რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ 5 მაისს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ვალერი კვარაცხელიას ქალიშვილი ბიზნესმენ რომან ფიფიას რძალია (ვაჟიშვილის ცოლი). რომან ფიფია, თავის მხრივ, „დინამოს“ სტადიონის მეპატრონე და „რუსთავის აზოტის ქარხნის“ ყოფილი მფლობელია („აზოტში“ მის მაგივრად აქციების მფლობელად მისი ძმა, როინ ფიფია ფიგურირებდა).

2016 წელს ვალერი კვარაცხელიას მძახლის _ ფიფიების მფლობელობაში შემავალი „აზოტის ქარხანა“ გაკოტრდა. ფიფია ამაოდ ცდილობდა ქარხნის გადარჩენას _ საბოლოო ჯამში, იგი კომპანია „ეუ ინვესტმენტ“-ის ხელში აღმოჩნდა. „რუსთავის აზოტის“ აქციები „ეუ ინვესტმენტ“-ის გენერალურმა დირექტორმა, ეფრემ ურუმაშვილმა იყიდა, რომლის გვარიც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესებშიც ფიგურირებდა. ივანიშვილთან მისი კავშირის გახმაურების შემდეგ ურუმაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ კონკრეტულ ბიზნესთან ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს.

აქ იყო ერთი დეტალი _ ფიფიები „რუსთავის აზოტის“ აქციების სხვის ხელში გადასვლას ასე ადვილად არ შეჰგუებიან. ქარხნის პერსონალისა და მუშების წინააღმდეგობა მთელი ერთი წელი გრძელდებოდა. საბოლოო ჯამში, მეპატრონეებს თავიანთი პოზიციის დათმობა მოუწიათ. თუმცა ეს ხელისუფლება წინააღმდეგობას ასე ადვილად არ ჰპატიობს, ამიტომაც საქმეში ვალერი კვარაცხელიას _  სერგეენკოს პირველი მოადგილის გვარი ამოტივტივდა.

თანამდებობიდან ვალერი კვარაცხელიას წასვლამ, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მის დისშვილს, წალენჯიხის გამგებელ ბესო ფარცვანიას. მეორე დისშვილს _ ბეჟან ფარცვანიას, ყოფილი კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანს, უსაფუძვლოდ გაუვრცელეს ხმები. არადა, მას, ფაქტობრივად, არანაირი შეხება არ ჰქონია „ფოტოგრაფების საქმესთან“. წინა დღეებში სწორედ ამასთან დაკავშირებით ამოტივტივდა ამ უკანასკნელის გვარი, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი რომან ფიფიასთან მუშაობს და სტადიონის ბაზის უსაფრთხოების უფროსია.

როგორ ჩაივლის მეგრულ კლანთან დაპირისპირება?! ეს კლანი ჭკვიანია. ვალერი კვარაცხელიას გადადგომა პირადი განცხადების საფუძველზე დროული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მისი გარემოცვის გარშემო ჩრდლოვანი კამბიტი ატყდებოდა. მით უმეტეს, რომ ჩრდილების ნაკლებობა აქ ნამდვილად არ არის. თუმცა ეს ბიზნესის წესია _ იმ ბიზნესის, რომელიც ივანიშვილისთვის კარგად არის ნაცნობი.

„ქრონიკა+“-თან საუბარში ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი გადადგომა ბეჟან ფარცვანიას საკითხს არ უკავშირდება. დიახ, ის მისი ნათესავია და წლებია, უკვე კერძო ბიზესშია. რაც შეეხება მას, მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ორი თვის წინათ მიიღო და პრემიერმა როცა დაუკმაყოფილა, მაშინ წავიდა.

