რას გეგმავენ ერთად ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ენმ-ს წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე?

გიგა გელხვიიძე
წინასაარჩევნო პერიოდის აქტიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად ოპოზიციურ ველზე გააქტიურდა იდეა და მოწოდება სხვადასხვა ოპოზიციური ერთობის, რათა საერთო ძალებით დამარცხდეს „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
პირველი ოპოზიციური ერთობა, რომელიც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ეკუთვნის _ „გამარჯვების პლატფორმა“, ასე უწოდებენ პარტიების წარმომადგენლები ამ ერთობას და აცხადებენ, რომ სწორედ ისინი არიან ის ძალა, რომელიც შეძლებს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას.
ამ ყველაფრის ფონზე კი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანამ სხვა ოპოზიციურ ძალასთან მოხდებოდა გაერთიანება, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტმა ვერ მოახერხა თავისი ერთობის შენარჩუნება, რის გამოც დღეს პარტია ორ ნაწილად არის გაყოფილი.
ყველა ახალი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ენმ-ს მოქმედმა მენეჯმენტმა, ლევან ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა მიიღეს, პარტიის მეორე ფრთისთვის (ნიკა მელიას გუნდი) ეს სატელევიზიო ეთერებიდან გახდა ცნობილი.
რა ხდება თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რას ფიქრობენ ნიკა მელიას გუნდში „გამარჯვების პლატფორმაზე“? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს ესაუბრა:

_ სოფო, პირველ რიგში რომ გვითხრა ერთობის შესახებ შენი დამოკიდებულება, რომელიც შედგა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია შანსი, რომ მათ მიაღწიონ გამარჯვებას 2024 წლის არჩევნებზე?
_ ვიტყვი იმას, რომ ენმ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება, რაც გარდაუვალი არის იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც არის ჩავარდნილი „ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე, ის, რომ სურვილი ექნება არაერთ პარტიას, გაერთიანდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ნამდვილად არ მიკვირს. მაგრამ დასაფიქრებელია ის, რამდენად სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ერთობები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ერობას მივესალმები და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი და ვიტყოდ,ი ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლის მეთოდი ხელისუფლებასთან. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მინდა დავუდასტურო ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, რადგანაც ის არის ძალიან პერსპექტიული, ჭკვიანი, მოტივირებული და ქარიზმატული პოლიტიკოსი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს ერთობა იქნება წარმატების მომტანი.
რაც შეეხება ცალკე აღებულ ოპოზიციურ ერთობას, ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი ქოლგის ქვეშ იყოს გაერთიანებული, არ მიმაჩნია სწორად და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა გვეყოლება, მით უფრო დიდი იქნება პერსპექტივა, რომ ყველა მოვერიოთ „ქართულ ოცნებ“ას.
_ ამ გაერთიანებამდე იყო პოლიტიკური საბჭოს სხდომა, მსჯელობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნიკა მელიას გუნდმა ეს ყველაფერი გაიგო მედიიდან. რამდენად სწორია ეს მიდგომა მაშინ, როდესაც დასამარცხებელია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ და ნიკა მელიას აქვს საკმაოდ დიდი რეიტინგი და რესურსი.
_ რასაკვირველია, პირველ რიგში მიმაჩნია, რომ პარტიის მენეჯმენტი უნდა შეეცადოს, შიგნით დალაგდეს პარტია და აღარ იყოს ფლანგებად დაყოფილი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნიკა მელიას აქტიურობა პარტიაში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მხოლოდ ნიკა მელია, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი არის გამიჯნული არსებულ მენეჯმენტს. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. ამიტომ არსებულმა მენეჯმენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პირველ რიგში კონსოლიდაცია მოახდინოს არსებული პარტიის წევრების და ერთად შევუდგეთ ამ წინასაარჩევნო პროცესებს.
_ ლევან ხაბეიშვილის პარალელურად აქტიურ შეხვედრებს აწარმოებს მოსახლეობასთან ნიკა მელიაც. თქვენი გუნდი რაზე ესაუბრება ამომრჩევლებს?
