რატომ გაუსწორდა ფიზიკურად ხუთი პოლიციელი სოფელ ჯანდარაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს?!

ორი თვის წინათ გარდაბნის რაიონის შს პოლიციის სამმართველოს ჯანდარის განყოფილების ხუთმა პოლიციელმა ამავე სოფლის მკვიდრი ქალბატონი ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავებისას ხუთმა პოლიციელმა კაკლიკ დუნამალიევი სცემა და საავადმყოფოში მკურნალობის უფლებაც კი არ მისცა. დაკავების დღესვე სასამართლომ დუნამალიევი გაათავისუფლა და გაამართლა. ხუთი დამნაშავე პოლიციელის საქმეს ახლა ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს, თუმცა დუნამალიევების ადვოკატი გამოძიებას პასიურობაში ადანაშაულებს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება დუნამალიევების ადვოკატი _ თეიმურაზ მაგრაქველიძე:

_ მე ვიცავ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მცხოვრებ ცოლ-ქმარ კაკლიკ და ჰასან დუნამალიევებს, რომლებიც ფლობენ 1 ჰა მიწის ნაკვეთს მთელი ცხოვრების მანძილზე. ნაკვეთი მდებარეობს მათი საცხოვრებელი სახლის წინ და მიწას ამუშავებენ. როდესაც მათი ადვოკატი გავხვდი, მითხრეს, რომ ამ მიწის ნაკვეთს ედავებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში მცხოვრები ახმედ ახმედოვი, რომელსაც თითქოს ამ მიწაზე რაღაც საბუთები ჰქონდა და პოლიციაში განცხადებაც შეუტანია. როდესაც ჯანდარის პოლიციას მივაკითხე, გამომძიებელმა თქვა, _ მე დოკუმენტი მაქვს, რომ ეს მიწა ახმედ ახმედოვსაც ეკუთვნისო. საჯარო რეესტრიდან დოკუმენტები ამოვიღე, რომ ეს მიწა არის კაკლიკ დუნამალიევის საკუთრება, არსებობს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომ მათ საჩუქრად გადასცა, როგორც იმ დროს ხდებოდა ხოლმე და ეს ოჯახი 40 წელიწადია, ამ მიწას ფლობს. ეს დოკუმენტი პოლიციაში წარვადგინე და გამომძიებელს ვუთხარი, _ აქ რაღაც შეცდომაა, შესაძლებელია, გადაფარვაა და გასწორდება-მეთქი. საჯარო რეესტრის თანამშრომლები ჩავიყვანე, გადაიღეს და ნაკვეთი დააფიქსირეს. ასეთ შემთხვევაში გადაფარვაა და დასადგენია, მაგრამ რაზედაც დავა მიმდინარეობს, ეს ნაკვეთი სულ სხვაა და პერპენდიკულარულად მდებარეობს, საჯარო რეესტრში კიდევ სიგრძეზეა დაფიქსირებული. ამიტომ გამომძიებელსაც ავუხსენი და ვუთხარი, _ ადგილზე მივიდეთ და ვნახოთ, სპეციალისტიც მივიყვანოთ, მე მყავდა უკვე მიყვანილი საჯარო რეესტრიდან სპეციალისტები და თავისთავად ცხადია, დოკუმენტურად არც ერთი არ ფლობს მათ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს, ამიტომ გასასწორებელია, ან ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ და გასწორდეს-მეთქი.

_ პოლიცია რატომ იხილავდა ამ საკითხს, მას ეხება?