 

ფიფიების ოჯახური ბიზნესი და ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხები

(ნაწილი I)

1996 წელს სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დიმიტრი აიაცკოვი დაინიშნა. მისი დანიშვნისთანავე რომან (იგივე გულადი) ფიფია ადგილობრივი სალიქიორე-არყის გაერთიანება „ლიქსარის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ერთი წლით ადრე, 1995 წელს, იმდროინდელმა პოპულარულმა ჟურნალმა „პროფილმა“ აღნიშნული დანიშვნა შემდეგნაირად შეაფასა: „32 წლის მეწარმე რომან ფიფია უშუალოდ აიაცკოვმა დანიშნა. მანამდე ფიფია არავინ იყო, უფრო სწორად, „საშუალო ხელის“, რიგითი მეწარმე. რატომ მოუვიდა თვალში აიაცკოვს ფიფია, კაცმა არ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ მათ, ჯერ კიდევ, მაშინ ჰქონდათ შეხება, როდესაც ფიფია მეფრინველე იყო და სარატოვის მეფრინველეობის საწარმოში მუშაობდა. მაშინ გუბერნატორი აიაცკოვი საწარმოს დირექტორის მოადგილე იყო და მთელ ფინანსურ დინებებს აკონტროლებდა. იქ გაიცნო სწორედ ფიფია და ამჯერადაც, გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ, ისეთ სტრატეგიულ ობიექტს, როგორიც ლიქიორი-არყის ქარხანა იყო, უცხოს ვერ ანდობდა. ეს ხომ „ცოცხალი“ ფულის ობიექტია. დღეს ფიფიას ხშირად შეხვდებით აიაცკოვის მისაღებში. რა მოლაპარაკებები აქვთ ერთმანეთს შორის, მხოლოდ გუბერნატორის უახლოესმა პირებმა იციან“ („პროფილი“ #13, 12.04.1999).

1997 წლის შუა ნახევარში, ფიფიას ხელმძღვანელობით, „ლიქსარის“ მოდერნიზება მოხდა, რის შედეგადაც ჩავარდნილი საწარმო კვლავ ფეხზე დადგა. კერძოდ, დაიწყო 37 სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმლის გამოშვება (14 მათგანი საფირმო). შესაბამისად, ამუშავებულ საწარმოს მეტი შემოსავალი უნდა ეჩვენებინა ბიუჯეტში. მაგრამ, ამ დროს, კვლავ ხდება საწარმოს პრივატიზება, რის შესახებაც ჟურნალი „პროფილი“ წერს:

„გასულ წელს (1998 წ., _ რედ.) „ლიქსარი“ ჩუმად გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად. ჟურნალისტებმა ამის შესახებ პოსტფაქტუმ შეიტყვეს. საწარმოს 49%, პლუს „ოქროს აქცია“ (ვეტოს უფლება აქციონერთა საერთო გადაწყვეტილებაზე, _ რედ.) დარჩა სახელმწიფოს. როგორ გადანაწილდა დანარჩენი აქციები, აიაცკოვისა და ფიფიას გარდა არავინ იცის“ („პროფილი“, #13, 12.04.1999).

ჟურნალისტების გარდა „ლიქსარის“ პრივატიზების საკითხით სარატოვის სამართალდამცველებიც დაინტერესდნენ. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი უფროსი, მილიციის გენერალ-ლეიტენანტი  ვლადიმირ ბულგაკოვი. მან გამოცემა „ბაგოტეას“ ინტერვიუების ციკლი მისცა, სადაც იგი „ლიქსარის“ საკითხსაც განიხილავდა. ასე მაგალითად: ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გენერალ ბულგაკოვისთვის ცნობილი გახდა, რომ „ლიქსარის“ ახალ მეპატრონეთა შორის არის კომპანია „ორბი“, რომლის დამფუძნებელი, რომან ფიფიასთან ერთად, აღმოჩნდა სარატოვის გუბერნატორ აიაცკოვის უმცროსი ძმა. შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ გატარებული მოკვლევითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ სარატოვის ოლქის საგადასახადოში ორი „ლიქსარია“ აღრიცხვაზე აყვანილი. საყურადღებო ის ფაქტი იყო, რომ ორივე „ლიქსარი“ ერთი და იგივე დღეს დარეგისტრირდა _ 1994 წლის 14 ივლისს. ანუ ერთი წლით ადრე, ვიდრე სახელმწიფო „ლიქსარის“ აქციონერების პროცესი დაიწყებოდა. რაც მთავარია, ორივე „ლიქსარის“ დირექტორი რომან ფიფია გახლდათ.

