რას უყვებიან „ნაციონალებს“ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები?

ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი _ კოტე იოსელიანი:

 

_ არა მარტო ენმ-ის მხარდამჭერებს, არამედ თითქმის ყველას, მთელ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ქვეყანაში მკვდარი წინასაარჩევნო პერიოდია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ცოტა სხვაგვარ არჩევნებს შევეჩვიეთ, კომპრომატების ცვენით, ცემა-ტყეპით, ქვების სროლით, ექსტრიმით, ადრენალინით, მიჩვეული ვართ აგრესიულ საარჩევნო კამპანიებს, დღეს მსგავსი არაფერია. თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული ეს, ოპოზიციის პასიურობით ხომ არა?

_ მართლაც, ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, წინასაარჩევნოდ მუდამ იყო მღელვარება, ემოციური ომი და ყოველთვის ამ ემოციურ ფონზე ხდებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალის გამარჯვება მეორე ძალაზე. ჩვენ ამას მივეჩვიეთ და გვგონია, რომ ეს არის საარჩევნო სტანდარტი. მესმის, რომ ბევრად საინტერესოა, როდესაც მიდის ცხარე, აგრესიული საარჩევნო კამპანიები, მეტია ადრენალინი, ემოცია, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ არანაირი სიკეთე არ მოაქვს ამ ემოციურ ფონზე გაკეთებულ არჩევანს? ემოციურ ტალღაზე გაკეთებული არჩევანი ყოველთვის იყო და იქნება დამღუპველი. დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ემოციური ფონი დაბალია, ჩვენ უნიკალური შანსი გვეძლევა, თავი დავაღწიოთ ამ ჭაობს _ ამომრჩეველი დაფიქრდეს, კარგად გაიაზროს, რას, ვის ირჩევს და არჩევანი გააკეთოს ცივი გონებით.  კმარა, უნდა წავიდეს ის დრო, როდესაც ვიღაც რაღაც არარეალურს გვპირდებოდა და ამის გამო ვაძლევდით ხმას, ან ვიღაცა რაღაცას გვაჩვენებდა, გავბრაზდებოდით და გაბრაზებულები ვაკეთებდით არჩევანს. დროა, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება, ყველაფერი ცივი გონებით ავწონ-დავწონოთ და იმ ძალას მივცეთ ხმა, რომელიც უფრო შეესატყვისება ჩვენს ინტერესებსა და შეხედულებებს. მუდამ ემოციურ არჩევანს ვაკეთებდით და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ძალაუფლება ერთი პარტიის ხელში იყო თავმოყრილი. როგორც რეგიონებს, ისე ცენტრალური ხელისუფლების ყველა შტოს ერთი კონკრეტული ძალა აკონტროლებდა და აკონტროლებს. ახლა ამ არჩევნებით შანსი გვეძლევა, სურათი შევცვალოთ _ როდესაც „ოცნება“ ცენტრალურ ხელისუფლებაშია, დედაქალაქი, სხვა ქალაქები, რეგიონები იყოს ოპოზიციური. სწორედ ასეთ ფორმატში ირთვება ურთიერთბალანსისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რაც  წაადგება ხალხსა და სახელმწიფოს. თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდზე რომ ვისაუბროთ, როდესაც უგულავა იყო ქალაქის მერი, მიშა სააკაშვილი პრეზიდენტი, ამავე პოლიტიკური გუნდიდან იყვნენ მინისტრები, რომლებიც დარგობრივ მიმართულებებს ხელმძღვანელობდნენ, როგორ უნდა ეკონტროლებინათ და დაებალანსებინათ მათ ერთმანეთი? ან მტკივნეულ საკითხებზე როგორ უნდა მოეთხოვათ ერთმანეთისთვის პასუხი? დღესაც იგივე და კიდევ უარესი სიტუაცია გვაქვს.

_ მაგრამ, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას დედაქალაქის მერი, ვთქვათ, ირმა ინაშვილი რომ ყოფილიყო, მოხერხდებოდა ამდენი საქმის გაკეთება და ერთმანეთთან ჭიდაობას არ მოუნდებოდნენ?