_ ზოგადად, ეს საკითხი პოლიციის პრეროგატივა არ არის, ამ დროს, ერთ-ერთი გამომძიებელი ამბობს, უნდა შევიყვანოთ ტრაქტორი და ეს ნაკვეთი ახმედ ახმედოვს მოვახვნევინოთო. გავიკვირვე, _ რას ამბობთ, ეს არ არის პოლიციის პრეროგატივა, თუკი სადავოა, წესი შეიცვალა, შს მინისტრის #747 ბრძანება აღარ არსებობს, ეს არის სასამართლოს განხილვის საგანი და შემდეგ სააღსრულებო ბიუროს მიერ მოსაგვარებელი საქმე. მივმართე, _ თქვენ ხართ რაიონის პოლიცია, ეს აღარ არის თქვენი პრეროგატივა და რატომ ერევით-მეთქი?! ისინი მაინც დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ეს ნაკვეთი ახმედ ახმედოვს ეკუთვნოდა და მის მოხვნაში უნდა დახმარებოდნენ. დუნამალიევები გავაფრთხილე, თუ კიდევ მივიდოდა მათ ნაკვეთში პოლიცია, მაშინვე ჩემთან დაერეკათ. პოლიცია ამ ნაკვეთში კიდევ რამდენჯერმე მივიდა, დუნამალიევები კი წინააღმდეგობას უწევდნენ, ახმედოვს ვახტანგისიდან 2-3 ტრაქტორი მოჰყავდა და მიწის მოხვნას ცდილობდა. ერთ დღესაც, დილით ადრე, ტელეფონის ზარი მაღვიძებს, ჰასან დუნამალიევი მირეკავს და მეუბნება, რომ პოლიციაა მოსული, ტრაქტორი ჰყავთ მოყვანილი და მიწის მოხვნას ცდილობენ, ჩემი ცოლი წინააღმდეგობას უწევს, პოლიციამ მას სცემა და ძალის გამოყენებით მიჰყავთ პოლიციაშიო. _ გადაეცი ყურმილი პოლიციელს და უთხარი, რომ შენი ადვოკატი ვარ-მეთქი. ტელეფონში მესმის, ეუბნება, _ ჩემს ადვოკატს თქვენთან გასაუბრება უნდაო. რეაქცია არ არის. მესმის ხმა, როგორ აგინებენ, ჰკიდებენ ხელს, ტელეფონზედაც ვეღარ ახერხებს საუბარს, ჩატენეს მანქანაში, თან სცემეს და ორივე ცოლ-ქმარი დააკავეს. სასწრაფოდ გადავრეკე შს სამინისტროს ცხელ ხაზზე და საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, რომ ასეთი ფაქტი ხდებოდა. საპატრულო პოლიცია მივიდა, მაგრამ როდესაც ადგილზე ჩავედი და შს სამინისტროში გავესაუბრე, დუნამალიევები უკვე დაკავებული ჰყავდათ. ქმარი გაათავისუფლეს და ცოლი _ კაკლიკ დუნამალიევი, ვის სახელზედაც არის გაფორმებული ეს მიწის ნაკვეთი, დაკავებული ჰყავდათ. დაკავების დროს ეს ქალბატონი ცუდად გახდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. როდესაც მივიდნენ და გასინჯეს, ნახეს, რომ 200-ზე ზემოთ იყო წნევა აწეული და გული ცუდად ჰქონდა. ექიმები პოლიციას ეუბნებიან, _ საავადმყოფოში გადასაყვანი და სამკურნალოა, მისი დაკითხვა არ შეიძლებაო. სასწრაფო დახმარების მანქანა რძალმა და შვილმა გზაში დააწია კაკლიკ დუნამალიევს, როდესაც პოლიციას გადაჰყავდა. პოლიცია ექიმს პასუხობს, _ თქვენს საქმეს მიხედეთ, ეს დაკავებულია და პოლიციაში მიგვყავსო. იმავე დღეს, 18:00 საათზე, რუსთავის სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა, მოსამართლე ნატა თედეშვილმა ჩაატარა პროცესი და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. ქალბატონი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ორი მუხლით, რომელიც არის სერიოზული ბრალდება და პატიმრობას ითხოვდნენ. მოსამართლე თედეშვილს შესაბამისი დოკუმენტები წარვუდგინე: საკუთრების მოწმობა, ექიმის ცნობა, რომ არ შეიძლებოდა ამ ქალბატონის დაკავება და საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებდა. ერთი სიტყვით, ეს დანაშაულებრივი ფაქტები პოლიციის მხრიდან, რაც იმ პერიოდში მქონდა, წარვადგინე. მოსამართლემ ეს ყველაფერი მთლიანად გაიზიარა და კაკლიკ დუნამალიევი სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. მესამე დღეს პოლიციის ყველა მუშაკი დაიბარა, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა: პოლიციის ჯანდარის განყოფილების ხუთი პოლიციელი და ამ საქმის ორგანიზატორი, პოლკოვნიკი ვაჟა ტატაშვილი, რომელიც ძველი თანამშრომელია და ასეთი საქმეების „სპეციალისტია“ ცემისა და უფლებამოსილების გადამეტების დარგში. სწორედ ამ ადამიანმა სცემა დუნამალიევი და ცოლ-ქმარმა პოლიციაში ამოიცნო, პირდაპირ დაადო ხელი, როდესაც პოლიციის გარდაბნის განყოფილებაში ვიმყოფებოდით. მოსამართლემ ნამდვილად ღირსეული გადაწყვეტილება გამოიტანა. მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად არის თანამედროვე სტანდარტების მოსამართლე, ასეთი გადაწყვეტილებები ადრე არ გამოდიოდა, წინა ხელისუფლების დროს პოლიციას რაც არ უნდა წარედგინა, სასამართლო ბეჭედს უსვამდა, ეს ფაქტი იყო, მაგრამ მოსამართლე ნატა თედეშვილმა კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა, ასეთი მოსამართლეები უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში.