როგორც ბულგაკოვი ინტერვიუში ყვებოდა, ოლქის მილიციის სამმართველოში უკვე 1997 წლიდან დაიწყო ცნობების შემოსვლა „ლიქსარის“ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით:

„ჯერ კიდევ შემოდგომაზე ვიცოდით, იქ რაც ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით წერილი მოვამზადე და სარატოვის საოლქო დუმის ხელმძღვანელ ალექსანდრ ხარიტონოვთან გავაგზავნე. იქიდან პასუხი მომივიდა, რომლის მოკლე შინაარსი იყო: „შეეშვით ამ საქმეს“.

1998 წლის 13 თებერვალს გაზეთ „სარატოვის მერიაში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო აფეთქებაზე:

„პარასკევს, 13 რიცხვში, დაახლოებით, საღამოს 10 საათზე, კუტიაკოვის ქუჩა 41/59 სადარბაზოს კართან მოხდა აფეთქება. აფეთქდა მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა. აფეთქების შედეგად ქალაქის საავადმყოფოში მოხვდა როინ ფიფია გულ-მკერდის, თავის ქალასა და ზემო კიდურების მრავალჯერადი დაზიანებით. 1968 წელს დაბადებული როინ ფიფია რესტორან „ტროიკის“ დირექტორი და სააქციო საზოგადოება „ლიქსარის“ დირექტორის, რომან ფიფიას ძმა. აფეთქების შედეგად როინ ფიფიასთან ერთად მრავლობითი დაზიანება მიიღო თენგიზ ოზმანოვმა. დიაგნოზი: შუბლის ძვლის მოტეხილობა, თავის ქალასა და სახის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები. 1966 წელს დაბადებული თენგიზ ოზმანოვი ცნობილი „კანონიერი ქურდია“, მეტსახელად „დათო“ (გაზეთი „სარატოვის მერია“, #8 (252).

ასე და ამრიგად, საბოლოოდ დადასტურდა ხმები ძმებ ფიფიებისა და „კანონიერი ქურდების“ არაფორმალური ურთიერთობის შესახებ. გაზეთში „სარატოვის მერია“ გამოქვეყნდა, ასევე, ოპერატიული გადაღების ფოტო, სადაც „დათო კუვალდა“ და როინ ფიფია ერთად არიან. სურათი 1996 წლის ნოემბერშია გადაღებული, როდესაც ორივენი ცნობილი სარატოველი „კანონიერი ქურდის“, შოთას დაკრძალვიდან ჩამოფრინდნენ.

აფეთქებიდან მეორე დღეს კიდევ უფრო  საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ადგილობრივი ტელევიზია „სარატოვის“ ტრანსლირებისას მოულოდნელად შეწყდა გადაცემა და გაოგნებული მაყურებლის თვალწინ ცისფერ ეკრანზე „ლიქსარის“ გენერალური დირექტორის, რომან ფიფიას სახე წამოიმართა. ფიფია მთელი ხუთი წუთი, კაცმა არ იცის, ვის ემუქრებოდა. ხსენებულ ტელემიმართვაში არყის მაგნატი ხმამაღლა აცხადებდა, რომ მიდის დაშინების ყველა მცდელობა, იგი განწირულია, ხოლო დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ამის შემდეგ გადაცემა, როგორც მოულოდნელად შეწყდა, ისე მოულოდნელად განახლდა. იმავე დღეს  აღშფოთებულმა სარატოველებმა ტელევიზია წერილებით აავსეს, _ ეს რა იყო, ხომ არ გაგიჟდით?! სარატოველების ნაწილი თავიანთ ჩართვასაც მოითხოვდნენ პირდაპირი ეთერით, ერთს მეზობელი უჩიოდა უკანონოდ გაჭრილი აივნის გამო, მეორეს ქმარი ყელის გამოჭრით ემუქრებოდა, მესამე დაკარგულ ძაღლს ეძებდა… ყველას უნდოდა ფიფიასავით ჩართვა, მოულოდნელად! ტელევიზიის გარშემო ატეხილმა ამ ხმაურმა ის ფაქტი გადაფარა, რომ აფეთქების ადგილზე მილიციაზე ადრე თავად რომან ფიფია და „კანონიერი ქურდები“ _ ნოე და ბალაში მივიდნენ. სწორედ მათ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება დაჭრილებს „სასწრაფოს“ მოსვლამდე. ამის შესახებ თავის ინტერვიუში გენერალი ბულგაკოვმა მოყვა.