_ არა, რასაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავებიან, იმისგან სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა დაცული. როგორც უკვე ვთქვი, დღეს ბევრად უარესი სიტუაციაა, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, თანამდებობები ფორმალურად უკავია ივანიშვილის სხვადასხვა მარიონეტს, ერთმა მარიონეტმა მეორე მარიონეტი როგორ უნდა აკონტროლს და დააბალანსოს? ნარმანიას კვირიკაშვილისთვის რა უნდა მოეთხოვა, ან კვირიკაშვილს _ ნარმანიასთვის? ან, თუნდაც, ახლა, კალაძე რომ მერი გახდეს, რაც ჰიპოთეტურადაც გამორიცხულია, თბილისი უარს ეტყვის მას, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ამ ყველაფერზე, მაგრამ დავუშვათ, იგი რომ მერი გახდეს, ერთმა მარიონეტმა კვირიკაშვილმა მეორე მარიონეტ კალაძეს რა უნდა მოსთხოვოს? ესენი არიან მარიონეტების გუნდი, რაღაცა წარმონაქმნი, რომელიც, სამწუხაროდ, საერთოდ არ ზრუნავს სახელმწიფოზე, განსხვავებით იგივე „ნაციონალური“ მოძრაობისგან, რომელმაც ფერფლიდან შექმნა სახელმწიფო. დღეს ჩვენ გვჭირდება ბალანსი და  მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს პოლიტიკურ ბალანსს. ამ გზით ცენტრალურ ხელისუფლებაში წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ და ადგილობრივ ხელისუფლებაში წარმოდგენილი ოპოზიცია ერთმანეთს დააბალანსებს, ექნებათ პოლიტიკური ანგარიშვალდებულება, როგორც ერთმანეთის მიმართ, ისე საზოგადოების წინაშე და ერთმანეთს აღარ მისცემენ კანონების დარღვევის, ძალაუფლების მითვისებისა და ბოროტად გამოყენების საშუალებას. ამით იხეირებს მხოლოდ სახელმწიფო, ხალხი. ვერ ვიტყოდი, რომ დღეს ძალიან წყნარი ვითარებაა და მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდია, უამრავი ფაქტია იმისა, როგორ ცდილობს „ოცნება“ კონკურენტების განადგურებას კორუფციული გარიგებებით, შანტაჟით, ზეწოლით. შემიძლია პირად მაგალითზე გითხრათ, ხან ბოთლებს მესვრიან ოფისში, ხან აგურებს,  პოლიცია მოდის, ვერ იკვლევს, ვერ იძიებს, ვინ გააკეთა…

_ საქმეც ეგ არის, სიმშვიდეში ის კი არ მიგულისხმია, რომ კამპანიები მშვიდ საარჩევნო გარემოში მიდის, არამედ ის, რომ ამ ყველაფერს _ შანტჟს, თავდასხმებს _ პოლიტიკური სპექტრი მშვიდად ხვდება, სკანდალს არავინ ტეხს, სიტუაციას არავინ ამწვავებს, კომპრომატებს არავინ ამზეურებს, კამპანიები ჩამკვდარია.

_ იმიტომ, რომ სხვადასხვა ველზე ვთამაშობთ ჩვენ და ხელისუფლება. ჩვენ დავდივართ, ამომრჩეველს ვხვდებით, შეხვედრებს ვატარებთ, მოსახლეობას კორუფციულ გარიგებებზე ვატყობინებთ, თუ რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება. „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად მიჩუმებულია, ის ხალხთან არ მუშაობს და ამას ერთადერთი ახსნა აქვს…

_ როგორ არ მუშაობს? აგერ „გამჭვირვალობამ“ ამხილა კიდეც, თუ რა „ხოშიანად“ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, რაც კი ამ წლების მანძილზე ჩვენი გადახდილი გადასახადებით გაუკეთებიათ, „დააროლიკეს“, ისევ ჩვენ გვაწონებენ თავს და ამაში ისევ ჩვენს გადახდილ გადასახადებს ხარჯავენ.

