რატომ დააკავეს შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი?!

შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ გუმბერიძე, რომელიც 2016 წლის 22 მაისს საქართველოს უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა თაღლითობის მუხლით დააკავა, „ქრონიკა+“-თან დაკავების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ უკანონოდ მოექცნენ და წარდგენილ ბრალდებასთან კავშირი არასოდეს ჰქონია. გუმბერიძეს სურს, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ის არ არის თაღლითი და არც ამ გზით მიუთვისებია თანხა.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ვახტანგ გუმბერიძე:

_ მიმდინარე წლის 22 მაისს, სახლიდან გამოსვლის დროს, სუს-ის თანამშრომლებმა დამაკავეს და „მოდულის შენობაში“ მიმიყვანეს.  ბრალი წარმიდგინეს, სადაც ეწერა, რომ თაღლითური გზით   ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობების ანგარიშიდან დიდი რაოდენობის თანხა გაიფლანგა. მას შემდეგ, რაც  საპროცესო შეთანხმება გამიფორმეს, გამომიშვეს და 3 წლით პირობითი სასჯელი მომისაჯეს. ეს ფაქტი მე თვითონ შევისწავლე და გარწმუნებთ, რომ ორგანიზაციას და ჩვენს თანამშრომლებს სახელმწიფოსგან არც ერთი თეთრი არ მიუთვისებიათ. 12 თებერვლის შემდეგ  ჩვენი თვალთვალი და სატელეფონო საუბრების ჩაწერა მიმდინარეობდა, საქმის მასალები 6 ტომია შედგენილი და არც ერთი საუბრის დროს, ერთხელაც, არ მაქვს განხორციელებული სატელეფონო ზარი მერიის ლაბორატორიის იმ თანამშრომლებთან, რომლებიც დააკავეს. არც ერთთან კავშირი არ მქონდა 5 თვის განმავლობაში და როგორ შეიძლება, ადამიანმა შექმნა კორუფციული ჯგუფი და მიითვისო თანხები ისე, რომ ადამიანს არ დაელაპარაკო და არ შეხვდე?! საერთოდ, თვალით არ მინახავს არც ერთი და ერთ-ერთი თანამშრომელი, გვარად მიქაძე, ჩემი ძველი თანამშრომელი იყო „თბილლიფტში“, 15 წელი თვალით არ მყავდა ნანახი. ეს ყველაფერი  ვიღაცის ინტერესების გამო მოხდა.

_ ვის გულისხმობთ?

_ ვიცი, ვისი ინტერესებიც იყო, მაგრამ ამას ვერ დავამტკიცებ, რადგან საბუთი არ მაქვს და საუბრისგანაც თავს შევიკავებ, მაგრამ საინტერესო დეტალს გეტყვით: როდესაც „მოდულის“ შენობაში მიმიყვანეს, ვისთანაც შემიყვანეს, გვარიც არ ვიცი, არც კარზე  ეწერა, ვუთხარი, _ არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია, არავითარი კორუფციული ჯგუფი არ შემიქმნია, ამ საკითხთან დაკავშირებით არავისთან კავშირი არ მქონია და არავითარი თანხები არ მიმითვისებია-მეთქი. მეუბნება, _ მაშ, მალაღურაძე ვინ არის   (მალაღურაძე იყო ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელი და საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე) და მისი ცოლიო?! ვუთხარი, _ მისი ცოლი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ორგანიზაციასთან, არც ერთხელ არ მოსულა, უბრალოდ, ფორმალურად გვყავს გაფორმებული, რომ იქიდან წამოვიდეს, შემდეგ თავისი წილი დახვდეს და იმუშაოს-მეთქი. არ ვიცი, რა მოხდა! ეს როცა ყველაფერი გაფორმდა და გვაიძულეს, საპროცესო გაგვეფორმებინა, დავამტკიცეთ, რომ არათუ ჩვენს ორგანიზაციას, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს ერთი თეთრიც არ მიუთვისებია სახელმწიფო თანხა. პირიქით, სამუშაოთა მწარმოებელმა გულისხმიერება გამოიჩინა და ამხანაგობის თავმჯდომარეს საკუთარი ფული ასესხა, რომელსაც ეს თანხა  სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა დაებრუნებინა. დაბეჯითებით გეუბნებით: სამუშაოთა მწარმოებელს არც ერთი თეთრი  არ მიუთვისებია. საერთო ჯამში, მათი მონაცემებით, მათ მიერ დამტკიცებული შესრულებული სამუშაოებით, მათივე დადებული აღწერის მიხედვით, სამუშაოთა მწარმოებელს შესრულებული აქვს 2000 ლარით მეტი სამუშაო, ვიდრე ფიზიკურად თანხაა შემოსული.