1998 წლის თებერვალში გაზეთ „სარატოვის მერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტმა მიხეილ სინელნიკოვმა ვერსია წამოაყენა, რომ „ლიქსარში“ კრიმინალური დაჯგუფებების ინტერესები იყო ჩადებული, რომ „კანონიერი ქურდები“ საწარმოში სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებდნენ, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლისთანავე მათ ეს ინტერესები უგულებელყვეს.

როინ ფიფიაზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ სარატოვი შეკვეთილი მკვლელობების სერიამ მოიცვა. მაგალითად, 1998 წლის 17 მარტს სარატოვის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „ფანია“. მეორე დღეს ექიმის ხალათში გადაცმულმა უცნობმა მკვლელმა ფანია პალატაში ჩაცხრილა; 21 მაისს სარატოვში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, მსხვერპლი აღმოჩნდა ჩიკუნოვსკის დაჯგუფების არაფორმალური ლიდერი, „კანონიერი ქურდი“ გულდაბიანი, მისი დაცვა და სვეტლანა პავლოვა (1995 წელს მოკლული იგორ ჩიკუნოვის მეგობარი ქალი) (დღემდე ყველა ტერაქტის შემკვეთი და შემსრულებელი ნაპოვნი არ არის).

1998 წლის 13 თებერვალს რომან ფიფიას ძმაზე _ როინ ფიფიაზე განხორციელებულმა ტერაქტმა გენერალ ბულგაკოვს შემდეგი ნაბიჯებისკენ უბიძგა. მან „ლიქსარში“ ოპერატიული ჯგუფი გააგზავნა ოლქის სამმართველოს უფროსის, ანატოლი სუპრუნცის ხელმძღვანელობით. ჩატარდა ფიფიას საწარმოს მასშტაბური ჩხრეკა. ამის შემდეგ, როგორც გენერალი ბულგაკოვი თავის ინტერვიუში ყვება, სარატოვის გუბერნატორმა იგი თავისთან დაიბარა და უთხრა: „შენ წითელი ზოლი გადაკვეთე. ამის შემდეგ სამსახურს ვერ იშოვი არა მარტო სარატოვში, არამედ მთლიანად კრასნოიარსკის ოლქში“. 1998 წლის 23 თებერვალს სარატოვის გუბერნატორმა ბულგაკოვის მოხსნის რეკომენდაციით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. სარატოვში მინისტრმა კომისია გამოაგზავნა, საქმე შეისწავლა და გენერალი ბულგაკოვი თანამდებობაზე დატოვეს. ამის შემდეგ სარატოვის გუბერნატორმა აიაცკოვმა გადაწყვიტა, ეს საქმე ელცინის დონეზე მოეგვარებინა. მან ელცინის ქალიშვილს,  ტატიანა დიაჩენკოს მიმართა, რომელთანაც ერთად დიდ ბრიტანეთში ისვენებდა.

ასე გაჩერდა „ლიქსარის“ შემოწმების საქმე.

ფიფიას სარატოვში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც გუბერნატორი აიაცკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა, სარატოვში მოქმედმა საინფორმაციო საშუალებებმა და სარატოვის ოლქის სამი გაზეთის რედაქტორებმა წერილით მიმართეს რუსეთის გენერალურ პროკურორ იური ჩაიკას. ისინი მოითხოვდნენ მათ მიერ მოკვლეული მასალების შესწავლას, სადაც მთელი რიგი მაქინაციები იყო ჩამოთვლილი. ამის შემდეგ რომან ფიფიაზე პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნა აღიძრა და იგი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

მალევე იგი საქართველოში ჩამოდის. ფიფიას ძმა _ როლანდ ფიფია, საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს. რუსული მედიის ცნობით, ფიფია სააკაშვილისგან აფხაზეთის ვირტუალური პრეზიდენტის პოსტს ელოდა.

„რუსსკი ბაზარის“ ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანაში ფიფიას მარჯვენა ხელი ანდრეი ფედოროვი იყო. ეს უკანასკნელი უცხოელი ინვესტორების დელეგაციაში შედიოდა, რომელიც 2006 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიიღო.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

თამარ როსტიაშვილი