_ ეგ გასაგებია, მაგრამ ისინი ამაზე არ ამყარებენ იმედს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რა სჭირდება მას იმისთვის, რომ არჩევნებზე კარგი შედეგი დადოს, ეს არის გაყალბებული სიები, ცესკოს შესაძლებლობებით მანიპულირება. ამაზე არიან, ძირითადად, გადართულები. ადრე თუ უბნებზე ყალბდებოდა არჩევნები, დღეს  ზეგაყალბებასთან გვაქვს საქმე. მერიამ „კონკრეტულ“ მისამართებზე დაარეგისტრირა არარსებული კორპუსები, იუსტიციის სამინისტრომ იმ კონკრეტულ კორპუსში დაარეგისტრირა ადამიანები და მათზე ყალბი აიდი ბარათები გასცა, ცესკომ ამ კორპუსებში „შესახლებული“ ადამიანები, რომლებზეც გაცემული არის იუსტიციის სამინისტროს მიერ აიდი ბარათები, საარჩევნო სიაში ჩასვა და არჩევნებზე ეს ადამიანები მოდიან და ხმას აძლევენ. მათ ზუსტად იციან, კონკრეტულ უბანზე რამდენი ხმა სჭირდებათ არჩევნების მოსაგებად და წინასწარ აკეთებენ ამ საჭირო ხმების მობილიზებას, „აშენებენ“ ყალბ კორპუსებს, ბეჭდავენ ყალბ აიდი ბარათებს, რომ ეს ადამიანები მოიყვანონ ამ ყალბი აიდი ბარათებით და მიაცემინონ ხმა.

_ ვაკეშიც „ააშენეს“ ასეთი კორპუსები? კვადრატული რა ჯდება ვაკეში? ეს, ცხადია, ხუმრობით, სერიოზულად კი რა ღირს, რას იღებენ ამ არარსებულ კორპუსებში „მცხოვრები“ პირები ყალბი აიდი ბარათებით არჩევნებში მისვლასა და ხმის მიცემაში?

_ ასეთი კორპუსები ყველგან „ააშენეს“, ხმის მიცემა შესაძლოა უფასოცაა, რადგან ესაა პარტიული აქტივი, ესენი არიან თავგაცხელებული აქტივისტები, ან „ოცნების“ მიერ რომელიმე სსიპ-ში დასაქმებულები, რომელთაც ეს ხელისუფლება ენდობა და ასეთ პირებზე  გაცემულია რამდენიმე, ათეულობით აიდი ბარათი, სხვადასხვა გვარითა და სახელით და ეს ადამიანები, დილით რომ გამოვლენ სახლიდან, მივლენ ერთ საარჩევნო უბანზე, გამოიყენებენ ერთ აიდი ბარათს, შემდეგ წავლენ სხვა, მეორე უბანზე, იქ გამოიყენებენ სხვა აიდი ბარათს და დღის ბოლომდე ასე შემოივლიან უბნებს. წინასწარ იციან, რომელ უბნებზე უნდა მივიდნენ, სად არიან რეგისტრირებულები. 2016 წლის არჩევნების დროსაც იბეჭდებოდა ყალბი აიდი ბარათები, გახსოვთ, ალბათ, თურქეთმა საზღვარიც ჩაკეტა, რადგან „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებმა, რომლებიც თურქეთიდან იყვნენ დეპორტირებულები, იქ გადასვლა სწორედ ამ ყალბი აიდი ბარათებით სცადეს და თურქეთის საბაჟომ ამოაგდო, რომ პიროვნება დეპორტირებულია თურქეთიდან და სხვა გვარითა და სახელით ცდილობს შესვლას. რამდენიმე ასეთი ფაქტის შემდეგ თურქეთმა საზღვარი დაკეტა და თქვა, რომ სანამ ქართული მხარე ამ ყალბი აიდი ბარათების მიმოქცევას არ შეაჩერებდა, საზღვარს არ გახსნიდნენ. ერთი კვირა დაკეტილი იყო საზღვარი და არავის უშვებდნენ აიდი ბარათებით. ამაზე მეტი რა გინდა? ჩვენთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოდიან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ იქ ხელფასის გულისთვის არიან, მაგრამ გულით, სულით ჩვენ გვიჭერენ მხარს და გვაფრთხილებენ, რომ არჩევნები ყალბდება სიებით, მანდაა ძაღლის თავი დამარხული, რომ ყველაფერი სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მოკლედ, ჩვენ, „ნაციონალები“, ამ წინასაარჩევნო პერიოდში სხვა ველზე ვთამაშობთ, ეგენი საერთოდ სხვაგან თამაშობენ, არ ვიკვეთებით, კამპანიაში კონკურენტები აღარ ვართ ერთმანეთის და ამიტომაც არაა დაძაბული საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვმუშაობთ რეალურ ხალხზე, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, ესენი მუშაობენ სიებზე, სად რამდენი ხმაც სჭირდებათ მოსაგებად, იმდენ ყალბ აიდი ბარათს ამზადებენ წინასწარ, აორგანიზებენ, როგორ მოვიდეს ეს ხალხი იმ უბანზე, შემდეგ როგორ წავიდეს კიდევ სხვა უბანზე სხვა აიდი ბარათით და ა. შ. ასეთი მოსიარულე 3 ათასი, 4, ან, თუნდაც, 20 ათასი კაცის ყოლა რა პრობლემაა? გააკეთებ იმას, რაც გინდა. დღეს, რეალურად, ესაა საქართველოს საარჩევნო სტანდარტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ამაზე მეტი და ამაზე მაღალი დონის გაყალბება არ არსებობს, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით გაყალბებული არჩევნები, ეს არის უმძიმესი დანაშაული.