_ დუნამალიევებმა პოლიციელებს არ უჩივლეს?

_ მესამე დღეს სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ პოლიციელები, რომლებმაც ვერავითარი პასუხი გასცეს სასამართლოს და ვერაფერი დაადასტურეს. მინდორში 2-3 ადამიანი იმყოფებოდა და ეს რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი არ არის, ფაქტია! პოლიციელებმა ვერც ჩემს შეკითხვებს უპასუხეს და ვერც მოსამართლისას, შესაბამისად, ვერ განმარტეს, რაში გამოიხატებოდა წინააღმდეგობა, როცა პოლიციელებმა თვითონ სცემეს და ფეხქვეშ გაიგდეს 65 წლის ქალბატონი, სადაც განსაკუთრებით აქტიურობდა პოლიციის პოლკოვნიკი ვაჟა ტატაშვილი. სხვათა შორის, ფიზიკური ძალა რომ იხმარეს, არც ამას უარყოფენ, იმით ხსნიან, ვითომ დუნამალიევები წინააღმდეგობას უწევდნენ.

_ ვახტანგისელ ახმედოვს რატომ მფარველობდა პოლიცია?

_ რა დაინტერესება ჰქონდა პოლიციას, ჩემთვის გაუგებარია, ან ვახტანგისელს რა უნდოდა ჯანდარაში?! თითქოს აუქციონზე იყიდა ეს მიწა, მაგრამ საჯარო რეესტრში არ იყო დაფიქსირებული და კიდეც რომ ყოფილიყო, ეს სასამართლოს პრეროგატივა იყო. როდესაც პოლიციაში განცხადება შევიდა, უნდა ეპასუხათ, რომ დოკუმენტი დუნამალიევებსაც ჰქონდათ და სასამართლოსთვის მიემართათ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და სამოქალაქო წესით ასეა, მაგრამ აშკარაა, რომ პოლიცია დაინტერესებული იყო. რატომ და რისთვის, ეს მათ სინდისზე იყოს, მაგრამ ინტერესი სახეზეა! პოლიციის დანაშაული ის არის, რომ უფლებამოსილებას გადაამეტეს, სამოხელეო დანაშაული ჩაიდინეს და სახეზე გვაქვს ამის მტკიცებულება, მოსამართლე ნატა თედეშვილის გადაწყვეტილება, სადაც იგი მიუთითებს, რომ კაკლიკ დუნამალიევი ორივე მუხლში გამართლდა. ეს დოკუმენტები წარვადგინე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და გამოძიება დაიწყეს. დაკითხვის შემდეგ ეს საქმე ქვემო ქართლის პროკურატურას გადასცეს ქალაქ რუსთავში, საგამოძიებოს უფროსმა გამომძიებელს დაავალა და პირობა მომცეს, რომ ამ საქმეს გამოიძებდნენ და დამნაშავე პოლიციელებს პასუხისგებაში მისცემდნენ. საქმის ძიება სამოხელეო დანაშაულის ჩადენის მუხლით დაიწყეს. ორი თვეა, ეს ამბავი მოხდა და მიუხედავად პირობისა, ამ ეტაპზე, გამოძიება ძალიან პასიურობს. ხუთივე პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის საგანგაშო ამბავი და ამას შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უპასუხოს!

 

თამარ ბატიაშვილი