რატომ გამოიძახეს კლინიკამ და პაციენტმა პოლიციის ორი ბრიგადა და რაზე ჩივის ონკოპაციენტი?!

რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ კლინიკაში მისულ ონკოპაციენტთან გასაუბრების შემდეგ კლინიკის ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახოს? პარალელურად კი პოლიცია გამოიძახოს თავად პაციენტმა და შემდეგ უკვე „რაზბორკა“ წავიდეს პოლიციის ორ ბრიგადას შორის, თუ ვინ უნდა დაწეროს ოქმი?

აღნიშნული შემთხვევა კლინიკა „ესტელაბში“ მოხდა, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა პაციენტმა მაია მაღლაკელიძემ თავისი უფლებების დასაცავად, „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ მიმართა.

„ქრონიკა+“-ს მაია მაღლაკელიძე ესაუბრება:
_ ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად მიკავშირდებოდნენ კლინიკა „ესტელაბიდან“ და უფასოდ სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას მთავაზობდნენ. ჩემი არაერთი უარის მიუხედავად, ბოლოს ვიფიქრე, რომ საახალწლოდ ჩემი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა, მით უმეტეს, რომ ამაში თანხის გადახდა არ მიწევდა და ვიზიტზე ჩავეწერე. მახსოვს, ვიზიტის დღეს გადავიფიქრე და არ მინდოდა მისვლა, მაგრამ დამირეკეს და წინასწარ გადაამოწმეს, მივდიოდი თუ არა. ვუთხარი, არ ვენდობოდი კომპანიას, რომ მსგავსი შემოთავაზების დროს კლიენტებს იტყუებდნენ. ყველაფერი, რა თქმა უნდა, იუარეს და ამიხსნეს, რომ მოდით კლინიკაში, იქონიეთ მხოლოდ გზის ფული და ყველანაირ პროცედურას ჩვენ ჩაგიტარებთ უფასოდო. ასე აღმოვჩნდი საბურთალოზე, „შანხაიზე“ განთავსებულ კლინიკა „ესტელაბში“. კლინიკაში მისულს გამესაუბრნენ ჩემი სახის კანთან დაკავშირებით, შემდეგ დამაწვინეს და სახეზე პროცედურა გამიკეთეს. მახსოვს, როცა ავდექი, თავბრუ მეხვეოდა და რაღაცნაირად აჟიტირებული ვიყავი. ნამდვილად არ ვაპირებდი დანარჩენი პროცედურების გაკეთებას და რატომ მოვაწერე ხელი, ახლაც ვერ ვხვდები.
_ ანუ ხელშეკრულებაზე მოაწერეთ ხელი?
_ დამისხდნენ, დამაჯერეს, რომ კიდევ მჭირდებოდა პროცედურების ჩატარება. ავუხსენი, რომ ონკოლოგიური ავადმყოფი ვიყავი, ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაცია მქონდა ჩატარებული და ჯერ ჩემს მკურნალ ექიმს დავეკითხები-მეთქი. მათ ამიხსნეს, რომ საშიში არ იყო და პროცედურები არაფერზე ცუდად არ იმოქმედებდა. რაც მთავარია, დამაჯერეს, რომ თუ ფორმა 100-ს მივუტანდი, სადაც ეწერებოდა, რომ ჩემთვის აღნიშნული პროცედურები არამიზანშეწონილია, თანხას უკან დამიბრუნებდნენ. ამან შემაცდინა სწორედ. იქვე ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელი ეჯდათ და საგანვადებო სესხის ხელშეკრულება დავდე. სესხი უცებ დამიმტკიცდა.
_ „ესტელაბთან“ გაფორმებული ხელშეკრულება თუ წაიკითხეთ?
_ იმათ არ უთქვამთ, წაიკითხეო. კითხვა დავიწყე და მაშინვე რაღაც შეკითხვები დამისვეს. ლაპარაკი სხვა თემაზე გადამატანინეს და იგრძნობოდა კიდეც, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს ხელშეკრულება სახლში წავიკითხე. იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო თანდართული ფასები, რომელიც არ მინახავს. ისიც მომატყუეს და მითხრეს, რომ მხოლოდ მოწვეულ პაციენტებზე გვაქვს 300 ლარის ფასდაკლებაო. ისიც არ ვიცი, რა პროცედურა რა ღირდა, ვინაიდან ჩემთვის ეს არც უჩვენებიათ და არც თანდართული პრაისლისტია ხელშეკრულებაში. ამ დოკუმენტში კი წერია, რომ თანდართული უნდა იყოს.