_ სიების გაყალბების თემაზე, ცხადია, ენმ საუბრობს, მაგრამ არცთუ ისე მწვავედ, როგორც საჭიროა. წინა, 2016 წლის არჩევნებზე ენმ-ის წინა ლიდერშიპს მხარდამჭერები აკრიტიკებდნენ, რომ ისინი თეთრი ხელთათმანებით ცდილობდნენ არჩევნების მოგებას. ლიდერშიპი აცხადებდა, რომ ისინი კონსტრუქციულ კამპანიას აწარმოებდნენ. რა შედეგიც მოიტანა იმ კონსტრუქციულმა კამპანიამ და თეთრი ხელთათმანებით ბრძოლამ, ყველამ ვნახეთ. ახლაც მსგავსი ტენდენციაა, ბრძოლა თეთრი ხელთათმანებით…

_ ნამდვილად არ არის ეგ ტენდენცია… წინა არჩევნებზე იყო მანდატების გადანაწილება ბოკერია-ივანიშვილის გარიგების შედეგად, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. გახსოვთ, როგორც დაარბიეს სანდრა რულოვსის არჩევნები. ერთი სასამართლო პროცესი მითხარით, ერთი საჩივარი, ან ერთი მაშინდელი ლიდერი დამისახელეთ, რომელიც დარბევის შემდეგ იქ ჩავიდა და გვერდში დაუდგა სანდრას!

_ ეგ გასაგებია, მე  ვსაუბრობ საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც მაშინ თეთრი ხელთათმანებით ბრძოლად შეფასდა, არ იყენებდნენ კომპრომატებს, არ ამწვავებდნენ მოვლენებს, არ ქმნიდნენ ხმაურს. გეთანხმებით, რომ საქართველოში ემოციურად კეთდება არჩევანი.

_ კმარა ემოციური არჩევანის გაკეთება…

_ ქართველი ემოციურ ფონზე იღებს გადაწყვეტილებას და როგორ ფიქრობთ, ასე სწრაფად შეიცვლებოდა ქართველის ფსიქოტიპი?

_ დროა, ცივი გონებით გაკეთდეს არჩევანი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აზროვნებს, შეუძლია დაჯდეს და დაფიქრდეს, რას და ვის მისცეს ხმა. 2012 წელს, ხელის გულზე ჰქონდა ენმ და მისი საქმეები, მაგრამ არ იცოდა, რა იყო „ქართული ოცნება“, რომელიც მოსვლას აპირებდა ხელისუფლებაში. მოსახლეობას ისინი ბევრ, საკმაოდ მომხიბლავ რამეს ჰპირდებოდნენ. ამომრჩეველმა თქვა, აღარ მინდა ეს „ნაცმოძრაობა“, „ქართული ოცნება“ კარგ რაღაცებს მპირდება, მოდი, მას ავირჩევ. დღეს უკვე სხვა ვითარებაა, სხვა არჩევნებია, ახლა ჩვენ გვიდევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგიც და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგიც. მოსახლეობამ მშვიდად, ცივი გონებით უნდა გააანალიზოს, რა მოხდა ამ ქვეყანაში „ნაცების“ დროს და რა ხდება ქვეყანაში „ქოცების“ დროს და გადაწყვიტოს, რა უნდა, რომ მოხდეს ამ ქვეყანაში მომდევნო წლებში. არჩევანი უნდა გააკეთოს ამ ორ ძალას შორის. ამ ორი პარტიის გარდა, რეალურად, არ არსებობს სხვა ელექტორული კონკურენტი, თუ არ ჩავთვლით ლიფსიტებს, პატარა პარტიებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი გახდნენ, რათა ყოველწლიური დაფინანსება მიიღონ ბიუჯეტიდან, დაირიგონ ხელფასები, ჰქონდეთ ოფისები. მეტი ამბიცია მათ არ გააჩნიათ.  რეალური ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რეალური ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელიც გაყალბებულ სიებზე დგას. ეს არის სისტემა, რომელიც დგას წულუკიანზე, ჟვანიასა და ივანიშვილზე. ამ სისტემას, ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ მხოლოდ საყოველთაო ჩართულობა, დღეს მთავარია, რომ ადამიანები მოვიდნენ არჩევნებზე.

