მუშაობს?
_ არა.
_ ე. ი. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თქვენ ხართ?
_ დიახ. ამ შემთხვევის შემდეგ სულ მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ხომ არ დავიჭერთ და ცხოვრება არ დაუნგრიოთ ბიჭსო. არც მე მაქვს ეს მიზანი, რომ ვინმე დავიჭირო, მაგრამ მცემეს და გავჩუმდე?
_ რას მოითხოვთ?
_ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს ყველა ექიმისა და ჩემ წინაშე. სიმართლე აღიაროს. მე არ ვიცი, ეს ბიჭი რას ამბობს. ვიცი მხოლოდ დედამისის კომენტარი: „ეს არის სამედიცინო პერსონალის დანაშაული, ყურადღება არ მიაქციეს და ბავშვი გაღიზიანდა“. მისი ახლობლებიც გვადანაშაულებდნენ სამედიცინო პერსონალს, _ ბიჭი მორფს არ ითხოვდაო.
_ თვითმხილველთა ჩვენებები?
_ როგორც ვიცი, 15 კაცია დაკითხული და ყველა წერს, რომ პაციენტი მორფს ითხოვდა და არაერთხელ, რამდენჯერმე.

ნოე ბერიშვილის უფლებებს სასამართლოში დაიცავს ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია „დაიცავი ექიმი“.
„ქრონიკა+“ მის თავმჯდომარე სალომე ლოლუას გაესაუბრა:
_ ნოე ბერიშვილის უფლებებს ჩვენი ასოციაცია დაიცავს როგორც სამართლებრივ, ისე არასამართლებრივ ჭრილში. ჩვენ მას უკვე ავუყვანეთ ადვოკატი და ამ ეტაპზე საქმეში ექსპერტების ჩართვას ვაპირებთ. არ მინდა, გამოძიებას ხელი შევუშალო, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს გზადაგზა მოგაწვდით. როდესაც ექიმის ღირსებას შეურაცხყოფენ, იგი თანდათან კარგავს იმ თვისებებს, რაც საერთოდ ექიმს უნდა ჰქონდეს. ყველაზე კატასტროფული ის არის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა პაციენტებისგან ნაცემი და შეურაცხყოფილი ექიმების რაოდენობა. ამ ეტაპზე ჩვენი ასოციაცია რამდენიმე საკითხზე მუშაობს და ძალიან გვიხარია, რომ ამ სფეროში არსებული მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, ექიმების დიდი ნაწილი მაინც დარჩა თავისი პრინციპების ერთგული.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის პრობლემების სათავე?
_ ალბათ, გახსოვთ პერიოდი, როდესაც ყველა ტელესიუჟეტი იწყებოდა იმით, რომ ექიმები არიან გულგრილები, არაპროფესიონალები, მკვლელები და ა. შ. რატომღაც, არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ ეს პაციენტებსა და მედპერსონალს შორის სერიოზულ ბზარს აჩენს. ამ ხნის მანძილზე ცოტას თუ მოსვლია აზრად, რომ ექიმებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა. არ შეიძლება, ექიმმა მუდმივი შიშის ქვეშ იცხოვროს. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი უფლებების დაცვა.
_ თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოში პაციენტი ბევრად ინფორმირებულია, ვიდრე ექიმი.
_ სხვათა შორის, პირველი კვლევა ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა, სადაც მედმუშაკთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ მათ კარგად ესმით ყოველდღიურ პრაქტიკაში საკუთარი უფლებების ცოდნის მნიშვნელობა, მაგრამ… არ იციან. ანდა, საიდან უნდა იცოდნენ?! დავუშვათ, ჩაიხედეს კანონმდებლობაში და წაიკითხეს ის მუხლები, რომელიც სამედიცინო მომსახურების პროცესში ურთიერთობებს არეგულირებს. მაგრამ იქ ხომ უფლებები დიფერენცირებული არ არის.
_ როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ასოციაცია ძალიან სერიოზულ სტატისტიკაზე მუშაობს, თუ რამდენი ექიმი იცემა ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირველი კითხვა, _ რატომ ბოლო ორი წელი?
_ ჩვენი ორგანიზაცია ექიმების უფლებების დაცვას ახორციელებს არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამართლებრივ ფორმატშიც. ჩვენ გვყავს ჩვენი იურისტები, ექსპერტები და, რა თქმა უნდა, კანონს მივყვებით. ორი წელი იმიტომ, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი სამართლებრივი წარმართვის ვადებს. ჩვენ ყველა ექიმის უფლებას დავიცავთ ჩვენი ადვოკატებით და ექსპერტებით.
_ ეს ხომ თანხა ჯდება. ანუ მომსახურება ფასიანი იქნება?
_ არა, რას ბრძანებთ.
_ აბა, მთავრობა გაფინანსებთ?
_ მთავრობის, ანუ ბიუჯეტის სუბსიდირებაზე ჩვენ არ ვზივართ და არც არასოდეს დავსხდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენი ნიშა დავიკავოთ ქვეყანაში. დავიკავოთ არა ლაპარაკით, არამედ _ საქმით. ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, ექიმ ნოე ბერიშვილის უფლებებს ვიცავთ. მას ემსახურება „დაიცავი ექიმის“ ადვოკატი და ექსპერტი. ამ ეტაპზე სასამართლოში შესატანად სარჩელს ვამზადებთ.
_ რას მოითხოვთ?
_ მე მგონი, აქ კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა დაისვას. რას მოვითხოვთ, არა. ჩვენ არაფერს მოვითხოვთ, ჩვენ ვქმნით პრეცედენტს, რომ ექიმის ცემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ა. შ. სამართლებრივი პასუხისგების სფეროში გადავიდეს. ძალიან არ მიყვარს სიტყვა „დასჯადი“, ამიტომ არ ვიხმარ მას, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ექიმს თავისი უფლებები აქვს და ჩვენ მას დავიცავთ. რა თქმა უნდა, მათაც ვასწავლით ამას.
_ საკმაოდ რთულია სადერმარკაციო ხაზის გასმა, სად არის ექიმი კომპეტენტური მის საქმიანობაში, სად იყო გადაცდომა ან არაკომპეტენტურობა…
_ ამიტომაც გვყავს ექსპერტები.
_ დღეს საქართველოში ექიმთა უფლებებს ვინ იცავს?
_ შეიქმნა და იქმნება პროფესიული ასოციაციები, რომელიც კონკრეტულ საკითხებს განიხილავს. ეს საკითხები დამოუკიდებელ ექსპერტებს გადაეცემა და საერთო დასკვნა იწერება. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიცვას ექიმის უფლებები. არ შეიძლება, ექიმი შიშისა და შანტაჟის ქვეშ იყოს, რადგან ეს, პირველ რიგში, ანგრევს ჯანდაცვის სისტემას. იცით, რა დონეზეა, მაგალითად, აშშ-ში ექიმის უფლებები დაცული? ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკაში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც მიმართულია მორწმუნე მედიკოსების უფლებების დაცვისკენ. ამ დეპარტამენტს ეწოდა „რწმენისა და სინდისის, თავისუფლების კომიტეტი“ და იცავს იმ მედპერსონალს, რომელიც საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე უარს ამბობს გარკვეული მანიპულაციის ჩატარებაზე, მაგ.: აბორტი და ა. შ. კარგი იქნება, თუ ჩვენი სახელმწიფო მიბაძავს მათ. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენთან გინეკოლოგმა რომ განაცხადოს, მე აბორტებს არ ვაკეთებო! ჩვენს კანონმდებლობაში კონკრეტულად არის გაწერილი პაციენტის უფლებები, სამაგიეროდ, არ არის გაწერილი ექიმთა უფლებები.

თამარ როსტიაშვილი