რატომ დატოვა ქუთაისის მერიამ ჰონორარის გარეშე ცნობილი ქართველი მწერლები?

გვირილობა ქუთაისის სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ორ მაისს იმართება. გვირილობის აღსანიშნავად ქალაქის მერია რამდენიმედღიან გასართობ პროგრამას გეგმავს. იმართება შეხვედრები ოფიციალურ პირებთან, გამოფენები, კონცერტები და შოუ-პროგრამები.

2019 წელს ქუთაისის მერიამ ღონისძიების ორგანიზებისთვის 40 000-ლარიანი ხელშეკრულება კომპანია „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფს“ გაუფორმა.
კომპანიამ ჯამურად 20 მსახიობი, 8 მწერალი: ლია ლიქოკელი, ნენე კვინიკაძე, დავით გაბუნია, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, დიანა ანფიმიადი, ნინო თარხნიშვილი და თამთა მელაშვილი, ასევე ვიდეორგოლის ავტორი და დიზაინერი დაიქირავა, რომელთათვისაც ღონისძიების დასარულების შემდეგ ჰონორარი უნდა გადაეხადა. ღონისძიების დასრულებისთანავე „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფმა“ მერიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და არ შეასრულა დოკუმენტით აღებული არც ერთი ვალდებულება.
თემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, საქმეს კი პროკურატურა იძიებს.
ფაქტია, რომ მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ისე გაუფორმა, მისი სატენდერო ისტორიაც კი არ შეუსწავლია. ხელშეკრულების გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფს“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, 57 000-ლარიანი ხელშეკრულება გაუუქმა. როგორც სატენდერო კომისიამ დაადგინა, კომპანიის დირექტორმა სალომე ბენდიანიშვილმა, გამოცდილების დადასტურების მიზნით, მისი მეორე კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა. ამავე კომპანიის წარმომადგენელი იყო ინდივიდუალური მეწარმე დავით გოდერძიშვილი, რომელიც ამ ტენდერში ბენდიანიშვილის კონკურენტის სახით მონაწილეობდა.
იგივე მცდელობა ჰქონდათ მათ მიმდინარე წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სალომე ბენდიანაშვილი საკუთარი კომპანიის, ხოლო დავით გოდერძიშვილი ინდმეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ტენდერი ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიგო.

ნენე კვინიკაძე, მწერალი:
„გვირილობის დღესასწაულისთვის მწერლებს უნდა წაგვეკითხა ამონარიდები ჩვენი ტექსტებიდან. შეთანხმება გვქონდა ჰონორარზე. გავიდა დრო და ჰონორარის აღება დაგვიანდა. დაახლოებით ორი თვის მერე გავიგეთ, რომ პრობლემას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქმინდა. მალე კომპანიის წარმომადგენელიც დამიკავშირდა და მითხრა, რომ თანხას 10 დღეში ჩარიცხავდა. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და ღონისძიებაში მონაწილე პირები ისევ ჰონორარის გარეშე ვართ“.’

თემაზე კომენტარს არც თავად კომპანიაში აკეთებენ. ისინი ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებიან და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობენ. კომპანიას ფეისბუქ გვერდიც აქვს, სადაც მათ მიერ წარმატებით ჩატარებული ღონისძიებების ფოტოების დათვალიერება შეგიძლიათ. ფოტოალბომებს შორის არ იძებნება წლევანდელი გვირილობის ამსახველი სურათები.
წარსულში „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფი“ ისეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორთა შორის იყო, როგორიც საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Global Gathering -ია.
შპს-მ სულ 27 ტენდერში მიიღო მონაწილეობა. აქედან ტენდერების 50% წაგებული აქვს, 10% კი არ შედგა.
11 870 ლარის ღირებულების ხელშეკრულება „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფმა“ 2019 წლის 15 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტთან გააფორმა. კომპანიამ მუნიციპალიტეტის დაკვეთით ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მოაწყო. ტენდერში კომპანიას კონკურენციას უწევდნენ შპს-ები „ქრიეითივ გრუპი“ და „ოცდაცხრამეტი“, რომლებმაც მუნიციპალიტეტს გაცილებით დაბალი თანხა შესთავაზეს. მათი დამარცხების მიზეზი გახდა ის, რომ ორივე კომპანიას „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფზე“ ცუდი სატენდერო ისტორია აქვს.
2019 წლის 13 მარტს კომპანიამ 10 934 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონულ გამგეობას გაუფორმა. ამ თანხის ფარგლებში კომპანიამ „გაზაფხულის დღესასწაულები 2019“ ჩაატარა.

14 598-ლარიანი ხელშეკრულება აქვს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფს“ დადებული მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან, 18 300-ლარიანი _ 21 ოქტომბერს შსს მომსახურების სააგენტოსთან, 13 000-ლარიანი კი _ 3 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტთან. კომპანიამ 20 მაისს, მას შემდეგ, რაც ორმაისობის ღონისძიების ხელშეკრულება ქუთაისის მერიასთან გაწყვიტა, ქედის მუნიციპალიტეტის გამოცხადებული ტენდერი მოიგო და ღვინის ფესტივალი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებთან დადებული ხელშეკრულებებიდან კომპანიამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ქუთაისის გადაგდება მოახერხა.
გვირილობის დღესასწაულის ჩასატარებლად გამართულ ტენდერში „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფის“ კონკურენტები იყვნენ ფიზიკური პირი ავთანდილ კაჭახიძე, შპს „ბრავო“ და ინდმეწარმე ლევან ბოლქვაძე.
ქუთაისის მერიას რომ ტენდერების ჩატარების პრობლემა აქვს, ამას სხვა მონაცემებიც ცხადყოფს. მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 258 გამოცხადებული ტენდერიდან 87 არ შედგა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეუსაბამოდ ჩატარებული ტენდერების რაოდენობით ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს წინა წლის შედეგს გადააჭარბა.

შორენა ლაღაძე