_ თუ უკვე ამდენი კორპუსი „წამოჭიმეს“, ამდენი აიდი ბარათი დაბეჭდეს და სია გააყალბეს, რაღას შეცვლის ჩემი, ან ნებისმიერის მოსვლა არჩევნებზე?

_ რას შეცვლის და იმას, რომ თუ იქნება საყოველთაო აქტივობა, მათ არაფერი უშველის. მესმის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტრადიციულად დაბალი აქტივობით გამოირჩევა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ადამიანები უნდა მოვიდნენ და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ, ის ძალა აირჩიონ, რომელიც მათ შეხედულებებთან, ინტერესებთან ყველაზე ახლოსაა. ახლა ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური ბალანსი შეიქმნას. ცენტრალური ხელისუფლება, თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნებისაა“ და ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, დედაქალაქი, რეგიონები იყოს ოპოზიციის ხელში. წარმოიდგინეთ, თუ ზაალ უდუმაშვილი გახდება თბილისის მერი,  როგორი ანგარიშვალდებულება გაჩნდება საზოგადოების წინაშე, გინდაც მის, გინდაც პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან. ისინი ერთმანეთს გააკონტროლებენ, დააბალნსებენ, ეს სჭირდება დღეს სახელმწიფოს _ პოლიტიკური ბალანსი და ამიტომ უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და უნდა მივცეთ ხმა ბალანსს. შეიძლება, ვიღაცას „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონდეს, ყველას თავისი არგუმენტი აქვს, რატომ მოსწონთ და რატომ არ მოსწონთ, მაგრამ თუ ვთანხმდებით, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება ბალანსი, პირადი წყენები, სიმპათიები გვერდზე უნდა გადავდოთ და ამ ბალანსს მივცეთ ხმა. თუ ეს შანსი ახლა ხელიდან გავუშვით, შემდეგი შანსი სამ წელიწადში მოვა. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვინდა კიდევ 3 წელიწადი იგივე რეჟიმში ცხოვრება? და იგივე განვითარების პერსპექტივები, რომელიც არ არსებობს? ან ვიცით, რა იქნება სამი წლის მერე? როგორი სახელმწიფო ვიქნებით? კაცმა არ იცის…. ბალანსი ჩვენ გამოგვიყვანს ამ მოჯადოებული წრიდან. აღარ გვინდა ემოცია, ეიფორია, გავაანალიზოთ, დავფიქრდეთ, რას ვაძლევთ ხმას. ხომ ვნახეთ, რომ ამ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებით არავის ცხოვრება არ გაუმჯობესებულა? პირიქით, ყველაფერი უკან წავიდა, ეკონომიკაც, დემოკრატიული განვითარებაც, შეიქმნა ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დგას ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, ჟურნალისტების, აქტიური მოქალაქეების შანტაჟზე, მაფიოზური კლანების გაბატონებაზე, ძალოვანი სტრუქტურების ბოროტად და არამართლზომიერ გამოყენებაზე, მივიღეთ ეს სისტემა. ახლა ამ სისტემას ჩვენ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ.

_ დავუბრუნდები იმას, რაზედაც ვსაუბრობდით: დღეს ენმ-ის საარჩევნო კამპანია არაა მწვავე, აგრესიული. ახლა კიდევ ერთი საქმე ჩამოემხოთ თავზე, ვგულიხმობ ყუფარაძის საქმეს. სტრასბურგმა გარკვევით თქვა, რომ კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა! არადა, ეს იყო თემა, რომელსაც წლები ატრიალებდნენ! ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც მთელი ეს მითები ინგრევა, ინგრევა სტრასბურგის დონეზე, მაგრამ ამ ფაქტებს ენმ სათანადოდ არ იყენებს.