_ მე ნიკას სახელით ვერ ვისაუბრებ. დიახ, ნიკა ხვდება საზოგადოებას და აქტიური კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, ვინც მიცნობს და იცის ჩემი ცხოვრების წესი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს წინასაარჩევნო წელია, თუ რა პერიოდია. სამოქალაქო ცხოვრებით ვარ დაკავებული და სულ მაქვს ყოველდღიურად ძალიანა აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან. ძალიან კარგად ვიცი მათი პრობლემები, კარგად ვხვდები მათ გასაჭირს და ვხედავ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ამიტომ სულ ვამბობდი და ახლავ ვიტყვი, რომ არ არის აუცილებელი, იყო ხელისუფლებაში იმისთვის, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლო საქმე გავაკეთოთ. გაცილებით მეტი ბერკეტი გვექნება, როდესაც ხელისუფლებაში ვიქნებით და მეტს შევძლებთ, მაგრამ ოპოზიციის რიგებიდანაც შესაძლებელი არის, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის გავაკეთოთ ბევრი სასარგებლო საქმე. ამის საუკეთესო მაგალითი არის ჯანდაცვის ბარათი, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს გავუნახევროთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ანალოგიურად უნდა მოიქცეს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი იქამდე, სანამ ჩვენს ხელისუფლებას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და მხოლოდ კორუფციით არიან დაკავებულები, მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, სანამ ოპოზიციაში ვართ, რომ მათი გასაკეთებელიც კი ჩვენ გავუკეთოთ მოქალაქეებს.
_ ოპოზიციური სპექტრი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ მათ ექნებათ მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ ძალასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ თუ არ გაერთიანდა ძალები, რთული იქნება ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმისთვის, რომ თუნდაც არ გავიდნენ ერთი ქოლგის ქვეშ არჩევნებში, მოახერხოს და საერთო იდეოლოგია შექმნას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. ყველა არჩევნები გვაჩვენებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ენმ არის უპირობო ლიდერი, აქედან გამომდინარე, ის, რომ ვიღაცას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარი არ უნდა, ეს ისევ მათ თუ დააზიანებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ოპოზიციური ერთობა და საერთო აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კარგად დაგვანახა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა (2021), მაგრამ ერთი ციფრის ქვეშ მთელი ოპოზიციური სპექტრი არ უნდა იყოს გაერთიანებული, ეს ცალსახად დამაზიანებელია, მაგრამ კონსოლიდირებული აზრი, რომ ყველა ერთ მიზანს ემსახურებოდეს და ყველას მიზანი უნდა იყოს რუსული ხელისუფლების დასრულება, ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება, ეს არის ფაქტი. მიზანი უნდა იყოს ერთი, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ერთად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. საერთო მიზანი იმდენად მნიშვნელოვანი და დიდია, რომ სადღაც გადაკვეთის წერტილები ოპოზიციურ სპექტრს უნდა ჰქონდეს. უნდა ვიყოთ ბევრი, გვქონდეს საერთო მიზანი, საერთო აზრი, თუმცა უნდა გვქონდეს ყველას ჩვენ-ჩვენი ქოლგა.
_ თქვენ თუ გაქვთ კონსულტაციები რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან?
_ რასაკვირველია, ძალიან ბევრ ოპოზიციონერთან და პარტიის ლიდერთან მაქვს უშუალო კომუნიკაცია და კიდევე ერთხელ ვამბობ, რომ ერთობა არის გარდაუვალი და ის გასაღები, რითაც უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და მე პირადად, როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი ოპოზიციის, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთი აგური მაინც დავდო იმ საქმეში, რომლითაც ოპოზიცია იქნება ძლიერი, საერთო აზრის და მიზნის მატარებელი და ჰქონდეს რაღაც კონსოლიდირებული აზრი და ბრძოლის სტრატეგია.
_ მიხეილ სააკაშვილთან თუ გქონიათ ბოლო პერიოდში რამე სახის კომუნიკაცია?
_ მიხელი სააკაშვილთან ბოლო პერიოდში მაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია, ბევრს ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალზე და ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ უახლოეს დღეებში.