_ თქვენმა მკურნალმა ექიმმა რა გითხრათ?
_ როდესაც ჩემს მკურნალ ექიმს მივმართე, მან სასტიკად ამიკრძალა ყველანაირი პროცედურის ჩატარება. მითხრა, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, მასაჟისაც კი. შემდგომ უკვე, როდესაც კლინიკამ უარი განაცხადა ჩემი კრედიტის გაუმებაზე, კლინიკაში მივედი და მითხრეს, რომ თუ ფორმა 100-ს მოიტან, მთელი თანხა უკან დაბრუნდებაო. მივიტანე ფორმა ასი, რაზეც კლინიკის დირექტორმა მედეა პაპავამ მიპასუხა, რომ ფორმა 100-ს განიხილავდა და თუ შესაბამისი იქნება, თანხას აგინაზღაურებთო. ეს ყველაფერი დირექტორს ხელწერილითაც დავაწერინე, იმიტომ, რომ იმდენად აღარ ვენდობოდი ამ კომპანიას, ვიფიქრე, შეიძლება ეს ფორმა ასიც ისე გააქრონ, ვითომც არაფერი-მეთქი. მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ფორმა ასი თქვენზე არის მორგებულიო.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მკურნალი ექიმი, პროფესორი ქალბატონი, თურმე, მატყუარაა, რომ კორუფციულ გარიგებაში შედის ჩემთან და ფორმა 100-ს მე მარგებს. როდესაც ვკითხე, რას ნიშნავს, ჩემზეა მორგებული, ონკოდაკვირვების ქვეშ და ონკოპაციენტად ვითვლები-მეთქი, პასუხი ვერ გამცეს. მერე მოიმიზეზეს ის, რომ ექიმმა რატომ დაწერა ყველა პროცედურაო? ამ დროს ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ არანაირი პროცედურა, მასაჟიც რომ მასაჟია, იმანაც კი შეიძლება დაავადების პროვოცირება მოახდინოს, ვინაიდან ინექციები არის უცხო სხეულის შეყვანა.
_ ეს საუბარი თქვენსა და „ესტელაბის“ ხელმძღვანელობას შორის სად მიმდინარეობდა?
_ კლინიკაში. ამ ჩხუბის დროს გავნერვიულდი და ძალიან ცუდად გავხდი. ვუთხარი, რომ თქვენ ხართ მატყუარები და ხალხს ატყუებთ. მახსოვს, კინაღამ გული წამივიდა.
_ გამოუძახეს სასწრაფოს?
_ სასწრაფოს კი არა, „ესტელაბის“ დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. მე რომ იქ ვიყავი და ფეხის გადადგმის თავიც არ მქონდა, თურმე, ხელი ეშლებოდათ მუშაობაში, თან დამცინავი ღიმილით მიყურებდნენ.
_ თუ შეიძლება, აგვიხსენით: თუ არც ერთ პროცედურას არ ჩაიტარებდით, სად წავიდოდა ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა?
_ მათ კლინიკაში მე კიდევ ფული უნდა მეხადა ყოველ თვე. ასეც მითხრეს, _ თუ არ ჩაიტარებთ, ეს თქვენი ნებაა, თანხას უკან არ დაგიბრუნებთო. ჩემი ფულით კი სხვას ჩაუტარებდნენ პროცედურებს და კრედიტი მე უნდა მეხადა მაინც. ბანკის წარმომადგენელმა მითხრა, ქალბატონო, მე გაგიუქმებთ კრედიტს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკის წარმომადგენელი მეტყვისო. ამის შემდეგ პოლიცია უკვე მეც გამოვიძახე.
_ ანუ პოლიციის ორი ბრიგადა მოვიდა?
