რატომ იმუქრებოდა კობახიძე ივანიშვილის ჩამოგდებით?

შორენა მარსაგიშვილი

პოლიტიკაში მესამედ მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა მორიგი ტრიუკი ჩაატარა. ამჯერად ოინი მოუწყო საკუთარ გუნდს, კონკრეტულად კი ირაკლი ღარიბაშვილს. პოლიტიკაში მობრუნებულმა ივანიშვილმა თავიდან თქვა, რომ სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმებაო. ამ განცხადებიდან ერთ თვეში ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, დაახლოებით ისე, როგორც 2015 წელს. მაშინ ღარიბაშვილი ცოლის ნათესავების კორუფციას შეეწირა, ახლა თავისი ნათესავების კორუფციის მსხვერპლი გახდა მისი თანამდებობა.

როგორც „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, ღარიბაშვილი მარტო ამის გამო არ გაუშვია ივანიშვილს პოსტიდან. ამის მიზეზი მისი რეიტინგიც იყო. „ოცნებამ“ და მისმა მხარდამჭერებმა ღარიბაშვილი მშვიდობის მთავარ გარანტად გამოაცხადეს. თურმე მისი დამსახურება იყო, საქართველო ომში რომ ვერ ჩაითრიეს. ომში რომ არავინ გვითრევდა, ეს სხვა თემაა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ღარიბაშვილმა გვიხსნა ომისგან.

ცნობადი სახეები და „ოცნების“ წევრები აწ უკვე ექსპრემიერს საჯაროდ უხდიდნენ მადლობებს, _ მშვიდობა რომ გვაქვს, შენი დამსახურებააო. არადა, ადრე სტაბილურობის გარანტად ბიძინა ივანიშვილი მიიჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წასული იყო. ივანიშვილს ეს ძალიან მოსწონდა და უკმაყოფილო იყო, როდესაც ღარიბაშვილი მშვიდობის ერთადერთ გარანტად გამოაცხადა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: ღარიბაშვილს პრემიერობიდან საპარლამენტო არჩევნების წინ უშვებენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის საერთოდ ჩამოაშორეს პოლიტიკას. წელს პარტიის თავმჯდომარის რანგში დატოვეს. ახლა საინტერესოა, გაუშვებს თუ არა ის პარტიიდან ირაკლი კობახიძის კადრებს? კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციიდან ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები გაათავისუფლა. სამაგიეროდ, მინისტრებს ვერ მოუხერხა ვერაფერი. არადა, ახალი მთავრობა თავად უნდა დაეკომპლექტებინა.

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას გასულ კვირას გამოუცხადა ნდობა. ამ მთავრობაში ახლები მხოლოდ პრემიერი და თავდაცვის მინისტრები იყვნენ, დანარჩენი იგივე დარჩა, რადგან ასე გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.

თავისი გადაწყვეტილებით მან მხოლოდ ნაწილობრივ შეუსრულა „ოცნება“ ირაკლი კობახიძეს, რომელიც 2018 წლიდან გაშმაგებით იბრძვის პრემიერის პოსტის დასაკავებლად. მართალია, მის მთავრობაში თავდაცვის მინისტრი შეიცვალა, მაგრამ არც ირაკლი ჩიქოვანი იქნება უშუალოდ მისი კადრი.

ირაკლი კობახიძეს იმედი ჰქონდა, რომ რამდენიმე მინისტრს შეაცვლევინებდა ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე მეტად მას მამუკა მდინარაძის შს მინისტრად დანიშვნა სურდა. შს მინისტრობაზე ეს უკანასკნელი დიდი ხანია, ოცნებობს, მაგრამ ამ უწყებას ბიძინა ივანიშვილის კადრი, ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს, შესაბამისად, კობახიძემ ვერც კი გაბედა ამ ცვლილებაზე საუბარი.

სამაგიეროდ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ თალაკვაძეს ერთხელ უკვე შესთავაზეს ეს თანამდებობა, მაგრამ მაშინ ქვეყანაში კორონა მძვინვარებდა და მან შეთავაზება არ მიიღო. ახლა კი ივანიშვილმა აღარ ისურვა მისი გამინისტრება. შეიცვალა მხოლოდ თავდაცვის მინისტრი. აქედან გამომდინარე, კობახიძემ ბოლომდე ვერ აისრულა წადილი, მთავრობაში მას საკუთარი გუნდი არ ჰყავს. მას გაცილებით ბევრი ხალხი ჰყავს პარლამენტში. იქაურობას მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქადაგიშვილი მიხედავენ. ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძეც კობახიძის გუნდის წევრებად მოიაზრებიან.

რაც შეეხება პარტიას, კობახიძე მართალია პარტიის თავმჯდომარე აღარ არის, მაგრამ იქაურობაზე მაინც მიუწვდება ხელი. დედამისი თამარ ზაალიშვილი ამ პარტიის წევრია და როგორც „ქართული ოცნების“ კულუარებში ამბობენ, ის შვილის თვალი და ყური იყო პარტიაში. ახლაც ასე იქნება, თუმცა, დიდი ალბათობით, პარტიაში გადასული ღარიბაშვილი წინამორბედის დედის გავლენებს შეავიწროებს.

კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნებაც სურდა. იმ დროს, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო, არაერთხელ განუცხადებია, რომ პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი ერთი და იგივე კაცი უნდა იყოსო. ასე იყო 2018 წლამდე. ტრადიცია გიორგი კვირიკაშვილმა დაარღვია. როდესაც „ოცნებაში“ სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი პოლიტიკაში მეორედ მოსულ ივანიშვილს დაუთმო. ეს ოფიციალურად, თორემ სინამდვილეში რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ამ თანამდებობაზე ივანიშვილი 2021 წლის დასაწყისამდე იყო და მერე პარტია ირაკლი კობახიძეს ჩააბარა, რომელსაც მასთან ამბები მიჰქონდა.

ირაკლი კობახიძე ქრთულ პოლიტიკაში არსაიდან გამოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ის პარტიაში კახა კალაძემ მიიყვანა. თავიდან კახა კალაძის ნების აღმსრულებელი იყო, მერე კი რაც შეძლო ყველა გააოცა. „ოცნებამდე“ კობახიძე ნინო ბურჯანაძის პარტიაში დადიოდა. ამ პარტიის წევრები იყვნენ მისი მშობლები.

ირაკლი კობახიძის კარიერული წინსვლა 2016 წელს დაიწყო. როცა ივანიშვილმა ის პარლამენტის თავმჯდომარედ გაამწესა 2017 წლის ბოლოს, მას სერიოზული დაპირისპირება მოუვიდა მაშინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან. კობახიძესთან კონფლიქტის გამო პარტია რამდენიმე აქტიურმა დეპუტატმა დატოვა. მაშინ დღის წესრიგში დადგა ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხი. მან გადადგომაზე კატეგორიული უარი განაცხადა. არადა, იმ დროს კობახიძე ჯერ კიდევ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

კობახიძემ მეორედაც თქვა უარი გადადგომაზე, მაგრამ მაშინ თავისი ვეღარ გაიტანა. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, ვითარების განმუხტვის მიზნით, ივანიშვილმა კობახიძეს გადადგომა მოსთხოვა. პარტიის ოფისში ბრიფინგიც კი ჩაინიშნა. ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა და განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას არ გააკეთებდა. მაშინ მის მაგივრად გადადგომის განცხადება კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ გვამცნო, რომ კობახიძე გადადგა.

ამ მხრივ კობახიძე ნამდვილად არ გამოდგა ღარიბაშვილივით მორჩილი, რომელმაც უკვე ორჯერ დატოვა პრემიერის თანამდებობა. ადრე თუ გვიან, ივანიშვილი კობახიძესაც მოსთხოვს პოსტიდან წასვლას და კობახიძე შეიძლება ისევ გაჯიუტდეს. „ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, _ სწორედ ამიტომ ჩაიწერა პარტიის წესდებაში, რომ პრემიერს ივანიშვილი წარადგენს.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ კობახიძე მის ზურგს უკან რაღაცებს ხლართავდა. 2021 წლის დასაწყისში ამჟამინდელი პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც ამერიკელებს უთხრა, რომ მასზე დაემყარებინათ იმედები _ ის იქნებოდა მათი კაცი. ეს ამბავი ივანიშვილს სასწრაფოდ აცნობეს ვაშინგტონიდან. კობახიძეს ამის გამო გაფრთხილება მისცა ივანიშვილმა და, სხვათა შორის, ამის შემდეგ დაიწყო მკვეთრად ანტიდასავლური განცხადებების გაკეთება.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ისიც კარგად იცის, რომ კობახიძეს ნათქვამი აქვს, საჭირო თუ გახდება, ივანიშვილსაც ჩამოვაგდებო. ეს 2018 წელს ითქვა, როცა კობახიძესთან დაპირისპირების შემდეგ „ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატი წავიდა, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს კი პრობლემები შეექმნა. კონახიძე პარლამენტში მის ინიციატივებს ბლოკავდა. კობახიძის მუქარის ამბავი სწორედ წასულებმა გამოიტანეს. ეს მედიაშიც გაჟღერდა. კობახიძეს ამაზე მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია.

კობახიძემ თავისი ინტრიგებით რამდენიმე პრემიერი შეიწირა: 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილი, 2018 წელს გიორგი კვირიკაშვილი, 2021 წელს გიორგი გახარია და 2024 წელს ისევ ირაკლი ღარიბაშვილი. აქედან გამომდინარე, მას რაღაცები შეუძლია. მართალია, ივანიშვილს დიდი გავლენები აქვს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. 2015 წელს კობახიძეს პარტიაში სერიოზულად არავინ აღიქვამდა… მაგრამ მან პრემიერის მოშორება შეძლო.

ყოფილ პრემიერებზე ვსაუბრობთ და როგორც „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას შეურიგდა. შერიგება იმაში გამოიხატება რომ მათ შორის კომუნიკაცია რაღაც დოზით აღდგა.