_ იგივე ეს ყუფარაძე, იგივე ბევრი სხვა იმიტომ იყო მაშინ ნომერ პირველი ცხელი თემა, რომ ამას ზურგს უმაგრებდა რუსული პროპაგანდა და დღეს რუსული პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხარესაა. სწორედ ამიტომ  შეკერილი საქმეები, შეთითხნილი მითები, სტერეოტიპები ინგრევა, მაგრამ საზოგადოებამდე ის არ მიდის იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც ეს საჭიროა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს პროპაგანდის მანქანა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და დღესაც აქვს… რუსული პროპაგანდა უძლიერესია მსოფლიოში, მას ებრძვის ყველა: ევროპა, ამერიკა. მასთან საბრძოლველად იქმნება ფონდები. „ქართულ ოცნებას“ სწორედ ეს რუსული პროპაგანდა უმაგრებდა ზურგს, რომლის მეშვეობითაც ვრცელდებოდა ის სიბინძურე, რომ ორგანოებს ყიდდნენ, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ… ქუჩაში ესენი რომ ხოცავენ ადამიანებს, ხოცვა ეგეთი უნდა და ადამიანებს წამალს რომ უდებენ, თუნდაც თქვენი გაზეთის რედაქტორის შვილის ქეისი რომ ავიღოთ, ხომ დადასტურდა ჩადების ფაქტი? რუსული პროპაგანდა დღესაც „ქართული ოცნების“ მხარესაა, დღესაც კიდევ „ცხრა წელს“ გაიძახიან, ამასობაში 5 წელია, ხელისუფლებაში არიან…

_ თქვენ ვინ დაგიშალათ, რატომ არ გაიძახით ხუთ წელიწადს? თუნდაც იმ მედიასაშუალებებში, რომელიც არ წარმოადგენს რუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილს?

_ ასეთი არის ერთადერთი, ტელევიზიებს ვგულისხმობ: „რუსთავი 2“. ყველა სხვა მუშაობს რუსული პროპაგანდის მეთოდოლოგიით და რუსული პროპაგანდის მაგისტრების კონსულტაციებითა და რჩევებით. ასე რომ, დღეს რუსული პროპაგანდა მძვინვარებს საქართველოში და ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტელეარხი, ეს არის „რუსთავი 2“, რითაც ამას ვებრძვით. სხვა ტელევიზიები, უბრალოდ, არც აშუქებენ ჩვენ მიერ გამოვლენილ კორუფციის ფაქტებს. რამდენიმე დღის წინათ „რუსთავი 2“-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ხეჩიკაშვილი ვამხილეთ, რომ ორმილიონ ნახევარ ევროს იპარავს არარსებულ კალათბურთელებში, ანუ არსებობს კალათბურთელების სია, რომლებსაც ბასკონიაში „აგზავნიან“ და მათ „მომზადებაში“ იხდიან ფულს. თითო კალათბურთელის მომზადებაში 30 ათას ევროს იხდიან, საბუთებზე ეს ადამიანები იქ არიან, ჩვენ ეს ფული გადავრიცხეთ, მაგრამ რეალობაში იქ არც ერთი ადამიანი არ არის! იქ წავიდა მხოლოდ ერთი, იმასაც სახელმწიფომ ფული არ გადაუხადა, მან თავისი ჯიბით გადაიხადა ეს ფული. შემდეგ ამ ბიჭმა, ლუკა ბულაშვილზეა საუბარი, როცა ნახა, რომ თურმე იმ სიაშია, მამამისმა ერთი ამბავი ატეხა. ეს ვრცელი სიუჟეტი „რუსთავი 2“-ზე გავიდა, მაგრამ რა? არც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და არც რომელიმე სხვა არხმა წაიღო ეს ახალი ამბავი. ხომ ხვდებით, რასთანაც გვაქვს საქმე? ძალიან დიდ პროპაგანდისტულ მანქანას აზის ბიძინა ივანიშვილი და ამით მანიპულირებს საზოგადოებაზე.

რეზო შატაკიშვილი