_ ჯერ კლინიკის გამოძახებული პოლიცია მოვიდა და მეც და მედეა პაპავასაც ჩვენება ჩამოგვართვეს. შეადგინეს ოქმი. პირობა იყო ასეთი, რომ თუ მედეა პაპავა დაურეკავდა ჩემს მკურნალ ექიმს, გაესაუბრებოდა და თუ ეს იქნებოდა ვალიდური, ასე განაცხადა მედეა პაპავამ, მე იმ თანხას კი არა, იმაზე მეტს დავაბრუნებო. რა თქმა უნდა, არავის ჩემი მკურნალი ექიმისთვის არ დაურეკავს. მეორე დღეს დარეკეს და პაპავას რომ ვკითხე, რატომ დაარღვიე პოლიციის წინ დადებული პირობა-მეთქი? _ ჩემს იურისტთან განვიხილე და არ გიბრუნებ ფულსო, _ მიპასუხა. _ თქვენ ხომ იმ ოქმში ასე ჩაწერეთ-მეთქი? _ არა, მასე არ მითქვამსო. ასე დავშორდით და ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.
_ თქვენ უთხარით, რომ სასამართლოს მიმართავდით?
_ თვითონ მეუბნებიან, რომ მიმართეთო. იციან, რომ სასამართლო ეს არის ხარჯი, დრო, მერე შეიძლება დახურონ საერთოდ ეს კლინიკა. თვითონ პოლიციელებმა მითხრეს, რომ ასეთი დაზარალებულების შემთხვევები ძალიან ბევრია და ხშირად გვიძახებენო.

„ქრონიკა+“ მეორე მხარის პოზიციითაც დაინტერესდა და კლინიკა „ესტელაბის“ დირექტორს, მედეა პაპავას დაუკავშირდა:
_ ქალბატონმა მაია მაღლაკელიძემ 7 დეკემბერს კლინიკა „ესტელაბში“ შეიძინა ბიორევილიტიზაციის სამი პროცედურა და პლუს ექიმთან კონსულტაცია. ეს პროცედურები ქალბატონს კლინიკის სპეციალისტებმა შეურჩიეს. რამდენიმე დღის შემდეგ მაღლაკელიძე ჩვენს წარმომადგენელს დაუკავშირდა, უფრო სწორად, „რეცეფშენში“ დარეკა და განუცხადა, რომ მისთვის ამ პროცედურების ჩატარება არ შეიძლებოდა. ამაზე კლინიკის პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერმა განუცხადა, რომ თუ რაიმე დაავადება ჰქონდა, ფორმა 100 მოეტანა.
_ დავაკონკრეტოთ, _ მაია მაღლაკელიძემ შეიძინა პროცედურები, ნიშნავს იმას, რომ მას კლინიკაშივე გაუფორმდა ბანკის განვადება, რომლის წარმომადგენლები თქვენთან სხედან კლინიკაში. მანამდე, როგორც თავად ქალბატონი ყვება, მას სისტემატურად ურეკავდნენ „ესტელაბიდან“ პირად მობილურზე და სთავაზობდნენ უფასო პროცედურების ჩატარებას?
_ თუ არ სურდა მოსვლა, არავინ აძალებდა. ჩვენთან მოსულს ექიმის კონსულტაცია და სახის მოვლის პროცედურა ჩაუტარდა, რომლის გავლის შემდეგაც ქალბატონ მაიას პროცედურები შეურჩიეს. აქვე გეტყვით, რომ განვადების გაფორმებამდე თითოეული ადამიანი არჩევს ანამნეზის ფურცელს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის დაავადება, რომელიც შესაძლებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს. მაია მაღლაკელიძეს ონკოლოგიურ ველში არ ჩაუწერია არაფერი, რომ ის არის ონკოდაავადებული. მიუხედავად ამ ანამნეზის ფურცლისა, ჩვენი წარმომადგენლები კიდევ დამატებით უსვამენ კითხვებს პაციენტებს. მაია მაღლაკელიძეს კი ჩვენს ანამნეზის ფურცელში მითითებული აქვს მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რის შედეგადაც გამოირიცხა რამდენიმე პროცედურა, რომელიც მართლა არ შეიძლება მსგავსი პაციენტებისთვის. მაგალითად, გამოირიცხა პლაზმოლიფტინგი, რომელიც ააქტიურებს სახის როგორც დადებით, ისე უარყოფით უჯრედებს, ასევე მეზოთერაპია, რომელიც ააქტიურებს სხვადასხვა პროცესს ორგანიზმში.