_ ე. ი. მალაღურაძის გამო მოხდა ეს ყველაფერი?

_ რაც გითხარით, იმაზე მეტის თქმა ხმამაღლა არ შემიძლია, საბუთი არ მაქვს, რომ დავამტკიცო.

_ თქვენს ფირმას და სახელმწიფოს რა ტიპის ურთიერთბა ჰქონდა?

_ ჩვენს ფირმასა და ამხანაგობებს ხელშეკრულება გვქონდა დადებული, ამ თანხების 80%-ს გამგეობა იხდის და 20%-ს _ ამხანაგობა, მაგრამ ხელშეკრულება ამხანაგობებთან ფორმდება. ჩვენ არავითარი ურთერთობა არ გვაქვს სახელმწიფოსთან, ურთიერთობა გვაქვს ამხანაგობის თავმჯდომარესთან, რომელიც ვალდებულია, ხელს რომ აწერს „ფორმა 2“-ზე, სამუშაო ჩაიბაროს, მიიღოს და ისე მოაწეროს ხელი. არავითარი შენიშვნა მათი მხრიდან ჩვენ მიმართ არ ყოფილა და არც იქნებოდა, რადგან სამუშაოები მანამდე შევასრულეთ, ვიდრე მათ ფული გადაიხადეს.

_ საპროცესო შეთანხმება რატომ გააფორმეთ, ამით ხომ, ფაქტობრივად, დანაშაული აღიარეთ?

_ იძულებული ვიყავი! როცა ეს ყველაფერი დამტკიცდა, ადვოკატმა პირდაპირ განმიცხადა, ვინც დაპატიმრებულები იყვნენ და ვისაც ჩემთან ერთად საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, მერიის ლაბორატორიის თანამშრომლებს, ციხეში შევაბრუნებთ და ორ ჩემს თანამშრომელს, ვინც სამუშაოები შეასრულა, იმათაც მივაყოლებთ და დავიჭერთო, ან უნდა მოაწერო ამას ხელი, ან ის ხალხი ციხეში გაუშვაო. ლაბორატორიის ოთხივე თანამშრომელი სამსახურში მალაღურაძის მიყვანილი იყო, შემდეგ დავაზუსტე, დაკითხვების დროს ყველას ეკითხებოდნენ, _ ვინ მიგიღო სამსახურშიო? ლაბორატორიის ხელმომწერებიდან მარტო ეს ოთხი თანამშრომელი იყო დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცემული. არ ვიცი, შესაძლებელია, გადაცდომა ჰქონდათ, მაგრამ ის მეტად ვერ შეამოწმებდა. ის მიდის, ხედავს, რომ ობიექტი გაკეთებულია, ლიფტი მუშაობს და ყველა დეტალის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. ეს უნდა აკონტროლოს ამხანაგობის თავმჯდომარემ. როდესაც ნაწილი გამოიცვლება, იმან უნდა აკონტროლოს, გამოცვლილ ნაწილებს მათ ვაბარებთ, ზოგს, რომელიც კიდევ ვარგისიანია, ფულს ვუხდით და ვყიდულობთ. ამხანაგობის თავმჯდომარეს არავითარი პრეტენზია არ ჰქონია, მაგრამ რა და ვისი მიზეზით იყო, ფაქტია, ამ ხნის კაცი არაფრის გულისთვის ციხეში აღმოვჩნდი. უაღრესად საინტერესოა, თაღლითის განმარტება ამოვიღე ლექსიკონიდან, ხუთი კომპონენტისგან შედგება: სიყალბე, მატყუარობა, არაკეთილსინდისიერება, თვალთმაქცობა, ყალთაბანდობა. ერთ ფაქტსაც ვერ დამისახელებენ, რომ ვინმე მომეტყუებინოს!