_ უარი პროცედურებზე მან თავის მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გითხრათ?
_ ამიტომაც მოვთხოვეთ ფორმა ასის მოტანა, რომ კონკრეტულად გაგვეგო, რა დაავადება აქვს და რომ მართლაც არ შეიძლება ამ პროცედურების ჩატარება.
_ მისმა მკურნალმა ექიმმა ხაზგასმით ჩაწერა ფორმა 100-ში, თუ რა არ შეიძლებოდა პაციენტისთვის?
_ დიახ. მე არავის კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ იმდენად სუბიექტურად იყო ეს ფორმა 100 დაწერილი, რომ მის საფუძვლიანობაში ეჭვი შეგვეპარა.
_ სუბიექტური ფორმა 100 რას ნიშნავს?
_ მაგალითად, ამ ფორმა 100-ში წერია, რომ პაციენტისთვის არ შეიძლება ზედაპირული პილინგი. არადა, ზედაპირული პილინგი პატარა ბავშვსაც რომ გაუკეთო, არაფერს ავნებს. ამის შემდეგ აღნიშნული ფორმა 100 ჩვენს იურისტთან ერთად გავიარეთ. მანამდე, როდესაც ამ ქალბატონს ვკითხეთ, თუ რატომ წერია ასეთი რამ ამ ფორმა 100-ში, მან გვითხრა, რომ იმიტომ გაამძაფრა ეს ჩემმა ექიმმა, ერთ-ერთი ასეთი კომპანიის დაზარალებული იყო მისი შვილიო. აქედან გამომდინარე, ვივარაუდეთ, რომ ცოტა სუბიექტური საფუძველი ჰქონდა ამ ყველაფერს, ამიტომაც მივმართეთ იურისტს, რომელმაც ანალოგიურად დაგვიდასტურა ჩვენი ეჭვი. მაია მაღლაკელიძეს ჩვენი გადაწყვეტილება შევატყობინეთ, რომ ხელშეკრულებას ვერ ვუუქმებდით მის ფორმა 100-ზე დაყრდნობით და მას შეეძლო, სასამართლოსთვის მიემართა.
_ პოლიცია რატომ გამოიძახეთ?
_ ჩვენი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეს ქალბატონი კლინიკაში მოვიდა და ჩემი კაბინეტიდან ვერაფრით გავიყვანეთ. შეხვედრაზე მეჩქარებოდა და ის ჩემს კაბინეტში დარჩა. დაცვამ მითხრა, ხელს ხომ ვერ შევახებ ქალბატონსო? როგორც კი გავედი, ამ ქალბატონს სირბილი დაუწყია სხვადასხვა ოთახში, სადაც პაციენტები პროცედურებს იტარებდნენ. ყვიროდა: აფერისტები და მატყუარებიო. მის გამო ბევრი პაციენტი დავკარგეთ იმ დღეს. შეხვედრიდან რომ მოვბრუნდი, ისევ კაბინეტში დამხვდა და აცხადებდა, რომ სანამ ხელშეკრულებას არ გავაუქმებდით, კლინიკას არ დატოვებდა. იძულებული ვიყავი, პოლიცია გამომეძახა.
_ თვითონაც გამოიძახა პოლიცია, როგორც გვითხრა.
_ ჩვენ მხოლოდ პოლიციის ერთი ბრიგადა ვნახეთ. მეორე, მგონი, არც ყოფილა. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენთან მეორე ბრიგადა არ ამოსულა. მომდევნო დღეს უკვე მე დავურეკე ამ ქალბატონს, რომ ვერ ვაუქმებდით ხელშეკრულებას და შეეძლო, სასამართლოსთვის მიემართა.
_ თუ არ მოიხმარა და საერთოდ არ მოვიდა კლინიკაში, არ ჩაიტარა არც ერთი პროცედურა, ეს თანხა სად წავა?
_ ეს თანხა მას არ დაუბრუნდება, მას შეუძლია, თავად თუ არ გაიკეთებს, სხვას გადასცეს.

თამარ როსტიაშვილი