_ თქვენი ფირმა აგრძელებს მუშაობას?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ, მაგალითად, საბურთალოს გამგეობაში რომ მიდიან, ეუბნებიან, ხომ იცით, მაგ ორგანიზაციას რა შეემთხვა, წადით და სხვა ფირმა მოიძიეთო.

_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ თემაზე გესაუბრათ?

_ თქვენი მეშვეობით მინდა, მივმართო ჩემი ოფისის წინ, აღმაშენებლის გამზირზე, მანქანების სადგომზე რომ ზვიადია და ეჭვობს, რომ მე თაღლითი ვარ: ჩვენი ოფისი სადაც არის, იქ სხვა ორგანიზაციებიც გახლავთ, მათ არ უნდა ჰქონდეთ ეჭვი, რომ მე თაღლითი ვარ; რამდენიმე მეგობარმაც კი დამკარგა ამის გამო, უყურა ტელევიზორში და მართლა თაღლითი ვგონივარ; პარიკმახერთან რომ შევდივარ, თვალებში ვერ მიყურებს, იცის, რომ დაპატიმრებული ვიყავი და რცხვენია, რაიმე მკითხოს; მაღაზიის გამყიდველსაც მინდა მივმართო, რომ შევდივარ და ჰგონია, თაღლითი ვარ. უშიშროების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის ლიფტი ჩვენ აღვადგინეთ, თაღლითები რომ ვყოფილიყავით, ჩვენ გაგვაკეთებინებდნენ?! მინდა, საზოგადოებას მივმართო და ვუთხრა, რომ არ ვარ თაღლითი! პირიქით, ჩემმა თანამშრომელმა გამოიჩინა გულისხმიერება, ამხანაგობას დაეხმარა და ლიფტი აამუშავა. ჩემმა მეზობლებმა ხომ არ იციან, რა მოხდა, სადარბაზოს წინ რომ დამადეს ბორკილები, გამქცევი ვიყავი თუ რა?! ამის შესახებ პირადადაც ვუთხარი. ამ ხნის კაცი ნორმალურად ვერც კი დავდივარ, ორი ინსულტი  გადავიტანე, სახსრები მტკივა და ვერ ვმოძრაობ, შვილს ავყავარ და ჩამოვყავარ კიბეებზე. ბორკილების ნაკვალევი ახლაც მეტყობა, რომ დამადეს, _ მიჭერს-მეთქი, _ ვეუბნები და, _ რა ვქნათ, ასეთიაო. ჩემს დაკავებას ტელევიზიით იღებდნენ და „მოდულის“ შენობის კიბეებზე სამჯერ ამიყვანეს და ჩამომიყვანეს, კადრები რომ გადაეღოთ. მერიის ლიფტი გავაკეთეთ და საბურთალოს გამგეობა აქეთ გვეხვეწება, რთულად გასაკეთებელ ლიფტებს ყოველთვის ჩვენ ვაკეთებთ. ორი წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა ჩვენი ორგანიზაცია და ოქროს რეიტინგი გვაქვს. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ ხალხმა იცოდეს, მე არ ვარ თაღლითი, რომელსაც 58 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს, ვარ 5 შვილისა და 12 შვილიშვილის პატრონი და 76 წლის ასაკში გავხდი თაღლითი?! მჟავანაძიდან დაწყებული 9 მთავრობა გამოვიცვალე, ეს მეათეა და ამ ასაკში გავხდი თაღლითი?!

 

თამარ ბატიაშვილი